Thursday, November 26, 2009

გაიცანით - ”რენო ტვინგო გორდინი R.S.”

Renault Twingo Gordini R.S. Unveiled

26 ნოემბერი

ეს უკვე ფაქტია - ”რენომ” ლეგენდარული სახელი, ”გორდინი” გააცოცხლა. პირველი ავტომობილი, რომელსაც ”გორდინის” მარკის ტარების პატივი ერგო, არის სპორტულად მოდიფიცირებული სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”ტვინგო”, რომლის სრული სახელიცაა ”ტვინგო გორდინი R.S.”. 10 იანვრამდე, ეს ავტომობილი გამოფენილი იქნებაშონზ ელისეზე, სადაც ღია გამოფენა ”ქრისტმას ინ ბლიუ” (შობა ლურჯებში) ტარდება. ახალი ავტომობილი ”რენოს” ევროპულ შოურუმებში მარტიდან ფამოჩნდება.

პირველი, რაც ”გორდინის” სახელის მატარებელი ”ტვინგოს” დანახვისას თვალს ხვდება, მისი ლურჯი ფერია. მძღოლის მხარეს, ავტომობილს ორი თეთრი ზოლი მთელ სიგრძეზე გაუყვება, რაც ფერთან ერთად, მარკა ”გორდინის” საფირმო ნიშანია. იმავდროულად, წინა და უკანა ბამპერები შავადაა შეღებილი. თეთრი ფერისაა უკანა ხედვის სარკეები, უკანა სპოილერი და სანისლე ფარები.

იგივე ფერები დომინირებს ინტერიერშიც, სადაც ”რენო სპორტის” წარმოების სპორტული სავარძლები, ლურჯი ტყავითაა გაწყობილი. საჭის რგოლი კი ლურჯი და შავი ტყავითაა შემოსილი. სამაგიეროდ, თეთრი ფერის ტყავი სჭარბობს კარის პანელების გაფორმებაში.

”ტვინგო გორდინი R.S.” იმავე აგრეგატითაა აღჭურვილი, რითაც ”ტვინგო რენოსპორტ 133”. ესაა 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 133 ცხენის ძალას აღწევს. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 8.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმუმი კი 200 კმ/სთ-ია. მთელი ეს ავლა-დიდება სტანდარტრულ ”ტვინგოზე” 2 000 ევროთი ძვირი ღირს.

გარდა ამისა, მყიდველს სურვილისამებრ შეუძლია სპორტული საკიდარის შერჩევა, რომლიც სერია ”ტვინგო” კაპის მონაწილე მანქანებზე იყენებენ. ასეთ საკიდარში დამოკლებული ზამბარები და უფრო ხისტი ამორტიზატორები შედის. შეკვეთით ასევე შესაძლებელია შუშის პანორამული სახურავის დაყენება.

მომდევნო მოდელი, რომელიც ”გორდინის” სახელს მიიღებს, ”კლიოა”, რომლის ლურჯი ვერსიის პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება. ამის შემდეგ კი ალბათ ”მეგანის” ჯერიც დადგება.

კომპანია ”გორდინი” ფორმულა 1-ის პილოტმა ამედი გორდინიმ დააარსა. ის ჯერ სარბოლ ავტომობილბს აწარმოებდა, შემდეგ კი ”რენოს” ძრავების მოდერნიზაციას მიჰყო ხელი. მოგვიანებით, ”გორდინი” ”რენოს” კუთვნილება გახდა, ამ მარკით დამზადბეული ავტომობილებით კი ფრანგული გიგანტი ლე მანის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობდა.

”კადენცა” – ”კიას” ახალი ფლაგმანი

Kia Cadenza Official Details

26 ნოემბერი

სამხრეთკორეულმა კომპანია ”კია მოტორსმა” თავისი ახალი ფლაგმანის, სედან ”კადენცას” შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალი ავტომობილი ამავე კლასის, სრულგაბარიტიან ლუქსის კლასის ”ოპირუსს” შეცვლის.

