Monday, January 31, 2011

”ჰიუნდაის” შეიძლება ”ელანტრას” ამერიკაში ექსპორტი დასჭირდეს
Hyundai may need to source Elantra from Korea to meet demand
31 იანვარი

ბოლო წლებში, ”ჰიუნდაის” გაყიდვები მთელს მსოფლიოში დიდი ტემპით იზრდება. განსაკუთრებით სწრაფი ზრდა კი ამერიკის ბაზარზე შეინიშნება, სადაც კორეულმა კომპანიამ, ნახევარმილიონიანი ზღვარი უკვე გადალახა. და, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს, რის საფუძველსაც ახალი მოდელები აძლევს.

”ჰიუნდაი” წელს ამერიკაში გაყიდვების 10-პროცენტიან ზრდას ვარაუდობს და ეს უპირველეს ყოვლისა, კომპაქტურ სედან ”ელანტრას” პოპულარობის წყალობით უნდა მოხდეს. თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ კორეელების გაყიდვები 590 000 ცალს მიაღწევს და მათ იქ ”ელანტრას” კორეიდან შეტანა მოუწევთ.

ახალი ელანტრა, რომელიც ბაზარზე დეკემბერში გამოჩნდა, პირველი ავტომობილია, რომლის ამერიკული ვერსიაც შეიქმნა. ”ჰიუნდაი” მას ამერიკაშივე, მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხანაში უშვებს, იქ სადაც ასევე ბიზნეს კლასის სედან ”სონატას” აწარმოებს. მაგრამ კორეული კომპანია უკვე ”ელანტრას” დამატებით კორეიდან შეტანის შესაძლებლობასაც განიხილავს.

აღნიშნული ქარხნის წლიური წარმადობა 330 000 ავტომობილია. შარშან იქ 196 000 ”სონატა” და 132 246 ცალი ძველი ”ელანტრა” დამზადდა. მაგრამ როგორც კი კომპანიამ ახალი ”ელანტრა” წარადგინა, მაშინვე მასზე მოთხოვნა გაორმაგდა. უფრო კონკრეტულად კი, დეკემბერში, როცა ახალი ”ელანტრას” წარმოება დაიწყო, ეს ავტომობილი 13 096 ცალი გაიყიდა. შედარებისთვის, წინა წლის იმავე პერიოდში, სულ 5 763 ცალი (ძველი) ”ელანტრა” გაიყიდა.

”თუ ”ელანტრა” იმ ტემპით გაიყიდება, რასაც ჩვენ ვვარაუდობთ, ჩვენ კორეიდან მისი ექსპორტირება მოგვიწევს. ფასიდან და მასზე მიღებული გამოხმაურებებიდან გამომდინარე, ჩვენ მასზე სოლიდურ მოთხოვნას ველით”, - ამბობს ”ჰიუნდაის” პრესმდივანი ფრენკ არენსი.

”მერსედეს ბენცი” კომპაქტური ავტომობილების ოჯახს გამოუშვებს

Mercedes-Benz Readying Baby CLS and Small SUV

31 იანვარი

იმისათვის, რომ ახალგაზრდა მყიდველი მიიზიდოს, ”მერსედეს ბენცი” ახალ კომპაქტურ პლატფორმას (MFA - მერსედეს ფრონტ-უილ-დრაიბ არქიტექჩა, ანუ მერსედესის წინაამძრავიანი არქიტექტურა) ქმნის, რომელზეც კომპაქტური ავტომობილების მთელს ოჯახს დააფუძნებს. ეს ავტომობილები კი კონკურენციას პირველ რიგში, ”ბეემვეს” შესაბამისი კლასის მანქანებს გაუწევენ.

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ამჟამად შტუტგარტელები ოთხკარიან კუპე CLS-ის მომცრო ვერსიაზე მუშაობენ, რის შემდეგაც თავიანთ ძალისხმევას იმავე პლატფორმაზე, უგზოობის მცირე მოდელის შესამუშავებლად მიმართავენ, მას კი მოგვიანებით, კაბრიოლეტი და სპორტული ქროსოვერიც მოჰყვება.

წინასწარი ვარაუდით, სამქიმიანები ამ ავტომობილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჰყიდიან. თუმცა, პირველ რიგში, ამ სიახლეებს ევროპელებს შესთავაზებენ. ამერიკაში მათ რამდენიმე თვის დაგვიანებით შეიტანენ.

