Thursday, April 14, 2011

„ტოიოტას“ დანაკარგი 500 000 ავტომობილს მიაღწევს

Toyota may lose 500,000 units of output post-quake, analyst says

14 აპრილი

როგორც ჩანს, „ტოიოტა“ წელს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსს ისევ „ჯენერალ მოტორსს“ ჩააბარებს - მიწისძვრითა და ცუნამით გამწვეული ნგრევების გამო, მისი არაერთი ქარზანა გაჩერებულია, ან მინიმალური დატვირთვით მუშაობს. წარმოების ტემპის შენელება კი ელექტროენერგიის და მაკომპლექტებელი ნაწილების დეფიციტის შედეგია. ამის გამო, იაპონური კომპანია წელს დააახლოებით ნახევარი მილიონით ნაკლებ ავტომობილს გამოუშვებს.

ანალიტიკურ კომპანია „ედვანსდ რისერჩ ჯაპანის“ სპეციალისტი კოძი ენდო ამბობს, რომ გასულ საფინანსო წელს, რომელიც 31 მარტს დასრულდა, „ტოიოტას“ საოპერაციო მოგება 100 მილიარდი იენით (დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარით) შემცირდა, წელს კი დანაკარგი ორჯერ მეტი იქნება. თუმცა, ეს არაა საბოლოო რიცხვები - წლევანდელი მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდება, თუ ავტოინდუსტრიაში დასაქმებული კომპანიები, სრული დატვირთვით ამუშავებას სასწრაფოდ ვერ შეძლებენ.

საკუთრივ „ტოიოტას“ განცხადებით, 14-დან 26 მარტის ჩათვლით, კომპანიამ 140 000 ავტომობილი ვერ გამოუშვა, რისი მიზეზიც, მანქანის ელექტრონიკის ნაწილების, საბურავების და პლასტიკური ნაწილების სიმცირე გახდა. უკვე აღდგენილია მუშაობა ორ ქარხანაში, რომლებიც სამ მოდელს უშვებენ. პრიორიტეტულად მიჩნეულია ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება. სხვათა შორის, 24 მარტამდე კომპანიის 18-ვე ქარხანა გაჩერებული იყო. შარშან ამ ქარხნებში „ტოიოტამ“ სულ 3.28 მილიონი ავტომობილი აწარმოა.

ენდოს თქმით, აპრილში წარმოების ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაისში კი ქარხნები მცირე დატვირთვით თუ შეძლებენ მუშაობას. ჰიბრიდების მწარმოებელი ქარხნების ამოქმედება კი მხოლოდ იმის წყალობით მოხერხდა, რომ მათი მაკომპლექტებლების მიმწოდებლებმა მუშაობა მცირე დატვირთვით განაახლეს.

11 მარტის მიწისძვრამ მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა დიდი ხნით გააჩერა, რისი მტავარი მიზეზიც ელექტროსადგურების ავარიული გამორთვა გახდა. ამ სადგურების უმეტესობა ჯერაც გაჩერებულია, მათგან ერთ-ერთი უდიდესი - ფუკუსიმას ატომური სადგური კი აღარასდროს ამოქმედდება. იაპონური საავტომობილო კომპანიები ინტენსიურად განიხილავენ ელექტროენერგიის რიგ-რიგობით მოხმარების შესაძლებლობას. თუ შეთანხმება შედგა, ისინი მორიგეობით შეძლებენ თავიანთი ქარხნების ამუავებას, თუმცა ამით ბაზარზე ახალი ავტომობილების დეფიციტის მხოლოდ ნაწილობრივ აღმოფხვრა თუ მოხერხდება.

სხვათა შორის, შედარებით მოქნილად მოქმედებს (რენოსთან ალიანსის წყალობით) მეორე უდიდესი იაპონური საავტომობილო კომპანია „ნისანი“, რომელმაც მაკომპლექტებლების ზოგი იაპონელი მიმწოდებელი უცხოელებით ჩაანაცვლა. და ამის მიუხედავად, „ნისანი“ აცხადებს, რომ მიწისძვრის შემდეგ, აპრილამდე დაახლოებით 55 000 ავტომობილით ნაკლები გამოუშვა.