”კადენცას” გაყიდვები პირველად სამხრეთ კორეაში დაიწყება. შემდეგ ის ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ეწვევა, თანდათან კი ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშიც გამოჩნდება. მერმის, ზაფხულისთვის, ”ოპირუსის” შეძენას ჩინელი მყიდველიც შეძლებს. მაგრამ როდის შეაღწევს ეს ავტომობილი ევროპასა და აშშ-ში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

”კიამ” ”კადენცასთვის” სრულიად ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის ბაზის სიგრძეც 2.845 მეტრია. მართალია, ”ოპირუსთან” შედარებით, ბაზა ოდნავ გაზრდილია, მაგრამ სამაგიეროდ, შემცირდა ავტომობილის სიგრძე (5.001-დან 4.965-მდე). ბაზის გაზრდას სალონის მოცულობის მატება მოჰყვა, რაც დადებითად აისახა კომფორტზე.

”კადენცასთვის” ბენზინის სამი ძრავია განკუთვნილი, რომელთაგან ორი ”ოპირუსზეც” გამოიყენება. ესენია 2.0-ლიტრიანი 165 ცხენის ძალით და 3.5-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 290 ცხენის ძალა (6 600 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 338 ნიუტონმეტრია (5 000 ბრ/წთ-ზე). ამ ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიან, სრულად ავტომატიზებულ, ან სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფთან. ამ წყვილის მეშვეობით, ტონანახევრიანი ”კადენცას” მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი ის 7.2 წამში აღწევს.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს სისტემა, რომელიც პატრონს შორიდანვე სცნობს და გარდა იმისა, რომ კარს უღებს, სპეციალური განათებითაც სასიამოვნო გარემოს უქმნის და აგებინებს, რომ მის მისაღებად მზადაა. აქვეა კლიმატ კონტროლის ორზონიანი კონდიცირების სისტემა, უგასაღებოდ გაღების და ძრავის ღილაკით გაშვების სისტემები.

”ოპელი” ”კორსას” აახლებს

Opel-ის ინფორმაცია

26 ნოემბერი

იანვარში ”ოპელი” თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” იმდენად განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომ ის თავისუფლად შეგვიძლია სრულიად ახალ ავტომობილად ჩავთვალოთ.

განახლებული ”კორსასთვის” დაიხვეწა (უფრო გაძლიერდა და ეკონომიური გახდა) ძრავები, შეიცვალა საკიდარი, საჭის მექანიზმი და შასის ბევრი ელემენტი, რამაც მთლიანობაში, ავტომობილის მართვა უნდა გააადვილოს, მისი მანევრულობა და უნდა კომფორტი გაზარდოს და რა თქმა უნდა, საწვავის ეკონომიას უნდა შეუწყოს ხელი.

ამიერიდან, ”კორსაზე” შეხვდებით ისეთ უახლეს ტექნოლოგიას, როგორიცაა წინა მაშუქების ადაპტირებადი სისტემა, რომელსაც ამ კლასის სხვა ავტომობილებზე ვერ ნახავთ. საჭის რგოლის გამათბობელსა და ველოსიპედის ტრანსპორტირების სისტემაზე რას იტყვით, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ სპეციალურად ”კორსასთვის” შექმნა და მათ მალე ალბათ სხვა მოდელებზეც გადაიტანს?

ისევე როგორც აქამდე, იანვრიდანაც ”კორსა” (ამ მოდელზე ”ოპელის” წლიური გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის) ორი ძარით გაიყიდება. ერთია კუპეს ტიპის სამკარიანი ჰეჩბეკი, მეორე კი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ხუთკარიანი ჰეჩბეკი.

განახლებული ”კორსა” ბენზინის მოდიფიცირებულ ძრავებს მიიღებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ევრო5 სტანდარტს. ძრავების მოდიფიკაციის მთავარი მიზანი მაბრუნი მომენტის გაზრდა და ამის შედეგად, ეკონომიურობის გაუმჯობესება იყო. შედეგი - წინა მოდიფიკაციასთან შედარებით, საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა დაახლოებით 13 პროცენტითაა შემცირებული.

”კორსას” ძრავების გამაში ყველაზე პოპულარული, 1.2 და 1.4-ლიტრიანი ძრავები ამიერიდან, 100 კილომეტრზე მხოლოდ 5.0-5.5 ლიტრ საწვავს მოიხმარენ, მათ გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი ამიერიდან ყოველ კილომეტრზე 129 გრამი იქნება.