Sunday, April 18, 2010

ინდოეთში ელექტრონული ”შევროლე სპარკი” გაიყიდება

Electric Indian Spark on Track

18 აპრილი

”ჯენერალ მოტორსმა” და ინდურმა კომპანია ”რევა ელექტრიკ კომპანიმ” ერთობლივად შეიმუშავეს ”შევროლე სპარკის” ელექტრონული ვარიანტი, რომლის დებიუტიც ამ წლის მიწურულსაა მოსალოდნელი.

ინტერნეტ გვერდი ”ჯასტ-აუტო” გვატყობინებს, რომ ელექტრონული მოდელი, რომლის სახელიც ”e-სპარკია”, ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში უნდა გამოჩნდეს. ”რევას” აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელი ჩეტან მაინი ამბობს, რომ ელექტრონული ”სპარკის” წარმოების წლიური მოცულობა 5 000 ცალი იქნება.

”ჩვენი პროექტი გრაფიკის შესაბამისად ვითარდება და იმედი გვაქვს, რომ ელექტრონული ”სპარკის” პირველი პილოტური ვერსიები მზად ამ წლის მიწურულს გვექნება. ინდოეთის ბაზარზე კი მის გაყიდვებს ალბათ მომავალი წლის დასაწყისში შევუდგებით”, - ამბობს მაინი.

”e-სპარკის” ბაზისად გამოყენებულია ”შევროპე სპარკის” პლატფორმა, რომელსაც მბიძგველ ძალას, შიდაწვის ძრავის ნაცვლად, ელექტროძრავი ანიჭებს. ავტომობილი ოთხკარიანია და მას ოთხი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

მართალია, ამ ეტაპზე ავტომობილის დაწვრილებითი ტექნიკური მახასიათებლები არ ქვეყნდება, მაგრამ მაინი ამბობს, რომ სვლის სიშორის გასაზრდელად, ”e-სპარკში” ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, შიდაწვის ძრავიც გამოიყენება. კერძოდ, ელექტრომოტორის გარდა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია 0.995-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით, რომელთანაც გენერატორია დაკავშირებული.

ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი არაა, თუმცა ის მაინც 15 000 დოლარი ეღირება. ეს იქნება ინდურ ბაზარზე პირველი ელექტრომობილი. მოგვიანებით, ორი ელექტრომობილის წარმოებას ”რევა” დამოუკიდებლადაც დაიწყებს.