Monday, July 27, 2009

”მაზდა RX-8” ფრანკფურტისთვის ემზადება

Mazda RX-8

27 ივლისი

გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, იაპონური კომპანია ”მაზდა” ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კუპე RX-8-ის განახლებული ვერსიის პრემიერას გეგმავს. ავტომობილი ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაა შემკული, რომლებიც მის გარსშემოდენილობას აუმჯობესებს. ცვლილებებია ავტომობილის ინტერიერშიც.

წინა მოდელისგან ახალს წინა და უკანა სპოილერები, გამოსაბოლქვი მილების გაფართოებული დაბოლოება, შეცვლილი ფორმის უკანა სტოპ ფარები და ახალი, 19-დუიმიანი ბორბლები განასხვავებს. სალონში ახალია ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა, სავარძლები კი სხვა მასალითაა გაწყობილი.

სამაგიეროდ, ახალი RX-8-ც ვანკელის ტიპის როტორული ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობაც სულ რაღაც 1.3 ლიტრია და საკმაოდ ბევრ - 231 ცხენის ძალას და 211 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ ტანდმის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.4 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი თითქმის 240 კმ/სთ-ია.

ფრანკფურტის შოუს დასრულებისთანავე, ახალი RX-8 ”მაზდას” ევროპელ დილერთა შოურუმებში გამოჩნდება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის საბაზო ვერსიის ღირებულება 38 000 ევრო იქნება.

ჰონკონგური პოლიცია ელექტრომობილებზე გადაჯდება

Hong Kong to Use EV Police Cars

27 ივლისი

იაპონია პირველი ქვეყანაა, სადაც ქალაქების პოლიცია საპატრულოდ ელექტრომობილებს იყენებს. მართალია, ტიპიური ელექტრომობილი შიდაწვისძრავიან ავტომობილს დინამიკური მახასიათებლებით გვარიანად ჩამორჩება, მაგრამ მასზე გაცილებით ეკონმიურია და უკეთესი სასტარტო სიჩქარეც აქვს (მაშინვე ავითარებს მაქსიმალურ მომენტს და არც გადაცემათა კოლოფი სჭირდება).

და აი, როგორც გაზეთი ”საუთ ჩაინა მორნინგ პოსტი” გვატყობინებს, მალე თავიანთ იაპონელ კოლეგებს ჰონკონგელი პოლიციელებიც მიბაძავენ. მათი არჩევანი კი ”მიცუბიშის” სუბკომპაქტურ iMiEV-ზე (სურათზე) შეჩერდა. ქალაქის ხელმძღვანლობამ უკვე დაიწყო ამ ელექტრმობილის სამკვირიანი გამოცდა, რომლის წარმატებულობის შემთხვევაშიც, ჰონ კონგში ”მიცუბიში iMiEV” პოლიციის ფორმაში გამოწყობილი გამოჩნედბა.

”ჩვენ უკვე ვიარეთ ამ ავტომობილით და ძალიან გაოცებულები დავრჩით მისი შესაძლებლობებით. დარწმუნებული ვარ, ეს ეექტრომობილები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება”, - ინტერნეტ გამოცემა ”ჯასტ-აუტოსთან” საუბრისას განცხადა ქალაქის უფროსმა ინსპექტორმა ჯოი ლი ტუნ-ჩეუნმა.

”მიცუბიშისა” და ჰონ კონგის ხელისუფლებას შორის უკვე გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის შესაბამისადაც, იაპონურმა კომპანიამ ქალაქს 10 ცალი საცდელი ეკექტრომობილი გადასცა. სწორედ მათი მეშვეობით გაუსინჯეს გემო ელექტრომობილებს ჰონკონგელმა პოლიციელებმა, რომლებსაც მსგავს მანქანებზე გადაჯდომა მომავალი წლიდან მოუწევთ.

ქალაქის ხელისუფლების მიზანს, 500 ცალი საპატრულო მანქანის iMiEV-ით მთლიანდ ჩანაცვლება წარმოადგენს. ”მიცუბიშის” ელექტრომობილს აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, რასაც 8 საათი სჭირდება, 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ია, რაც ქალაქისთვის სრულიად საკმარისია.

”ლინკოლნი” მომცრო მოდელებსაც გამოუშვებს

Lincoln

27 ივლისი

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ბევრი ავტოკომპანიის პრინციპებს ცვლის. განსაკუთრებით ეს ამერიკულ დიდ სამეულს ეხება, რომლებსაც გაყიდვების კლებამ და საწვავის ფასების ზრდამ ის ასწავლა, რომ უარი უნდა თქვან დიდგაბარიტიანი ავტომობილბის წარმოებაზე და ყურადღება ეკონომიურსა და ეკოლოგიურ ავტომობილებზე გადაიტანონ.