ცნობისათვის, „ნისანს“ ძრავების კომპონენტების ქარხანა აქვს ფუკუშიმას პრეფექტურაში (ქალაქი ივაკი), რომლის ამოქმედებაც, რა თქმა უნდა, ვერ ხერხდება. მაგრამ კომპანიამ ამ კომპონენტების ამერიკაში შეძენა მოახერხა და ძრავების გამოშვებაც განაახლა. მალე კი ივაკის ქარხნის ამოქმედებასაც აპირებს.

მიწისძვრამ „ჰონდაც“ აზარალა. იაპონური კომპანია იძულებული გახდა, მაკომპლექტებლების ნაკლებობის გამო, თავის ამერიკულ ქარხნებშიც კი შეემცირებინა წარმოება. მიწისძვრის გამო, „ჰონდას“ იაპონიაში სამი ამწყობი ქარხანა აქვს გაჩერებული, რის შედეგადაც, მიწისძვრიდან 3 აპრილამდწ დაახლოებით 46 000 ავტომობილით ნაკლები გამოუშვა.

„ფიატმა“ შეიძლება „კრაისლერში თავისი წილი ისევ გაზარდოს

Fiat may raise Chrysler stake to 46% by June, sources say

14 აპრილი

„ფიატმა“ შეიძლება „კრაისლერში თავისი წილი ისევ გაზარდოს

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ფიატმა“ „კრაისლერში თავისი წილი 30 პროცენტამდე გაზარდა და საავტომობილო მედიაში უკვე გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტურინელებმა ამერიკულ კომპანიაში წილი 46 პროცენტამდე აიყვანონ. უფრო მეტიც, საქმეში ჩახედული ორი პიროვნება, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ წილის მორიგი ზრდა ივნისამდე მოხდება.

ამ ორი წყაროს ინფორმაციით, ამჟამად „ფიატი“ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რისი მიზანიც, „კრაისლერის“ ვალების რეფინანსირებაა, რომლითაც ამერიკულმა კომპანიამ, აშშ-ის და კანადის მთავრობათა კრედიტები უნდა გაისტუმროს. უფრო ადრე, იტალიურმა „კორიერე დელა სერამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ფიატი“ დამატებით „კრაისლერის“ აქციების 16 პროცენტის დაუფლებას ცდილობს, რისთვისაც ბანკების მხარდაჭერა სჭირდება.

„ეს რეალური გეგმაა, რომელზეც სერჯო მარკიონე მუშაობს. მას სურს, რომ „ფიატმა“ ივნისამდე მოასწროს დამატებითი აქციების შეძენა. თუმცა ალბათ, ამას გაცილებით ადრე შესძლებს“, - წერს იტალიური გაზეთი. ჯერჯერობით, ამაზე ტურინულ ავტოგიგანტს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ავტომოტივ ნიუს იუროპის“ იტალიელი წყაროები კი დასძენენ, რომ წილის გაზრდის ოპერაციის წარმატებულობა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მარკიონე ბანკების დაყოლიებას. სხვათა შორის, იტალიური წარმოშობის კანადელმა მარკიონემ, ვინც ერთდროულად, „ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელია, განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანიამ კანადის და აშშ-ის მთავრობების ვალები სწორედ ივნისამდე უნდა დაფაროს. მანვე აღიარა, რომ „კრაისლერის“ აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას „ფიატი“ შარშან გეგმავდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

ამჟამად „კრაისლერი“ აქციონირებისთვის ემზადება. არსებობს კანადის და აშშ-ის მთავრობებისადმი დავალიანების გარკვული ზღვარი (4 მილიარდი დოლარი), რომლის შემცირების შემთხვევაშიც, „ფიატს“ „კრაისლერში თავისი წილის გაზრდის საშუალება მიეცემა. და, აქციონირებიდან მიღებული თანხის ნაწილი სწორედ ამ ვალის შესამცირებლად დაიხარჯება.

ამჟამად „კრაისლერს“ ამერიკის და კანადის მთავრობებისადმი 7.4 მილიარდი დოლარის დავალიანება აქვს. ეს ფული იმ კრედიტის ნაწილია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ მათგან ორი წლის წინ ისესხა, როდესაც მართვადი გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა. სწორედ მაშინ გაფორმდა ხელშეკრულება „ფიატთან“, რომელმაც „კრაისლერის“ აქციების 20 პროცენტი მიიღო.

ზემოთ ნახსენები 16 პროცენტის შეძენის შემდეგ, „ფიატს“ კიდევ აქვს „კრაისლერში“ თავისი წილის შემდგომი ზრდის საშუალება. ოღონდ, ამის უფლებას 2013 წლიდან მიიღებს. ამ ოპციის გამოყენების საშუალება ტურინელებს სამი წლის განმავლობაში ექნებათ. მათ შეიძლება დამატებით 16 პროცენტის შეძენა აღარც ისურვონ და თავიანთი წილის 51 პროცენტამდე გაზრდით დაკმაყოფილდნენ. ანუ, კიდევ 5 პროცენტის შეძენა მოუწევთ. ოღონდ, მანამდე „კრაისლერის“ ვალები სრულად უნდა დაფარონ.

„ჰიუნდაი ველოსტერი“ 208-ცხენისძალიანი ტურბო ძრავით

Hyundai Veloster Turbo to produce 208 horsepower

14 აპრილი

ჯერ დეტროიტის, შემდეგ კი ჟენევის ავტო შოუებზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - სამკარიანი კუპე „ველოსტერი“ წარადგინა. ავტომობილმა სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა მაშინვე ყველამ აღნიშნა, რომ ატმოსფერული 1.6-ლიტრიანი GDI (გაზოლაინ დაირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევა) აგრეგატით ამ მანქანას, „ფოლკსვაგენ შიროკოს“ 2.0-ლიტრიანი TSI ძრავით აღჭურვილ ვერსიასთან და „მინი კუპერ JWC-სთან” კონკურენცია გაუჭირდება.

იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე კორეული კომპანია „ველოსტერს“ ამ ძრავის ტურბოკომპრესორიანი ვერსიითაც აღჭურვავდა. არ გასულა დიდი ხანი და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „ჰიუნდაი“ ნიუ იორკის ავტო შოუზე 1.6-ლიტრიანი T-GDI (ტურბოკომპრესორიანი) ძრავით აღჭურვილ „ველოსტერს“ გამოფენს.

რა ტქმა უნდა, ეს ძრავი ატმოსფერული ანალოგის ბაზაზეა შექმნილი, ოღონდ, ტურბოკომპრესორი აქვს დამატებული. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მისი სიმძლავრე 138-დან 208 ცხენის ძალამდე გაზრდილიყო. ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს მუხლა ლილვის 6 000 ბრ/წთ-ზე ავითარებს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი, ბრუნთა რიცხვის დიდ დიაპაზონში (1 600-5 000 ბრ/წთ) 264 ნიუტონმეტრს აღწევს.

ძრავის ამ მონაცემებით, „ველოსტერს“ დაახლოებით ისეთივე დინამიკური მახასიათებლები ექნება, როგორიც „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ს“ აქვს. მართალია, „ველოსტერის“ მაბრუნი მომენტი 16 ნიუტონმეტრით ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ, ის 188 კილოგრამით ნაკლებსაც (1172 კილოგრამს) იწონის. ნიუ იორკის გამოფენამდე, „ჰიუნდაი“ ტურბოძრავიანი „ველოსტერის“ დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, 0-100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, მას 7 წამი დასჭირდება.

ასეთი ძრავით აღჭურვილი „ველოსტერი“ ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. შემდეგ კი იგივე ძრავს, კორეული კომპანია უგზოობის „ჰიუნდაი ix30-ზე“ და ნათესავი „კია-ს“ „სიი’დ-ზე“ დააყენებს.

დაბოლოს, საქართველოში „ჰიუნდაის“ წარმომადგენელი, კომპანია „ჰიუნდაი ავტო ჯორჯია“ კუპე „ველოსტერის“ პირველ ეგზემპლარს სავარაუდოდ, ზაფხულში შემოიყვანს, მასზე შეკვეთების მიღებას კი მოგვიანებით შეუდგება.