Friday, July 3, 2009

”ბეემვე ზაუბერი” გერმანიაში მოდიფიცირებულ მანქანას გამოიყვანს

Formula 1

3 ივლისი

მიმდინარე სეზონი ”ბეემვე ზაუბერისთვის” არცთუ ურიგოდ დაიწყო, მაგრამ შემდეგ გუნდმა აშკარა რეგრესი განიცადა და ახლა მის პილოტებს ქულების აღებაც კი უჭირთ. თუმცა გუნდში იმედი აქვთ, რომ გერმანული ეტაპიდან, რომელსაც მომდევნო უქმეებზე ავტოდრომი ნურბურგრინგი უმასპინძლებს, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ამის საბაბს კი მათ ბოლიდის მრავალმხრივი მოდიფიცირება აძლევს.

გერმანიაში მანქანას უფრო სრულყოფილი ორმაგი დიფუზორი ექნება, რომელმაც აეროდინამიკურ მილში მრავალსაათაინი გამოცდა ჩააბარა. მოდიფიკაცია ასევე შეეხო უკანა საკიდარს და წინა და უკანა აეროდინამიკურ ელემენტებს.

”ბეემვე მოტორშპორტის” შეფი მარიო თაისენი იმედოვნებს, რომ ბრიტანულ და გერმანულ ეტაპებს შორის ჩატარებული სამუშაოს წყალობით, მისი გუნდი წინსვლას შეძლებს და მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდება.

”სეზონის პირველი ნაწილით ძალიან უკმაყოფილონი ვართ. წინა სამი წარმატებული სეზონის შემდეგ, ეს პირველი სერიოზული ჩავარდნაა. მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს. ჩვენ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და ახლა სწორედ ასე ვიქცევით. ვიმედოვნებ, ჩატარებული სამუშაო სიტუაციის შემობრუნების საშუალებას მოგვცემს. მანქანაში რამდენიმე მექანიკური და აეროდინამიკური ელემენტი, მათ შორის, ორმაგი დიფუზორი შევცვალეთ. ვფიქრობ, შემდეგ რბოლაზე ამის შედეგს ვიხილავთ”, - ამბობს თაისენი.

სხვათა შორის, თითქმის ანალოგიური სახის ცვლილებების შემდეგ, სილვერსტოუნზე ”რედ ბულმა” ყველა მეტოქე, მათ შორის ჩემპიონატის გამოკვეთილი ”ბრაუნ GP”, პირწმინდად დაამარცხა. შეძლებს თუ არა იგივეს გერმანულ-შვეიცარიული საჯინიბო, ამას ერთ კვირაში გავიგებთ.

”რედ ბულში” ”მერსედესის” ძრავებზე ფიქრობენ

Formula 1

3 ივლისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭოს მიერ ათი დღის წინ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, რომელიც მომავალი სეზონის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს გვაცნობს, ზოგიერთი გუნდის გასწვრივ, ძრავის მიმწოდებელი კომპანიის გრაფა ცარიელია.

ასეთი სულ სამია, მათგან ორი კი მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი - ”ბრაუნ GP” და ”რედ ბული”, ასევე ამ უკანასკნელის შვილობილი ”ტორო როსო”. შეგახსენებთ, პირველს ძრავებს ”მერსედეს-ბენცი” აწვდის, მეორეს ”რენო”, მესამეს კი - ”ფერარი”. ”ბრაუნის” წარმატებები დიდწილად სწორედ გერმანულმა ძრავებმა (სურათზე) განაპირობა. მაგრამ მის შეფ როს ბრაუნს, რატომღაც ჯერ სამომავლო გადაწყვეტილება არ მიუღია და თუ არ იჩქარა, შეიძლება ლუკმა ხელიდან მთავარმა მეტოქემ - ”რედ ბულმა” გამოაცალოს.

ამის შესაძლებობაზე ”რედ ბულის” შეფ ქრისტიან ჰორნერის გამონათქვამიც მიუთითებს: ”თქმა არ უნდა, რომ ”მერსედესს” შესანიშნავი ძრავები აქვს. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ვჩქარობთ. იდრ კი, თუ ”ბრაუნ GP-ს” მაგალითს ავიღებთ, ამ ძრავებზე შეგიძლია სეზონის მიწურულს გადახვიდე და მაინც წარმატების იმედი გქონდეს”. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი კომპლიმენტია...

