Friday, September 4, 2009

”ფოლკსვაგენი” ”პანამერას” პლატფორმას სხვა ბრენდებისთვის გამოიყენებს

VW Panamera Platform

4 სექტემბერი

რამდენიმე დღის წინ ჩვენს მკითხველს ვაცნობეთ, რომ ”ფოლკსვაგენს” ”პორშეს” ორი არასპორტული მოდელის - სედან ”პანამერას” და უგზოობის ”კაიენის” წარმოების შეწყვეტა აქვს განზრახული. დღეს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვოლფსბურგული გიგანტი, ”პანამერას” პლატფორმის თავის ჯგუფში შემავალი ზოგიერთი ბრენდის მოდელებისთვის გამოყენებას აპირებს.

ინტერნეტ გამოცემა ”ინსაიდ ლაინმა” შეიტყო, რომ ერთადერთი ბრენდი, რომლისთვისაც ვოლფსბურგელები ”პანამერას” პლატფორმას არ გამოიყენებენ, ”ლამბორგინია”. არადა, ”პორშესა” და ”ფოლკსვაგენის” გაერთიანების გამოცხადების შემდეგ, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ იტალიური კომპანია თავისი ოთხკარიან სედან ”ესტოკეს” სწორედ ”პანამერას” პლატფორმაზე ააგებდა.

სავარაუდოდ, ”პანამერას” პლატფორმის სრულამძრავიან და უკანა წამყვანბორბლიან ვერსიებს, თავიანთი ახალი ავტომობილების ბაზისად ”ბენტლი”, ”ბუგატი” და ალბათ, ”აუდიც” გამოიყენებენ.

”პანამერას” წარმოებას ”პორშე” ალბათ 2017 წელს შეწყვეტს. მანმდ კი შტუტგარტული კომპანია თავისი სედანისთვის სრულიად ახალ, ბენზინზე მომუშავე V6 ძრავს გამოუშვებს, რომელიც აგებულებით, არსებული V8 ძრავის შემცირებული ვარიანტი იქნება. სავარაუდოდ, ”პორშე” უარს იტყვის ”პანამერას” დიზელის ძრავით აღჭურვაზე, რადგან კონკურენტი გერმანული კომპანიების მაგალითმა აჩვენა, რომ პრემიუმ სეგმენტში ასეთი აგრეგატების მქონე ავტომობილები პოპულარობით ვერ სარგებლობენ. სამაგიეროდ, შტუტჰარტული კომპანია თავისი სედანის ჰიბრიდულ ვერსიას ამზადებს, რომელსაც მყიდველს 2011 წელს შესთავაზებენ.

”ფორდის” ახალი ”C-მაქსი”

Ford C-MAX

4 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ ”ფორდის” კომპაქტვენ ”C-მაქსს” ევროპული ბაზარი მერმის, პარიზის ავტო შოუსთვის ელოდა, ამერიკული კომპანიის ევროპულმა შტომ ამ პოპულარული ავტომობილის ახალი მოდელის პრეზენტაცია ფრანკფურტის მოტორ შოუსზე დაგეგმა.

ახალი ”C-მაქსი” ჟენევაში ნაჩვენები კონცეპტუალური ”იოსის მაქსის” სტილშია შესრულებული. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმ გარემოება იმსახურებს, რომ ავტომობილი კუპეს სტილშია შესრულებული, თუმცა იმავდროულად, ის კვლავ კომფორტულ, ძალიან პრაქტიკულ და ვრცელსალონიან ავტომობილად დარჩა.

”ცისფერმა ოვალმა” ახალ ”C-მაქსზე” რამდენიმე სრულიად ახალი ტექნოლოგია გამოიყენა. მათ შორისაა სერია ”ეკობუსტის” მიხედვით შექმნილი ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომელსაც საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება და ის პირველად ამერიკულმა კომპანიამ კონცეპტუალურ ”იოსის მაქსზე” გამოიყენა. ახალი ტექნოლოგიებია პარალელურად პარკირების სისტემა, რომელიც ნახევრად ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და ეგრეთ წოდებული ”ბრმა ზონების” აღმომჩენი სისტემა.

ახალი ”C-მაქსი” ბაზარზე მერმის, წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. მის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას კი კომპანია ფრანკფურტში გამოაქვეყნებს.

”ჰიუნდაის” ფრანკფურტული ექსპონატები

Hyundai ix-Metro Concept

4 სექტემბერი

სრულიად ელექტრული i10

”ჰიუნდაი ix-მეტრო”

...........................................................................

კორეული ავტოგიგანტი ”ჰიუნდაი” ფრანკფურტის ავტო შოუსთვის რამდენიმე სიახლეს ამზადებს. ესენია მინი ელექტრომობილი i10, კონცეპტუალური ”ix-მეტრო”, წარმოებისთვის გამზადებული უგზოობის ix35, რომელმაც პოპულარული ”ტუსანი” უნდა შეცვალოს, თხევად გაზზე მომუშავე ”ელანტრას” ჰიბრიდი და უგზოობის განახლებული ”სანტა ფე”.

”ix-მეტრო” ბაზარზე ორი წლის შემდეგ უნდა გამოვიდეს. სავარაუდოდ, ის სუბკომპაქტური კლასის უახლეს ქროსოვერს დაუდებს სათავეს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მისი სახით ფრანკფურტული ავტო რანდევუს დამთვალიერებლებმა შემდეგი თაობის i20 იხილონ.

