Tuesday, July 7, 2009

მე-1.5 მილიონე ახალი ”მინი”

1.5th millionth Mini

8 ივლისი

სულ რამდენიმე კვირის წინ, ”ბეემვემ” თავისი პოპულარული მარკის, ”მინის” პირველი ავტომობილის გამოშვებიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა, ორი დღის წინ კი ამ მარკამ კიდევ ერთი ზღვარი გადალახა - ოქსფორდის საწარმო მე-1.5 მილიონე ახალმა ”მინიმ” დატოვა. საიუბილეო გახდა წითელი წიწაკისფერი უნივერსალი ”მინი კლაბმენი”, რომელიც ბრიტანული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

გერმანულმა კომპანიამ ახალი ”მინის” წარმოება 2001 წელს დაიწყო და თითქმის 8 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მილიონნახევარი ავტომობილი გაეყიდა. დღეს ამ მარკის ავტომობილები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, რომელთაგან ბოლოს ის ბრაზილიის ბაზარზე გამოჩნდა. სულ, 1959 წლიდან მოყოლებული, მთელს მსოფლიოში 5.3 მილიონი კლასიკური ”მინი” გაიყიდა. ორივე თაობის ”მინის” გაყიდვები კი ჯამში 6.8 მილიონს აღწევს.

2001 წლის შემდეგ, რაც ახალი ”მინის” წარმოება დაიწყო, ”ბეემვემ” ოქსფორდის ქარხანას 600 მილიონ დოლარზე მეტი მოახმარა. კიდევ 160 მილიონი კი ჰემს ჰოლის და სუინდონის ქარხნების მოდერნიზაციაზე დახარჯა. ”მინის” სამივე ქარხანაში 7 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია კი გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ს აღწევს.

”ენვილი” - გოლფ-კარი საერთო სარგებლობის გზებისთვის

Tomberlin Anvil

7 ივლისი



ამერიკული კომპანია ”ტომბერლინი” გოლფის მოყვარულებს შორის იმითაა ცნობილი, რომ გოლფის გზაზე გადასაადგილებლად, ელექტროკარებს ამზადებს. წლების განმავლობაში, ”ტომბერლინს” მეტის პრეტენზია არც ჰქონია. მაგრამ დრო შეიცვალა და მასთან ერთად, ბაზრის კონიუნქტურაც იცვლება.

ადრე თუ საწვავის ეკონომიასა და მითუმეტეს, გარემოზე არავინ ზრუნავდა, ახლა ყველას პირზე სწორედ ეს ორი ასპექტი აკერია. ვერ ვიტყვით, რომ მოდაა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში, იაპონიასა და ამერიკაშიც კი, თანდათან მკაცრდება მოთხოვნები ავტომობილების გამონაბოლქვში სათბურის ეფექტის მქონე გაზების, პირველ რიგში კი, ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაზე.

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა, პირველ რიგში, ჰიბრიდული ტექნოლოგიების მასობრივად დანერგვას ცდილობენ, ოდნავ მოგვიანებით კი, მათი უმრავლესობა ელექტრომობილების წარმოების დაწყებასაც აპირებს.

”ტომბერლინს” კი ელექტრომობილების წარმოება, რომ იტყვიან, ”სისხლში აქვს”. ჰოდა, თავისი მდიდარი გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებაზე დაიწყო ზრუნვა. კომპანიის ინჟინრებმა გოლფ-კარი მოზრდილ ბორბლრბზე დააყენეს, წინ ზორბა ბამპერი და ფსევდორადიატორის ბადე მიადგეს, რომელიც რაღაცით კომპანია ”ჯიპის” ანალოგიურ დეტალს მოგვაგონებს. ამიერიდან ელექტროურიკას სრულფასოვანი სახურავიც აქვს, რომელიც ორ საყრდენზეა ბაზირებული. სალონს კი შემხვედრი ჰაერისგან საქარე მინა იცავს. ჰო, ახალ მანქანას კარებები არ აქვს, მისი სალონი კი ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან წინა, მძღოლის სეგმენტი სახურავის ქვეშაა შეფარებული, უკანა კი აივანივითაა - არც კარი აქვს და არც სახურავი.

რა თქმა უნდა, ავტომობილზე უსაფრთხოების პასიური სისტემებიც დააყენეს. მას წინა და უკანა ფარები, ასევე უკანა ხედვის სარკეები გაუჩნდა, ბორბლებს კი ნახევართაღები ნაწილობრივ ფარავს - ამ მანქანით უამინდობაში სიარული სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება და შესაბამისად, ბორბლიდან ასხლეტილი წვეთების, ან ტალახის დამჭერის აუცილბლობაც არ არსებობს. ჰოდა, ბორბლების ნახევართაღებს მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს.