კომპანიაში ახალ ოთხკარიან კუპეს ”ბეიბი CLS-ს” უწოდებენ და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ახალი პატარა ავტომობილი გარეგნულად და პროპორციებით CLS-ის მსგავსი იქნება. მისი დებიუტი 2013 წელს იგეგმება. ერთი წლის შემდეგ კი ბაზარზე ”ბეემვეს” X1-ის კონკურენტი გამოვა. ამ ავტომობილების ევროპაში გამოჩენიდან ნახევარ წელიწადში, მათ ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ.

ახალ პლატფორმაზე ასევე დაემყნობა ახალი ჰეჩბეკები, რომელმაც ორი, A და B კლასის მოდელები უნდა ჩაანაცვლოს. ამათგან პირველის დებიუტი 2012 წელსაა მოსალოდნელი. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ”მერსედეს ბენცი” ამ ავტომობილების ამერიკაში შეტანას არ აპირებს, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელობა სწრაფად რეაგირებას და მ ომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილებას აპირებს.

დაკიდევ, ახალი MFA პლატფორმას, ”მერსედესის” გარდა, მისი ფრანგი და იაპონელი პარტნიორები - ”რენო” და ”ნისანიც” გამოიყენებენ, რომლებიც მის შემუშავებაში ჩართულნი არიან. ”მერსედესის” გლობალური გაყიდვების შეფი იოახიმ შმიდტი ამბობს, რომ ”რენო-ნისანი” ახალ პლატფორმას ”ინფინიტის” მარკით ახალი კომპაქტური ოჯახის შესაქმნელად გამოიყენებს. ამასთან, იმავე ბაზაზე, ახალი ”რენო ტვინგო” და ”ნისან მიკრა” დამზადდება.

Sunday, January 30, 2011

”მერსედეს ბენცმა” F-სელის მსოფლიო გარბენი დაიწყო

Mercedes-Benz F-CELL World Drive Begins

30 იანვარი

29 იანვარს 125 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კარლ ბენცმა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ავტომობილი დააპატენტა. რა ტქმა უნდა, ამ მოვლენას ”მერსედეს ბენცი” სათანადოდ აღნიშნავს და ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც 125 დღეს გასტანს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მოივლის, სამქიმიანებმა სწორედ 29 იანვარს წამოიწყეს.

გარბენში შტუტგარტული კომპანიის ჰეჩბეკ B-კლასის ბაზაზე შექმნილი, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილები (მერსედეს ბენც F-სელ) მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ორია. ჯერ ერთი, ამით ”მერსედესი” ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავს და მასთან უამრავ ადამიანს აზიარებს. მეორეც, სამქიმიანები საქმესაც არ ავიწყებენ და ასე ორიგინალურად, თავიანთი ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებას ახდენენ.

გარბენის სტარტი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა და მას არაერთი საპატიო სტუმარი ჰყავდა. გარბენის მონაწილეებს სიტყვით ”დაიმლერის” თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ მიმართა, სასტარტო გასროლის პატივი კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერგო.

”125 წელი გავიდა ავტომობილის გამოგონებიდან და ამ თარიღისთვის ჩვენ მოვამზადეთ ტექნოლოგია,რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ავტომობილის ახლიდან გამოგონება. ეს გარბენი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ინოვაციების დანერგვის მხრივ, ჩვენ ენთუზიაზმი არ დაგვიკარგავს და მინიმუმ კიდევ 125 წელი გავაგრძელებთ ამ საქმეში მოწინავეობას”, - განაცხადა ცეტშემ.

გარბენში სულ სამი ავტომობილი მონაწილეობს, რომლებიც 14 ქვეყანას, ყველანაირ კლიმატურ ზონას გაივლიან და რაც მთავარია, ერთხელაც არ გაჩერდებიან (ამას როგორ მოახერხებენ, ძნელი წარმოსადგენია). და, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ გარბენის დროს, ეკონომიურობის არაერთი რეკორდი გაუმჯობესდება.

