Thursday, April 22, 2010

გინესის რეკორდსმენი ”დაიჰაცუ”

Daihatsu Mira EV

22 აპრილი

ელექტრომობილმა ”მირა EV-მ”, რომელიც ელექტრომობილების იაპონური კლუბის (JEVC - ჯაპან ელექტრო ვიჰაიქლ კლაბ) წევრებმა ”დაიჰაცუ მირას” ბაზაზე დაამზადეს, სვლის სიშორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მიღწევა ასევე ოფიციალურად დააფიქსირა გინესის რეკორდების წიგნმა.

ავტომობილმა, რომელიც კომპანია ”სანიოს” წარმოების აკუმულატორებითაა აღჭურვილი, სვლის სიშორის რეკორდი ჯერ კიდევ ნოემბერში დაამყარა, როდესაც აკუმულატორების ერთი დამუხტვით, 555.6 კილომეტრი გაიარა. მაგრამ მაშინ მიღწევა ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, რადგან გარბენს დამკვირვებლები არ დასწრებიან.

”მირა EV” მოძრაობაში 14-კილოვატიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელიც ენერგიას ”სანიოს” წარმოების 8 320 ცალი ლითიუმ-იონური აკუმულატორისგან ღებულობს. ისინი ავტომობილის ძირზეა განლაგებული. სვლის სიშორის გასაზრდელად, ავტომობილი მაქსიმალურად შეამსუბუქეს და ”ტოიოტას” წარმოების საბურავებით აღჭურვეს, რომელსაც რხევისადმი შემცირებული წინააღმდეგობა აქვს. ავტომობილის შესამსუბუქებლად, მისი უკანა შუშა პლექსიგლასით შეცვალეს და სალონიდან უკანა სავარძლები ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებისთვის პირველი მსოფლიო რეკორდი ჯერ კიდევ 1899 წელს დაფიქსირდა, როდესაც ელექტროძრავით აღჭურვილმა მანქანამ 106 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 100 წლის შემდეგ მორიგი რეკორდი დამყარდა - ამერიკულმა ”უაით ლაითნინგმა” 394 კმ/სთ სიჩქარე აკრიფა. 2007 წელს კი, ჩვეულებრივი ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილის სიჩქარემ 120 კმ/სთ-ს მიაღწია.

”ფორდ სტარტი” – ”ფიატ 500-ს” ახალი მეტოქე გამოუჩნდა

Ford Start Concept

22 აპრილი

პეკინის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე, ”ფორდმა” კონცეპტუალური ავტომობილი ”სტარტი” წარმოადგინა. როგორც კომპანიის რელიზში სწერია, ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ მასთან ერთად, ”ფორდს” ტავისი ახალი ძრავი, სერია ”ეკობუსტის” 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი წარმოედგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელიწადში, ეს ”ფორდის” მიერ შექმნილი პირველი კონცეპტუალური მოდელია. ამასთან, ამერიკულმა კომპანიამ თავისი კონცეპტუალური ნამუშევარი ჩინეთში პირველად გამოფინა. როგორც დირბორნელთა მთავარი დიზაინერი ჯეი მეისი ამბობს, ამ კონცეპციაზე მუშაობისას, ”ფორდის” სტრატეგიული კონცეპციების სტუდიის (რომელიც შტატ კალიფორნიის ქალაქ ირვინში მდებარეობს) სპეციალისტების მიზანი არ ყოფილა აეროდინამიკურად დახვეწილი ავტომობილის შექმნა. ”სტარტის” მთავარი დანიშნულება, თავისი გარეგნობით შოუს დამთვალიერებელთა ყურადღების მიქცევაა. სტენდთან მისული დამთვალიერებელი კი ამ კონცეპციის მთავარი დეტალის - 1.0-ლიტრიანი ძრავის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნობა.
ამ აგრეგატის ტექნიკური მონაცემები ჯერ არ ქვეყნდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შეუწყვილდება. აგრეგატი წარმოებისთვის თითქმის მზადაა. ამასთან, მას ისეთივე მონაცემები უნდა ჰქონდეს, როგორიც 1.6-ლიტრიან ოთხცილინდრიან აგრეგატებს აქვს. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი აგრეგატის სიმძლავრე 89-108 ცხენის ძალა იქნება. რაც მთავარია, მის მიერ გამობოლქვილ აირში, ნახშირორჟანგის შემცველობა კილომეტრზე 100 გრამიც არ იქნება.

კონცეპტუალური ავტომობილი ფოლადისა და ალუმინისგან შეკრულ შასიზეა აგებული. ”სტარტის” ძარა გადამუშავებადი კომპოზიტისგანაა დამზადებული, რომელიც ფორმირების წინ იღებება. ამ მასალების გამოყენებით, ”ფორდის” ინჟინრებმა ავტომობილის წონის შემცირებას მიაღწიეს, რაც საბოლოო ჯამში, მის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაზე დადებითად აისახება.