სპეციფიკური გარეგნობის გამო, ”ტომბერლინში” თავიანთ ახალ ქმნილებას ”ენვილი” (გრდემლი) შეარქვეს. ავტომობილი, რომლის სიგრძე მხოლოდ 2.75 მეტრია და 815 კილოგრამს იწონის, მისთვის საკმაოდ მძლავრი, 50-ცხენისძალიანი ელექტრომოტორითაა აღჭურვილი, რომელიც 12-ვოლტიანი აკუმულატორების ბლოკისგან იკვებება. მათი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ”ენვილმა” გაუჩერებლად 64 კილომეტრი განვლოს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ხელოვნურადაა შეზღუდული (უსაფრთხოებისთვის) და 40 კმ/სთ-ია.

სამაგიეროდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილი მხოლოდ ქალაქში, მცირე მანძილებზე გადასაადგილებლად სჭირდებათ, ”ენვილის” შეძენა არცთუ ძვირი (სხვა ელექტრომობილებთან შედარებით) 16 400 დოლარი დაუჯდებათ. უფრო მეტიც, ამერიკაში ელექტროტრანსპორტზე მოქმედი შეღავათებით, ფასი 14 760 დოლარამდე მცირდება. შედარებისთვის, ახალი კალიფორნიული კომპანია ”კოდას” ელექტროსედანი დაახლოებით 45 000 დოლარი ღირს.

”ტოიოტას” რბოლების მოყვარული პრეზიდენტი

Akio Toyoda

7 ივლისი

”ტოიოტას” ახალი პრეზიდენტი, კომპანიის დამაარსებლის 53 წლის შთამომავალი აკიო ტოიოდა სიჩქარის და სწრაფი ავტომობილების დიდი მოყვარული ყოფილა, მაგრამ საბედნიეროდ, თავის მოთხოვნილებას მხოლოდ სარბოლ ტრასებზე იკმაყოფილებს ხოლმე.

მისი ერთ-ერთი ბოლო განავარდება გერმანიაში, ნურბურგრინგის ავტოდრომზე , 24-საათიანი რბოლის დროს დაფიქსირდა, რომელზეც ის ”ლექსუს LF-A-ს” სატესტო პროტოტიპით ღებულობდა მონაწილეობას. რამდენადაც, მას პროფესიონალი ავტომრბოლის გამოცდილება არ აქვს, ”ტოიოტას” ხელმძღვანელობა შეშფოთებით ადევნებდა თვალს თავისი შეფის სახიფათო გასეირნებას. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

”ხალხი მირჩევდა, გავჩერებულიყავი, მაგრამ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც, აქაურ რბოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შემეძლო. ჯერ ერთი, ეს ნურბურგრინგია, ლეგენდარული ტრასა, სადაც გამოსვლა ჩემნაირებისთვის საოცნებოა. მეორეც, როგორ ვიტყოდი უარს 24-საათიან რბოლაზე? და მესამე - მანქანის სრულყოფისთვის ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და მე ამ სამუშაოში მონაწილეობა მსურდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ბაზარზე სრულყოფილი ავტომობილი გამოვიყვანოთ”, - განაცხადა ტოიოდამ (სურათზე), ვინც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის პოსტზე სულ ორი კვირის წინ დაინიშნა.

ახალ პრეზიდენტს სურს, რომ ”ტოიოტამ” თავის მომხმარებელს ისეთი ავტომობილები მიაწოდოს, რომლებიც მათში დადებით ემოციებს აღძრავენ. თავის დროზე, ასეთები ”სელიკა” და ”კოროლა”, ასევე MR2 და ”სუპრა” იყო. მაგრამ ახლა სხვა დროა, და ამათგან ზოგი წარმოებიდან მოხსნილია, ზოგზე კი ემოციურობა პრაგმატულობამ შეცვალა.

ტოიოდა კი სპორტული, სწრაფი ავტომობილების ტრფიალია და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ მის კომპანიას სპორტული ავტომობილების მწარმოებლის იმიჯი დაუბრუნდეს. სწორედ მისი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მალე ბაზარზე სუპერავტომობილი ”ლექსუს LF-A” გამოჩნდება და ის ამაყობს ამით. ამასთან, ზემოთ ნახსენები სპორტული მოდელების ბაზარზე დაბრუნების პირობასაც იძლევა...

