Sunday, March 6, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

შკოდა ვიჟნ D

ჟენევაში ჩეხურ კომპანიას ორი სიახლე აქვს. მათგან ერთი განახლებული ლოგოა, რომელზეც ვეღარ ნახავთ წარწერას „შკოდა აუტოს“. ახალი ლოგოთი, რომელიც მის ავტომობილებზე პირველად 2012 წელს გამოჩნდება, „შკოდა“ გვამცნობს, რომ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს.

მეორე სიახლეა D სეგმენტის ჰეჩბეკი, რომელიც დამთვალიერებელმა „ვიჟნ D-ს“ სახელით გაიცნო. ამ სეგმენტში მლადა ბოლესლაველები უკვე წლების განმავლობაში, სედან „ოქტავიას“ აწარმოებენ, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა „შკოდას“ ბევრი აკრიტიკებს იმისათვის, რომ ეს მოდელი სრულად თითქმის არასდროს განუახლებია და მხოლოდ რესტაილინგით და ახალი მოდიფიკაციებით შემოიფარგლება ხოლმე. თუმცა, როგორც ჩანს, ჩეხურ კონსერვატიზმსაც აქვს დასასრული და სწორედ ამის ნიშანია „ვიჟნ D“.

ეს პირველი ავტომობილია, რომელიც „შკოდამ“ თავისი ახალი შეფ დიზაინერის, იოჟეფ კაბანის ხელმძღვანელობით შეიმუშავა. და თავისი კორპორატიული სტილის შეცვლაც გადაწყვიტა. თუმცა, რადიატორს თუ დავაკვირდებით, ახლანდელ „ოქტავიასთან“ მსგავსებას მაინც აღმოვაჩენთ. და მაინც, ავტომობილს დინამიურობა ეტყობა, რაც ადრე „შკოდას“ ავტომობილებისთვის დამახასიათებელი არ იყო.

სხვათა შორის, ჩეხურ კომპანიას საბიუჯეტო ავტომობილის წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რომლის ფასიც 10 000 ევროს ფარგლებში მოექცევა. ჟენევაში გავრცელებული ინფორმაციით, „ვიჟნ D“ სწორედ ამ საბიუჯეტო მოდელის წინამორბედია.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

სეატ IBX

ესპანური კომპანიის სამოდელო გამაში ჯერაც ვერ ნახავთ ქროსოვერს. არადა, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ სხვა ყველა სერიულ მწარმოებელს, მსგავსი ავტომობილების წარმოება, დიდი ხნის დაწყებული აქვს. თანაც, ამ ტიპის მანქანებზე მოთხოვნა ევროპაში თანდათან იზრდება. სწორედ ამ ნიშის შევსებას ცდილობს ახლა „სეატი“, რომელმაც ჟენევაში კონცეპტუალური ქროსოვერი IBX წარადგინა.

ჯერჯერობით, ესპანური კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილის სერიული წარმოება გადაწყვეტილი არ აქვს. თუმცა აღიარებს, რომ საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს. და თუ ასეა, მაშინ პირველი სიახლე, რომელიც მისი მარკით ბაზარზე უნდა გამოვიდეს, სწორედ ქროსოვერის ტიპის ავტომობილი უნდა იყოს.

თუ IBX-ის ზომებს გადავხედავთ (სიგრძე 4.26 მეტრი, სიგანე 1.80 მეტრი, სიმაღლე 1.62 მეტრი), გამოდის, რომ ის მონათესავე „ფოლკსვაგენ ტიგუანზე“ პატარაა და ახლოსაა ევროპაში ძალიან პოპულარულ „ნისან ქაშკაისთან“. ამასთან, კონცეპტუალური ავტომობილი ორკარიანია და თუ მისი წარმოება მაინც გადაწყდა, კიდევ ორი კარი აუცილებლად დაემატება.

რაც შეეძლება კონცეპტის აღჭურვილობას, ისევე როგორც სხვა სადემონსტრაციო ავტომობილები, IBX-იც ელექტროძრავით და ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომელთა სპეციფიკაციებიც არ გამოქვეყნებულა. ითქვა მხოლოდ ის, რომ ელექტროძრავი წინა ბორბლებს ატრიალებს, აკუმულატორების ბლოკის ტევადობა კი მხოლოდ 45 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. თუმცა, არც ესაა მთავარი, რადგან ამ მანქანის სერიული ვერსია აუცილებლად შიდაწვის ძრავებით აღიჭურვება.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