სხვათა შორის, ”მერსედესის” ძრავებით რამდენიმე გუნდის დაინტერესებაზე გერმანული კომპანიის სპორტული დივიზიონის შეფი ნორბერტ ჰაუგიც ლაპარაკობს. მისი თქმით, ნებისმიერი გუნდის მენეჯერი საუკეთესო ძრავის (ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რომელ ძრავს გულისხმობს) შეძენას ცდილობს. ჰაუგი პირდაპირ არ ადასტურებს მისი კომპანიის ძრავებით ”რედ ბულის” დაინტერესებას. თუმცა არც გამორიცხავს.

აქ ერთ საინტერესო ფაქტზეც უნდა ითქვას: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ”ბრაუნი” მალე თავის ყველაზე მდიდარ სპონსორს - ”ვირჯინს” დაკარგავს, ვისაც, თუ გაზეთ ”გარდიანში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას დავუჯერებთ, უკვე ნაყიდი აქვს ფ1-ის ახალი გუნდი ”მეინორი” და მერმის მას ”ვირჯინის” სახელით გამოიყვანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ბრაუნი” შეიძლება კვლავ ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. და თუ მას თავს მალე ვერ დააღწევს, მაშინ სამერმისოდ ”მერსედესის” ძრავების შეძენა გაუჭირდება. ამ ძრავების ყიდვაზე კი უკვე ”ვირჯინიც” ფიქრობს...

ისევ მფრინავი ავტომობილების შესახებ

Aerocar

3 ივლისი





მფრინავი ავტომობილების შესახებ ვის არ გსმენიათ. ბევრს ეს ფანტაზიის წყარო ჰგონია, ზოგს მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს, ძალიან ცოტანი კი ტექნიკის მსგავსი საოცრების შექმნას თავად ცდილობენ და ხშირად, საკმაოდ წარმატებულადაც. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ პირველი მფრინავი ავტომობილი (აეროქარ) 60 წლის წინათ, ამერიკელმა ავიატორმა მოლტონ ტეილორმა შექმნა და შემდეგ საკუთარი კომპანია - ”აეროქარ ინტერნეიშნლი” ჩამოაყალიბა. კომპანიამ მხოლოდ ექვსი ცალი ”აეროქარი” დაამზადა, რომელთა ფასი 24 812 დოლარი იყო.

იმ ექვსი ”აეროქარიდან” სულ ცოტა ორი, დღესაც მთელია. მათგან ერთი ინტერნეტ აუქციონ eBay-ზე 3.5 მილიონ დოლარად იყიდება, მეორე ენთუზიასტ ედ სუინის (ზედა სურათზე) ეკუთვნის, რომელიც მის საოჯახო რელიქვიად, სამუდამოდ დატოვებას აპირებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, 21 წლის წინ 150 000 დოლარად (ახლანდელი კურსით თითქმის მილიონი) შეძენილი ”აეროქარის” მისგან გამოსყიდვა ბევრს სდომებია.

იმ ”აეროქარს, რომლიც eBay-ზე იყიდება, პასპორტში უწერია, რომ პირველი ფრენა 1949 წელს შეუსრულებია, ბოლო კი - 1977 წელს. ასე რომ მასში 3.5 მილიონის გადახდას მხოლოდ იმისათვის, რომ ფრთებშეკვეცილი მანქანით მხოლოდ ასფალტზე, საკმაოდ მოკრძალებული (დაახლოებით 100 კმ/სთ) სიჩქარით იაროს, ბევრი არ მოისურვებს.

სუინის ”აეროქარი” კი 1956 წელსაა გამოშვებული და როგორც მისი პატრონი ამბობს, ფრენა ახლაც შეუძლია. სულ 5 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ”აეროქარი” ავტომობილიდან თვითმფრინავად გადაკეთდეს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე (რა თქმა უნდა, ჰაერში) 240 კმ/სთ-ს აღწევს.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მალე ამერიკული კომპანია ”ტერაფუჯა” თავისი კონსტრუქციის მფრინავ ავტომობილ ”ტრანსიშნ-ის” (ამ მანქანის შესახებ სტატიის ნახვის მსურველებმა გვერდზე, google search განყოფილებაში მიუთითეთ Terrafugia Transition) გავიდვებს დაიწყებს. მანქანა, რომელსაც თვითმფრინავის სერტიფიკატი უკვე მიღებული აქვს, ბაზარზე წლის შემდეგ გამოჩნდება, მისი ღირებულება კი 194 000 დოლარია.

”ბრიჯსტოუნი” სტრატეგიას ცვლის

Formula 1

3 ივლისი

საბურავების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია ”ბრიჯსტოუნმა”, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდებისთვის საბურავების მონოპოლიური მიმწოდებელია, გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ამ სეზონში აპრობირებული ტაქტიკის გამოყენებას, რაც გუნდებისთვის მახასიათებლებით მკვეთრად განსხვავებული საბურავების მიწოდებას ითვალისწინებდა.

