Wednesday, January 12, 2011

ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილები

Volt, Explorer nab North American car, truck of year honors

12 იანვარი

ავტომობილებზე მწერალი ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად ელექტრული ჰიბრიდი ”შევროლე ვოლტი” და ქროსოვერი ”ფორდ ექსპლორერი” დაასახელა.

მსუბუქი ავტომობილების კლასში, ”შევროლე ვოლტს” ფინალურ ეტაპზე კონკურენციას ”ნისანის” ელექტრომობილი ”ლიფი” (რომელიც ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს) და ”ჰიუნდაის” ჰიბრიდული ”სონატა” უწევდა. უგზოობის ავტომობილების და პიკაპების კლასებში კი ”ფორდ ექსპლორერის” მეტოქეები ”ჯიპ გრანდ ჩეროკი” და ”დოჯ დურანგო” იყო.

”ჯენერალ მოტორსის” ვიცე თავმჯდომარე ტომ სტივენსმა განაცხადა, რომ ”შევროლე ვოლტის” გამარჯვება შემობრუნების დასაწყისია მისი კომპანიისთვის, რომელმაც 2009 წელს, რამდენიმე თვე გაკოტრების რეჟიმში იმუშავა. ამ რეჟიმსაც თავი სახელმწიფოსგან მრავალმილიარდიანი დახმარების (შეღავათიანი კრედიტის) წყალობით დააღწია.

”დღეს ”ვოლტი” ახალი ”ჯენერალ მოტორსის” ახალ სულისკვეთებას გამოხატავს. ჩვენი კომპანიის ხედვა მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილების შემუშავება, წარმოება და გაყიდვაა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ”შევროლე ვოლტი” ამ ახალი ხედვის თვალსაჩინო ნიმუშია”, - დეტროიტის ავტო შოუზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა სტივენსმა.

”ვოლტის” გამარჯვება ასევე იმ ტენდენციის გამოხატულებაა, რომელიც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში შეინიშნება. ეს ტენდენცია ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების, კერძოდ კი, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა, რასაც ახლა ყველა დიდი კომპანია ეშურება.

”შევროლე ვოლტი” ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ ჰიბრიდია, რომელშიც ავტომობილის მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი გამოიმუშავებს, მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავს კი დამხმარე როლი აკისრია და ის გენერატორს ამოძრავებს, რომელიც ელექტროენერგიით აკუმულატორების ბლოკს და ელექტროძრავს ამარაგებს.

”ჯენერალ მოტორსმა” ამ ელექტრომობილის გაყიდვა შარშან დაიწყო. მის მსგავსად, ელექტრომობილის გაყიდვები შარშან ”ნისანმაც” დაიწყო. ოღონდ, ”ვოლტისგან” განსხვავებით, მისი ”ლიფი” სუფთა ელექტრომობილია - მასში არანაირი შიდაწვის ძრავი არ მუშაობს. ”გენერლები” აცხადებენ, რომ პირველ ერთ თვეში, 326 ”ვოლტი” გაყიდეს, ”ნისანის” შედეგი კი გაცილებით მოკრძალებულია. თუმცა, ეს მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ წარმოება ვერ ესწრება. არადა, იაპონურ კომპანიას ”ლიფზე” უკვე 20 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

”შემიძლია განვაცხადო, რომ ელექტრომობილების ბაზარი მხოლოდ განვითარდება და მას არანაირი ფიასკო არ ელის. ასეთი ავტომობილები სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს მსოფლიო გაყიდვებში და მიხარია, რომ ჩვენ ამ საქმის პიონერები ვართ. ”ვოლტი” ერთგვარი მეცნიერული ექსპერიმენტია, რომელიც მალე მასობრივ წარმოებაში გადაიზრდება და ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ მსგავსი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილები მყიდველს დროულად მივაწოდოთ”, - დასძენს სტივენსი.

რაც შეეხება უგზოობის მოდელების და პიკაპების კლასს, უკვე სამი წელია, აქ პირველობას არავის უთმობს ”ფორდი”. შარშან ამ კლასში ”ფორდ ტრანზიტ კონექტმა” გაიმარჯვა, უფრო ადრე კი საუკეთესოს წოდება, ამერიკაში ყველაზე პოპულარულ F-150-ს ხვდა. სულ კი, ”ფორდს” უგზოობის მოდელების და პიკაპების კლასში საუკეთესოს წოდება 18-ჯერ აქვს მიღებული.