ფორდ B-მაქსი

„ფორდის“ სტენდზე მთავარი სიახლე სუბკომპაქტური მინივენი „B-მაქსია“, რომელმაც უკვე საკმაოდ მოძველებული „ფიუჟენი“ უნდა შეცვალოს და კონკურენცია ამ კლასის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილ „ოპელ მერივას“ გაუწიოს. რაც მთავარია, ის ძალიან პოპულარულ ჰეჩბეკ „ფიესტას“ პლატფორმაზეა ბაზირებული.
„B-მაქს-ს“ უჩვეულო კონსტრუქციის უკანა კარებები აქვს - ისინი მანქანის გასწვრივ იღება, რითაც სალონში მოხვედრას და იქიდან გადმოსვლას მოსახერხებელს ხდის. იგივე მიზნით, ავტომობილს არ გააჩნია შუა საყრდენი. თუმცა, ამის გამო, მისი ძარა სიხისტეს მაინც არ კარგავს. და ეს იმის წყალობით, რომ კარებების კონსტრუქციაში ფოლადის ზემტკიცე შენადნობ ბორონისგან დამზადებული დეტალები შედის. რამდენადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ავტომობილი წარმოებისთვისაა მომზადებული, შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ კარებების ასეთი კონსტრუქცია სერიულ ვერსიაზეც შენარჩუნდება.

ახალი ავტომობილი ყველა იმ ძრავს მიიღებს, რომლებსაც „ფორდი“ ჰეჩბეკ „ფიესტაზე“ იყენებს. მათ შორის იქნება სერია ეკობუსტის ეკონომიური აგრეგატებიც. რაც შეეხება ჟენევაში წარმოდგენილ ავტომობილს, ის სწორედ ეკობუსტის სერიის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ აგრეგატის ტექნიკური მონაცემები ჯრ დაზუსტებული არაა, რადგან ის ტესტირების და სრულყოფის სტადიაში იმყოფება.

„ფორდ B-მაქსის“ წარმოების დაწყება უახლოეს ორ წელიწადშია მოსალოდნელი.

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

6 მარტი

ჰიუნდაი i40

ბოლო წლებში, „ჰიუნდაი“ განუხრელად ზრდის თავის ბიზნესს და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან კორეული კომპანია თანდათან სულ უფრო აფართოებს თავის სამოდელო გამას. ამის დასტურის ხილვა ჟენევის ავტო შოუზე შეიძლება, სადაც „ჰიუნდაის“ სტენდზე სამი ახალი ავტომობილი დგას. ესენია უგზოობის კონცეპტუალური „ქარბი“, წარმოებისთვის მომზადებული კუპე „ველოსტერი“ და უახლესი უნივერსალი i40.

„ჰიუნდაის“ მთავარი სიახლე სწორედ i40-ია, რადგან პირველი ორის მსოფლიო პრემიერა მანამდე, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს D სეგმენტის პირველი ავტომობილია, რომელიც კორეულმა კომპანიამ თავის ევროპულ ცენტრში (რიუსელსჰაიმი, გერმანია) შეიმუშავა. ამ ავტომობილმა ძველი, ჯერაც პოპულარული „სონატა“ უნდა შეცვალოს და მისი სედანისძარიანი ვერსია ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

რა თქმა უნდა, i40 „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „თხევადი სკულპტურის“ სახელითაა ცნობილი. მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი ექვსკუთხა რადიატორია, რომელიც შუაში ბამპერითაა გაყოფილი. სალონში კომფორტის გასაზრდელად, არაერთი ისეთი სისტემაა გამოყენებული, რომლებიც ჩვეულებრივ, პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებში გვხვდება. მაგალითად, წინა და უკანა სავარძლების, ასევე საჭის რგოლის გამათბობელი და საქარე შუშის დაორთქვლის საწინააღმდეგო აქტიური სისტემა, რომელიც თავად ხვდება, რომ შუშა დაორთქლილია და მაშინვე მის გამათბობელს რთავს.

i40 საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც გამოირჩევა. გამოფენაზე წარმოდგენილი ეგზემპლარი 1.7-ლიტრიანი დიზელითაა აღჭურვილი, რომლის კოდური სახელწოდებაცაა UII. პრემიერის მიუხედავად, „ჰიუნდაიმ“ ამ ავტომობილის ძრავების მახასიათებლების გამხელა ჯერ არ ისურვა. თუმცა, სიამაყით გამოაცხადა, რომ აღნიშნული აგრეგატი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

დაკიდევ, „ჰიუნდაი“ i40-ის მყიდველს ეგრეთ წოდებული ხუთწლიანი სამმაგი ზრუნვის საგარანტიო პაკეტს შესთავაზებს. სამი ზრუნვიდან ერთი ისაა, რომ გარანტიის პერიოდში, გავლილი მანძილი შეუზღუდავია; მეორე ამავე პერიოდში გზებზე დახმარებას ითვალისწინებს; მესამე კი ამავე პერიოდში უფასო ტექშემოწმებას გულისხმობს.