ფორმულა 1-ში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, გუნდები ვალდებულნი არიან, რბოლის დროს მინიმუმ ორი განსხვავებული შემადგენლობის (მყარი და რბილი) საბურავები გამოიყენონ. გასაგები მიზეზების გამო, წვიმის დროს, ეს წესი აუცილებლად ირღვევა.

ამ სეზონში ”ბრიჯსტოუნმა” რატომღაც (ალბათ იმისათვის, რომ რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებისთვის შეეწყო ხელი), უცნაური ტაქტიკა აირჩია - გუნდებს ორი მკვეთრად განსხვავებული ტიპის საბურავებით (მაგალითად, ჰარდი და სოფტი, ან მედიუმი და სუპერ სოფტი) ამარაგებდა. ამის გამო, ჩემპიონატის მსვლელობისას, პილოტები ხან რეზინის ზედმეტად ცვეთადობის პრობლემას აწყდებიან, ხანაც საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება უჭირთ, რაც მათ ზედმეტ პრობლემებს უქმნის და თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.

”ბრიჯსტოუნის” განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის შეფმა ჰიროჰიდე ჰამაშიმამ ბრიტანული ეტაპის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და შედეგად, პილოტების და გუნდების მხრიდან, კომპანიის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

მაგალითად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ მკვეთრად განსხვავებული მახასიათებლების მქონე რეზინის მიწოდებით, აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება არაფრით შეუძლია.

ამიტომ, გერმანიის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ”ბრიჯსტოუნი” ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება და გუნდებს ისევ ერთი ხარისხობრივი საფეხურით განსხვავებულ საბურავებს მიაწვდის.

”კია სოულ’სტერი” - ამერიკის წლის საუკეთესო კონცეპტუალური უგზოობის მოდელი

KIA Soul’ster

3 ივლისი

აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთის საავტომობილო მედიის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა, ამ წლის საუკეთესო კონცეპტუალურ უგზოობის მოდელად ”კია სოულ’სტერი” დაასახელა, რომლის დებიუტიც წლის დასაწყისში, დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე შედგა.

ჟიურიმ, რომელშიც თითქმის სამი ათეული ამერიკელი საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა, არჩევანი 23 კონცეპტუალურსა და 11 წინასერიულ მოდელს შორის გააკეთა, რომელთა პრემიერაც წელს, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შედგა.

”კია სოულ’სტერი”, რომელიც გაბედული და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, ”კია მოტორსის” პირველი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელმაც წლის საუკეთესოს (ნებისმიერ ნომინაციაში) წოდება მოიპოვა.

”ამ ავტომობილის ბაზისი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩვენმა ინჟინრებმა მოდელი ”სოული” შექმნეს. ”სოულ’სტერით” კი ჩვენ ”სოულის” ოჯახი ახალ, წარმოუდგენელ სიმაღლეზე ავიყვანეთ. კომპანიისთვის დიდი პატივია, რომ ჩვენმა ავტომობილმა ასეთი აღიარება დაიმსახურა. ეს კი ”კიას”, როგორც ხარისხიანი და შესანიშნავი დიზაინის მქონე ავტომობილების მწარმოებლის იმიჯს, ძალიან გამოადგება”, - განაცხადა ”კიას” ამერიკული დიზაინ ცენტრის მთავარმა ინჟინერმა ტომ კერნსმა.

მართალია, ”სოულ’სტერის” წარმოება ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა ესოდენი აღიარების შემდეგ, კორეული კომპანიის ხელმძღვანელობას მისთვის მწვანე შუქის ანთება არ უნდა დაენანოს.

”აუდი” 100 წლის იუბილეს გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე აღნიშნავს

Audi celebrate its 100th anniversar

3 ივლისი


დღეს გუდვუდში (ინგლისი, დასავლეთ სასექსი) იხსნება სიჩქარის ტრადიციული ფესტივალი, რომელზეც, ”აუდის” დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გერმანული კომპანიისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა.

სკულპტურა, რომლის სიმაღლე 35 მეტრს აღწევს, სახელოვანი ინგლისელი ხელოვანის, სასექსის ლორდ მარჩის ახლო მეგობრისა და კომპანიონის, გერი ჯუდას მიერაა შექმნილი და ის ფესტივალის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე - ავტოდრომის შესასლელში, ლორდის სასახლის წინ დაიდგა.