”მერსედეს ბენც F-სელი” საწვავად წყალბადს იყენებს. წყალბადის მეშვეობით, სპეციალურ ფიჭურ ელემენტებში, ელექტროენერგია გამომუშავდება, რომლითაც ელექტროძრავი მარაგდება. ძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 290 ნიუტონმეტრი. ფიჭური ელემენტების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული გაწყობით, 400 კილომეტრი გაიაროს.
დეროიტის ავტო შოუს დასწრება გაიზარდა
Visitor Attendance to 2011 Detroit Auto Show Grew 3%
30 იანვარიდეროიტის წლევანდელი ავტო შოუ ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომლებისთვისაც ამ ქალაქის საგამოფენო კომპლექს ”კობო სენტერს” ბოლო წლებში უმასპინძლია. გამოფენაზე პრაქტიკულად ყველა დიდი ავტომწარმოებელი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ამერიკის ბაზარზე ინტერესი აქვთ. ამასთან, შოუს შარშანდელზე მეტი დამთვალიერებელიც ჰყავდა.
სულ დეროიტის წლევანდელი ავტო შოუ 735 370-მა ადამიანმა მოინახულა, რაც შარშანდელი შოუს დამსწრეთა რაოდენობაზე დაახლოებით 3 პროცენტით მეტია. უფრო ზუსტად, შარშან გამოფენას 714 137 ადამიანი დაესწრო. რეკორდი დამყარდა ერთ დღეს დამსწრეთა რაოდენობის მხრივ - გახსნის დღეს, ”კობო სენტერში” შოუს დათვალიერება 75 327-მა ადამიანმა ინება. ცნობისათვის, ამ მხრივ, ძველი რეკორდული მაჩვენებელი 1993 წელს დაფიქსირდა, როცა გახსნის დღეს, გამოფენას 74 900 ადამიანი დაესწრო.
”წინა წლებში მიცემული პირობა შევასრულეთ. მართლაც ძალიან საინტერესო გამოფენა გამოგვივიდა, რაც ექსპონატების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა. ჩვენ წარმატებით გადავლახეთ ყველანაირი კრიზისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი და მსოფლიო ეკონომიკები აღმავლობის გზაზეა”, - განაცხადა შოუს თავმჯდომარე ბარონ მიდიმ.
გამოფენას 60 ქვეყნის 5 000-მდე ჟურნალისტი აშუქებდა, რომლებიც ძირითადად გამოფენის პირველ სამ დღეს - პრესის დღეებს დაესწრნენ და რეპორტაჟებიც სწორედ მაშინ მოამზადეს. მწარმოებლებმა სულ 55 ახალი პროდუქტი წარმოადგინეს, მათ შორის, ”ფორდმა” თავისი ელექტრონული ”ფოკუსი”, ”პორშემ” კი ჰიბრიდული სპორტქარი. სხვათა შორის, გერმანული კომპანია დეტროიტში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
დაკიდევ, ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული გამოთვლების შესაბამისად, შტატ მიჩიგანის სამხრეთ ამოსავლეთ ნაწილის ბიუჯეტმა გამოფენის წყალობით, 350 მილიონზე მეტი დოლარი მიიღო. ამ თანხაში, გამოფენაზე შესასვლელი ბილეთების გარდა, სასტუმროსა და გამოფენის პერიოდში, ქალაქში ცხოვრებაზე გაწეული ხარჯიც იგულისხმება.

Saturday, January 29, 2011

”ნისან ლიფზე” მოთხოვნილება იზრდება

Nissan to reach full Leaf EV output speed by March

26 იანვარი

”ნისან მოტორი” აცხადებს, რომ თავის იაპონურ ქარხანას, რომელიც ელექტრომობილ ”ნისან ლიფს” უშვებს, საქმიანი წლის ბოლომდე (მარტამდე) სრული დატვირთვით აამუშავებს, რათა ამ ავტომობილზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. სიდიდით მეორე იაპონურმა კომპანიამ ”ლიფის” წარმოება შარშან ოქტომბერში დაიწყო და მას აქეთ, სულ 3 000 ცალი აქვს გამოშვებული. მარტიდან კი ამ ელექტრომოვილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება - ტოკიოს სამხრეთში მდებარე ოპამას კონვეიერს თვეში 4 000 ”ლიფი” დატოვებს.

”ბაზრის მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, ”ლიფის” წარმოება უნდა გავზარდოთ, რისთვისაც დამატებითი სამუშაო საათების შემოღება და შვებულებების გაუქმებაც კი მოგვიწევს, რადგან ამავე ქარხანაში, ჩვენ სხვა ავტომობილებსაც ვაწარმოებთ”, - ამბობს ოპამას ქარხნის შეფი სეიძი ჰონდა. სამუშაო დღეებზე საათების დამატება იმისთვისაა საჭირო, რომ როგორც წესი, იაპონიაში მარტში ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება.

”ნისანს” და მის ევროპელ პარტნიორ ”რენოს” ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობა სურთ. ისინი ერთობლივად რამდენიმე მოდელს ამუშავებენ, რომელთაგან ბაზარზე გამოსვლა ყველას ”ლიფმა” დაასწრო. ეს ავტომობილი უკვე იყიდება იაპონიასა და აშშ-ში. მისი მიწოდება ევროპაშიც დაწყებულია, სადაც მას წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მიენიჭა.

