Sunday, November 29, 2009

”ბენტლი” ორ ახალ იაფფასან ავტომობილს გამოუშვებს
Bentley Working On Shooting Brake And Crossover Models
29 ნოემბერისულ ორიოდე წლის წინ, ”ბენტლის” ხელმძღვანელობა იმით იყო შეშფოთებული, რომ გაყიდვების წლიურმა მოცულობამ 10 000 ცალს მიაღწია. შიშის საბაბი კი ის იყო, რომ გაყიდვების შემდგომი ზრდა მარკის იმიჯს შელახავდა და მას ადვილად მისაწვდომს გახდიდა.
მაგრამ დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და კომპანიის ხელმძღვანელობა იმითაც ბედნიერი დარჩება, თუ გაყიდვები 6 000-ს გასცდება. ამის მისაღწევად კი მათ გამოსავლის ძიება დაიწყეს. ასეთად კი შეიძლება საწარმოო პროგრამის გაფართოება იქცეს. ”ბენტლიც” სწორედ ამას აპირებს - მალე მის სამოდელო გამას ორი ახალი ავტომობილი შეავსებს. ესენია ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკი, ანუ მომცრო სამკარიანი ჰეჩბეკი და ქროსოვერი.
რაც მთავარია, ორივე ავტომობილი, ”ბენტლისთვის” საკმაოდ დაბალ საფასო სეგმენტში მოექცევა. კერძოდ, მათი ღირებულება 110 000-დან 130 000 დოლარამდე იქნება. დაახლოებით ორტონანახევრიანი ავტომობილები კი V8 კონფიგურაციის ძრავებით აღიჭურვება.
შუტინგ ბრეიკი ოთხადგილიანი, სპორტული გარეგნობის ავტომობილი უნდა იყოს. ქროსოვერი კი ხუთადგილიანი იქნება და ის ”აუდი ოლროუდის” ბაზაზე დამზადდება. სავარაუდოდ, ორივე ავტომობილი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელიც წინასწარ გაივლის მოდიფიკაციას, რის შემდეგაც, მისი მაბრუნი მომენტი გაიზრდება.
სავარაუდოდ, ორი ახალი ავტომობილის წარმოება 2014 წელს დაიწყება და კომპანია ორივეს საერთო ჯამში, წლიურად 7 500 ცალს დაამზადებს.
ხუთი ვარსკვლავი ახალ ”ოპელ ასტრას”
New Opel Astra Gets Five Stars
29 ნოემბერიახალმა ”ოპელ ასტრამ” შესანიშნავი სტარტი აიღო - ხვალ შეიძლება მან წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მიოიპოვოს, მაგრამ მანამდე ერთი აღიარების მიღება უკვე მოასწრო - ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაცია ”ევრო NCAP-მა” მას უსაფრთხოების მხრივ, ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა.
სრულმასშტაბიანი სატესტო პროგრამის გავლის შემდეგ, ”ევრო NCAP-მა”” ახალ ”ასტრაში” ყველაზე მეტად ავტომობილის სავარძლების თავის აქტიური დამჭერები დააფასა. ამ დეტალმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც კი ოდესმე ”ევრო NCAP-ს” გამოუცდია. ამ სისტემის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ მისი გამოყენების შემდეგ, ის სადილერო მომსახურების გარეშე, თავადვე ახერხებს გამართვას.
ახალმა ”ასტრამ” ასევე უმაღლესი შეფასება მიიღო პირდაპირი დაჯახებისას სალონში მსხდომთა დაცვის კუთხითაც. დამატებითი ქულები ავტომობილმა ”სტაბილურობის კონტროლის ელექტრონული სისტემის” გამოც დაიმსახურა. ეს სისტემა მუდმივად აკონტროლებს გზის საფარს და მის კონდიციას და საშიშროების შემთხვევაში, ავტომობილის მართვის საშუალებებს მოსრიალების გამორიცხვაში ეხმარება.
”ასტრას” სალონი გარშემორტყმულია მტკიცე ფოლადისგან დამზადებული სტრუქტურებით, რომლებიც შეჯახებისას დეფორმირდება და ასე, შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგიის დიდ ნაწილს შთანთქავს, რითაც ალონში მყოფთ იცავს. სალონსა და დამცავ სტრუქტურებს შორის კი ეგრეთ წოდებული სადეფორმაციო ზონები მდებარეობს.
ახალ ”ასტრაზე” გამოყენებული, უსაფრთხოების კიდევ ერთი ახალი სისტემა სავარძლების დამცავი ღვედების ორსაფეხურიანი დამჭიმებია. შეჯახების დროს, ეს სისტემა მძღოლის და მგზავრების ბარძაყებს სავარზლის სტრუქტურაზე აფიქსირებს, რის შედეგადაც, საჭირო აღარაა უფრო ძვირადღირებული სამუხლე აირბალიშების გამოყენება. სალონში ისედაც ექვსი აირბალიშია. გარდა ამისა, წინა სავარძელზე შესაძლებელია საბავშვო სავარძლის დამაგრება. სპეციალური სისტემა მძღოლს იმ შემთხვევაში აფრთხილებს, თუ მას ღვედები შეკრული არ აქვს. მძღოლის განკარგულებაშია სისტემა ABS, ტრექშნ კონტროლი, წინა ადაპტირებადი მაშუქები და სამუხრუჭე ადაპტირებადი მანათობლები.
