Tuesday, August 11, 2009

”ტოიოტა” გეგმებს ცვლის

Toyota

11 აგვისტო

”ტოიოტას” ახალმა პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ გააუქმა გეგმა, რომელიც მიზნად იაპონური კომპანიის მიერ მსოფლიო ბაზრის 15 პროცენტის დაკავებას ისახავდა. ამიერიდან, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი თავის ძველ დევიზს - ხარისხი რაოდენობაზე მეტად, დაუბრუნდება.

15-პროცენტიანი მიზანი ”ტოიოტას” მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ფუძიო ჩომ 2002 წელს დაუსახა. მისი გეგმით, იაპონურ კომპანიას გლობალური ბაზრის 15 პროცენტი 2010 წელს უნდა დაეკავებინა. ასეთი ოპტიმისტური განწყობის საბაბს კი კომპანიის მარკეტოლოგებს ”ტოიოტას” ზრდის მყარი ტენდენცია აძლევდა.

ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსის” ინფორმაციით, 2002 წელს ”ტოიოტას” გლობალური ბაზრის 10.7 პროცენტი ეკავა. მაგრამ დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი. იმავე ”ავტომოტივ ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ამ წლის პირველ ექვს თვეში, იაპონური კომპანიის გაყიდვები 26 პროცენტითაა შემცირებული. ეგ კიდევ არაფერი, ტოიოდა თავისი დიდი წინაპრების მიერ დაარსებულ კომპანიას სათავეში იმ დროს ჩაუდგა, როცა მისი საქმიანობა ზარალიანია. ეს კი ”ტოიოტას” ისტორიაში ადრე არასდროს მომხდარა.

ტოიოდა თვლის, რომ სწრაფი ზრდის ერამ, მისი კომპანიის რესურსების ასევე სწრაფი გამოფიტვა განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ”ტოიოტას” საწარმოების უმეტესობა მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობს - კომპანიის ქარხნების წლიური პოტენციალი დაახლოებით 10 მილიონი ავტომობილია, მაგრამ მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში (რომელიც 31 მარტს იწურება), ”ტოიოტა” მხოლოდ 6.6 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.

კომპანიის ახალი მენეჯმენტი თვლის, რომ ქარხნების ჭარბი პოტენციალი სწორედ რაოდენობაზე გამოკიდებამ განაპირობა. მაგრამ ერთ-ერთი აღმასრულებლის თქმით, ”ჩვენს პრეზიდენტს რიცხვები და სტატისტიკა არ უყვარს”.

ასე რომ, არაა გამორიცხული, მალე მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსი ისევ ”ჯენერალ მოტორსმა” დაიბრუნოს...

”კადილაკის” ფლაგმანი ”ბიუიკ ლაქროსზე” დაემყნობა

Cadillac

11 აგვისტო

”ჯენერალ მოტორსის” პრემიუმ ბრენდ ”კადილაკს” ახალი სტრატეგია აქვს შერჩეული, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ძველი სტრატეგიის მსგავსია. სამოდელო გამაში სამი ძირითადი ავტომობილი - მცირე, საშუალო და დიდი ზომის სედანი უნდა შედიოდეს. ამ სტრატეგიის განხორციელებას ამერიკული კომპანია მერმის შეუდგება, როდესაც საშუალო ზომის ბიზნეს კლასის სედანის გამოშვებას დაიწყებს.

კარგა ხანს, პრესაში მუსირებდა ვარაუდი, რომ საშუალო ზომის ფლაგმანის ბაზისად ”კადილაკი” მონათესავე ”პონტიაკის” ანალოგიური კლასის სედან G8-ს პლატფორმას გამოიყენებდა. მაგრამ ”კადილაკმა” ამ პლატფორმაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მას წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. უფრო მეტიც, პროექტი დროებით შეჩერდა კიდეც.

მაგრამ გავიდა დრო, ”ჯენერალ მოტორსმა” რამდენიმე დღე ხელოვნური გაკოტრების რეჟიმში იმუშავა, ახალ კომპანიად ჩამოყალიბდა და მისმა საკონსრუქტორო შტაბმაც ძველი პროექტების თაროებიდან ჩამოღება დაიწყო. და აი, სულ რამდენიმე დღეა, რაც კომპანიამ ახალ ფლაგმანზე მუშაობა განაახლა.

ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი ”ბიუიკის” უახლესი სედანის, ”ლაქროსის” პლატფორმაზე დაამყნობს, რომელიც ”ოპელ ინსინიაზე” გამოყენებული ”ეპსილონ II-ის” მოდერნიზებული ვარიანტია. ოღონდ, ეს პლატფორმა შემდგომ მოდერნიზებას გაივლის - დაგრძელდება, გაგანიერდება და რაც მთავარია, სრულამძრავიანი გახდება.

საშუალო ზომის ”კადილაკის” (ალბათ CTS) ბაზარზე გამოჩენა მერმისაა მოსალოდნელი. ერთი წლის შემდგ მას პატარა ”კადილაკიც” (BLS) მოჰყვება. სავარაუდოდ, 2011 წელსვე დიდ ”კადილაკსაც” (ალბათ XTS) ვიხილავთ.