Friday, October 22, 2010

”ნისანმა” ელექტრომობილ ”ლიფის” წარმოება დაიწყო

Nissan Leaf EV Enters Production at Oppama, Japan

21 ოქტომბერი

22 ოქტომბერი ღირსშესანიშნავი დღეა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში - იაპონურმა კომპანია ”ნისანმა”, თავის ოპამას (იაპონია) ქარხანაში, სრულიად ელექტრული ავტომობილის, ”ლიფის” წარმოება დაიწყო. პირველ ავტომობილებს კომპანიის იაპონელი დილერები მიიღებენ, დეკემბერში ეს ავტომობილი აშშ-ში გამოჩნდება, ევროპას კი იანვარში მიაღწევს.

”ოპამას ქარხანა ”ლიფის” მთავარი გამომშვები იქნება. აქ დაგროვილ გამოცდილებას და ყველანაირ სიახლეს კი ჩვენ მომავალში სხვა ქარხნებშიც გამოვიყენებთ, სადაც ელექტრომობილების წარმოებას გადავწყვეტთ”, - ელექტრომობილის წარმოებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა ოპამას ქარხნის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ჰიდეტოში იმაძუმ.

”ლიფის” გარდა, ოპამას ქარხანა ასევე გააგრძელებს ”ნისან ჯუკისა” და ”ნისან კუბის” წარმოებას. არადა, ქარხნის ნაწილი, ელექტრომობილების წარმოებისთვის გადაკეთდა. მოდერნიზაცია შეეხო იმ ხაზს, სადაც ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის საწვავის ავზებს ამზადებენ. შესაბამისად, ელექტრომობილზე ძრავებს და დენის გარდამქმნელებს იმ ხაზებზე დაამონტაჟებენ, რომლებზეც ადრე ჩვეულებრივ ავტომობილებზე შიდაწვის ძრავებს ამაგრებდნენ.

ელექტრომობილისთვის ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს ”ნისანისა” და კომპანია ”ნეკ-ის” ერთობლივი საწარმო დაამზადებს, რომელიც იაპონიის ქალაქ ძამაში მდებარეობს. აწყობილი აკუმულატორები ოპამაში იგზავნება. თითოეულ ”ლიფზე” 48 ცალი ასეთი აკუმულატორის ბლოკი მაგრდება.

”დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვიწყებთ არამხოლოდ ”ნისანისა” და ”რენო-ნისანის” ალიანსისთვის, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიისთვისაც. მყიდველმა იცის, რაც უნდა - მას ხარისხიანი ხელმისაწვდომი ტრანსპორტი სჭირდება. ჩვენ მყიდველს სწორედ ასეთ ავტომობილებს მივაწვდით. მალე მომხმარებელი ავტომობილების შესახებ წარმოდგენას რადიკალურად შეიცვლის და მას ამაში ჩვენ დავეხმარებით”, - ამბობს ”ნისანის” პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი.

ოპამას ქარხნის გარდა, ”ლიფის” წარმოებას 2012 წელს ”ნისანის” სმირნას (აშშ) ქარხანა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხანაც გამოუშვებს. პირველის წლიური საწარმოო მოცულობა 150 000 ავტომობილია, მეორისა კი - 50 000.

შტატებში ”ნისან ლიფის” ფასი 32 780 დოლარია, თუმცა სახელმწიფო შეღავათების წყალობით, ეს თანხა 25 280 დოლარამდ ჩამოვა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ელექტრომობილის ლიზინგით დაქირავება და ამ შემთხვევაში, მყიდველს მასში თვეში 349 დოლარის გადახფა მოუწევს. შედარებისთვის, ტექნოლოგიურად უფრო მაღალ საფეხურზე მდგარი ”შევროლე ვოლტის” საწყისი ფასი 41 000 დოლარია და საგადასახადო შეღავათის შემდეგ, ეს ფასი 33 500 დოლარამდ მცირდება.

დაბოლოს, ”ნისან ლიფის” ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ. მამოძრავებელ ძალას მას 109-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. ამ აკუმულატორების მარაგი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 160 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების სრულად დამუხტვას 8 საათი სჭირდება, მისი მარაგის სწრაფად 80 პროცენტამდე დასამუხტად კი ნახევარი საათიც საკმარისია.

კონკურს ”წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილის” ფინალისტები

2011 Green Car of the Year Finalists Announced

21 ოქტომბერი

კონკურს ”წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილიზე”, ფინალისტები გამოცხადდნენ, რომლთაგან ყველაზე ეკოლოგიურის სახელის მფლობელი ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე, 18 ნოემბერს დასახელდება. ფინალში სულ ხუთი ავტომობილი გავიდა. მათგან ორი ელექტრომობილია - ”შევროლე ვოლტი” და ”ნისან ლიფი”, ორი ჰიბრიდია - ”ჰიუნდაი სონატა ჰიბრიდი” და ”ლინკოლნ MKZ ჰიბრიდი”, ასევე შიდაწვისძრავიანი ”ფორდ ფიესტა”.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნომინანტებს შორის ორი ელექტრომობილი მოხვდა. მართალია, ელექტრომობილები და ჰიბრიდები გაცილებით ეკონომიური აპეტიტით გამოირჩევიან, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ”ფორდ ფიესტა”, რომელიც 100 კილომეტრს 5.88 ლიტრი საწვავს მოიხმარს.

”ჩვენი კონკურსის ფინალში ამ ხუთი ავტომობილის მოხვედრა იმის ნათელი დასტურია, რომ საავტომობილო ინდუსტრია გარდამავალ ეტაპზეა. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილებს ალმაცერად უყურებდნენ, დღეს კი ბევრ ავტომწარმოებელს თავის საწარმოო პროგრამაში ელექტრომობილის შეტანა მთავარ მიზნად აქვს დასახული”, - ამბობს გამოცემა ”გრინ ქარ ჯორნელის” გამომცემელი რონ კოგანი.

მართალია, ”შევროლე ვოლტის” და ”ნისან ლიფის” გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კონკურსის პირობები მათ მონაწილეობის უფლებას აძლევს. კერძოდ, ამ პირობების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობისთვის ის ავტომობილები დაიშვება, რომელთა წარმოებაც საკონკურსო წლის (ამ შემთხვევაში, 2011 წლის) 1 იანვრამდე გამოვა ქარხნიდან. ცნობისათვის, ”ნისანმა” თავისი ელექტრომობილის წარმოება ახლახანს დაიწყო.

ცნობისათვის, წლევანდელი კონკურსის ჟიურიში საავტომობილო სამყაროს ისეთი ავტორიტეტები შეიყვანეს, როგორებიც არიან ”ღამის შოუს” წამყვანი და უნიკალური ავტომობილების კოლექციონერი ჯეი ლენო და ამერიკული აპორტული ავტომობილების გურუ ქეროლ შელბი.