Thursday, January 27, 2011

”ჰიუნდაიმ” შარშან 3.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა

Hyundai Sells 3.6 Million Vehicles

27 იანვარი

”ჰიუნდაი” თავბრუდამხვევი ტემპით ზრდას განაგრძობს და გაყიდვების და მოგების რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით აუმჯობესებს. შარშან კორეულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე ”ტოიოტასაც” კი გადაასწრო, ამერიკაში კი ნახევარმილიონუანი ზღვარი პირველად გადალახა მას შემდეგ, რაც 1986 წელს იქ პირველი ავტომობილი გაჰყიდა. გარდა ამისა, გაყიდა თავის ისტორიაში რეკორდულად ბევრი ავტომობილი და ასევე რეკორდულად დიდი მოგება მიიღო.

მის ჯგუფში შემავალი ”კია მოტორის” მონაცემების ჩაუთვლელად, ”ჰიუნდაიმ” შარშან მთელს მსოფლიოში 3 612 487 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 16.3 პროცენტით მეტია. გაყიდული ავტომობილებიდან, კომპანიამ 1 730 682 კორეაში გამოუშვა, 1 881 805 კი - უცხოეთში.

არნახულ მაჩვენებლებს მიაღწია შემოსავალმა და მოგებამ. შემოსავალი 15.4 პროცენტით, 36.8 ტრილიონ ვონამდე (დაახლოებით 33 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. გაყიდვების ზრდა პირველ რიგში, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებამ განაპირობა. იგივე მიზეზით, 44.4 პროცენტით, 3.2 ტრილიონ ვონამდე (2.8 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა საოპერაციო მოგება, 77.8 პროცენტით, 5.3 ტრილიონ ვონამდე (4.8 მილიარდი დოლარი) კი - ქსელური მოგება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ”ჰიუნდაის” გაყიდვების ზრდა მეტწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იაპონური იენის გამყარების კვალობაზე, ამომავალი მზის ქვეყნის კომპანიებს კონკურენტუნარიანობა დააკლდათ. განსაკუთრებით კი ეს მსოფლიო ლიდერ ”ტოიოტას” ეხება. მაგრამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბაზარზე ისეთი ახალი ავტომობილების გამოშვება გახდა, როგორებიც ”სონატა”, ”ელანტრა” და ”ტუსანია”. ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კორეული ვონის გამყარება საქმეს ”ჰიუნდაისაც” გაურთულებს, თუმცა კორეული კომპანიის ზრდას ეს მაინც ვერ შეაფერხებს.

”ჰიუნდაი” წელს დაახლოებით 3.9 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რითაც მსოფლიო ბაზარზე მისი წილი (შარშან ეს მაჩვენებელი 5.2 პროცენტი იყო) კიდევ უფრო გაიზრდება.