„ჰიუნდაი ელანტრა“ - გამოცემა „ავტოსპაის-ის“ წლის საუკეთესო ავტომობილია

HYUNDAI ELANTRA NAMED 2011 AUTOSPIES.COM CAR OF THE YEAR

24 თებერვალი

ინტერნეტში მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო მედია ქსელის, „ავტოსპაის-ის“ გამოკითხვამ, 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება „ჰიუნდაი ელანტრას“ მიანიჭა. გამოცემის რედაქტორთა შეფასებით, ახალი „ელანტრა“, თავისი ელეგანტური და სპორტული სტილით, თავისი კლასის ყველაზე გამორჩეული მოდელი გახდება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჰიუნდაიმ“ კომპაქტური ავტომობილების სეგმენტი, ერთი ხელის მოსმით შეცვალა, როცა ბაზარზე მასებისთვის ხელმისაწვდომი კომპაქტური პრემიუმ ავტომობილი გამოუშვა“, - ამბობს „ავტოსპაის-ის“ დამფუძნებელი დონალდ ბუფამანტი.

ავტომობილს, რომლის საბაზო ღირებულებაც 14 830 დოლარია (სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია), თავის სეგმენტში ყველაზე უკეთ აღჭურვილი ინტერიერი აქვს. გარდა ამისა, მას ისიც გამოარჩევს, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას, 100 კილომეტრს 5.7 ლიტრი ბენზინით გადის. ეს კი ჰიბრიდული ავტომობილების ეკონომიურობის ტოლფასია.

„ინოვაციები, მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონე და დახვეწილი სტილი - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც კომპაქტური კლასის ავტომობილებს იშვიათად ახასიათებს. „ელანტრას“ კი ეს თვისებები აქვს. ბაზარზე ამ მანქანის გამოჩენის შემდეგ, ავტომოყვარულებმა გააცნობიერეს, რომ ეკონომიური ავტომობილი ლუქსის კლასის შესაბამისად შეიძლება იყოს აღჭურვილი“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ მტავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი.

„ჰიუნდაიმ“ ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება დააყოვნა

Hyundai delays Sonata Hybrid deliveries

6 მარტი

„ჰიუნდაის“ ჰიბრიდულ „სონატას“ საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელის. კორეულ კომპანიას ამერიკელი დილერებისთვის მისი მიწოდება შარშან უნდა დაეწყო, თუმცა ამერიკაში მალე ჰიბრიდებთან და ელექტრომობილებთან დაკავშირებული ახალ სტანდარტებს შემოიღებენ, რის გამოც, იქ „სონატას“ დებიუტი გადაიდო.

საქმე ისაა, რომ შესაცვლელი გახდა მანქანის ხმოვანი სიგნალის სისტემა, რომელიც დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, შიდაწვის ძრავის ხმას გამოსცემს. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოება იქნას დაცული - დაბალ სიჩქარეზე ჰიბრიდული „სონატა“ ელექტროძრავით გადაადგილდება და უხმაუროა. ამიტომ, ხმით მისი მოახლოების შეტყობა შეუძლებელია, რაც მოსიარულეების უსაფრთხოებას ამცირებს.

„ჰიუნდაის“ პრესმდივანი ჯიმ ტრეინორი ამბობს, ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება იანვარში უნდა დაწყებულიყო. ამერიკაში რამდენიმე ათეული ავტომობილი გადაიტვირთა კიდეც, თუმცა ტრეინორი არ აზუსტებს, რამდენი. სამაგიეროდ დასძენს, რომ 700 ავტომობილი პორტშია და გემზე დატვირთვას ელოდება.

„ჰიუნდაიმ“ ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება იმისთვის დააყოვნა, რომ შიდაწვის ვირტუალური ძრავის ხმის სისტემა გამოეცვალა. ამ სისტემის ძველი ვერსია სალონში, ცენტრალურ კონსოლზე არსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით ირთვება და ამავე ღილაკით ითიშება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩართვა მძღოლის სურვილზეა დამოკიდებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებზე ისეთი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რომლებიც დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მუდმივად გამოსცემს შიდაწვის ძრავის ხმას. ობამას განკარგულების შესასრულებლად, აშშ-ის მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA - ნეიშნლ ჰაიუეი ტრეფიკ სეიფტი ესოსიეიშნ), ახალი რეგლამენტის შემუშავება დაიწყო.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ჰიუნდაიმ“ ამერიკაში ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება შეაყოვნა. გადაწყდა, რომ ღილაკი მოიხსნას და ხმის სისტემამ დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მუდმივად იმუშაოს.

„ჩვენ გავიგეთ, რომ მალე NHTSA ასეთი ღილაკების გამოყენებას აკრძალავს. ამიტომ, დავსვით ლოგიკური კითხვა - რატომ დავაყენოთ ეს მოწყობილობა იმისათვის, რომ მალე მოსახსნელი გაგვიხდეს?“ - ამბობს ტრეინორი.