ასეთი ახალი მიდგომა ”ფორდშიც” შეიმუშავეს. ამიერიდან, ”ცისფერი ოვალის” ლუქს ბრენდი ”ლინკოლნიც” თავისი ავტომობილების გაბარიტების შემცირებასა და ამ ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის ლიტრების დათვლას დაიწყებს. კომპანიაში უკვე განიხილება ”ფორდ ფოკუსის” ბაზაზე, ”ლინკოლნის” მარკით რამდენიმე ახალი ავტომობილის, მათ შორის, ჰეჩბეკისა და კომპაქტური ქროსოვერის წარმოების საკითხი.

იმ დროს, როდისაც ”ლინკოლნის” სამოდელო გამაში ორი ახალი კომპაქტური ავტომობილი გამოჩნდება, კომპანია შეწყვეტს უკანაწამყვანბორბლიან პლატფორმებზე ავტომობილების წარმოებას. თუმცა, ორი წლის შემდეგ ასეთი პლატფორმის გამოყენება მაინც იგეგმება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ”ლინკოლნი” თავისი მარკით, ”ფორდ მუსტანგის” მსგავს ავტომობილს გამოუშვებს.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსის” ინფორმაციით, მართალია, ჯერ კომპაქტური, წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილების წარმოების გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ”ლინკოლნის” სპეციალისტები (თავიანთ ფორდელ კოლეგებთან ერთად) მაინც მუშაობენ შემდგომი თაობის ”ფოკუსის” შექმნაზე.

ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ლინკოლნმა” დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე წარმოადგინა კომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი სახელად ”კონსეპტ C” (სურათზე), რომელიც ”ეკობუსტ” სერიის 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ინტერნეტ წყაროები იუწყებიან, რომ ეს ავტომობილი სერიული წარმოებისთვის ემზადება და ის ბაზარზე (როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ და ალბათ, ჩინურზეც) 2012 წელს გამოჩნდება. იმავე პლატფორმაზე, ”ფორდი” თავისი პოპულარული ”კუგას” შემდგომი თაობის მოდელს, ასევე ახალ ”ფორდ ისკეიპსა” და ”მერკური მარინერსაც” გამოუშვებს.

”ლინკოლნის” ახლანდელი მოდელებიდან, ყველაზე ცუდი პერსპექტივა სედან ”თაუნ ქარსა” და გიგანტურ ქროსოვერ ”ნავიგატორს” აქვთ. პირველის წარმოება 2011 წელს შეწყდება. ”ნავიგატორის” ბედი ჯერ გარკვეული არაა, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ისიც ”თაუნ ქარს” ბედს გაიზიარებს.

”პორშეს” შეფს 140 მილიონი ევროს აღება შეეძლო

Wendelin Wiedeking

27 ივლისი

იმისათვის, რომ ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელ ვენდელინ ვედეკინგს (სურათზე) მის მიერ დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა, პორშესა და ფერდინანდ პიხის ოჯახებმა მას 50 მილიონო ევრო გადაუხადეს. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ვედეკინგს გაცილებით მეტის, კერძოდ კი 140 მილიონის აღება შეეძლო.

როიტერთან საუბრისას, ვედეკინგის ვექილმა იობსტ-ჰუბერტუს ბაუერმა განაცხადა, რომ პორშესა და პიხის ოჯახები მზად იყვნენ, კონტრაქტის ადრეულად შეწყვეტის სანაცვლოდ, ვედეკინგისთვის 140 მილიონი ევრო შეეთავაზებინათ. აღნიშნული თანხა ”პორშეს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვოლფგანგ პორშემ, მმართველმა კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარე ჰანს-მიხელ პიხმა დაამტკიცეს. უფრო მეტიც, კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით, რომელიც 2012 წელს მთავრდებოდა, ვედეკინგს ამაზე გაცილებით მეტის მოთხოვნაც შეეძლო.

”მიმდინარე ფისკალური წლის შედეგებიდან გამომდინარე, მას 170 დან 260 მილიონ ევრომდე შეიძლებოდა აეღო. მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა. მართალია კომპანიის მფლობელი ოჯახები მზად იყვნენ, მისთვის მეტი გადაეხადათ, მაგრამ ამას სამეთვალყურეო საბჭოში მყოფი პროფკავშირების წარმომადგენლები არ დაუშვებდნენ”, - ამბობს ბაუერი.

ცნობისათვის, ვედეკინგს გადაწყვეტილი აქვს, რომ მიღებული თანხის დიდი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებს მოახმაროს.

”ჯენერალ მოტორსს” ”ოპელის” გამოსყიდვის საშუალება მიეცემა

Opel

27 ივლისი

იმ შემთხვევაში, თუ ”ოპელს” ბელგიური საინვესტიციო კონსორციუმი ”RHJ ინტერნეიშნლი” შეიძენს, გერმანული კომპანიის რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსს” მისი უკან გამოსყიდვის საშუალება მიეცემა. როიტერთან საუბრისას, ”RHJ ინტერნეიშნლის” ხელმძღვანელობამ ამის მიზეზად ის გარემოება დაასახალა, რომ ”ოპელს” ”ჯენერალ მოტორსის” გარეშე არსებობა არ შეუძლია.

