Sunday, May 15, 2011

„ჰიუნდაი i40“ - ჟენევიდან ბარსელონამდე

Hyundai Reveals i40 Sedan in Barcelona

15 მაისი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ უნივერსალისძარიანი i40 წარადგინა, გავიდა ორ თვეზე ცოტა მეტი და ბარსელონას მოტორ შოუს დამთვალიერებელმა, ამავე ავტომობილის სედანისძარიანი ვერსია იხილეს. ეს ავტომობილი ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ძველი კონტინენტისვე D სეგმენტს შეესაბამება და ის კორეული კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული. რა თქმა უნდა, მისი შექმნისას, ევროპელი მყიდველის გემოვნება და მოთხოვნებია გათვალისწინებული.

სედანი i40 „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „ფლუიდიკ სკულპჩას“ (თხიერი სკულპტურა) სახელითაა ცნობილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 740 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 770 მილიმეტრი. რაც მთავარია, სედანს ფართე სალონი აქვს. კერძოდ, მისი სავარძლების ძირიდან ჭერამდე მანძილი 1 025 მილიმეტრია, მხრების დონეზე სალონის სიგანე 1 455 მილიმეტრი, ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის სიგრძე კი - 1 170 მილიმეტრი. კორეული კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ყველა ამ პარამეტრით, საშუალო ზომის სედანების კლასში, i40 ლიდერთა შორის იქნება.

ჯერჯერობით, ახალი ავტომობილისთვის, რომელმაც ძველი „სონატა“ უნდა შეცვალოს, ბენზინის და დიზელის ორ-ორი ძრავია გათვალისწინებული. ბენზინის ძრავებიდან, ერთის მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია და ის 135 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი 2.0-ლიტრიანია და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 177 ცხენის ძალას აღწევს.

მეორე ძრავით, როცა მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქნება შეწყვილებული, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 9.7 წამი დასჭირდება. სამაგიეროდ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 6.8 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოუშვებს.

რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, ორივეს მუშა მოცულობა 1.7 ლიტრია. მათგან ერთის სიმძლავრე 115, მეორისა კი 136 ცხენის ძალაა. ამათგან უფრო სუსტი, სისტემა სტოპ-სტარტისა და მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემის დახმარებით, უფრო ეკონომიურიცაა. კერძოდ, ასი კილომეტრის გასავლელად, ამ ძრავით აღჭურვილ i40-ს 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ატომოსფეროში კი (ყოველ კილომეტრზე) მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

„ჰიუნდაი“ ვარაუდბს, რომ წლიურად 60 000 ცალ i40-ს გაჰყიდის. ამასთან, გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 65 პროცენტი, დიზელისძრავიანი იქნება. ავტომობილი ასევე უამრავი დამხმარე სისტემით აღიჭურვება, რომლებიც მის პასიურ უსაფრთხოებას მოემსახურება. ესენია: ABS, ESP, აღმართში დამხმარე, მუხრუჭების დამხმარე, მანქანის სტაბილურობის სამართავი და სხვა სისტემები. უსაფრთხოებასვე 9 აირბალიში უზრუნველყოფს.

სედან i40-ის წარმოება წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასიც მაშინ გამოცხადდება. სავარაუდოდ, მის პირველ ეგზემპლარს, „ჰიუნდაის“ ქართველი დისტრიბუტორი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“, ამ წლის ბოლოსვე შემოიტანს, მის გაყიდვებს კი მომავალი წლიდან შეუდგება.

„ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახს ჩინელი წევრი შეემატა

Volkswagen to make electric cars in China with FAW

15 მაისი

„ფოლკსვაგენმა“ და ჩინურმა საავტომობილო კომპანია FAW-მა (ფირსტ აუტომობილ უორკს) ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბეს, რომლის სახელია „კაილი“ და რომლის მთავარი დანიშნულებაც, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებაა. ამგვარად, გერმანული კომპანია კიდევ ერთი უცხოელი ავტომწარმოებელია, რომელმაც ჩინელ პარტნიორთან ერთად, ცისქვეშეთის ბაზარზე სამოქმედოდ, სპეციალურად ჩამოაყალიბა ახალი კომპანია. მანამდე იგივე „ნისანმა“, „მერსედეს ბენცმა“, „ჰონდამ“ და „ჯენერალ მოტორსმა“ გააკეთეს, მალე კი მათ „ტოიოტაც“ მიბაძავს.

