Sunday, September 5, 2010

”ნორსტერ 600R” - კვადროციკლი სპორტქარის თვისებებით

Norster 600R, the Heavy Quadricycle Small Sports Car

5 სექტემბერი

იყო დრო, როცა პატარა და ხელმისწვდომი ინგლისური სპორტული ავტომობილი, სახელად ”ოსტინ-ჰილი სპრაიტი” ბევრ ძვირადღირებულ კუპეს დინამიკური მახასიათებლების მხრივ, ტოლს არაფერში უდებდა. ამ მანქანას დახვეწილი გარეგნობა არ გამოარჩევდა, თუმცა გზებზე ყურადღებას მაინც იქცევდა. და, რა თქმა უნდა, ფანებიც ბლომად ჰყავდა.
მაგრამ გავიდა ათწლეულები და თავგამოდებული კოლექციონერების გარდა, ეს ავტომობილი არავის გახსენებია. თუმცა, ამ ნაკლის გამოსწორებას ფინური კომპანია ”ნორსტერი” ცდილობს, რომლის ინჟინრებმაც კვადროციკლის ტიპის შასიზე, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს განლაგებული, ნამდვილი სპორტული კუპე შექმნეს, სახელად ”ნორსტერ 600R”. თუნდაც, ჯუჯა ზომებით, მაგრამ ეს არის სპორტული ავტომობილი, რომელსაც მძღოლისთვის დიდი სიამოვნების მინიჭება შეუძლია.
”ნორსტერ 600R” ფინეთში შეიმუშავეს, მაგრამ მას ჩინეთში უშვებენ. ეს კი იმისათვის კეთდება, რომ ”ოსტინ-ჰილის” ტრადიცია გაგრძელდეს და ორადგილიანი ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს. დაკიდევ, ამ ავტყომობილის მართვა მძღოლის სტანდარტული ლიცენზიითაც შესაძლებელია.
ევროკავშირის ფარგლებში, ”ნორსტერ 600R” დარეგისტრირებულია, როგორც კვადროციკლი, თუმცა მისი მართვა ზუსტად ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილისა - საჭის რგოლით. ავტომობილის მზიდი ტანი ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩაჩოს წარმოადგენს, რომელზეც შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარაა დამაგრებული. კარებები ”ლამბორგინის” სტილში, ქვევიდან ზევით და უკნიდან წინ იხსნება.

ინტერნეტ გამოცემა ”ავტობლოგის” ინფორმაციით, ”ნორსტერ 600R” ჩინურ კომპანია ”ჩერის” მოდელ ”აცტეკოს” 580-კუბურსანტიმეტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავის მუხლა ლილვის 5 500 ბრ/წთ-ზე მაქსიმუმ 34 ცხენის ძალას იძლევა. ძრავს ორი ცილინდრი და ამდენივე გამანაწილებელი ლილვი აქვს, მის ყოველ ცილინდრს კი ოთხი სარქველი ემსახურება. ძრავთან 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. მათი წყალობით, ”ნორსტერ 600R” გამონაბოლქვზე ევრო-4 ნორმას აკმაყოფილებს.

”ნორსტერ 600R” სულ რაღაც 520 კილოგრამს იწონის, სუსტი ძრავი კი საკმარისია იმისათვის, რომ მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ იყოს. მეტს ეს ძრავი ვერ ერევა. სამაგიეროდ, 100 კილომეტრის გასავლელად ის მხოლოდ 5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

საიუბილეოდ, ”იაგუარი” სტილს შეიცვლის

Jaguar concept to reveal future sports-car styling

5 სექტემბერი

რა თქმა უნდა, სტილის შეცვლა ერთ დღეში შეუძლებელია. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ინგლისური კომპანია, რომელსაც წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა, პარიზის ავტო შოუზე წარადგენს კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელმაც მისი ახალი კორპორატიული სტილი უნდა განსაზღვროს.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტო უიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის სახელიც ჯერ უცნობია, დაახლოებით კუპე XK-ს ზომის, ორკარიანი იქნება. ამასთან, მისი დანახვისას, ეჭვიც არავის შეეპარება იმაში, რომ ეს ლეგენდარული ”იაგუარების” შთამომავალია. ამის დასტური იქნება თუნდაც ის, რომ ავტომობილს რადიატორის ოვალური ბადე ქნება, რაც ლეგენდარულ მოდელ E-ტაიპისთვის იყო დამახასიათებელი.

”აუტო უიკის” ცნობით, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნისას, ”იაგუარის” ინჟინრებმა და დიზაინერებმა შთაგონება ”პორშეს” კონცეპტუალური 918-სგან მიიღეს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ჟენევის წლევანდელ შოუზე წარადგინა და არამარტო დამთვალიერებლების, არამედ სპეციალისტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რამაც ”პორშეს” მისი წარმოება გადააწყვეტინა.

