Wednesday, May 25, 2011

„აუდის“ ფორმულა 1 არ აინტერესებს

Audi dismisses F1 as "irrelevant"

25 მაისი

პრესაში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს. რომელი, ეს ზუსტად არავინ იცის და როგორც ჩანს, ეს თავად ვოლფსბურგულ გიგანტშიც არ აქვთ გადაწყვეტილი.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს ან „აუდი“, ან „პორშე“. ცუფენჰაუზენელები ფ1-სადმი არანაირ ინტერესს არ ავლენენ. ამ ფონზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ დიდი პრიზების ცირკში შეღწევას „აუდი“ ეცდება, კომპანია, რომლის წინაპარი „აუტო უნიონიც“ მეორე მსოფლიო ომამდე, სწორედ ფორმულა 1-ის წინამორბედ სერიებში დომინირებდა.

მაგრამ როგორც ირკვევა, ფ1 არც „აუდის“ იზიდავს. უფრო მეტიც, მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ამ ეტაპზე, მათთვის ავტოსპორტის დედოფალი საინტერესო არაა. გერმანული კომპანია ბოლო წლებში ლე მანის 24-საათიან რბოლასა და შესაბამის სერიაში დომინირებს.

ბევრი თვლის, რომ პროტოტიპების კლასი, რომელშიც „აუდი“ ლე მანზე თავისი დიზელისძრავიანი R18 TDI-ით ასპარეზობს, ტექნოლოგიურად ახლოსაა ფორმულა ერთთან. სწორედ ამიტომ გაჩნდა იმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს კომპანია ფ1-ში ვიხილოთ. მაგრამ „აუდი“ ასე გვპასუხობს: ლე მანის 24-საათიან რბოლაში კომპანიის გუნდის ერთი ავტომობილი უფრო მეტ მანძილს გადის, ვიდრე ფ1-ის ბოლიდი მთელი ჩემპიონატისას. ამასთან, ამ რბოლისას, „აუდის“ მანქანის საშუალო სიჩქარე დაახლოებით 32 კმ/სთ-ით მეტია ფ1-ის სარბოლი მანქანის საშუალო სიჩქარეზე (მთელ ჩემპიონტში). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლე მანის რბოლისას ერთი მანქანის მიერ მოხმარებული საწვავი დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებია ფ1-ის მანქანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებისას მოხმარებულ საწვავზე.

ლე მანის გარდა, „აუდის“ ბრწყინვალე ისტორია აქვს რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა პრესტიჟულ სარბოლ სერიებში. ამასთან, გერმანულ კომპანიას, თავისი მოტორსპორტის პროგრამიდან, სერიულ წარმოებაში არაერთი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე დაუნერგავს. მაგრამ მისი ხელმძღვანელობა თვლის, რომ დიდი პრიზების რბოლები მეტისმეტადაა დაშორებული სერიული წარმოებისგან, რაც „აუდისთვის“ ფ1-ს უინტერესოს ხდის.