Friday, February 18, 2011

„ფორდმა“ კიოლნში ელექტრული ფურგონის ტესტირება დაიწყო

First Ford Transit Connect Electric charged for German field test

18 თებერვალი

საავტომობილო ბაზრის ელექტრომობილების სეგმენტში „ფორდმაც“ შეაბიჯა - ამერიკულმა კომპანიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნში მოქმედმა პროექტმა „E-მობილმა“, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ელექტრომობილების ტესტირება დაიწყეს.

ამერიკულმა კომპანიამ ამ ტესტირებისთვის თავისი პირველი სერიული ელექტრომობილი - „ტრანზიტ კონექტ ელექტრიკი“ მოამზადა. სულ ტესტირების პროცესს ათი ასეთი ავტომობილი გაივლის. სხვათა შორის, კიოლნშივე უკვე რამდენიმე თვეა, ტესტირებას ათი ცალი საშუალო ზომის არასერიული კომერციული ელექტრული ფურგონი „ტრანზიტ BEV“ (BEV - ბატერი ელექტრიკ ვიიქლ, ანუ აკუმულატორიანი ელექტრული მანქანა) გადის.

პროექტში, „ფორდის“ გარდა, კიოლნის ხელისუფლება, ენერგომიმწოდებელი კომპანია „რაინენერჯი“ და დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი მონაწილეობენ. პროექტის მიზანია, შეისწავლოს ქალაქის პირობებში ელექტრული ფურგონის ყოველდღიური ექსპლუატაციის თავისებურებანი.

ელექტრული „ფორდ ტრანზიტ კონექტი“ ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ფურგონისთვის დამახასიათებელი დინამიკით, ტევადობით და ექსპლუატაციის სიმარტივით გამოირჩევა, რის გამოვ, ის შესანიშნავი არჩევანია, როდესაც საქმე ქალაქში მცირე ტვირთების გადაზიდვებს ეხება. ლითიუმ-იონური ელემენტევის ბლოკი ავტომობილის ძირზეა მოთავსებული, რისი წყალობითაც, მისი საბარგულის მოცულობა არ შემცირებულა.

ავტომობილი გერმანულ კომპანია „სიმენსის“ წარმოების ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 78 ცხენის ძალას და 235 ნიუტონმეტრს იძლევა. მასთან ამერიკულ კომპანია „ბორგ უორნერის“ წარმოების ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირბული, რომლის ერთადერთი საფეხურის გადაცემის რიცხციც 8.5:1-ზეა. აკუმულატოების ბლოკის ენერგოტევადობა 28 კილოვატსაათია. სეგმენტი, სადაც ელემენტების ბლოკია გამაგრებული, ავტომობილის ძარის სტრუქტურის სიხისტის გაზრდასაც უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, აკუმულატორების წონა დაახლოებით 453 კილოგრამია და ავტომობილის ტვირთამწეობაც ამდენივეთია შემცირებული.

240-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვისას, „ფორდ ტრანზიტ კონექტის“ აკუმულატორები (რომლებსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება) სრულად 8 საათში ივსება, 120-ვოლტიანი შტეპსელის გამოყენების შემთხვევაში კი, დამუხტვის დრო 27 საათამდე იზრდება. სრულად შევსებული აკუმულატორებით, ელექტული სატვირთოს სვლის სიშორე 130 კილომეტრს აღწევს.

ტესტირების პროცესში, ელექტრულ ფურგონებს „რაინენერჯის“ მიერ მოწყობილი დასამუხტი სადგურები მოემსახურება. სხვათა შორის, ტესტირების დროს, ასეთი სადგურების ეფექტურობაც შემოწმდება. მთავარი კი ისაა, თუ რამდენად გამძლეა ელექტრომობილის ელექტრული სისტემები და დამუხტვა-განმუხტვის რამდენ ციკლს უძლებს აკუმულატორების ბლოკი.
B99 - პატარა „იაგუარის“ კონცეპცია „ბერტონესგან“
Bertone's Baby-Jaguar B99 Concept
18 თებერვალი
იტალიურმა სადიზაინერო სახლმა „ბერტონემ“, ჟენევის ავტო შოუსთვის, კონცეპტუალური ავტომობილი მაომზადა, რომელსაც „იაგუარ B99“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს ინგლისური მარკის ახალი პატარა სედანია, თუ უბრალოდ, „ბერტონეს“ საჩვენებელი ავტომობილი, რომლითაც იტალიური ატელიე თავს გვახსენებს.
კონცეპტუალურ ავტომობილს „იაგუარი“ კი ეწოდება, თუმცა აბრევიატურა დიზაინ ატელიესგან აქვს მიღებული - B სწორედ „ბერტონეს“ ნიშნავს, რიცხვი კი - ამ ატელიეს არსებობის B99 წელს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ეს ავტომობილი მალე ინგლისური მარკის ყველაზე პატარა მოდელ X-ტაიპს შეცვლის.
კონცეპტუალური ავტომობილი კომპაქტურ სედანად კი ითვლება, მაგრამ თუ მის გაბარიტებს გადავხედავთ, კომპაქტურობისას ვერაფერს შევატყობთ: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 1.95 მეტრი, სიმაღლე კი 1.35 მეტრი. თავისი გარეგნობით, ის კლასიკურ XJ-ს მოგვაგონებს. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი, მისი კარებები კი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. B99-ს ოთხი კარი კი აქვს, მაგრამ მათგან სრულფასოვანი მხოლოდ წინა კარებებია, უკანებს კი წინების ნახევარი სიგრძე აქვს. სავარაუდოდ, თუ ეს ავტომობილი კონვეიერზე დადგა, მწარმოებელი სტანდარტულ კარებებზე შეაჩერებს არჩევანს.

ავტომობილის გარეგნობას ერთი საინტერესო თვისება აქვს - მისი წინა და უკანა ნაწილები ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ, მთავარი ფარები და გაბარიტული ფარები წვრილი, წაგრძელებული და თითქმის ერთნაირი მოყვანილობისაა. მათ შორისაც ერთმანეთის მსგავსი, ოვალური მოყვანილობის სეგმენტებია ჩაყოლებული. წინ ეს სეგმენტი რადიატორის ბადითაა შევსებული, უკან კი მასში სანომრე დაფა მოუთავსებიათ.
ჯერ „იაგუარ B99-ის“ ინტერიერის ფოტოები არ გავრცელებულა, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ინგლისური მარკისთვის შესაფერისად, მდიდრულად გამოეწყობა. სალონის გაფორმებისას ძვირფას ტყავს, ალუმინისა და აფრიკული კაკლის ხის დეტალებს გამოიყენებენ.
ჯერჯერობით არც ამ ავტომობილის აღჭურვილობაზე გავრცელებულა ინფორმაცია. ამ მხრივ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ჰიბრიდული (კერძოდ რა ტიპის, ესეც უცნობია) დანადგარით აღიჭურვება. ამასთან, „ბერტონე“ ირწმუნება, რომ ავტომობილს სვლის დიდი მარაგი ექნება.