კონკურსის ჟიურიში აშშ-ის და კანადის საავტომობილო ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტ საიტების, ტელევიზიისა და რადიოს 49 ჟურნალისტი შედიოდა. შეფასებისას, ჟიურის წევრები ავტომობილების ინოვაციურობას, დიზაინს, უსაფრთხოებას, მართვადობას, მძღოლის კმაყოფილებას და ღირებულებას აქცევენ ყურადღებას.

კუპე ”ველოსტერით” ”ჰიუნდაი” ექსპანსიას აძლიერებს

Hyundai adds flair with sporty Veloster coupe

12 იანვარი

ძლიერი კრიზისის მიუხედავად, ”ჰიუნდაი” მსოფლიო ბაზარზე წინსვლას აგრძელებს. კორეული კომპანია ლამის ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელსაც ამ კრიზისის დროს, გაყიდვები კი არ შეუმცირდა, საგრძნობლად გაეზარდა და სიდიდით მეხუთე ავტო კომპანია გახდა.

მაგრამ ამას არ სჯერდება და ბაზარზე ექსპანსიას ზრდის, რაშიც ახლახანს, დეტროიტის საავტომობილო შოუზე გამოფენილი სამკარიანი სპორტული კუპე ”ველოსტერი” უნდა დაეხმაროს. ეს ავტომობილი ამერიკის და ევროპის ბაზრებზე გაზაფხულიდან გამოჩნდება და კორეელები მასზე სოლიდურ მოთხოვნას ელიან.

”გვჯერამ რომ ”ველოსტერი” ჩვენს სამოდელო გამას გაახალისებს და ახალი მყტიდველების მოზიდვაში დაგვეხმარება”, - ავტო შოუზე მოწყობილ პრეზენტაციაზე განაცხადა ”ჰიუნდაის” ევროპული შტოს უფროსმა მმართველმა ოპერატორმა ალან რაშფორტმა.

პირველი 11 თვის მონაცემებით, ევროპაში ”ჰიუნდაის” გაყიდვები ოდნავ - დაახლოებით 4 პროცენტით, 330 612 ავტომობილამდე გაიზარდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, კორეულმა კომპანიამ ევროპული ბაზრის 2.6 პროცენტი დაიკავა (შედარებისთვის, შარშან მას 2.4 პროცენტი ეკუთვნოდა).

”მინი ქლაბმენის” მსგავსად, ”ველოსტერს” მძღოლის მხარეს ერთი კარი აქვს, მგზავრების მხარეს კი - ორი. კორეული კომპანია აცხადებს, რომ ასეთი კონფიგურაციის წყალობით, ავტომობილი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ანაოგიური კლასის ორკარიანი კონკურენტები.

სერიული ”ველოსტერი” იმ კონცეპტუალური მოდელის შესაბამისად აიგო, რომელიც ”ჰიუნდაიმ” პირველად სამი წლის წინ, სეულის ავტო შოუზე წარმოადგინა. წინა წამყვანბორბლიან კუპეს დინამიური პროფილი აქვს და სრულად შეესაბამება დიზაინის ეგრეთ წოდებული ”თხიერი სკულპტურის” კორპორატიულ სტილს.

”ველოსტერის” საბაზო ვერსია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, 138-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც ორმაგი ქუროს მეშვეობით, 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. სხვათა შორის, ეს ”ჰიუნდაის” პირველი ავტომობილია, რომელიც ასეთი კოლოფით აღიჭურვა.

რაშფორტი გვპირდება, რომ ”ველოსტერის” ევროპული ვერსიის მახასიათებლებს ჟენევის ავტო შოუზე გაგვაცნობს. ისე კი, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ავტომობილით, კორეული კომპანია კონკურენციას ”ფოლკსვაგენ სიროკოს” გაუწევს. გერმანიაში ”ველოსტერის” სასტარტო ფასი 20 000 ევრო იქნება (შედარებისთვის, სიროკოს ფასი 22 500 ევროდან იწყება).