სკულპტურა მაგისტრალური გზაჯვარედინის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის ერთ ბოლოშიც ”აუდის” წინამორბედ ”აუტო უნიონის” სარბოლი (სარეკორდო) ავტომობილი მიჰქრის, მეორე ბოლოში კი სკულპტურას კენწეროში მოქცევია გერმანული კომპანიის უახლესი სპორტული მოდელი R8 V10, რომელსაც, თითქოს ცისკენ (აუდის მომავალი მიღწევებისკენ) აუღია გეზი.

ჟურნალ ”აუტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქანდაკება 40 ტონას იწონის და მის მონტაჟს, 12-მა სპეციალისტმა, რომელთა განკარგულებაშიც, 100 ტონა ტვირთამწეობის ორი სპეცმანქანა იმყოფებოდა, თითქმის ერთი თვე მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ ავტოდრომის შესასვლელში თემატური სკულპტურის დადგმაც გუდვუდური ფესტივალის ტრადიციაა. მონუმენტებს ყოველთვის ბატონი ჯუდა ამზადებს, რომელიც ყოველთვის ორიგინალური იდეებით ახერხებს მნახველთა გაოცებას. რა თქმა უნდა, მისი სკულპტურები ან ავტოსამყაროს გამორჩეულ მოვლენებს ეხება, ან რომელიმე კომპანიის იუბილეს. ავტორი განმარტავს, რომ ”აუდისადმი” მიძღვნილი ქანდაკებით, მან კომპანიის სპორტულობას, პრესტიჟულობასა და პროგრესულობას გაუსვა ხაზი.

ჯუდა ყვება, რომ ”აუდის” საიუბილეო სკულპტურაზე მუშაობის დასაწყისში, ოცამდე ესკიზი შეასრულა, რომელთა შორისაც საუკეთესო და ყველაზე ორიგინალური შეარჩია.

სკულპტურის გარდა, გერმანული კომპანიის იუბილეს აღსანიშნავად, გუდვუდში ”აუდის” არაერთი სახელოვანი ავტომობილი გამოიფინება. რა თქმა უნდა, ფესტივალზე საპატიო სტუმრებად ის ადამიანები არიან მიწვეულნი, რომლებიც ამ კომპანიის ავტორიტეტს ქმნიდნენ. ფესტივალის დამთვალიერებლებს ტრასაზე შეუძლიათ ნახონ 30-იანი წლების ლეგენდარული ”ვერცხლისფერი ისრები” (ასე იმ დროის ”მერსედესების” გარდა, ”აუტო უნიონის” ბოლიდებიც მოიხსენიებოდნენ), 80-იანი წლების ”აუდი კვატროები” და თანამედროვე ლე მანის 24-საათიანი რბოლების ტრიუმფატორი პროტოტიპები.

ქვემოთ მოყვანილია ”აუდის” ისტორის ზოგიერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა:

1909 - გამოვიდა პირველი ავტომობილი (ტაიპ A), რომელიც აუდის სახელს ატარებდა

1935 - აუტო უნიონ B-ტაიპმა მონცაში იტალიის დიდი პრიზი მოიგო

1937 - ტაიპ C შტრომლინენვაგენით პირველად გადაილახა სიჩქარის 400 კმ/სთ-იანი რეკორდი

1938 - მძღოლების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, დაიწყო ავტომობილების რეგულარული ქრეშ ტესტირება

1980 – აუდი პირველი კომპანიაა, რომელმაც სრულამძრავიანი, მუდმივი მოდების სისტემა სერიულ ავტომობილზე (აუდი კვატროზე) გამოიყენა. ეს ავტომობილი, რომელმაც სახელი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა, ხუთცილინდრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი

1989 - აუდიმ პირველი ტურბოდიზელიანი ავტომობილები გამოუშვა, რომლებითაც ყველას დაუმტკიცა ასეთი ძრავების ძლიერება და ეკონომიურობა

1994 - აუდიმ პირველმა გამოიყენა ალუმინის ჩარჩო, რომელიც გრეხვისადმი გაზრდილი წინაღობით და კოროზიისადმი მედეგობით გამოირჩეოდა. ასეთ ჩარჩოზე აწყობილი A8-ს შასი, ტრადიციულ ფოლადის კონსტრუქციაზე გაცილებით მსუბუქი გამოვიდა.

2006 - აუდი პირველია, ვინც ლე მანის რბოლა დიზელისძრავიანი მანქანით მოიგო

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ”აუდიმ” ასევე მოამზადა ახალი მოდელი, რომლის პრეზენტაციასაც 16 ივლისს, გერმანიაში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ელექტრომობილი, რომელიც ბაზრისკენ ”აუდის” ელექტრომობილების მთელ კოჰორტას გაუძღვება.