”ევრო NCAP-ის” ტესტირების პროცესში ოთხ ძირითად პარამეტრს აფასებენ. ესენია: ზრდასრული მგზავრების დაცვა, ბავშვების დაცვა, ფეხით მოსიარულეთა დაცვა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემები.
ხვალ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი გამოცხადდება
European Car of the Year
29 ნოემბერიტრადიციული კონკურსი ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი” ფინალურ სტადიაზეა. ევროპის ქვეყნების საავტომობილო გამოცემების რედაქტორებს მათტვის გადაცემული 25-25 ქულა უკვე განაწილებული აქვთ. ჟიურის შედეგები უკვე შეჯამებულიც ექნება, ხვალ კი 2010 წლის საუკეთესო ავტომობილს დაასახელებს.
კონკურსის ფინალში 7 ავტომობილია გასული. ესენია: ”სიტროენ C3 პიკასო”, ”მერსედეს-ბენც E-კლასი”, ”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, ”პეჟო 3008”, ”შკოდა იეტი”, ”ტოიოტა iQ” და ”ფოლკსვაგენ პოლო”.
კონკურსის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ის თვისებები, რომელთა გამოც ეს შვიდეული ფინალში მოხვდა.
”სიტროენ C3 პიკასოში” ჟიურიმ ხალასი სტილისთვის და იმ თვისებებისთვის დაფასდა, რომლებიც მას ნამდვილ საოჯახო ავტომობილად წარმოგვიდგენს. ”გზაზე ამ მაღალ ავტომობილს თავი კარგად უჭირავს, თუმცა საკმაოდ ჩლუნგი საჭის მექანიზმი კი აქვს. ძრავებს კი, მცირე მუშა მოცულობის მიუხედავად, საკმარისი სიმძლავრე აქვთ და რაც მთავარია, საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ”.
E-კლასის მერსედესი ”ელეგანტური სალონით, კუპეს სტილითა და თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგულით მოგხიბლავთ. ეს ავტომობილი კვლავ სამოდელო გამის ძირითადი ღერძია”.
”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, რომლის უახლოესი ნათესავი ”ინსინია” შარშან გახდა წლის საუკეთესო ავტომობილი და ამ ერთ წელიწადში, ევროპაში თავისი კლასის ბესტსეკერად იქცა, ფინალში თავისი ძრავების წყალობით მოხვდა. ”ის კარგი შესრულებით და მისაღები ფასებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, სალონის მოცულობა თითქმის არ გაზრდილა, თუმცა მისი შესრულების დონე, წინამორბედისაზე გაცილებით მაღალია”.
”მოდელი 3008 ბოლო წლებში ყველაზე ორიგინალური ”პეჟოა”. მასში ორიგინალურადაა შერწყმული ჰეჩბეკისა და უგზოობის ავტომობილის თვისებები. მისი საბაზრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც მასზე ჰიბრიდულ აგრეგატებს გამოიყენებენ”.
ჟიურიმ ”შკოდა იეტის” ”შიგადაშიგ ოფ-როუდერი” უწოდა. საინტერესო შეფასებაა, თუმცა შემდეგი ფრაზა ყველა კითხვას საკადრის პასუხს აძლევს: ”ავტომობილი ”ფოლკსვაგენ გოლფის” პლატფორმაზე დგას, რაც მის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს. ავტომობილი საკმაოდ მაღალია, თუმცა საოცარი მდგრადობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ ძნელად წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო”.
ყველაზე პატარა ფინალისტებს შორის არის iQ, რომელიც ფინალში მოხვედრილი ერთადერთი არაევროპული კომპანიის ქმნილებაა. ”მასში წარმოუდგენლადაა შერწყმული პატარა ზომა, ამის ფონზე საკმაოდ მოცულობითი ინტერიერი, ფუნქციურობა და უსაფრთხოება. iQ შესანიშნავი მანევრულობით გამოირჩევა, მაგრამ გზაზე მძღოლისადმი დამჯერობით მაინც არ გამოირჩევა”. ჟიურის აზრით, ძრავების შესაძლებლობები ავტომობილის საჭიროებას მნიშვნელოვნად აღემატება.
დაბოლოს, ”პოლო”. ”ეს არის დაპატარავებული ”გოლფი”. ამ ავტომობილში, დახვეწილობის სულისკვეთება სტრუქტურასთანაა შერწყმული, მისი გარეგნობა კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის ისეთივე მოზრდილი ზომისაა, როგორც მისი კლასის კონკურენტები. ”გოლფთან” მსგავსებას კი ამ კლასში უპრეცენდენტო ხარისხიანობა შემოაქვს”.
მაშ ასე, ფინალისტები დახასიათებულია. ხვალ კი მათ შორის საუკეთესოს სახელს გავიგებთ.