Tuesday, May 31, 2011

„ჰიუნდაი სანტა ფე“ ავსტრალიაში საუკეთესოა თავის კლასში

Hyundai Santa Fe Named Best Medium AWD SUV in Australia

31 მაისი

უგზოობის ავტომობილებზე სპეციალიზებულმა ავსტრალიურმა ჟურნალმა „ოზი როუმერ 4WD & SUV გაიდმა“, წლის საუკეთესო ავტომობილების კონკურსში, საშუალო ზომის უგზოობის სრულამძრავიან ავტომობილებს შორის, საუკეთესოდ R-სერიის „ჰიუნდაი სანტა ფე“ დაასახელა. კორეულმა ავტომობილმა, ტექნიკური მახასიათებლების, პრაქტიკულობის, ფასის შესაფერისი ღირებულების და დანიშნულების შეფასებით, მაქსიმალური ქულები მოაგროვა.

„ამ ავტომობილის შესაძლებლობებმა გამაოცა. ის ისეთ ძლიერ კონკურენტებთან ერთად გამოვცადეთ, როგორებიცაა „დისქავერი“ და „პრადო“ და საბოლოოდ, „სანტა ფე“ უკეთესად მივიჩნიეთ. მოკლედ, ეს ძალიან კარგი ავტომობილია. ის ტრეილერების ბუქსირისთვისაც გამოვიყენეთ, თინეიჯერებით გავავსეთ, პლიაჟზე, ტყესა დაღრეში ვიარეთ და ერთხელაც არ უმტყუნია“, - ამბობს ჟურნალის რედაქტორი რობ ფრეიზერი.

R-სერიის „ჰიუნდაი სანტა ფე“ აღჭურვილია მძლავრი და იმავდროულად, ეკონომიური 2.2-ლიტრიანი R-სერიის ტურბო დიზელის ძრავით, რომელთანაც 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელშიც საფეხურების გადართვას სისტემა „სელექტრონიკი“ უზრუნველყოფს. ძრავი მაქსიმუმ 195 ცხენის ძალას და 436 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალური მომენტი, დაბალ (1 800-2 500 ბრ/წთ-ზე) ბრუნთა რიცხვებზევე მიიღწევა. სწორედ ეს ანიჭებს მას დიდი გამავლობის უნარს.

„სანტა ფეს“ საბაზო კომპლექტაცია მოიცავს უსაფრთხოების სისტემების პაკეტს, რომელშიც უსაფრთხების პასიური და აქტიური საშუალებები შედის. მათი წყალობით კი, ავტომობილმა ამ კუთხით, ავსტრალიური ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის: სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC), რომელიც მოიცავს „ჰიუნდაის“ მიერ შემუშავებულ ტრექშნ კონტროლს (TCS), წინა სავარძლების აირბალიშები, ასევე წინა სავარძლების ორმაგი გვერდითი აირბალიშები, და წინა და უკანა სავარძლების გვერდითი ფარდები (რომლებიც სავარძლების მესამე რიგის არსებობის შემთხვევაში, დაგრძელდება), ასევე გადაყირავების სენსორები.

„ლოტუსი“ „ტოიოტას“ ეპრანჭება

Lotus Fancies Toyota

31 მაისი

ორიოდ კვირის წინ, „ლოტუსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დანი ბაჰარმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ მის კომპანიას, რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების დასაწყებად, ფული არ ჰყოფნის. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ ფინანსურ კრიზისს განიცდის მალაიზიური „პროტონი“, რომლის ჯგუფშიც „ლოტუსი“ შედის. და თუ ახალი ავტომობილის წარმოებას ვერ დაიწყებს, „ლოტუსს“ შეუძლია, აღორძინებაზე ოცნებას დაემშვიდობოს.

და იმისათვის, რომ თავისი კომპანია ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს, ბაჰარმა სასწრაფოდ უნდა შეძლოს დაფინანსების ახალი წყაროს მოძებნა. და როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად, მას „პროტონთან“ დაშორება მიაჩნია და ამაზე დაუფარავადაც კი ლაპარაკობს - სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ავტოინდუსტრიის რომელიმე დიდ მოთამაშესთან შეამხანაგებულს ნახავთო, უფრო დიდთან, ვიდრე „პროტონიაო“...

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ბაჰარის თანამდებობის კაცი ასეთ რამეს ისე არ იტყვის, შესაფერისი ზურგი რომ არ ჰქონდეს. პატარა, ან გაჭირვებაში ჩავარდნილი კომპანიების გადაყლაპვის გაზრდილი მადით დღეს „ფოლკსვაგენი“, „ფიატი“ და „რენო-ნისანი“ გამოირჩევიან. ამათგან „ფოლკსვაგენისთვის“ უფრო აქტუალური, „პორშეს“ შთანთქმის პროცესის ბოლომდე მიყვანაა, „ფიატი“ „კრაისლერის“ გამოსყიდვითაა დაკავებული და ასეც რომ არ იყოს, „ფერარის“ პატრონს, მარანელოელთა ძველი კონკურენტი „ლოტუსი“ რაში სჭირდება. ყველაზე რეალურ პოტენციურ მფარველად თითქოს, „რენო-ნისანი“ მოჩანს. მითუმეტეს, ფრანგულ და ინგლისურ კომპანიებს ერთმანეთთან ფორმულა ერთში თანამშრომლობაც აკავშირებს...

