Saturday, October 16, 2010

”აუდის” ორი სუპერ კვატრო

16 ოქტომბერი

e-ტრონ სპაიდერი

პარიზში, გერმანული კომპანიის პავილიონს ორი კონცეპტუალური სუპერ ვარსკვლავი ჰყავდა, ჰიბრიდული e-ტრონ სპაიდერისა და ლეგენდარული ”კვატროს” შთამომავლის, ამავე სახელწოდების მქონე ავტომობილის სახით, რომელსაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ტრადიციული, შიდაწვის ძრავი ემსახურება.
ღია e-ტრონი, დეტროიტის ავტო შოუზე ნაჩვენები, ამავე სახელწოდბის კუპეს ღია ვერსიაა, თუმცა მასზე 0.130 მეტრით გრძელი და 0.030 მეტრით განიერია. ამ ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრია (სიგანე 1.810 მეტრი, სიმაღლე 1.110 მეტრი და ბაზა - 2.430 მეტრი), თუმცა მის სალონში ადგილი მხოლოდ ორი სპორტული სავარძლისთვის მოიძებნა. ამის მიზეზი, ამ სავარძლების უკანა სივრცეში განლაგებული 3.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V6 დიზელის ძრავია, რომელიც 300 ცხენის ძალას და 650 ნუტონმეტრს იძლევა. ეს აგრეგატი უკანა ბორბლებს ამოძრავებს, წინებისთვის კი ორი ელექტროძრავი მუშაობს. ეს აგრეგატები ავტომობილის წინ არის მოთავსებული და თითოეულის სიმძლავრე 87 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 352 ნიუტონმეტრია.

ამგვარად, e-ტრონ სპაიდერს ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს და ის შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. კრძოდ, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 4.4 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული და 250 კმ/სთ-ს შეადგენს. e-ტრონ სპაიდერს მარტო ელექტროძრავების ხარჯზე გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 60 კმ/სთ, სვლის სიშორე კი 50 კილომეტრი იქნება. ისე კი, e-ტრონ სპაიდერის სვლის სიშორე თითქმის 1000 კილომეტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის გარემოს მხოლოდ 59 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

”აუდი” აცხადებს, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის სერიული ვერსიის წარმოება უკვე გადაწყვეტილია.
კვატრო

ეს სახელი ”აუდის” ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. მისი მეშვეობით, 1983 და 1984 წლებში, ფინელმა ჰანუ მიკოლამ და შვედმა სტიგ ბლომქვისტმა, ზედიზედ მოიპოვეს რალიში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა და კარგა ხანს, გერმანულმა კომპანიამ სიტყვა კვატროც კი დაივიწყა. თუმცა, სამუდამოდ დასავიწყებლად მაინც ვერ გაიმეტა.

და აი, პარიზში დიდი წინაპრების შთამომავლის კონცეპტუალური ვერსია გამოჩნდა და ის პირველი ”კვატროს” შექმნიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცეპტუალური სპორტული კუპე ”აუდის” მოდელ RS5-ის დამოკლებულ (150 მილიმეტრით) პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც სრულამძრავიანი ტრანსმისია (კვატროს სხვანაირი როგორ ეკადრება) ემსახურება. e-ტრონ სპაიდერის მსგავსად, ”კვატროს” სალონშიც მხოლოდ ორი ადგილია, რაც მის სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ავტომობილის ძარა თითქმის მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული. კარბონის კომპოზიტი გამოიყენეს კაპოტის, უკანა კარისა და ზოგიერთი დეტალის დასამზადებლად. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილი მხოლოდ 1300 კილოგრამს იწონის. მართალია, ის ინგოლშტადტელთა კორპორატიულ სტილს შეესაბამება, თუმცა მასში პირველ ”კვატროსთან” მსგავსებაც შეინიშნება. ამ ორ ავტომობილს ძალიან ამსგავსებს უკანა ფართო საყრდენი, რომელიც ლეგენდარული რალი ქარის საფირმო ნიშანი იყო.

კონცეპტუალური ”კვატრო” 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ტურბომოტორითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 408 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 480 ნიუტონმეტრი. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ტრანსმისია მამოძრავებელ ძალას ოთხივე, 20-დუიმიან ბორბალს გადაეცემა. ბორბლებში მოთავსებულია მუხრუჭების კარბონ-კერამიკული დისკოები, რომლებსაც 6-6 ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება.

მთელი ამ ავლა-დიდებით, კონცეპტუალურ ”კვატროს” 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეუძლია. რამდენია მისი მაქსიმუმი, ამაზე ჯერჯერობით ”აუდის” არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, ”კვატროს” ტემპერამენტი ხელოვნურად, 250 კმ/სთ-ის დონეზე უნდა იყოს შეზღუდული. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეს ავტომობილი ყოველი 100 კილომეტრის გასავლელად 8.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ახალი ”კვატროს” წარმოება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ოღონდ, ამ ავტომობილს მცირე სერიით, იტალიური ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯარო” გამოუშვებს, რომელიც ახლახანს, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის წევრი გახდა.