Saturday, February 19, 2011

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრა“

Nissan Launches Super Clean Micra DIG-S Turbo

19 თებერვალი

„ნისანმა“ თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „მიკრას“ ახალი, სუპერ ეკონომიური ვერსია DIG-S (დირექტ ინჯექშნ გაზოლინ-სუპერჩერჯერ) შექმნა, რომელიც გარემოს ნახშირორჟანგით მინიმალურად აბინძურებს.

ავტომობილი ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებას სისტემა სტოპ-სტარტიც უზრუნველყოფს.

ძრავი 98 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ავტომობილის მიერ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ოღონდ, ეს მაჩვენებელი მაშინ მიიღწევა, როდესაც ძრავთან მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 115 გრამია.

ზემოთ ხსენებული სისტემების გარდა, ძრავის ეკონომიურობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ის ეგრეთ წოდებული მილერის ციკლით მუშაობს. ასეთი ძრავების თავისებურება ისაა, რომ შეშვების და გამოშვების ტაქტები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კერძოდ, შემშვები სარქველი ჩვეულებრივზე გვიან იხურება. ის შეკუმშვის ტაქტის დასაწყისშიც კი ღიად რჩება. სხვათა შორის, ფაზების ასეთ გადაფარვას ძრავების ფორსირებისას იყენებენ. 13:1-მდე გაიზარდა ძრავის კუმშვის ხარისხი, რამაც ასევე ძრავის ეფექტურობის გაუმჯობესება განაპირობა. საბოლოოდ, აგრეგატის მახასიათებლები 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატისას გაუთანაბრდა.

მექანიკურ კოლოფთან შეწყვილებული ასეთი ძრავით აღჭურვილი „მიკრას“ მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია, 100 კილომეტრის გასავლელად კი, შერეული ციკლით მოძრაობისას, მას სულ რაღაც, 4.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. „მიკრას“ ეკონომიურობა ოდნავ უარესდება, როცა ძრავი ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს.

გარდა იმისა, რომ ტემპერატურული რეჟიმის შემსუბუქებით (მილერის ციკლის გამოყენების წყალობით), ხახუნის შემცირებითა (მოძრავი დეტალების რაოდენობის შემცირების წყალობით) და საწვავის შეფრქვევის სისტემის დახვეწით, ძრავის ეფექტურობა გაზარდეს, „ნისანის“ ინჟინრებმა „მიკრას“ ეკონომიურობის გაუმჯობესებას იმითაც მიაღწიეს, რომ სამცილინდრიანი ძრავი, ოთხცილინდრიანთან შედარებით, ნაკლებს იწონის. ასევე შეცვლილია ძრავის მართვის სისტემაც.

სუპერ ეკონომიური „ნისან მიკრას“ პრემიერა მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი ევროპის ბაზარზე ზაფხულში დაიწყება.

„კრაისლერთან“ ალიანსი „ფიატ-ისთვის“ მნიშვნელოვანია

Marchionne says Chrysler alliance is crucial

19 თებერვალი

ფიატ-ის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (ფოტოზე) აცხადებს, რომ „კრაისლერთან“ ალიანსს, იტალიური საავტომობილო ჯგუფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და დასძინა, რომ ტურინული კომპანია თავისი ბიზნესის იტალიაშივე განვითარებას აპირებს, რისთვისაც მილიარდობით დოლარის ინვესტირება იგეგმება.

„არამარტო ისაა სიმართლე, რომ „ფიატ-მა“ „კრაისლერი“ გადაარჩინა, არამედ ისიც, რომ „კრაისლერს“ ჩვენი ჯგუფის წარმატებული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათთან ერთად, ჩვენ საწარმოო პროგრამას ვამრავალფეროვნებთ და დიდი ერთობლივი გეგმები გვაქვს“, - ამბობს მარკიონე, ვინც იმავდროულად, ამერიკული კომპანიის მთავარი აღმასრულებელიცაა.

მარკიონემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების შემდეგ, „ფიატ-ის“ შტაბ-ბინა შესაძლოა, ამერიკაში გადავიდეს, რამაც იტალიის მთავრობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო, მას სასწრაფოდ შეხვდა იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, შემდეგ კი მარკიონე საპარლამენტო მოსმენაზეც დაიბარეს.

მარკიონემ, ვინც წარმოშობით იტალიელ-კანადელია, ბერლუსკონი დაარწმუნა იმაში, რომ „ფიატი“ საინვესტიციო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მეტწილად იტალიაში განახორციელებს. მაგრამ საპარლამენტო მოსმენისას ისიც განაცხადა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანების და ამ უკანასკნელის აქციონირების შემდეგ, ორი კომპანიის იტალიიდან მართვა პრობლემური გახდება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე „კრაისლერის“ აქციებს ბირჟაზე გამოვიტანთ. ორი აქციონირებული კომპანიის სხვადასხვა შტაბ-ბინიდან მართვა კი პრობლემებს წარმოქმნის. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - ამბობს მარკიონე.