”მოდით, ვიყოთ პრაგმატულები - ეს კომპანია ”ჯენერალ მოტორსის” გარეშე ვერ იმუშავებს”, - გამოცემა ”ფრანკფურტერ ალგემაინე ზონტაგცაიტუნგთან” საუბრისას განაცხადა ბელგიური კერძო საინვესტიციო ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა ლეონჰარდ ფიშერმა.

ერთი კვირის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ”ოპელის” გაყიდვაზე მოლაპარაკებას ორ კომპანიასთან - კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” და ”RHJ ინტერნეიშნლთან” აგრძელებს, რითაც ირიბად მიანიშნა, რომ გერმანული კომპანიის ყიდვის მსურველთა რიგებს ჩინური ”შანჰაი აუტომოტივი” გამოეთიშა.

”ოპელის” გაყიდვის საქმეში ”ჯენერალ მოტორსის” უფროსმა მომლაპარაკებელმა ჯონ სმიტმა განაცხადა, რომ ”ოპელის” შეძენის მსურველი სამი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მოლაპარაკება ”მაგნა ინტერნეიშნლთან” და ”RHJ ინტერნეიშნლთან” გაგრძელდება.

”ჯენერალ მოტორსის” მთავარი პირობა სწორედ ისაა, რომ ”ოპელის” რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, მას გერმანული კომპანიის უკან გამოსყიდვის უფლება უნდა მიეცეს. ამ პირობას ბელგიური ინვესტორის განაცხადი აკმაყოფილებს, ”მაგნასი” კი - არა. მაგრამ სამაგიეროდ, ავტომაკომპლექტებლების კანადურ მწარმოებელს მხარს გერმანიის მთავრობა და მისი კანცლერი ანგელა მერკელი უჭერენ.

”ჯერაც ბევრი საკითხია გასარკვევი, მაგრამ ამ ეტაპზეც ნათელია, რომ ”მაგნას” განაცხადი გაცილებით საინტერესო და მისაღებია. ამ განაცხადის მიხედვით, ”ოპელს” დამოუკიდებლად არსებობის დიდი შანსი აქვს, რუსულ საავტომობილო სექტორთან სტრატეგიული თანამშრომლობა კი მას სოლიდურ პერსპექტივას უქმნის”, - რუსეთის პრეზიდენტ მედვედვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მერკელმა.

”დაიმლერი” უფრო დიდი ”სმარტის” გამოშვებას აპირებს

Smart Forfour

27 ივლისი

პერიოდულად, ინტერნეტით ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”მერსედეს-ბენცი” ”სმარტ ფორთუს” უფრო მოზრდილი ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობს, რომელშიც ”სმარტ ფორფოურის” მოტივებს გამოიყენებენ. დღეს კი გერმანული ინტერნეტ გამოცემა ”მენეჯერ მეგზინი” იუწყება, რომ ამ საქმეში სამქიმიანებმა პარტნიორიც გამონახეს.

საიტის მონაცემებით, შტუტგარტული კომპანია ამ საკითხზე მოლაპარაკებას ფრანგულ ”რენოსთან” აწარმოებს. თუ პარტნიორობა შედგა, მისი პროდუქტი იქნება ახალი ოთხადგილიანი ავტომობილი, რომელიც ”სმარტის” მარკით გაიყიდება. მოლაპარაკება ჯერ ადრეულ სტადიაზეა და ამიტომ, მისი დეტალები უცნობია.

მარტში ინგლისური გამოცემა ”ავტოექსპრესი” იტყობინებოდა, რომ ”მერსედეს-ბენცი” კონცეპტუალური ”სმარტ ფორთუ +2-ის” პროექტზე მუშაობს. საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ”სმარტ ფორთუზე” უნდა იყოს ბაზირებული, თუმცა ამ მოდელისგან განსხვავებით, მასში ოთხი მგზავრის ადგილი იქნება. გარეგნულადაც, ეს ავტომობილი ”სმარტ ფორთუს” მსგავსი უნდა ყოფილიყო, ოღონდ მას ორი უკანა კარი დაემატებოდა. ამასთან, უცვლელი დარჩებოდა ძრავების გამაც. სამაგიეროდ, გაიზრდებოდა ბორბლებს შორის ბაზა, რაც სალონის მოცულობასაც გაზრდიდა. ”ავტოექსპრესის” ვერსიით, ასეთი ავტომობილი ბაზარზე 2012 წელს უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ მას შემდეგ, ეს ინფორმაცია აღარ დადასტურებულა.

პარალელურად, ”დაიმლერი” ადასტურებს, რომ უფრო ფართოსალონიანი ”სმარტის” წარმოების საკითხი განიხილება, მაგრამ ამაზე მეტი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

”არსებული ავტომობილის ბაზის ცვლილებით, ჩვენ ახალი ავტომობილების შექმნას შევძლებთ, რომელთა ჩასაჯდომი ფორმულა 2+1, ან 2+2 იქნება”, - გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპთან” საუბრისას განაცხადა ”სმარტის” შეფმა ანდერს-სუნდტ იენსენმა.