Wednesday, May 4, 2011

პირველი დეტალები „პორშეს“ ახალ ფლაგმანზე

First details of Porsche's next 911-based flagship, the 961

4 მაისი

„პორშე“ თავისი ახალი ფლაგმანის შემუშავებას შეუდგა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ახალი სუპერ ავტომობილი ჰიბრიდულ კონცეპტუალურ მოდელ „918 სპაიდერის“ მოტივებზე შეიქმნება და ის რვაცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება.

ახალი ავტომობილისთვის, ცუფენჰაუზენელებს სახელად 961 აქვთ შერჩეული, რომელსაც ისინი 1986 წლიდან, თავიანთი სარბოლი ავტომობილისთვის იყენებდნენ, რომლითაც ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.

სხვათა შორის, ძველი 961 „პორშემ“ თავდაპირველად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნა, თუმცა პორტუგალიის რალის დროს მომხდარი სამი ავარიის გამო, მაშინ B ჯგუფის მანქანებით (რალის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მანქანები) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა აიკრძალა. ამიტომ, „პორშემ“ შემუშავებული ტექნოლოგია ლე მანზე საასპარეზოდ გამოიყენა.

ახალი 961, პირველ რიგში, სამოქალაქო დანიშნულებისთვის იქმნება, თუმცა მომავალში მას ალბათ სარბოლ ტრასებზეც ვიხილავთ. ჯერჯერობით უცნბია V8 ძრავის მახასიათებლები, რადგან ის შემუშავების სტადიაშია. სამაგიეროდ, არის ვარაუდი იმისა, რომ მწარმოებელი მყიდველს ოპციის სახით, ჰიბრიდულ ძალურ დანადგარსაც შესთავაზებს. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს.

სხვათა შორის, „პორშე“ ჰიბრიდული „918 სპაიდერის“ (ფოტოზე) წარმოებასაც აპირებს, ოღონდ ის შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 918 ცალი დამზადდება. მის ჰიბრიდულ სისტემაში 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი (სიმძლავრე 500 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავია (თითო ღერძზე თითო) გაერთიანებული. ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს. შიდაწვის ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს საშუალებით, სეკვენტალური კოლოფია შეწყვილებული, ელექტროძრავები კი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ, რომელსაც სითხით გაგრილების სისტემა ემსახურება.

ევროპაში ასეთი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის ფასი 645 000 ევრო იქნება, მოდელი 961 კი დაახლოებით 200 000 ევრო ეღირება.

„მაკლარენის“ სუპერქარი სარბოლოდ მზადაა

McLaren MP4-12C GT3 Unveiled

4 მაისი

ბრიტანულმა კომპანია „მაკლარენ აუტომოტივმა“ თავისი უახლესი სუპერ ავტმობილის, MP4-12C-ს ბაზაზე დამზადებული სარბოლი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია და მისი ფოტოები გაავრცელა. ეს ავტომობილი GT3 სერიის შესაბამისადაა მომზადებული და მან მომავალი სეზონიდან, ლე მანის სერიასა და GT-ს კლასის მსოფლიო ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„მაკლარენტან“ ერთად, ამ ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა ცნობილი გუნდის, „CRS რეისინგის“ სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ამ გუნდს, ლე მანისა და GT-ს სერიის რბოლებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და პროექტში მის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სარბოლი ავტომობილის შექმნაში ასევე მონაწილეობდა ბრიტანული კომპანია „რიკარდო“, რომელმაც ძრავის სრულყოფასა და ტრანსმისიის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა.

სარბოლი ავტომობილი იმავე, 3.8-ლიტრიანი V8 წყვილტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც მისი საგზაო ვერსია. ოღონდ, ძრავს 100 ცხენის ძალა მოაკლეს და ახლა ის 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.

„მაკლარენ MP4-12C GT3“ რეგულირებად სარბოლ საკიდარს ეყრდნობა, ძარა კი რბოლის სპეციფიკის შესაბამისად შემუშავებული აეროდინამიკური ეკემენტებითაა ასხმული. მათ შორისაა რეგულირებადი უკანა ფრთა და მრავალსეგმენტიანი უკანა დიფუზორი. მოდერნიზაცია ჩაუტარდა საწვავის მიწოდების სისტემას, შემშვაბ და გამომშვებ კოლექტორებს, ფაქტობრივად ახალია გაგრილების სისტემა. მანქანის შენელებას წინ ექვსცილინდრიანი მექანიზმი და მასთან შეწყვილებული 378-მილიმეტრიანი დისკო უზრუნველყოფს, უკან კი - ოთხცილინდრიანი მექანიზმი და მასთან ერთად, 355-მილიმეტრიანი დისკო უზრუნველყოფს.