”ფორდი” აცხადებს, რომ ”სტარტის” წარმოება არ იგეგმება. თუმცა, პრესაში უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ ”სტარტის” სახით, ”ფორდმა” თავის პოპულარულ საქალაქო მოდელ ”კა-ს” ახალი ვერსია გვიჩვენა. სავარაუდოდ, თუ ბაზარზე გამოსვლა ეღირსა, ის კონკურენციას ”ფიატ 500-ს” გაუწევს.

”ბენტლიმ” ჩინელებისთვის სპეციალური მოდელები შექმნა

Two Bentley Continental Exclusively for China

22 აპრილი

ბრიტანულმა კომპანია ”ბენტლიმ”, ჩინური ბაზრისთვის სპეციალურად მოამზადა თავისი ორი მოდელის - ”კონტინენტალ GT-ს” და ”კონტინენტალ ფლაინგ სპურ სპიდის” მოდიფიკაციები, რომლებიც მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გაიყიდება. ორივე ავტომობილის პრემიერა ”ბენტლიმ” პეკინის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენას დაამთხვია.
კომპანიის მიერ გამოფენისთვის მომზადებულ რელიზში წერია, რომ ჩინეთის ბაზარი ”ბენტლისთვის” მესამე უმსხვილესია - შარშან იქ ამ კომპანიამ 421 ავტომობილის რეალიზება შეძლო. სწორედ ამის გამო გადაწყდა, რომ კომპანიის ორი ყველაზე პოპულარული ავტომობილის მოდიფიცირება ჩინური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულიყო.

ორივე ავტომობილი უმნიშვნელოდაა შეცვლილი და თანაც, ორივე შემთხვევაში, ცვლილება მხოლოდ კოსმეტიკურია. ამასთან, ორივე ავტომობილი ისევ იმ აგრეგატებითაა აღჭურვილი, რომლებითაც მათი საბაზო ვერსიები. ძრავი 6.0-ლიტრიანია, V12 კონფიგურაციით. ”კონტინენტალ GT-ს” შემთხვევაში, მისი სიმძლავრე 560 ცხენის ძალაა, ”კონტინენტალ ფლაინგ სპურ სპიდის” შემთხვევაში კი - 610 ცხენის ძალა. ორივე ავტომობილზე, ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

რაც შეეხება გარეგნულ ცვლილებებს, ”კონტინენტალ GT-ს” სახელწოდებაში დაემატება ”დიზაინ სერის ჩაინა”. ამ ავტომობილის სალონი ორი ფერის ტყავით და შავი, ”როიალ” ფერის ლაკით შეღებილი ხის დეტალებითაა გაწყობილი. სალონში, ცენტრალურ კონსოლზე, წინა ფრთებსა და ზღურბლებზე გამოჩნდება წარწერა ”დიზაინ სერის ჩაინა”.

უფრო მეტი ცვლილებაა ”კონტინენტალ ფლაინგ სპურ სპიდის” შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების გარდა, ეს ავტომობილი ასევე მიიღებს უფრო კომფორტულ საკიდარს და 20-დუიმიან ბორბლებს. შეცვლილია გამოსაბოლქვი სისტემა, რისი მიზანიც, ავტომობილის ხმაურის შემცირება იყო.

”ფიატი” რეორგანიზაციას იწყებს

Fiat Separates its Auto Operations from Truck and Tractor Divisions

22 აპრილი

მარცხნიდან: მარკიონე, დი მონტეძემოლო და ელკანი

.................................................................

”ფიატ S.p.A.-ს” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ გამოაქვეყნა იტალიური კომპანიის ხუთწლიანი სამოქმედო ფეფმა, რომლის მიხედვითაც, მისი საავტომობილო შტო სატვირთო ავტომობილებისა (ივეკო) და ტრაქტორების მწარმოებელ (ქეის ნიუ ჰოლანდი) შტოებს დაშორდება. ამ ორის საფუძველზე კი სრულიად ახალი კომპანია, სახელად ”ფიატ ინდასტრიალ S.p.A.”.

მარკიონემ ასევე გამოაცხადა, რომ ავტომობილების მწარმოებელი ბრენდები, როგორებიცაა ”ფიატი”, ”ალფა რომეო”, ”ლანჩა”, ”ფერარი” და ”მაზერატი”, ჰოლდინგ ”ფიატ S.p.A.-ს” შემადგენლობაში დარჩებიან. ამავე ჰოლდინგში დარჩება ძრავებისა და ტრანსმისიების მწარმოებელი შტო ”ფიატ პაუერტრაინ ტექნოლოჯიზი”.