”ix-მეტრო” სამხრეთ კორეული კომპანიის გლობალური დიზაინის ჯგუფმა შექმნა, რომელიც ქალაქ ნამიანში ბაზირებულ ცენტრშია ბაზირებული. ავტომობილი ჰიბრიდების კლასს განეკუთვნება. ჰიბრიდული სისტემის ძირითადი აგრეგატი ბენზინზე მომუშავე, სამცილინდრიანი ტურბოძრავია, რომლის მუშა მოცულობაც 1.0 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე კი 125 ცხენის ძალაა. ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია 6-საფეხურიანი კოლოფი. სისტემა სტარტ-სტოპის მეშვეობით, ძრავი ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 80 გ. CO2-ს გამოჰყოფს.

კომპანიის მეორე კონცეპტუალური ავტომობილი სრულიად ელექტრული i10-ია, რომლის გაყიდვასაც ”ჰიუნდაი” ალბათ მერმის დაიწყებს. ეს პატარა ავტომობილი საკმაოდ მძლავრი, 49-კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 16 კილოვატსაათიანი აკუმულატორისგან იკვებება.

i10-ის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ, სვლის სიშორე კი 160 კილომეტრი უნდა იყოს. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მისი ზოგიერთი კვანძი ელექტრონიკით იმართება. ასეთებია საჭის მექანიზმი, წყლის ტუმბო, მუხრუჭების ვაკუუმის ტუმბო და ჰაერის კონდიცირების სისტემა.

ჩამოთვლილი ავტომობილების გარდა, ”ჰიუნდაისვე” სტენდზე შესაძლებელი იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის გარემოსადმი მეგობრული ვერსია ”ბლიუ ედიშნ”, რომელიც ასევე სისტემა სტარტ-სტოპითაა აღჭურვილი და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 113 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ავტომობილი იდიოტებისთვის...

Car for Idiots..

4 სექტემბერი

ასე, საკმაოდ უკმეხად შეამკო ”ჯენერალ მოტორსის” ფართოდ რეკლამირებული ელექტრული ჰიბრიდი ”შევროლე ვოლტი” ”აუდის” ამერიკული შტოს პრეზიდენტმა იოჰან დე ნაისხენმა.

”რომელი ჭკუათამყოფელი გადაიხდის 15 000 დოლარით მეტს ავტომობილში, რომელიც ”კოროლას” უწევს კონკურენციას. მგონი, ასეთი იდიოტი ბევრი არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ასეთ ავტომობილებს ის ადამიანები იყიდიან, რომლებიც საკუთარ თავს ინტელექტუალურ ელიტას მიაკუთვნებენ”, - ამბობს დე ნაისხენი.

გერმანული კომპანიის ამერიკული დივიზიონის შეფი გამოთქვამს სურვილს, რომ აშშ-ის მთავრობამ ნაკლები ყურადღება დაუთმოს ელექტრომობილებს და ნაკლები ფულადი სახსრები მოახმაროს ასეთი ავტომოილების განვითარებას. სამაგიეროდ, მისი რჩევაა, ამერიკელებმა აქცენტი სუპერეკონომიურ დიზელის აგრეგატებზე გადაიტანონ. დე ნაისხენის ქმით, დიზელისძრავიანი ავტომობილი ელექტრომობილზე მძლავრი, გამძლე და მოსახერხებელია და მისი აზრით, გარემოზე უკეთესი ზემოქმედება ექნება. ”აუდი ამერიკას” შეფის ასეთი განწყობა გასაგებია - გერმანული კომპანია დიზელის ძრავების ექსპერტად ითვლება და ამ კუთხით, მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობს. ბუნეზებრივია, ”აუდი” ამ ტექნლოგიების პროპაგანდას ეწევა.

”შევროლე ვოლტს” მხოლოდ დე ნაისხენი როდი აკრიტიკებს. თავად ”ჯენერალ მოტორსში” ამ ავტომობილს ხშირად, ფასის მხრივ, ”კომერციულად გაუმართლებელს” უწოდებენ. ბევრი ამბობს, რომ ეს ავტომობილი, ”ჯენერალ მოტორსისა” და ”შევროლესთვის” მეტად რისკიანი პროექტია, რომელიც ჩაფლავების შემთხვევაში, კომპანიას უზარმაზარ ზარალს მოუტანს.

ამერიკული კომპანიის ვიცე აღმასრულებელი ბობ ლუცი კი ამბობს, რომ 15 000-დოლარიან სხვაობას, მყიდველს ავტომობილის არნახული ეკონომიურობა გადაახდევინებს - მწარმოებლის დაპირებით, შერეული ციკლით (აკუმულატორებში დაგროვილი და შიდაწვის ძრავთან დაკავშირებული გენერატორის მიერ გამომუშავებული ენერგიით) მუშაობისას, ”შევროლე ვოლტი” 100 კილომეტრის გავლას 1 ლიტრი საწვავით შესძლებს.

იოჰან დე ნაისხენის სკეპტიციზმის მიუხედავად, ”შევროლე ვოლტის” შეძენა ბევრ ”იდიოტს” აქვს გადაწყვეტილი. ასე განსაჯეთ, ამერიკელებს ამ ავტომობილის ყიდვას თვით ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ურჩევს...