Friday, October 1, 2010

”ლოტუსის” პარიზული ექსპანსია

Lotus in Paris Auto Show

1 ოქტომბერი

ეკოლოგიური ”სიტი ქარ”

პარიზის საავტომილო შოუზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დებიუტანტებით პატარა ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” გამოირჩევა, რომელმაც სპეციალისტების და შოუს დამთვალიერებლის წინაშე, ერთბაშად ხუთი ისეთი მოდელი წარადგინა, რომლებიც მალე მის სამოდელო გამას შეავსებენ. გარდა ამისა, ”ლოტუსის” სტენდზე ასევე შესაძლებელია კონცეპტუალური საქალაქო ავტომობილის (მას სახელიც შესაბამისი აქვს - ლოტუს სიტი ქარ) ხილვა.

მართალია, სპორტული ხუთეული განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, მაგრამ ”ლოტუსის” ექსპოზიციის განხილვა მაინც პატარა საქალაქო ავტომობილის კონცეპციით დავიწყოთ.

ამ ავტომობილს სამი კარი და ოთხი სავარძელი აქვს. ის, როგორც საქალაქო ავტომობილს შეეფერება, მომცრო გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა შედარებით დიდი კვალიც აქვს. ”ლოტუსისგან” გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქალაქის ავტომობილსაც სპორტული შესახედაობა აქვს. სპორტულობის ეფექტს კი განსაკუთრებით დაბალი კლირენსი და დაქანებული საქარე მინა აძლიერებს.

რაც მთავარია, ავტომობილს მბიძგველ ძალას, ”ლოტუსის” ინჟინრების მიერ შემუშავებული ჰიბრიდული სისტემა ანიჭებს. ამ სისტემაში შედის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი 47 ცხენის ძალით და მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროძრავი, რომელიც 54 კილოვატ სიმძლავრეს იძლევა. ელექტროძრავს ენერგიით აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 14.8 კილოვატია საათში. შიდაწვის ძრავი ბენზინზე მუშაობს, თუმცა მის საწვავად ასევე ეთანოლის გამოყენებაც შეიძლება.

ჰიბრიდულ სისტემაში ძირითადი ელექტროძრავია, რომელიც ბორბლებთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიითაა დაკავშირებული. შიდაწვის აგრეგატი კი დამხმარე მოვალეობას ასრულებს - მასთან დაკავშირებულ გენერატორს ელექტროენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, რისი წყალობითაც, ავტომობილის სვლის სიშორე მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, თუ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 60 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, შიდაწვის ძრავისა და მასთან ერთად, გენერატორის ჩართვის შემდეგ, ”სიტი ქარის” სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.

ავტომობილი, რომელიც 1400 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 9 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ია. როცა მანქანა მხოლოდ აკუმულატორების ხარჯზე დადის, მას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. როცა საქმეში შიდაწვის ძრავი ერთვება, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 60 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ლოტუსის სპორტული ხუთეული

ბევრმა ავტომწარმოებელმა, თავისი სიახლეები საზოგადოებას პარიზის ავტო შოუს გახსნამდე კარგა ხნით ადრე, ინტერნეტით გააცნო. ინგლისურმა ”ლოტუსმაც” აღიარა, რომ გამოფენისთვის სიახლეებს ამზადებდა, მაგრამ თუ მის პავილიონში ერთბაშად ხუთი ახალი სპორტული ავტომობილი იდგებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგნდა.

მაგრამ სწორედ ასე მოხდა. პატარა კომპანია, რომელიც უკვე კარგა ხანია, მალაიზიური ”პროტონის” ჯგუფის წევრია, სპეციალისტებს და დამთვალიერებელს სიტყვებით - ”მომავალი აქ იწყება”, შეეგება. მართლაც, ასეთი მრავალფეროვანი პროგრამა ”ლოტუსს” მაშინაც კი არ ჰქონია, როდესაც მას ამ კომპანიის დამაარსებელი, ლეგენდარული ინჟინერი და მენეჯერი კოლინ ჩეპმენი უძღვებოდა. ერთბაშად ხუთი სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილის (თუნდაც კონცეპტუალურის) დებიუტი ”ფერარისაც” კი არ დაესიზმრება.

თანაც, ხუთივე ავტომობილი საზოგადოებას შოუ ბიზნესის ვარსკვლავებმა წარუდგინეს. ავტომობილებისთვის შალითების მოხსნის პატივი კინოვარსკვლავებს, მიკი რურკს და სტივენ ბალდუინს, ასევე როკის ვარსკვლავ ბრაიან მეის ერგოთ. სხვათა შორის, ”ლოტუსი” თავისი ძველი მოდელების სახელებს აცოცხლებს. მალე მის გამაში ისევ გამოჩნდება ”ესპრიტი”, ”ელიტი” და ”ელანი”.

დაკიდევ, სიახლეების შტორმის გამო, გამოფენის პრესის დღეს თითქმის ყველა აღიარებდა, რომ პარიზის ავტო შოუზე ”ლოტუსი ბატონობს”...

ლოტუს ესპრიტი

”ესპრიტით” დავიწყოთ. სხვა თუ არაფერი, თავისი პრეზენტაციების სერია ”ლოტუსმა” სწორედ ამ მანქანით დაიწყო. ამ სახელის მატარებელი ავტომობილი გასული საუკუნის 80-იან წლებში თვით ”ფერარის” კვიცებსაც კი უწევდა კონკურენციას. განსაკუთრებით კი მისი დიზაინი გამოირჩეოდა, რომელმაც სპორტული ავტომობილების ახალ მოდას ჩაუყარა საფუძველი - ამ მოდის მიხედვით, იმ დროის სპორტსმენების წინა ფარები კაპოტის ქვეშ იმალებოდა. გარდა ამისა, მაშინდელ ”ესპრიტს” თითქმის ჰორიზონტალური საქარე მინა ჰქონდა. მართალია, ის მანქანა 2.0-ლიტირნი ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა ბრწყინვალე (იმ დროისთვის შესაფერის) დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩეოდა.

ახალი ”ესპრიტი” კომპანიის საწარმოო პროგრამის გვირგვინადაა ჩაფიქრებული და შესაბამისად, ის ყველაზე ძლიერი აგრეგატითაც აღიჭურვება. ესაა ”ლექსუსისგან” ნასესხები (ლოტუსი და ტოიოტა დიდი ხნის პარტნიორები არიან) 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც 620 ცხენის ძალას იძლევა და რომლის მეშვეობითაც ავტომობილი სტადარტულ აჩქარებას (0-100 კმ/სთ) 3.5 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ იქნება.

გარდა ამისა, ავტომობილი კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა (კერს-ით) აღჭურვილი, რომელსაც ძრავის სიმძლავრის მყისიერი გაზრდა შეუძლია. ძრავთან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გაცოცხლებულ ”ესპრიტზე” შეიძლება ითქვას. ჰო, კიდევ ის, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 175 000 დოლარი ეღირება და მისი გაყიდვები სავარაუდოდ, 2013 წელს დაიწყება.

ლოტუს ეტერნი

”ლოტუსისთვის” ეს აბსოლუტური სიახლეა. ოთხკარიანი კუპეებს კლასში ”ლოტუსი” დებიუტანტია. ამ მანქანის სახელიც ინგლისური კომპანიისთვის ახალია. ”ეტერნი” იგივე აგრეგატებითაა აღჭურვილი , რომლებითაც ”ესპრიტი”. ინგლისური კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილის მყიდველს, ოპციის სახით, ჰიბრიდულ სისტემასაც შესთავაზებენ, რომლის ორი ელექტროძრავიც მოქმედებაში წინა ბორბლებს მოიყვანს, შიდაწვის ძრავი კი უკანა ბორბლებს მოემსახურება.

ჰიბრიდული სისტემის გარეშე კი, ”ეტერნს” ისედაც შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. ძრავის მონაცემებზე ზემოთაც ითქვა. მისი მეშვეობით ავტომობილი ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4 წამზე ნაკლებში აკრეფს. ”ლოტუს ეტერნს” ბაზარზე ისეთი ძლიერი კონკურენტები ეყოლება, როგორებიცაა ”პორშე პანამერა” და ”ასტონ მარტინ რეპიდი”. ეს ავტომობილი ბაზარზე ორ-სამ წელიწადში უნდა გამოჩნდეს.

ლოტუს ელიტი

”ელიტიც”, რომელში ჩასაჯდომი ფორმულაცაა 2+2, იმავე 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა, ამ მოდელისთვის, ”ლოტუსი” მყიდველს ამავე აგრეგატის კიდევ ორ მოდიფიკაციას შესთავაზებს, რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი მოემსახურება. მოდიფიკაციის მთავარი მიზანი ეკონომიურობის გაუმჯობესებაა. რაც შეეხება სიმძლავრეს, ერთი ვერსიისთვის ის 540 ცხენის ძალა იქნება, მეორესთვის კი - 610 ცხენის ძალა. ნებისმიერი მოდიფიკაციის შემთხვევაში, ავტომობილი ასევე კერს-ით და 7-საფეხურიანი კოლოფითაც აღიჭურვება. ”ელიტის” გაყიდვების დაწყებაც ორ-სამ წელიწადშია მოსალოდნელი.

ლოტუს ელანი

იმავე პერიოდში დაიწყება მოდელ ”ელანის” წარმოება. ეს კონცეპტუალური ავტომობილი V6 კონფიგურაციის 4.2-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცენის ძალას იძლევა. ძრავთან 7-საფეხურიანი ავტომატია შეწყვილებული. ოპციის სახით კი მყიდველს კერს-საც შესთავაზებენ. აღნიშნული ძრავის წყალობით, 1295-კილოგრამიანი ”ელანი” სტანდარტულ აჩქარებას 3.5 წამში შეძლებს. ”ელანის” გაყიდვები 2013 წელს დაიწყება და ის დაახლოებით 120 000 დოლარი ეღირება.

ლოტუს ელისი

დაბოლოს ”ელისი”, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობა ”ლოტუსის” მომავალს უწოდებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს მომცრო ზომის კუპე ყველაზე იაფი და მასობრივია ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში. ფოტოზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ ახლანდელი ”ელისის” დიზაინი წარსულს ბარდება. არადა, მან ”ლოტუსს” სიცოცხლე შეუნარჩუნა და იმის საშუალებაც მისცა, რომ ფეხზე დამდგარიყო. თუმცა, იმის თქმა კი შეიძლება, რომ ახალი ”ელისიც” მისი წინამორბედივით მკვირცხლი და მანევრული იქნება. ბაზარზე მის გამოჩენას 2015 წელს უნდა ველოდოთ.

სხვათა შორის, ”ლოტუსს” პარიზში არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა მის ორ ახლანდელ მოდელს - ”ევორასა” და ”ევროპას”. სავარაუდოდ, ისინი ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში ადგილს შეინარჩუნებენ.