Friday, November 5, 2010

„ლამბორგინი ჯოტა“ პრემიერისთვის ემზადება

Lamborghini Jota Specs Leaked

5 ნოემბერი

პარიზის საავტომობილო შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, „ლამბორგინიმ“ იმ ავტომობილის ფოტო ტიზერების გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც საზოგადოებას პირველად სწორედ პარიზში უნდა ენახა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ავტომობილი „მურსიელაგოს“ შემცვლელი „ჯოტა“ (ახალ ავტომობილს ჯერჯერობით სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ) იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოფენაზე არანაკლებ საინტერესო ექსპონატი, კონცეპტუალური „სესტო ელემენტო“ (მეექვსე ელემენტი) ვიხილეთ. ავტომობილი, რომლის შესაქმნელადაც იტალიურმა კომპანიამ არაერთი უახლესი ტექნოლოგია შექმნა და გამოიყენა. თუმცა ეს „ჯოტა“ მაინც არ იყო.

გავიდა ცოტა ხანი და „ჯოტაზე“ მედია ისევ ალაპარაკდა. ამჯერად ინტერნეტით ამ ავტომობილის ის ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ის შენიღბულ ფორმაში, ტესტირების დროსაა (ფოტოებზე) ასახული. ახლახანს კი, ინტერნეტითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის წყაროც ის ინკოგნიტო პირია, რომელიც ირწმუნება, რომ სინგაპურში „ჯოტას“ წინასაპრემიერო პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც ახალი ავტომობილის ტექნიკური ინფორმაცია გამჟღავნდა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი „გამძვინვარებული ხარი“ (ლამბორგინის ემბლემა) 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი რომელიც მინიმუმ 700 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, ძრავის ბრუნთა რიცხვების მაქსიმალური მაჩვენებელი 8 250 ბრუნია წუთში. ძრავთან ერთდსკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული, რომელშიც საფეხურების შეცვლა 50 მილიწამში ხორციელდება.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილზე „ლამბო“ იმ ტექნოლოგიების უმეტესობასაც გამოიყენებს, რომლებითაც „სესტო ელემენტო“ შექმნა. მათ შორის მთავარი კი კარბონის კომპოზიტის ფორმირებაა, რაც ამ შესანიშნავი მასალის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. კერძოდ, კარბონისგანაა დამზადებული მონოკოკური შასი, რისი წყალობითაც, ის „მურსიელაგოს“ შასიზე 229 კილოგრამით მსუბუქი და დაახლოებით 70 პროცენტით მტკიცეა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ავტომობილს ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა „ჯოტას“ 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

სავარაუდოდ, ამ ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment