Thursday, October 8, 2009

”ვოლვო” S60-ის წარმოებას მერმის დაიწყებს

Volvo S60

8 ოქტომბერი

მიუხედავად იმისა, რომ ”ვოლვოს” მომავალი პატრონის ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა, შვედურ კომპანიაში საწარმოო პროგრამის განახლებაზე ზრუნვა არ წყდება. თავის ახალ სედან S60-ის მსოფლიო პრემიერას ”ვოლვო”, რომელიც დღეს ”ფორდის” ჯგუფში შედის, მერმის, პარიზის საავტომობილო შოუზე გეგმავს, მის წარმოებას ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს.

ჯერჯერობით, შვედური კომპანია თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეგნულად ის ამავე სახელწოდების კონცეპტუალური მოდელის მსგავსი იქნება. კონვეიერამდე მას მხოლოდ ქრომირებული დეტალები და კონცეპტუალური მოდელებისთვის დამახასიათებელ ელემენტები არ გაჰყვება.

კონცეპტუალური S60-ის პირველი ჩვენება დეტროიტის წლევანდელ ავტოშოუზე შედგა. ეს ავტომობილი აღჭურვილი იყო ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც სისტემა GTDi-ითაა (გაზოლინ ტურბოჩეირჯდ დირექტ ინჯექშნ - ბენზინის ტურბოდამჭირხნიანი, უშუალო შეფრქვევით) აღჭურვილი და 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

”ვოლვოს” ძრავების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი დერეკ კრაბი ამბობს, რომ სისტემა GTDi საუკეთესო საშუალებაა საწვავისა და ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად. მის გარდა, ამ ავტომობილზე კიდევ არაერთი სისტემა გამოიყენება, რომლებიც ავტომობილის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას აუმჯობესებს.

”ვოლვოს” განმარტებით, ახალი S60 კონკურენციას ბაზრის ისეთ ლიდერებს გაუწევს, როგორებიცაა ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანი, ”აუდი A4” და C კლასის ”მერსედესი”.