ახალი ”კამარო” ევროპაშიც გაიყიდება

Chevy Camaro

7 ივლისი

ახალი ”შევროლე კამარო”, რომელიც აშშ-ის ბაზარზე გამოჩენისთანავე, მასკლ ქარების კლასში ბესტსელერი გახდა, მალე ევროპულ ბაზარზეც გამოჩნდება. ”შევროლეს” გერმანული დივიზიონის გენერალურმა მენეჯერმა იურგენ კელერმა, გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ ევროპაში ”კამაროს” გაყიდვები უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ატლანტის ოკეანის აქეთა მხარეს მისი დებიუტის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

”კამაროს” ამერიკული ვერსია 3.6-ლიტრიანი V6 (304 ცხენის ძალა) და 6.2-ლიტრიანი V8 (426 ცხ.ძ) აგრეგატებითაა აღჭურვილი, რომლებსაც გადაცემათა მექანიკური კოლოფი უწყვილდება, 6.2-ლიტრიანი V8-ს 400-ცხენისძალიანი ვერსიის შემთხვევაში კი მისი მაბრუნი მომენტის უკანა წამყვანი ბორბლებისთვის მიწოდებას ავტომატური კოლოფი უზრუნველყოფს.

ავტომობილის ამერიკული ფასები 23 040-დან 35 425 დოლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ეღირება ”შევროლე კამარო” ევროპაში, სამაგიეროდ, კელერი ამბობს, რომ ერთ დამოუკიდებელ დილერს ეს ავტომობილი ძველ კონტინენტზე უკვე შემოაქვს და მას 39 900-დან 50 615 ევრომდე აფასებს.

იაპონიაში ხმაურიან ჰიბრიდებს გამოუშვებენ

7 ივლისი

იაპონიაში გახშირდა საგზაო შემთხვევები, რომლებშიც ჰიბრიდული ავტომობილებია გარეული. ამის მიზეზი კი ყველაზე ხშირად ის გარემოება ხდება, რომ ასეთი ავტომობილები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რის გამოც, მათ მოახლოებას უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე ფეხოსნები დაგვიანებით აფიქსირებენ.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, იაპონიაში შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც, მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, მეცნიერები, ავტოინჟინრები, პოლიციელები და ავტომწარმოებელთა წარმომადგენლები გაერთიანდნენ. მათ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ავტომწარმოებლებს ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზე სპეციალური, ხმაურის გამომცემი მოწყობილობის დაყენებას დაავალდებულებს. ამასთან, კომისია იმაზეც შეთანხმდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლების პრეროგატივაა.

იაპონიის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, უსინათლო ადამიანები ბავშვობიდანვე ეჩვევიან ხმის შესაბამისად ორიენტირებას. მაგრამ დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას, ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები ხმას პრაქტიკულად არ გამოსცემენ, რის გამოც, უსინათლო, ან შეზღუდული მხედველობის ადამიანები მათ მიახლოებას გვიან, ან საერთოდ ვერ გრძნობენ.

პარალელურად, ბოლო ხანებში, იაპონიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები - მარტო ივნისში, ამ ქვეყანაში 22 292 ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსი” გაიყიდა, რაც შარშანდელი ივნისის მონაცემებზე 6 000-ით მეტია.

ჰიბრიდულ და ელექტრულ მოდელებთან დაკავშირებით, ანალოგიურ ღონისძიებათა გატარებას ამერიკაშიც აპირებენ, სადაც ასევე სწრაფი ტემპით იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობა.

სხვათა შორის, შარშან ბრიტანულმა კომპანია ”ლოტუსმა” შეიმუშავა მოწყობილობა, რომელიც ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი და მისი დანიშნულება ისაა, რომ შეზღუდული მხედველობის ადამიანებმა უხმაურო ავტომობილის მოახლოების დროულად გაგება შეძლონ. მოწყობილობის მთავარი ნაწილი დინამიკია, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში თავსდება. აქსელერატორთან დაკავშირებული ელექტროსისტემის ბრძანებით, ის შიდაწვისძრავიანი ავტომობილის სიჩქარის, ან აჩქარების შესაბამის ხმას გამოსცემს.

ბეიძინ აუტოს საოპელო გეგმები

BAIC-Opel

7 ივლისი


”ოპელის” მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ზოგი ინფორმაციით, მაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური კომპანია ”მაგნა ინტერნეიშნლი” მალე გაიფორმებს გერმანულ კომპანიას, რომლითაც პირველ რიგში, რუსულ ბაზარზე პოზიციების გამყარება იგეგმება.

მეორე მხრივ, პერიოდულად ”ფიატი” კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ”ოპელი” საბოლოოდ” მას დარჩება. თუმცა, იტალიური კონცერნის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარჯიონე იმასაც ხაზგასმით იმეორებს, რომ ”ოპელის” შეძენაზე თავისი განაცხადის პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს.

