Wednesday, November 10, 2010

რედ ბულ რეისინგი” რეალურ X1-ს ამზადებს

Real Life Red Bull X1 to be Shown at GT5 Launch Party in Madrid

10 ნოემბერი

რამდენიმე კვირაში, ”სონი პლეისტეიშნი” მადრიდში თავისი ახალი თამაშის, ”გრან პრი 5-ის” გამოშვებასთან დაკავშირებით, დიდ წვეულებას აწყობს, რომელზეც ამ თამაშის ყველაზე გამორჩეული ვირტუალური ვარსკვლავის, ”რედ ბულ X1-ის” რეალური მოდელის ჩვენებაც იგეგმება.

ვირტუალური X1 აღჭურვილია წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც 1 483 ცხენის ძალას და 713 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ”რედ ბულ რეისინგის” მიერ გამოქვეყნებული რელიზის მიხედვით, ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) თეორიულად, წარმოუდგენლად მცირე დროში - 1.4 წამში შეუძლია, ადგილიდან 195 კმ/სთ-ს 2.8 წამში აღწევს, 320 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 6.1 წამი ჰყოფნის.

პროექტის შემუშავებისას, კონსულტანტის როლი ფორმულა 1-ის საინჟინრო გურუმ, ”რედ ბულის” ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ გასწია, რომელსაც ფორმულა 1-სგან განსხვავებით, არანაირი ტექნიკური რეგლამენტი არ ზღუდავდა. ამიტომ, მან დიდი პრიზების ცირკში დაგროვილი გამოცდილება სრულად გამოიყენა. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილს მოსახვევების წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით გავლა შეუძლია და რიგ შემთხვევებში (რა თქმა უნდა, გათვლების მიხედვით), მასზე 8.25 G-ს (G გრავიტაციული ძალაა) ტოლფასი ცენტრიდანული ძალა მოქმედებს.

რეალური მოდელი, რომელსაც ”რედ ბულ რეისინგი” მადრიდში წარადგენს, მხოლოდ მოდელია ყოველგვარი აგრეგატების გარეშე. თუმცა თეორიულად, X1-ის მსგავსი ბოლიდის შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს. ოღონდ, იბადება კითხვა, არსებობს სამყაროში ადამიანი, ვინც 8.25 G გადატვირთვის დროს ავტომობილის კონტროლს შესძლებს? ”რედ ბულის” გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა სუძუკას ვირტუალურ ტრასაზე ეს შეძლო, თუმცა მაშინ ხომ მასზე გადატვირთვა რეალურად არ მოქმედებდა...

”აუდი Q5 ჰიბრიდი” ლოს ანჯელესურ დებიუტამდე გაგვაცნეს

Audi Q5 Hybrid Photos and Details Released

10 ნოემბერი

ასეთ ინფორმაციებს ხშირად გაჟონილსაც უწოდებენ. თავად ავტო მწარმოებლები მათ ხანდახან ოფიციალურ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, სხვისი ხელით ავრცელებენ, როცა სურთ, რომ თავიანთმა სიახლემ დამატებით მიიპყროს პრესის და საზოგადოების ყურადღება.

ასეა თუ ისე, გერმანული კომპანიის ისტორიაში პირველი სერიული ჰიბრიდული მოდელის შესახებ ინფორმაცია და ავტომობილის ფოტოები სწორედ ასე, ”გაჟონვით” გავრხცელდა. თუ მათ ვენდბით, ”აუდი Q5 ჰიბრიდი” 2.0-ლიტრიანი TFSI ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან უნისონში მუშაობს 45-ცხენისძლიანი ელექტროძრავი. ამგვარად, ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 245 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 480 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 7.1 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 222 კმ/სთ-ია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა - ყოველ კილომეტრზე ის ატმოსფეროს მხოლოდ 170 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

გარდა ამისა, ჰიბრიდულ Q5-ს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 100 კმ/სთ იქნება. ეგ კიდვ არაფერი, თუ საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ზე მეტი იქნბა, მაშინ ელექტროძრავით ავტომობილი 3 კილომეტრზე მეტს ვერ გაივლის. დაკიდევ, ელექტროძრავი ავტომობილის უკანაა განლაგებული, რის გამოც, საბარგულის მოცულობა, 540-დან 480 ლიტრამდე შემცირდა.

ამ ავტომობილის გაყიდვას ინგოლშტადტელები მერმისს დაიწყებენ. მათი ჰიბრიდის დებიუტი დროში თითქმის დაემთხვევა ”ბეემვეს” ჰიბრიდული ”X6 ექტივჰიბრიდის” დებიუტს. ამასთან, ჰიბრიდულ Q5-ს სპეციალური საღებავით შეღებავენ, რომელსაც ”პოლარ სილვერი” დაარქვეს და რომელიც სპეციალურად, ჰიბრიდული Q5-სთვის შეიქმნა.

”მერსედეს ბენცი” ოთხცილინდრიან S-კლასს გამოუშვებს

Mercedes Introduces Smallest Engine in Luxury Class

10 ნოემბერი

”მერსედეს ბენცმა” უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მალე შტუტგარტული კომპანია მყიდველს თავისი ფლაგმანის, S-კლასის სედანის ისეთ ვერსიებს შესთავაზებს, რომლებიც დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი.

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ S-კლასის სედანის წარმოება დაიწყო და ამ პერიოდში ამ ავტომობილზე ოთხცილინდრიანი ძრავი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. მაგრამ რამდენადაც სამქიმიანები თავიანთი კონკურენტების - ”ბეემვესა” და ”აუდისგან” უმკაცრეს კონკურენციას ხვდებიან, მათ შორის, ”მწვანე” ავტომობილების ფრონტზე, მათ ასეთი უპრეცედნტო გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო წლებში ბაზარზე ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლები იმ მყიდველს, რომელიც გარემოზე ზრუნვას ყველაზე მაღლა აყენებს, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ავტომობილებს სთავაზობენ. ამ საკითხში ნამდვილი ლიდერი ”ბეემვეა”, რომელიც ეკოლოგიური ტექნლოგიების განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. თუმცა, ამ მხრივ, მას სერიოზული კონკურენტი ”მერსედეს ბენცის” სახით ჰყავს, რომელმაც ”მწვანე” ტექნოლოგიების განვითარებას წელს 1 მილიარდი ევრო მოახმარა, ეს კი შარშანდელ ანალოგიურ ინვესტიციაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ S250 CDI-ს თავიანთი დილერებისთვის მიწოდებას გერმანული კომპანია 2011 წლის დასაწყისიდან შეუდგებიან. ავტომობილის სავარაუდო ფასი 65 000 ევრო იქნება. ორტონიან ავტომობილს დიზელის 2.2-ლიტრიანი აგრეგატი ამოძრავებს. აგრეგატის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 500 ნიუტონმეტრი და ამ მაჩვენებელს ძრავი უკვე 1600 ბრ/წთ-ზე აღწევს. როგორც შტუტგარტელები ამბობენ, ეს მახასიათებლები დზელის ექვსცილინდრიანი აგრეგატისას შეესაბამება, მათი მიღწევა კი შესაძლებელი ორსაფეხურიანი ტურბოჩაბერვის წყალობით გახდა.

სედანი S250 CDI მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვისაც კი შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. 100 კილომეტრის გასავლელად ის 5.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 149 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ამგვარად, ეს არის ლუქსის კლასის პირველი ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს და კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 150 გრამ ნახშირორჟანგზე ნაკლებით აბინძურებს.