Monday, August 30, 2010

”მაზდა” სტილს იცვლის

Mazda uses Shinari concept to show brand's future design language

30 აგვისტო

იაპონურმა კომპანია ”მაზდამ” ახალი კონცეპტუალური მოდელი - ”შინარი” მოამზადა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება ”მაზდას” ავტომობილების მომავალი კორპორატიული სტილი.

კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობაზე ერთდროულად, ”მაზდას” გერმანული, ამერიკული და იაპონური სადიზაინერო სტუდიები მუშაობდნენ. ერთობლივად შემუშავებულ სტილს იაპონური სიტყვა ”კოდო” უწოდეს, რაც მათს ენაზე მოძრაობის სულისკვეთებას ნიშნავს.

”მაზდას” სადიზაინერო განყოფილების ხელმძღვანელ იკუდა მაედას განცხადებით, მისი კომპანიის ავტომობილების დიზაინი, უახლოეს მომავალში, სწორედ ამ ახალ სტილში შესრულდება. თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ ახალი სტილის დამკვიდრება სერიულ ავტომობილებზე როდის დაიწყება.

ამ ეტაპზე, იაპონური კომპანიის დიზაინერები კონცეპტუალური ავტომობილის ინტერიერსაც ამუშავებენ, ”მაზდა” იმედოვნებს, რომ ინტერიერის გასაწყობად გამოყენებული მასალების ხარისხისა და სალონის გაფორმების დონით, მალე ეს კომპანია ისეთ ავტორიტეტებს გაუტოლდება, როგორებიცაა ”ბეემვე” და ”აუდი”.

სხვათა შორის, უკვე რამდენიმე წელია, ”მაზდა” ყოველ შემდგომ დიდ საავტომობილო გამოფენას ახალი კონცეპტუალური ავტომობილით ხვდება. კორპორატიული სტილის განმსაზღვრელი წინა კონცეპტქარი კი იყო ”ნაგარე”, რომლის პრემიერა 2006 წელს შედგა და რომელმაც ”მაზდას” ყველა მოდელის სტილი განსაზღვრა. მაგრამ შემდეგ კომპანია მისმა მთავარმა დიზაინრმა ლოურენს ფან დენ აკერმა დატოვა და ”მაზდამაც” ახალი სტილის შესაქმნელად მუშაობა მაშინვე დაიწყო. ფან დენ აკერი მაედამ შეცვალა, რომელიც ადრე ”მაზდა2-ის” და ”მაზდა RX-8-ის” სტილის შემუშავებაში მონაწილეობდა.

”ჰიუნდაი” სამ ახალ მომცრო მანქანას გამოუშვებს

Three New Hyundai Small Cars Coming

30 აგვისტო

მალე ”ჰიუნდაი” თავისი სამოდელო გამის კიდევ ერთხელ გადახალისებას დაიწყებს და საწარმოო პროგრამასაც გააფართოებს. ინტერნეტ გამოცემა ”ინსაიდლაინის” ინფორმაციით, უახლოეს 12 თვეში, კორეული კომპანია სამ ახალ პატარა ავტომობილს გამოუშვებს.

პირველი იქნება მოდელ ”აქცენტის” ამერიკული ვარიანტი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც (RB) ”ჰიუნდაიმ” ახლახანს, მოსკოვის საავტომობილო შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი კომპანიის შოურუმებში მერმის, ზაფხულში გამოჩნდება.

”აქცენტის” ამერიკული ვერსიისთვის სულ ორი ძრავი იქნება გათვალისწინებული. ერთია 1.4-ლიტრიანი, რომელიც 109 ცხენის ძალას იძლევა, მეორეს მუშა მოცულობა კი 1.6 ლიტრია და ის 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორივესთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

მეორე ავტომობილი სპორტულია - ხელმისაწვდომი კუპე ”ველოსტერი”. მას წამყვანი წინა ბორბლები ექნება, პირველად მისი სერიული ვერსია კი დეტროიტის საავტომობილო შოუზე დაგვენახება. ამ ავტომობილისთვის ერთი, 1.6-ლიტრიანი ძრავია გათვალისწინებული, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 140 ცხენის ძალას აღწევს. კუპე ”ველოსტერის” გაყიდვები მერმისს, წლის ბოლოს დაიწყება.

დანოლოს, მესამე ახალი ავტომობილი განახლებული ”ელანტრა” იქნება, რომლის პრემიერაც ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩატარდება. ამ ავტომობილის გაყიდვები წელსვე უნდა დაიწყოს. ის კომფორტის უჩვეულოდ ბევრი საშუალებით იქნება გამდიდრებული. რაც მთავარია, მის კაპოტქვეშ მოთავსდება კორეული კომპანიის სერია ”თეტა II-ის” ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც, როგორც მწარმოებელი ამბობს, გაუმჯობესებული ეკონომიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა.