Saturday, April 23, 2011

„ტოიოტა“ ნორმალურ წარმოებას ნოემბერში ან დეკემბერში განაახლებს

Toyota Expects to Resume Normal Production in November or December

23 აპრილი

მართალია, „ტოიოტამ“ თავის ყველა იაპონურ ქარხანაში წარმოება ნაწილობრივ აღადგინა, მაგრამ სრულფასოვანი წარმოების განახლებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ახლახანს კი იაპონურმა კომპანიამ, რომელიც სტიქიის შედეგად, ქვეყნის ავტომწარმოებლებს შორის, ყველაზე მეტად დაზარალდა, გამოაცხადა, რომ მისი სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ტოიოტას“ განცხადებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი ყველა მოდელის წარმოების ზრდა ივლისიდან დაიწყება. ნორმალურ რეჟიმში მუშაობას კი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო კომპანია ნოემბერში ან დეკემბერში განაახლებს.

„გულითადად მოვუბოდიშებ ყველას, ვინც ჩვენს მიერ წარმოებული ავტომობილის შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ სასურველ ავტომობილს დიდი ხნის დაგვიანებით მიიღებს. ახლა ის მაინც შეგვიძლია, რომ დილერებს ვუთხრათ, რამდენად გვიანდება წარმოების განახლება, რაც მათ კლიენტებთან ურთიერთობისას დაეხმარება. ამჟამად, მათ ამის საშუალება არ აქვთ, რაც საქმეს ძლიერ ურთულებთ. მათ შექმნილი სიტუაციის შესახებ, გარკვეული პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდათ“, - ამბობს „ტოიოტას“ მთავარი აღმასრულებელი აკიო ტოიოდა.

ამჟამდ „ტოიოტას“ იაპონური საწარმოები თავიანთი შესაძლებლობების 50 პროცენტითაა დატვირთული, რაც ელექტროენერგიის და მაკომპლექტებლების დეფიციტის შედეგია. მხოლოდ 30 პროცენტითაა დატვირთული ამერიკული ქარხნები, რომლებსაც მაკომპლექტებლების მარაგი ამოწურვაზე აქვთ.

იაპონური კომპანია აცხადებს, რომ თავის მიმწოდებლებთან ურთიერთობებს შეინარჩუნებს, თუმცა ძნელბედობის ჟამს, სხვა კომპანიებისგანც მიიღებს მაკომპლექტებლებს, რათა წარმოების ნორმალურ რეჟიმში, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს.

ამ ეტაპზე, „ტოიოტას“ დაახლოებით 150 პარტნიორი კომპანია მთლიანად ან ნაწილობრივაა გაჩერებული. ესენი მეტწილად ელექტრონიკის, საბურავების და საღებავების მწარმოებლები არიან. ესოდენ სერიოზული პრობლემების მიუხედავად, „ტოიოტა“ თავის ჩრდილოამერიკულ ქარხნებში პერსონალის დათხოვნებს არ აპირებს. არადა, ეს ქარხნები კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობენ და ისიც, მცირე დატვირთვით. ყოველივეს გამო, „ტოიოტა“ მომავალში უფრო მეტ უცხოელ მიმწოდბელებთან დაიწყებს თანამშრომლობას, რათა ასეთი შოკურ სიტუაციებს უფრო იოლად დააღწიოს თავი.

„ჰიუნდაი“ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსს უმიზნებს

Hyundai Wants World's Fourth Largest Carmaker Spot

23 აპრილი

ბოლო რამდენიმე თვეა, „ჰიუნდაისა“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ გაყიდვები განუხრელად იზრდება, რამაც კორეულ კონგლომერატს იმის საფუძველი მისცა, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსის მოპოვებაზე იფიქროს.

„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ წელს 5.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას შეძლებს. ამ იმედს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ ბოლო 11 თვეში, ამ ორი კომპანიის მიერ უკვე 5.2 მილიონი ავტომობილია გაყიდული. გაყიდული ავტომობილებიდან 3.3 მილიონი „ჰიუნდაია“, 1.91 მილიონი კი - „კია“. რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი წინა თვის შესაბამის მაჩვენებელზე თითქმის 21 პროცენტით მეტია.

„ჰიუნდაის“ მომდევნო წლისთვის გაცილებით ოპტიმისტური მიზნები აქვს, თუმცა მაინც აცნობიერებს, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესის სახელის მიწვდომა მაინც ძალიან ძნელი იქნება. გაყიდვების მაჩვენებლით მეოთხე ადგილი ამჟამად „რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსს უკავია, რომელსაც ბოლო 11 თვეში 6 მილიონზე მეტი ავტომობილი აქვს გაყიდული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაჩვენებლებით, პირველი ადგილი „ტოიოტას“ უკავია, რომელმაც 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. „ჯენერალ მოტორსი“ მას მცირედით (8.39 მილიონი) ჩამორჩა. მესამე ადგილი კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს (7.14 მილიონი) უკავია.

სხვათა შორის, მეოთხე ადგილს „ჰიუნდაის“ გარდა კიდევ ერთი კომპანია - „ფორდი“ უმიზნებს, რომლის უპირველესი მიზანიც ისაა, რომ ამერიკაში მეორე უდიდესი ავტომწარმოებლის წოდება დაიბრუნოს. ეს ადგილი მას არცთუ დიდი ხნის წინ, „ტოიოტამ“ ჩამოართვა. პირველი კი, რა თქმა უნდა, „ჯენერალ მოტორსია“.

„ჰიუნდაის“ ამბიციური მიზნის მიღწევაში შეიძლება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ ამის გამო, „ტოიოტას“ კარგა ხანს გაჩერებული ჰქონდა იაპონური ამწყობი ქარხნები, ამერიკულებში კი წარმოების ტემპები შეანელა, რადგან მაკომპლექტებლების დეფიციტს განიცდიდა. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ამერიკული ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს.

„ჰიუნდაის“ მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხნის წლიური წარმადობა 300 000 ავტომობილია, თუმცა ის ახლა იმ რეჟიმში მუშაობს, რომ 10 პროცენტით მეტი გამოუშვას. მსგავსი სიტუაციაა ამ ქარხნიდან აღმოსავლეთით, 80 კილომეტრში მდებარე „კიას“ უესტ პოინტის (შტატი ჯორჯია), ამწყობ ქარხანაში, რომელიც სამ ცვლაში, შაბათობითაც კი მუშაობს. უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ამ რეჟიმის შეცვლას არც აპირებს.

„ფიატ-ი“ მნიშვნელოვან სეგმენტში სტრატეგიას ცვლის

Fiat changes product strategy in key segment

24 აპრილი

იტალიურმა კომპანიამ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ის აღარ აპირებს ევროპის ბაზარზე ყველაზე პოპულარული, C კლასის კომპაქტურ ჰეჩბეკ „ბრავოს“ წარმოებას და მის ნაცვლად, ამავე კლასის შესაბამის ქროსოვერს გამოუშვებს, რომელიც შესაბამისი კლასის ბესტსელერ „ნისან ქაშკაის“ შთაგონებით დამზადდება.

სხვათა შორის, „ფიატ-ის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ჯერ კიდევ დეტროიტის ავტო შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია, საწარმოო პროგრამაში არაორდინარულ სვლას გეგმავდა. მაშინ გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა ამ გეგმამ ჩამოყალიბებული სახე ახლახანს მიიღო. გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპმა“ ტურინული კომპანიის წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.

ცნობისათვის, სანამ „ქაშკაის“ გამოუშვებდა, „ნისანი“ ევროპის ბაზრის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში ამინდს ვერ ქმნიდა, ამჟამად კი ამ სეგმენტში მე-5 ადგილი უკავია. კომპაქტური ავტომობილების სეგმენტი მეორე უდიდესია ევროპაში - შარშან იქ 3.16 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთლიანი ბაზრის 21 პროცენტზე მეტია. სულ ევროპაში შარშან 14.3 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე დიდი კი სუბკომპაქტური ავტომობილების (B) სეგმენტია, სადაც შარშან 3.64 მილიონი ავტომობილი (საერთო ბაზრის 25 პროცენტი) გაიყიდა.

ახლანდელი „ქაშკაი“ და „ბრავო“ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. თავიდან მათი გაყიდვების მოცულობა თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ შარშან „ქაშკაი“ „ბრავოზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი გაიყიდა (216 091 და 44 850). სხვათა შორის, „ნისანმაც“ ამ ქროსოვერით თავის დროზე, ცუდად გაყიდვადი „ალმერა“ შეცვალა. „ქაშკაიმ“ მალე მოიპოვა პოპულარობა და შარშან კომაქტური ჰეჩბეკების სეგმენტის ისეთ ლიდერსაც კი აჯობა (50 000-ზე მეტით), როგორიც არის „პეჟო 308“.

„ბრავო“ მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით გამოდის. გაყიდვების პირველ სრულ წელს (2008) მხოლოდ 95 292 ცალი „ბრავო“ გაიყიდა, ორ წელიწადში კი მისი გაყიდვები თითქმის განახევრდა. თუ თავიდან კომპაქტურ სეგმენტში მას მე-12 ადგილი ეკავა, შარშან მე-18 ადგილამდე დაქვეითდა. ასე განსაჯეთ, „ფიატ ბრავო“ „შკოდა იეტიმაც“ კი ჩამოიტოვა (47 003), თავად კი მცირედით ჩამოიტოვა ჰიბრიდული „ტოიოტა პრიუსი“ (42 816).

როცა „ბრავოს“ გაყიდვებს იწყებდა, „ფიატმა“ გამოაცხადა, რომ წლიურად 120 000 ცალის გაყიდვას გეგმავდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს მოდელი მოგებას იმ შემთხვევაში მოიტანდა, თუ წლიურად მინიმუმ 75 000 ცალი გაიყიდებოდა. ეს ზღვარი „ბრავომ“ 2007 და 2008 წლებში იოლად გადალახა, მაგრამ უკვე ორი წელია, მასთან ახლოსაც ვერ მიდის.

დეტროიტში მარკიონემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებაც „ფიატს“ მოუწევს, კომპაქტურ სეგმენტში სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავებაა. მან აღნიშნა, რომ არაპოპულარული მოდელის ბაზაზე სხვა მოდელების გამოშვება კრახისთვისაა განწირული. ის დიდხანს ეთათბირა „ფიატ-ის“ მარკეტოლოგებს და ინჟინრებს, რომლის შემდეგაც გადაწყდა, „ბრავო“ აღარ შეიცვალოს და მის ნაცვლად, ტურინელებმა კომპაქტური ქროსოვერის წარმოება დაიწყონ.

ევროპის ბაზრის კომპაქტური სეგმენტის მოწინავე ათეული

1. ფოლკსვაგენ გოლფი 501 671 -13.4%

2. ოპელ/ვოქსოლ ასტრა* 303 957 +7.6%

3. ფორდ ფოკუსი** 288 524 -11.6%

4. რენო მეგანი*** 264 690 +5.1%

5. ნისან ქაშკაი 216 091 +15.4%

6. შკოდა ოქტავია 188 073 +0.0%

7. პეჟო 308**** 165 822 -21.3%

8. ჰიუნდაი i30 118 644 +16.8%

9. პეჟო 3008 117 417 --

10. კია სიი’დ 96 848 -9.1%

შენიშვნა

* - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

** - არ შედის კაბრიოლეტი

*** - არ შედის კაბრიოლეტი

**** - არ შედის კუპე და კაბრიოლეტი

„ბუგატი გალიბიერს“ მწვანე შუქი აუნთეს

Bugatti Gives 16C Galibier Production Green Light

24 აპრილი

„ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ბუგატი“ მალე სედან „გალიბიერს“ გამოუშვებს. ეს ცნობა სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია სააგენტოს „ფოლკსვაგენის“ ორმა წარმომადგენელმა გაუმხილა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„ბუგატიმ“ კონცეპტუალური სედანი „16C გალიბიერი“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ამ ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო. მისი წარმოების დაწყებას პროტეჟირებას „ბუგატის“ და „ბენტლის“ შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი დიდი მონდომებით ცდილობდა და ბოლოსდაბოლოს, თავისი გაიტანა კიდეც.

„ფოლკსვაგენის“ გადაწყვეტილებით, სუპერ სედანს „ბუგატის“ მოლშეიმის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს, სადაც ამჯერად ჰიპერქარ „ვეირონს“ ამზადებენ. მაგრამ სანამ ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ქარხანას მოდერნიზაცია დასჭირდება. ამიტომ, სასურველ ავტომობილს პირველი მყიდველი 2013 ან 2014 წელზე ადრე ვერ მიიღებს.
„გალიბიერი“ იმავე W16 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელ ძალას „ვეირონს“ ანიჭებს. მისი მუშა მოცულობა 8.0 ლიტრია, თუმცა თუ „ვეირონის“ შემთხვევაში, ის ოთხი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (ცილინდრების ყოველ რიგზე თითო), „გალიბიერის“ შემთხვევაში, ძრავს ორსაფეხურიანი მექანიკური დამჭირხნი მოემსახურება. ამის წყალობით, მას მეტი მაბრუნი მომენტიც ექნება და რაც მთავარია, ჩავარდნების გარეშე იმუშავებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გალიბიერს“ ელექტროძრავითაც აღჭურვავენ. ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მალე ევროპის ბევრი დიდი ქალაქის ცენტრში, შიდაწვისძრავიანი მანქანებით სიარულს შეზღუდავენ. ამ შემთხვევაში კი, „გალიბიერის“ მფლობელები, ასეთ უბნებში ელექტროძრავით გადაადგილებას შეძლებენ.

დურჰაიმერი ამბობს, რომ პროექტი ჯერჯერობით ადრეულ სტადიაშია. ჯერ მანქანის გაბარიტული ზომებიც კი არაა დაკონკრეტებული. არც ისაა გადაწყვეტილი, შასი კარბოლის კომპოზიტით დამზადდება, თუ ალუმინით. სამაგიეროდ, არის ვარაუდი, რომ სედანი სულ 3 000 ცალი დამზადდება. შედარებისთვის, „ვეირონი“ მხოლოდ 300 ცალი დამზადდა. გამოცემა „ქარ-ის“ ვარაუდით, „ბუგატის“ სუპერ სედანიც „ვეირონივით“ 1 მილიონი ევრო ეღირება.

რაც შეეხება სახელს, „გალიბიერი“ ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა. ცნობისათვის, ავტომწარმოებელმა ეს სახელი საფრანგეთის ალპური ზონის უღელტეხილ „გალიბიერისგანაა“ აღებული. ამ უღელტეხილს სახელი ველომარათონმა ტურ დე ფრანსმა გაუთქვა, რომლის მარშრუტშიც ის ხშირად შედის.

სუბარუ XV“ – „იმპრეზა“ ქროსოვერის ფორმაში

Subaru XV Concept is a High-Riding Impreza Crossover

24 აპრილი

ნიუ იორკისა და შანჰაის საავტომობილო შოუზე, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდა, „სუბარუმ“ თავისი ორი სიახლე - შესაბამისად, ახალი „იმპრეზა“ და ამავე ავტომობილის ბაზაზე დამზადებული კონცეპტუალური ქროსოვერი XV წარადგინა. სხვათა შორის, ამ აბრევიატურით, იაპონური კომპანია, ზოგიერთი ბაზრისთვის, მათ შორის იაპონიისთვისაც, მაღალი გამავლობის „იმპრეზას“ აწარმოებს (იგივე ავტომობილი ამერიკაში იმპრეზა აუტბექ სპორტის სახელით იყიდება). და როგორც ჩანს, მალე ამ ავტომობილს სხვა ბაზრებზეც შეიტანს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთი იქნება.

რა თქმა უნდა, მწვანე ფოსფორისფერში გამოწყობილი ავტომობილი სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელიც „იმპრეზასგან“ მიიღო. ამასთან, ის გზის საფარიდან უფრო მეტადაცაა დაშორებული, რაც მას ქროსოვერად წარმოგვიდგენს. მის ამ თვისებას, ოდნავ უხეში დიზაინი და ბორბლებიც უსვამს ხაზს.

“სუბარუ XV-ს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 450 მილიმეტრი, სიგანე 1 800 მილიმეტრი, სიმაღლე 1 620 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 635 მილიმეტრი. ამგვარად, ის 20 მილიმეტრით გრძელი, 30 მილიმეტრით განიერი და 50 მილიმეტრით მაღალია ამავე სახელწოდების კონცეპტუალურ ავტომობილზე, რომელიც „სუბარუმ“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე გვიჩვენა.

კონცეპტუალური ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის ცილინდრებსაც ოპოზიტური განლაგება აქვს. ძრავთან უსაფეხურო ვარიატორია შეწყვილებული. სუბარუ XV“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 245/45 R19 საბურავებია ჩაცმული.

როგორც ჩანს, კონცეპტუალური ავტომობილი „სუბარუს“ ახალი კორპორატიული სტილის პიონერიცაა. და თუ ასეა, აშკარაა, რომ იაპონური კომპანია არჩევანს უფრო უხეშ ფორმებზე აკეთებს. მაგრამ ეს ავტომობილი ამ სახით ბაზარზე გამოჩნდება თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.