Tuesday, August 3, 2010

სმიტების სპორტქარი ”ფოლკსვაგენ ჯეტას” ბაზაზე

Smyth Performance G3F: VW Jetta-Based Diesel Sports Car

3 აგვისტო

სპორტული მანქანა, რომელსაც სურათზე ხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა ”ფოლკსვაგენ ჯეტას” ძირეულად მოდიფიცირებული ვერსია. ოღონდ, მისი ძრავი წინ კი არა, ბაზაშია მოთავსებული და ავტომობილსაც წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ისე კი, უფრო მართალი იქნებოდა, რომ გვეთქვა - ამ ავტომობილმა არსებობა დაიწყო, როგორც ”ფოლკსვაგენ ჯეტამ”, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მარკ და დეივ სმიტების ხელი შეეხო, სულ სხვა ავტომობილად მოგვევლინა.
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ორივე სმიტი კიტ ქარების (ასაწყობი ავტომობილების) მწარმოებელ კომპანია ”ფაქტორი ფაივ რეისინგის” დამაარსებლები არიან. ამასთან, დეივ სმიტი კომპანია ”სმიტ პერფორმენსის” მფლობელიცაა. ბუნებრივია, მათ მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ. ამ ენთუზიასტებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მათი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, საუკეთესო ბაზისად მეოთხე თაობის ”ჯეტა” გამოდგებოდა, რომელსაც ვოლფსბურგული გიგანტი 1998-2005 წლებში უშვებდა.

იმ ავტომობილის მისაღებად, რომელიც მათ ჩაიფიქრეს, ”ჯეტაზე” რამდენიმე რადიკალური მოდიფიკაციის ჩატარება გახდა საჭირო. კერძოდ, მას მოჭრეს სახურავი და უკანა ნაწილი. წინა ნაწილს ძარის ელემენტები მოხსნეს ფოლადის ოთხკუთხა მილებისგან შეკრული ჩარჩო მიუერთეს. ძრავმა ახალი პლატფორმის შუა ნაწილში გადაინაცვლა. ახალ შასიზე კი შუშის ბოჭკოვანი ქსოვილის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა და ახალი საქარე მინა დაამაგრეს.

სხვათა შორის, ”ჯეტა” ერთადერთი ავტომობილი არაა, რომლის ნაწილებიც ახალი ავტომობილის შექმნისას სმიტებმა გამოიყენეს - მათმა სპორტულმა ავტომობილმა, წინა ფარები ”ტოიოტა სელიკასგან” მიიღო. ახალ ავტომობილს მისმა ავტორებმა ”სმიტ პერფორმენს G3F” უწოდეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 225 კმ/სთ-ია, სამაგიეროდ, ქალაქგარეთ ტრასაზე 100 კილომეტრის გასავლელად, 4 ლიტრ ბენზინზე ნაკლები ჰყოფნის.

დაბოლოს, ”სმიტ პერფორმენს G3F-ს” ფასის შესახებ. იმისათვის, რომ ასეთი ავტომობილი შეიძინოთ, ავტომობილი კარგად უნდა იცოდეთ, რადგან სმიტები მხოლოდ ასაწყობ ავტომობილს ყიდიან, რომელიც შემდეგ თავად უნდა ააწყოთ. კიტ კომპლექტი 15 000 დოლარი ღირს, საიდანაც 10 000 დოლარი გადაკეთებული შასი და ძარა ღირს, დაახლოებით 5 000 დოლარი კი ნახმარი ”ჯეტას” შეძენა და მისი გადაკეთება დაჯდება.