მაგრამ ინტერნეტით სულ სხვა ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, „ლოტუსს“ „ტოიოტა“ შეიფარებს. სწორედ იაპონური კომპანიის ძრავებითაა აღჭურვილი „ლოტუსის“ ავტომობილები და ბუნებრივია, ამ „ლოტუსისთვის“ ყველაზე ხელსაყრელი სწორედ „ტოიოტასთან“ დაახლოება უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ამაზე თვითონ ბაჰარიც ლაპარაკობს.

„ლოტუსის“ უახლოეს გეგმებში, წლიურად 8 000 ავტომობილის გაყიდვაა. ამისათვის, კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს და სწორედ ამისთვის სჭირდება ძლიერი პარტნიორი. „ტოიოტა“ ამბიციური კომპანიაა და ძნელი წარმოსადგენია, უარი თქვას „ფერარისთან“ და „პორშესთან“ კონკურენციის რეალურ შანსზე. თანაც, „ლოტუსს“ რამდენიმე პერსპექტიული ტექნოლოგიური სიახლე აქვს შემუშავებული (მათ შორის, ჰიბრიდულიც), რომლებიც „ტოიოტასთვის“ ასევე ხელში ჩავარდნილი განძი შეიძლება გახდეს, რომელსაც კონკურენტებთან ჭიდილში გამოიყენებს...

თუმცა, ეს ჯერ მაინც მხოლოდ ვარაუდებია - ბაჰარს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ამბობენ, ამას მალე იზამს და უფრო მეტიც, „ტოიოტას“ „ლოტუსზე“ სრულ კონტროლს შესთავაზებს...

კონცეპცია „ელექტროდაინემიქსი“ - ბრენდის გარეშე და მხოლოდ გარეგნობით

Electrodynamics Concept, No Brand, Just Looks

31 მაისი

ის ფაქტი, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის ავტორი, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „პაგანის“ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერი ანტონიო ბრუნოა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილს „პაგანი“ გამოუშვებს. უბრალოდ, მან თავისუფალ თემაზე წაიმუშავა, რომლის შედეგად შექმნილ კონცეპციასაც სახელად „ელექტროდაინემიქსი“ უწოდა.

სახელიდანაც ჩანს - ავტომობილის კონცეპციაში მთავარი მისი ელექტრული ამძრავი სისტემა და აეროდინამიკაა. პირველი თანამედროვე ავტობაზრის ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა, მეორე კი - გზა იმისა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენს ხელთ არსებული ენერგიის ეკონომიურად გამოყენებას.

დღეს ელექტრომობილები თვალსა და ხელს შუა შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. და ამ პროცესში, ლითიუმ-იონური აკუმულატორების მახასიათებლებთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ავტომოყვარულები ხშირად ინტერესდებიან, რა მომავალი ელის V10 და V12 ძრავებს, რომლებსაც სუპერ ავტომობილებში იყენებენ? ფაუძლებენ თუ არა ასეთი აგრეგატები, ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაციას? და რას მოუტანს ეს პროცესი სპორტული სუპერ ავტომობილების კლასს? საერთოდ, გადარჩება-კი ეს კლასი?

ამის თქმა დღეს ძნელია. ალბათ, დადგება დრო, როდესაც შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ისეთივე იშვიათობა გახდება, როგორიც დღეს ელექტრომობილია. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პასუხს დრო მოიტანს. სამაგიეროდ, აქტუალურია ელექტრომობილების სვლის სიშორის, სიძვირის და აკუმულატორების სამუშაო რესურსის საკითხები. იმავდროულად, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, იქმნება კონცეპტუალური ავტომობილები, რომლებიც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა.

ანტონიო ბრუნოს ნამუშევარი სწორედ იმის მცდელობაა, რომ წარმოგვიდგინოს თავისი ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სუპერ ელექტრომობილი. იქნებ, ეს ხედვა ოდესმე „პაგანიმაც“ გამოიყენოს. თუმცა, სანამ ასე მოხდება, „ელექტროდაინემიქსი“ გავიცნოთ.

ჯერ მის გარეგნობაზე შევჩერდეთ: „პაგანის“ სტილისტისგან ცოტა უცნაურია, რომ კონცეპტუალური ავტომობილი თავისი აგრესიული იერით არ გვაოცებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მასში გარკვეული ხიბლი მაინცაა. და ამ ხიბლს, გლუვი, გაწონასწორებული, რაც მთავარია, აეროდინამიკურად „მართებული“ ფორმები წარმოქმნის. დიზაინში ყველაფერი ფუნქციურობას ექვემდებარება. ეს ფუნქცია კის ისაა, რომ ავტომობილმა, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია მოიხმაროს. ამაში კი მას ძარისა და შასის შექმნისას გამოყენებული მსუბუქი მასალები დაეხმარება.

რაც შეეხება ამძრავ სისტემას, მასში ოთხი, შედარებით პატარა ელექტროძრავი შედის (უნდა შევიდეს), რომლებიც თითო (საკუთარ) ბორბალს ემსახურებიან. რამდენადაც ეს მხოლოდ ვიზუალური კონცეპციაა, უფრო მეტს მისი ავტორი ტექნიკაზე არ ამბობს. რამდენადაც ის „პაგანის“ თანამშრომელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომობილს კარგი დინამიკური მახასიათებლები ექნება.