”ოპელის” მესამე მსურველია ბელგიური საინვესტიციო ჯგუფი ”RHJ ინტერნეიშნლი”, რომელსაც ერთი კვირის წინ, გამოცემა ”ფაინენშლ ტაიმსი” ფავორიტადაც კი ასახელებდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ გაირკვა, რომ გასულ წელს ”RHJ ინტერნეიშნლმა” მილიარდ ევროზე მეტი იზარალა და შესაბამისად, მის შანსებზე ლაპარაკიც შეწყდა.

რამდენიმე დღის წინ კი ”ოპელის” შეძენის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა ჩინურმა ”ბეიძინ აუტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნმა” (BAIC), რომელმაც ”ჯენერალ მოტორსს” და გერმანიის მთავრობას ”ოპელის” რეორგანიზაციის მისეული გეგმა წარუდგინა და გერმანული კომპანიის სანაცვლოდ, 660 მილიონი ევრო შესთავაზა.

BAIC-ის გეგმა, ჩინეთში ოპელის სადილერო ქსელის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც 400 დილერი უნდა შევიდეს. მათი მეშვეობით კი, წლიურად 485 000 ათასი ”ოპელის” (კორსას, მერივას, ზაფირას, ანტარას, ასტრას და ძველი ვექტრას) რეალიზება იგეგმება. პარალელურად, BAIC-ს ჩინეთში ”ოპელის” ახალი ქარხნის აშენება სურს, რომლის საწყისი წლიური წარმადობა 200 000 ავტომობილი იქნება, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მისი ნახევარ მილიონამდე გაზრდა პრობლემა არ იქნება. საერთო ჯამში, ჩინეთში ”ოპელის” წარმოების ასაწყობად, BAIC-ს 2.25 მილიარდი დოლარის ინვესტირება აქვს დაგეგმილი.

მაგრამ BAIC-სთვის ხელისშემშლელი შეიძლება ის გარემოება გახდეს, რომ ჩინეთის ბაზარზე თავისი ინტერესი გააჩნია ”ბიუიკს” – იმ ოთხ ბრენდთაგანს, რომლებიც ”ჯენერალ მოტორს კომპანიმ” შეინარჩუნა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ”ბიუიკი” ჯერაც არსებობს, ეს ჩინეთში მისი პოპულარობის დამსახურებაა, თორემ ეს მარკაც რამდენიმე წლის წინ გაუქმებული ”ოლდსმობილის” ბედს გაიზიარებდა.

ვატანენი FIA-ს პრეზიდენტობას აპირებს

Formula 1

7 ივლისი

მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონი კლასიკურ რალიში, ფინელი არი ვატანენი (სურათზე) საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.

ვატანენმა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ”ფორდ ესკორტით” მოიპოვა და მაშინ მისი შტურმანი დევიდ რიჩარდსი იყო, ვინც შემდეგში ავტოსპორტში განთქმული გუნდი, ”პროდრაივი” ჩამოაყალიბა. კლასიკური რალიდან ფინელმა რალი-რეიდებზე გადაინაცვლა და იქ ოთხჯერ (1987, 1989-1990 წლებში) გახდა მარათონ პარიზი-დაკარის გამარჯვებული. შემდეგ, მრბოლის ჩაფხუტი ლურსმანზე დაკიდა და კარიერა პოლიტიკაში გააგრძელა, სადაც არანაკლბ წარმატებულია - ორჯერ, ფინეთის კვოტით, ევროპარლამენტის წევრი გახდა. პარალელურად, შიგადაშიგ, ცალკეულ რბოლებშიც ასპარეზობს ხოლმე.

ვატანენმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის FIA-ს პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პოსტზე დასარჩენად კვლავ იბრძოლებს ახლანდელი პრეზიდენტი მაქს მოსლი.

”ამ ეტაპზე, კონსულტაციებს გავდივარ საერთაშორისო ფედერაციის წევრ კლუბებთან, რომლებიც მხარდაჭერას აღმითქვამენ. ვფიქრობ, ცვლილებების დრო მოვიდა. მზად ვარ, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლო, თუნდაც გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყო”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა ვატანენმა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ კვირის წინ, ფორმულა 1-ის გუნდებთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ, მოსლის დათმობაზე წასვლა მოუწია და მან ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. მაგრამ შემდეგ, ამ გადაწყვეტილების შეცვლით დაიმუქრა, ამის მიზეზად კი გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან მისადმი გამოჩენილი უპატივცემულობა და უსაფუძვლო კრიტიკა დაასახელა.