„ფიატ-ს“, რომელიც იტალიის უდიდსი ინდუსტრიული ჯგუფია, „კრაისლერთან“ შერწყმა აქვს გადაწყვეტილი და ამ პროცესის დასრულებას, ორ-სდამ წელიწადში აპირებს. თუმცა, მანამდე ორივე კომპანიაში ძირეული რესტრუქტურიზაციის ჩატარება მოუწევს, რაც უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც „კრაისლერმა“ მართვადი გაკოტრების რეჟიმში გააგრძელა არსებობა, მისი აქციების 20 პროცენტი „ფიატ-მა“ გამოისყიდა. ამ წლის დასაწყისში კი იტალიურმა კომპანიამ „კრაისლერში“ თავისი წილი 25 პროცენტამდე გაზარდა.

მარკიონე ამბობს, რომ „ფიატ-ის“ იტალიაში დატოვება სურს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება, თუ პროფკავშირებისგან მხარდაჭერა არ ექნება: „ჩვენ არსად წასვლის სურვილია რ გვაქვს. „ფიატ-ი“ ამ ქვეყნის ნაწილია და იტალიის დატოვების სურვილი არ აქვს“.

საინვესტიციო გეგმა, სახელად „ფაბრიკა იტალია“, 20 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს და ამ თანხის უმეტესი ნაწილი იტალიაში მოქმედ ხუთ ქარხანას მოხმარდება, რომლებიც ამჟამად წაგებაზე მუშაობს. რაც შეეხება პროფკავშირებს, მათ უკვე „ფიატ-ის“ ორ - მირაფიორის (ტურინის მახლობლად) და პომილიანოს (ნაპოლის მახლობლად) ქარხანასთან გააფორმეს ხელშეკრულებები.

მეცხრე თაობის „ჰონდა სივიკი“

Honda Civic Revealed, Gets More Efficient

19 თებერვალი

ჰონდამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, სივიკის მეცხრე თაობის მოდელის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ორი ძარით (სედანი და კუპე) და ხუთი ვერსიის სახით გაიყიდება. კომპანიის განცხადებით, ახალი სივიკის შემუშავებისას, ინჟინრებს მთავარი ყურადღება საწვავის ეკონომიურობაზე ჰქონდათ გადატანილი.

პირველი ვერსია ჩვეულებრივი ძრავებით აღჭურვილ სედანებს და კუპეებს მოიცავს. მეორე ეკონომიური ვერსია HF-ია, მესამე - სპორტული Si, მეოთხე ჰიბრიდული, მეხუთე კი გაზზე მომუშავე აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ხუთიდან ყველაზე ეკონომიური HF და ჰიბრიდული ვერსიებია, რომელთა ხარჯიც 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ მოძრაობისას) შესაბამისად, 5.7 და 5.2 ლიტრია.

სივიკ HF ბენზინის 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი i-VTEC ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რომელთანაც 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. სხვათა შორის, ეს ძრავი ახალი არაა და მას წინა თაობის სივიკზეც იყენებდნენ. გაზრდილი ეკონომიურობა კი იმის შედეგია, რომ ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით და სისტემა „ეკო ესისტით“ აღიჭურვა. სხვათა შორის, ამ სისტემას ჰონდა ადრე მხოლოდ ჰიბრიდულ მოდელებზე - CR-Z-სა და ინსაითზე იყენებდა. ყოველივეს შედეგად, წინა თაობის სივიკთან შედარებით, ახალი დაახლოებით 0.5 ლიტრით ნაკლებ ბენზინს მოიხმარს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სივიკს, მის ძალურ დანადგარში, 1.5-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი, პატარა ელექტროძრავი, უსაფეხურო ვარიატორი და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი შედის. სხვათა შორის, ელექტროენერგიის დაგროვების საშუალებად, ჰონდა ასეთ აკუმულატორებს პირველად იყენებს.

სპორტული სივიკი კი 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ აგრეგატმა 2.0-ლიტრიანი შეცვალა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 197ცხენის ძალა იყო. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (230 ნმ, რაც წინამორბედის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 22%-ით მეტია) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს და წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. სპორტული სივიკის დინამიკური მახასიათებლების გამოქვეყნებისგან, ჰონდა ჯერჯერობით თავს იკავებს.

„დღეისათვის ავტობაზარზე სივიკი ერთადერთი მოდელია, რომელიც მყიდველის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს - არის ეკონომიური, სპორტული, ოპტიმალურად აღჭურვილი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავეც და რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს თავის ღირებულებას“, - ამბობს ჰონდას ამერიკული შტოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჯონ მენდელი.

მეცხრე თაობის სივიკის გაყიდვას ჰონდა პირველ რიგში ამერიკაში დაიწყებს, შემდეგ კი მას ევროპასა და სხვა ბაზრებზეც შეიტანს.