მოკლედ, ახალი კონცეპციით, ”იაგუარი” საფუძველს ახალ კორპორატიულ სტილს ჩაუყრის, რომელსაც პირველად სერიულ ავტომობილზე 2012 წელს ვიხილავთ მოდელ XK-ს სახით. ამგვარად, დასრულდეა ინგლისური კომპანიის სტილის ის ციკლი, რომელიც ხუთი წლის წინათ, პირველად სწორედ XK-ზე ვიხილეთ.

სხვათა შორის, წინა სტილი, ისევე როგორც ახალი, ”იაგუარის” დიზაინის განყოფილების დირექტორ იან ქელამის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ეს ის ქელამია, რომელიც ადრე ამბობდა, რომ რადიატორის ოვალური ბადე ვერ მიესადაგება ლუქსის კლასის დიდ ავტომობილებს, რადგან გაწელვისას, ოვალი ელეგანტურ პროპორციებს კარგავს. როგორც ჩანს, ის ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

პარიზში ”იაგუარი” იმავე კონცეპტუალურ ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატითაც აღჭურვავს. ეს აგრეგატი ბენზინის V6 ტურბო ძრავზე იქნება ბაზირებული, რომელთანც 8-საფეხურიან ავტომატურ კოლოფს დააკავშირებენ. ამ ორ აგრეგატს ”იაგუარი” შემდგომში თავის ახალ მოდელებზეც გამოიყენებს.

”შევროლე კრუზი” ჰეჩბეკის ძარით პარიზში გაგვეცნობა

Chevrolet Cruze Hatcback Debuting in Paris

5 სექტემბერი

”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ პარიზის საავტომობილო შოუზე, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ექსპონატი ”შევროლე კრუზის” ჰეჩბეკისძარიანი ვერსიის პროტოტიპი იქნება, რომლის გაყიდვებიც მერმისს უნდა დაიწყოს. ჰეჩბეკი სპეციალურად, ევროპული ბაზრისთვისაა მომზადებული, რადგან ძველ კონტინენტზე ასეთი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

”შევროლე” ახალ ავტომობილს შოუ ქარის ვერსიის სახით წარადგენს, თუმცა აშკარაა, რომ ჰეჩბეკი ”შევროლე კრუზი” წარმოებისთვის პრაქტიკულად გამზადებული ავტომობილია. წინა ნაწილით ის ძლიერ ჰგავს თავის სედანისძარიან ვარანტს, უკნიდან კი ”ოპელ ასტრასთან” მსგავსებაც შეინიშნება.

ჰეჩბეკი ”კრუზი” სედანისგან იმითაც განსხვავდება, რომ მისი სახურავის უკანა ნაწილი დახრილია, რაც ავტომობილს სპორტულ იერს ანიჭებს. ამერიკულ კომპანიას ჯერ ჰეჩბეკის ინტერიერის ფოტოები არ გაუვრცელებია, თუმცა ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ის სედანის სალონის იდენტური იქნება. სამაგიეროდ, მოკლე რელიზში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილის საბარგულის მოცულობა 400 ლიტრს აღწევს, უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სალონის გარდა, ჰეჩბეკი სედანისგან ძრავების გამასაც გაიზიარებს, რომელშიც ბენზინის ორი და ერთიც დიზელის ძრავი შედის. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.6 და 1.8 ლიტრია და ისინი შესაბამისად, 113 და 141 ცხენის ძალას იძლევიან. რაც შეეხება დიზელს, ის 2.0-ლიტრიანია და 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

”შევროლეს” ევროპული შტოს პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი უეინ ბრენონი იმედოვნებს, რომ ”კრუზის” ჰეჩბეკისძარიან ვერსიას, ევროპაში მისი კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. ”ბევრ ბაზარზე, ჰეჩბეკები ძალიან პოპულარულია. მაგალითად, ევროპაში კომპაქტურ სეგმენტში წლიურად დაახლოებით 4.8 მილიონი ავტომობილი იყიდება, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით მეოთხედს აღწევს. კომპაქტურ სეგმენტში კი დაახლოებით 65% ჰეჩბეკებზე მოდის. ამ ავტომობილის გაყიდვების დაწყებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ევროპულ ბაზარზე სერიოზული მოთამაშეები ვართ”.

ჰეჩბეკ ”კრუზის” გარდა, პარიზულ გამოფენაზე, ”შევროლეს” ექსპოზიციაში ასევე მრავალმხრივი დანიშნულების მოდელ (მინივენი, მონოკაბი) ”შევროლე ორლანდოს”, მცირედ სახეშეცვლილ უგზოობის ”შევროლე კაპტივას” და ახალი ”ავეოს” ხილვა იქნება შესაძლებელი.