მარკიონე დასძენს, რომ ზემოთ აღნიშნული კომპანიების დაშორების პროცესი ამ წლის ბოლომდე დასრულდება. მისი აზრით, ჰოლდინგში საავტომობილო ჯგუფის დატოვება ხელს შეუწყობს ”ფიატის” და ”კრაისლერის” ჯგუფის სწრაფ და მყარ ინტეგრაციას. პარალელურად, ტურინელები ამერიკულ კომპანიაში თავის წილს, მალე 20-დან 35 პროცენტამდე გაზრდიან.

”ფიატის” ხუთწლიანი გეგმის ძირითადი გეგმა ითვალისწინებს, რომ ”ფიატის” ჯგუფში შემავალმა საავტომობილო კომპანიებმა და ”კრაიელსრის” კომპანიებმა (კრაისლერი, დოჯი, ჯიპი) ერთად განახორციელონ შესყიდვები, საინჟინრო სამუშაოები, ერთმანეთს მაკომპლექტებლები გაუზიარონ და განვითარების ერთობლივი გეგმები დასახონ.

”ჩვენი გეგმა ითვალისწინებს, რომ 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში, ჩვენი კომპანია, ”კრაისლერთან” ერთად, რეალურად გახდეს გლობალური ბაზრის მოთამაშე. ”კრაისლერის” გარეშე, ”ფიატი” მთელი არსებობის განმავლობაში, დიდი ბაზრიდან გარიყული კომპანიის როლში ყოფნისთვის იქნებოდა განწირული”, - ”ფაინენშლ ტაიმსთან” საუბრისას განაცხადა მარკიონემ.

ორი კომპანიის შეფი დასძენს, რომ ”ფიატი” და ”კრაისლერი” ერთმანეთს ზოგიერთ მოდელს გაუცვლიან, შემდგომში კი, ახალ მოდელებს ერთობლივად შეიმუშავებენ. იტალიური კომპანია, ამერიკელი პარტნიორისგან უგზოობის მოდელებისა და მინივენების წარმოების გამოცდილებას გაიზიარებს, თავად კი მას კი მინი, სუბკომპაქტურ და კომპაქტურ პლატფორმებს შესთავაზებს. ამგვარად, ორივე კომპანიას, მათთვის ახალ სეგმენტებში შეღწევის რეალური საშუალება მიეცემა.

ამგვარი პარტნიორობა ყველაზე ინტენსიურად ”ლანჩასა” და ”კრაისლერს” შორის განხორციელდება. კერძოდ, იტალიური მარკის მართვას ”კრაისლერი” განახორციელებს. უფრო მეტიც, ”ლანჩას” უკლებლივ ყველა მოდელის შემუშავებაში, ”კრაისლერის” სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მათ ამერიკული კომპანია თავისი მარკითაც გამოუშვებს.

იმავდროულად, გამოცხადდა, რომ ”ფიატის” ჯგუფის აღმასრულებლის პოსტს დატოვებს ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო, ვინც ტურინული კონცერნის დირექტორთა საბჭოში დარჩება და პარალელურად, ”ფერარის” აღმასრულებელიც იქნება.

”ლუკა კორდერო დი მონტეძემოლომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის იმ გარემოებით ახსნა, რომ შესრულებულია ყველა ის მიზანი, რომლებსაც მას აკისრებდნენ, როდესაც ამ თანამდებობაზე 2004 წელს დანიშნეს”, - ნათქვამია ”ფიატის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში. ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, ინტერნეტით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, მონტეძემოლო არ ეთანხმება იმ ხუთწლიან გეგმას, რომელიც მარკიონემ შეიმუშავა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. სხვა ვერსიით, ის პოლიტიკაში წასვლას აპირებს.

მონტეძემოლოს ადგილს დაიკავებს ”ფიატის” ვიცე აღმასრულებელი ჯონ ელკანი, ვინც ტურინული კონცერნის ყოფილი აღმასრულებლის, ჯოვანი ანიელის შვილიშვილია. სიკვდიამდე ცოტა ხნით ადრე, ანიელის ნათქვამი აქვს, რომ ჯონი მომავალში ”ფიატის” აღმასრულებელი უნდა გახდეს. სხვათა შორის, ელკანი ანიელის ოჯახის მფლობელობაში არსებულ კომპანია ”ექსორ S.p.A.-ს” აღმასრულებელია, კომპანიისა, რომელიც ”ფიატის” აქციების 30 პროცენტს აკონტროლებს და მისი უმსხვილესი აქციონერია. თავის დროზე, სწორედ ელკანის დამსახურება იყო ის, რომ ადვოკატი მარკიონე ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი გახდა.