„მაკლარენი“ ირწმუნება, რომ 20-ვე MP4-12C GT3, რომლების წარმოებაც მერმისს იგეგმება, უკვე შეკვეთილია. ამდენივე ავტომობილზე შეკვეთას კი მომდევნო წლებშიც მიიღებს. პირველად MP4-12C GT3 ესპანეთის ტრეკ ნავარაზე იასპარეზებს. ამას მოჰყვება გამოსვლები მანი კურსა (საფრანგეთი) და სილვერსტოუნზე (ბრიტანეთი). მანქანის საჭეს, ფორმულა „რენო 3.5-ის“ ჩემპიონი ალვარო პარენტე და სერია GP2 ეიჟას შარშანდელი მონაწილე ოლივერ ტერვი მიუჯდებიან.

„ოპელი“ კუპე „კალიბრას“ გამოშვებას განაახლებს

Opel Calibra

4 მაისი

ოპელ ფლექსტრიმ GTE
..............................

„ოპელის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გერმანული კომპანია მალე ისევ გამოუშვებს ერთ დროს პოპულარულ კუპე „კალიბრას“. ეს ინფორმაცია ინტერნეტ ბლოგერებმა გაავრცელეს, რომლებსაც ხელში „ოპელის“ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩაუვარდათ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი „კალიბრა“ მოდელ „ინსიგნიას“ პლატფორმას დაეყრდნობა და მისსავე აგრეგატებით აღიჭურვება. კუპეს გარეგნობა კი ორი კონცეპტუალური ავტომობილის - GTC-ს და „ფლექსტრიმ GT-ს“ დიზაინის ერთგვარი კომბინაცია იქნება. სხვათა შორის, ტავის დროზე, GTC-ს დიზაინის ელემენტები „ოპელმა“ „ინსიგნიაზეც“ გამოიყენა.

ოპელ GTC

..............................

რამდენადაც „ინსიგნიას“ პლატფორმაზე აიგება, ახალ „კალიბრას“ წინა წამყვანი ბორბლები ექნება. ამასთან, მისი ტოპ ვერსია სრულამძრავიანი ტრანსმისიით (ინსიგნია OPC-სგან) აღიჭურვება. ტოპ ვერსია 2.8-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 325 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ აგრეგატსაც მას „ინსიგნია OPC“ გაუზიარებს.

მოსალოდნელია, რომ ახალი „კალიბრა“ ზოგიერთი იმ აეროდინამიკური ელემენტით აღიჭურვოს, რომლებიც რიუსელსჰაიმელებმა შარშანდელ კონცეპტუალურ „ფლექსტრიმზე“ გამოიყენეს. ეს ავტომობილიც, გაბარიტებით ახლოსაა „ინსიგნიასთან“ და ის „ოპელის“ მოძრავ ლაბორატორიას წარმოადგენს.

მისი მზიდი ნაწილი ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული, ძარა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან, შუშები კი პოლიკარბონატისგან. ამის წყალობით, „ფლექსტრიმი“ სედან „ინსიგნიაზე“ დაახლოებით 40 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა. გარდა ამისა, ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომელთა წყალობითაც, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.22-ია. დაკიდევ, „ფლექსტრიმი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, დაახლოებით ისეთით, როგორსაც „ოპელი“ სერიულ „ამპერაზე“ იყენებს.

ახალ „კალიბრას“ „ოპელი“ თავის რიუსელსჰაიმის ქარხანაში გამოუშვებს. წლიურად სულ რაღაც 14 000 კუპე დამზადდება. ცნობისათვის, პირველი „კალიბრა“ ბაზარზე რვა წლის განმავლობაში დარჩა და ამ დროში, 240 000 ცალი გაიყიდა. სავარაუდოდ, ახალი „კალიბრას“ გაყიდვები 2013 წელს დაიწყება.