ჩინეთში ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, ერთობლივი საწარმოების შექმნას, ქვეყნის მთავრობა ახალისებს, რისთვისაც სპეიალური შეღავათებია დაწესებული. ბუნებრივია, ამ შეღავათებით წარმოება, ჩინური ბაზრის უცხოელ ლიდერებს სურთ და ისინი ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

„ფოლკსვაგენი“ რომელიც ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელია და მსოფლიო ლიდერობასაც ეშურება, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. შესაძლოა, ეს იყოს „ბორა ბლიუ-e-მოუშნის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი, ავტომობილისა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, ვოლფსბურგელებმა შარშან, გუანჟოუს მოტორ შოუზე, „ლავიდას“ (ფოტოზე) სახელით წარადგინეს. სხვათა შორის, ჩინეთში „ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი ჰყავს SAIC-ის სახით, რომელთან ერთადაც, ასევე ერთობლივი სამომავლო გეგმები აქვს. „ლავიდას“ შექმნაში, SAIC-ის სპეციალისტებიც მუშაობდნენ.

ცნობისათვის, შარშან ჩინეთის მტავრობამ შეღავათების საცდელი სისტემა გამოაქვეყნა, რომლითაც იმ მყიდველების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის შეძენას ამჯობინებენ. ეს სისტემა ჯერ მხოლოდ ხუთ დიდ ქალაქში იმოქმედებს, თუმცა მომავალში, მთელს ქვეყანაზე გავრცელდება.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, რომლებიც ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ელექტრომობილების წარმოებას მალე დაიწყებენ: „ჯენერალ მოტორსმა“ იმავე SAIC-თან ერთად, „შევროლე საილ-ის“ ელექტრონული ვერსია მოამზადა და მალე მის წარმოებას შეუდგება. „ნისანს“ ჩინური კომპანია „დონფენი“ შეუამხანაგდა, რომელთან ერთადაც, ცენტრალური ჩინეთის ქალაქ დონფენში, თავის ელექტრომობილ „ლიფის“ გამოშვებას დაიწყებს.

ჩინეთთან დაკავშირებით, სერიოზული გეგმები „დაიმლერსაც“ აქვს, რომლის პარტნიორიც არის ჩინური BYD. ეს უკანასკნელი ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებაზეა სპეციალიზებული და მას საავტომობილო ბიზნსში ისეთი სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია. ესენიც ახალი ბრენდის ჩამოყალიბებას აპირებენ, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს.

2006 კილომეტრი ერთი ავზით

Skoda Fabia GreenLine 2,006 km / 1,246 Miles on a Single Tank of Fuel

15 მაისი

ამიერიდან, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სვლის სიშორის რეკორდი „შკოდას“ ეკუთვნის - ჩეხური კომპანიის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფაბიას“ ეკონომიურმა მოდიფიკაცია „გრინლაინმა“, ერთი სრული ავზით, 2006 კილომეტრი გაიარა. სარეკორდო ვოიაჟის ავტორია ვინმე გერჰარდ პლატნერი, ვინც ავსტრიიდან დანიაში და უკანა გზაზე ერთი ავზი იმყოფინა.

გამგზავრების წინ, პლატნერის მანქანის ავზი ბოლომდე აავსეს და დალუქეს, მოგზაურობის დროს კი, მას გამყოლი აცილებდა. მოგზაურმა გერმანიის ყველაზე გრძელი მარშრუტით (A7) ისარგებლა. მისი დასრულების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „ფაბია“ ყოველ 100 კილომეტრს მხოლოდ 2.21 ლიტრი საწვავით გადიოდა. არადა, პასპორტში უწერია, რომ 100 კილომეტრის გასავლელად, 3.4 ლიტრი (დიზელის საწვავი) სჭირდება.

„შკოდა ფაბია გრინლაინ-ი“ დიზელის 1.2-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მის ეკიპირებაში ასევე შედის რხევებისადმი შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავები, სპოილერი, რომელიც მანქანის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამცირებს, სისტემა სტოპ-სტარტი და დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემა.

სხვათა შორის, გერჰარდ პლატნერი შემთხვევითი პიროვნება არ არის. მას მსოფლიოს რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის (სხვადასხვა მარკის ავტომობილებით, ეკონმიურობის და შორეული მგზავრობის) და მთელს მსოფლიოში, 120-ზე მეტი გარბენი აქვს შესრულებული. გარდა ამისა, „შკოდას“ სერია „გრინლაინის“ მეორე თაობის ავტომობილების ტესტირების საწყის ეტაპზე ღებულობდა მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, პლატნერს (ფოტოზე თავის სარეკორდო ფაბიასთან) ჰკითხეს, როგორ შეძლო ასეთი შორი მანძილის ერთი ავზით გავლა, თუმცა ის საკუთარი საიდუმლოს გამხელას არ აპირებს: „ნორმაზე ნაკლები საწვავი რომ დავხარჯე, ამით იმის დამტკიცება მსურდა, რომ მწარმოებლების გარდა, გარემოზე ზრუნვა ჩვეულებრივ ავტომფლობელებსაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ამისათვის ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს. მაგალითად, საბურავებში ოპტიმალური წნევის“...