მოსლის და ვატანენის გარდა, ამ ეტაპზე FIA-ს პრეზიდენტობაზე კიდევ ოთხი კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან: ”ფერარის” ყოფილი ხელმძღვანელი ჟან ტოდტი, ინდოეთის ავტოსპორტული კლუბების ფედერაციის პრეზიდენტი ვიკი ჩანდოკი, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს ფ1-ის ინდურ გუნდ ”ფორს ინდიას” შეფ ვიჯეი მალიასთან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უმდიდრეს ბიზნესმენებთან, ასევე ამერიკელი ნიკ ქროუ და მონაკოელი მიშელ ბოერი. ეს უკანასკნელი პრეზიდენტობისთვის მაშინაც იბრძოდა, როცა მოსლისა და ბერნი ეკლსტოუნის მცდელობათა შედეგად, პრეზიდენტის პოსტის დატოვება ფრანგ ჟან-მარი ბალესტრს მოუხდა. მაშინ ბოერის ცოტა დააკლდა მოსლის დამარცხებამდე, მერე კი მის გუნდში შევიდა და დღემდე ფედერაციის ფუნქციონერია.

რავითარი კომპრომისი

Aston Martin Cygnet

7 ივლისი

რამდენიმე დღის წინ, საავტომობილო სამყარო ძლიერ გააოცა ცნობამ იმის შესახებ, რომ ”ასტონ მარტინი” მალე ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ბაზაზე საკუთარი ბრენდით ამავე ზომის ავტომობილის გამოშვებას დაიწყებს. ინფორმაციის უტყუარობას, მისი თანმხლები ფოტოც ადასტურებდა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ინგლისური კომპანიის დიზაინერები თავიანთი ”სიგნიტის” (ანუ გედის ბარტყი - ასე ეწოდა ასტონის ჯუჯას) გარეგნობის შესაქმნელად.

დღეს კი, თავისი კომპანიის გეგმებზე კომენტარი თავად ”ასტონ მარტინის” მთავარმა აღმასრულებელმა ულრიხ ბეცმაც (სურათზე ბარტყთან ერთად) გააკეთა. მისი თქმით, ”ბარტყი” ისეთივე მდიდრული და ინდივიდუალური იქნება, როგორები ავტომობილების წარმოებითაც გაითქვა სახელი ”ასტონ მარტინმა”. ”არანაირი კომპრომისი, ჩვენ მდიდრულობაზე უარის თქმას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ და ეს ამ პატარა ავტომობილსაც ეხება”, - აბობს ბეცი და დასძენს, რომ ამ წამოწყებით, მას ერთი სტერეოტიპის დამსხვრევა სურს, რომლის მიხედვითაც, პატარა ავტომობილებს მხოლოდ ის ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც მცირე შემოსავლების გამო, მუდამ მომჭირნეობაზე ზრუნავენ.

და, რა თქმა უნდა, ”სიგნიტი” იმის გამოხატულებაცაა, რომ ”ასტონ მარტინი” გარემოზე ზრუნავს. ”ეს ავტომობილი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც პრემიუმ კლასის ბრენდების ავტომობილებსაა მიჩვეული და იმავდროულად, გარემოს დაბინძურებაც არ სურს”, - ამბობს ბეცი.

მისი თქმით, ”სიგნიტის” ყველა მყიდველს თავისი გემოვნების მიხედვით შეუძლია როგორც ავტომობილის ფერის, ასევე სალონის გაფორმებისა და სხვადასხვა ოპციების შეკვეთა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ავტომობილის პლატფორმა და მასთან ერთად, მისი ძირითადი აგრეგატი უცვლელი დარჩება. ესე იგი, ასტონის ჯუჯა iQ-სგან მემკვიდრეობით მიიღებს 1.0-ლიტრიან ბენზინის ძრავს, რომელიც 100 კილომეტრზე მხოლოდ 4.35 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ СО2-ს გამოჰყოფს.

”ასტონ მარტინი” წლიურად მხოლოდ 4 000 ცალი ”ბარტყის” წარმოებას გეგმავს. ბეცის თქმით, პრემიუმ სეგმენტის ჯუჯას შეძენის საშუალება მხოლოდ მათ მიეცემათ, ვისაც ფარეხში თუნდაც ერთი ”ასტონ მარტინი” უდგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე, ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა საგრძნობლალ დაიკლებს. ამას კი მნიშვნელობა მაშინ მიენიჭება, როდესაც ევროპასა და წამყვან ბაზრებზე, გამონაბოლქვის სტანდარტები გამკაცრდება.