”ნისანი” თავისი პირველი ელექტრომობილის წარმოებას ამერიკასა (შტატი ტენესი, 2012 წლიდან) და ბრიტანეთშიც (სანდერლენდი, 2013 წლიდან) აპირებს. მანამდე კი ყველა ბაზარი ”ლიფს” ოპამადან მიიღებს. ცნობისათვის, ოპამას ქარხნის წლიური სიმძლავრე 430 000 ავტომობილია. ”ლიფის” გარდა, ის ისეთ მოდელებსაც უშვებს, როგორებიცაა ”ჯუკი”, ”კუბი” და ”ნოუტი”.

ოპამას ქარხანაში ელექტრომობილის აწყობაც იმავე კონვეიერზე ხდება, რომელზეც მინივენ ”კუბს” და ქროსოვერ ”ჯუკს” აწარმოებენ. ”ლიფის” შასი კონვეიერით გადაადგილდება, რა დროსაც მას ელექტროძრავს და ელემენტების ბლოკს უდგამენ. აკუმულატორების ბლოკს და ელექტრომობილისთვის სპეციფიკურ ნაწილებს, იმავე ქარხანაში, ცალკე ხაზზე აწყობენ. საერთო ჯამში, ოპამას ქარხანაში გამოშვებული ყოველი შვიდი ავტომობილიდან, ერთი ”ლიფია” და მისი წილი თანდათან გაიზრდება.

”ნისანს” აქამდე ელექტრომობილ ”ლიფზე” იაპონიაში 6 000, ამერიკაში კი 20 000 შეკვეთა აქვს მიღებული. და სანამ მათ დააკმაყოფილებდეს, წინასწარი შეკვეთების მიღება დროებით გააჩერა. ”ნისან ამერიკას” შეფი კარლოს ტავარესი ამბობს, რომ ემრიკაში მიღებული შეკვეთები სექტემბრამდე დაკმაყოფილდება.

პარალელურად, ”ნისანი” და ”რენო” მტელ მსოფლიოში ქარხნებს ამზადებენ, რომლებმაც წლიურად, ლითიუმ-იონური აკუმულატორების 500 000 ცალი ბლოკის წარმოება უნდა უზრუნველყონ. ორივე კომპანიის საერთო მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ვარაუდობს, რომ მალე (2020 წლისთვის) მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მეათედი ელექტრომობილი იქნება. და მას სურს, რომ მისმა კომპანიებმა ამ სეგმენტის მნიშვნელოვანი წილი მოიპოვონ, როგორც ეს ”ტოიოტამ” ჰიბრიდულ სეგმენტზე შეძლო.

Friday, January 28, 2011

სიჩქარის რეკორდს სამი გუნდი შეეჭიდება
Three Teams Fight for the World Land Speed Record
28 იანვარი

თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ, სიჩქარის მსოფლიო რეკორდისთვის ბრძოლაში ერთბაშად სამი გუნდი ჩაებმება. სიჩქარის ახლანდელი რეკორდი - 1227.986 კმ/სთ (პირველი ზებგერითი რეკორდი), 1997 წელს, ბრიტანელი რიჩარდ ნოუბლის გუნდმა, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი, რაკეტის ფორმის მქონე ”ტრასტ SSC-ით” დაამყარა. სარეკორდო მანქანას ბრიტანელი სამხედრო მფრინავი ენდი გრინი მართავდა.

Thursday, January 27, 2011

”ჰიუნდაიმ” შარშან 3.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა

Hyundai Sells 3.6 Million Vehicles

27 იანვარი

”ჰიუნდაი” თავბრუდამხვევი ტემპით ზრდას განაგრძობს და გაყიდვების და მოგების რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით აუმჯობესებს. შარშან კორეულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე ”ტოიოტასაც” კი გადაასწრო, ამერიკაში კი ნახევარმილიონუანი ზღვარი პირველად გადალახა მას შემდეგ, რაც 1986 წელს იქ პირველი ავტომობილი გაჰყიდა. გარდა ამისა, გაყიდა თავის ისტორიაში რეკორდულად ბევრი ავტომობილი და ასევე რეკორდულად დიდი მოგება მიიღო.

მის ჯგუფში შემავალი ”კია მოტორის” მონაცემების ჩაუთვლელად, ”ჰიუნდაიმ” შარშან მთელს მსოფლიოში 3 612 487 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 16.3 პროცენტით მეტია. გაყიდული ავტომობილებიდან, კომპანიამ 1 730 682 კორეაში გამოუშვა, 1 881 805 კი - უცხოეთში.

არნახულ მაჩვენებლებს მიაღწია შემოსავალმა და მოგებამ. შემოსავალი 15.4 პროცენტით, 36.8 ტრილიონ ვონამდე (დაახლოებით 33 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. გაყიდვების ზრდა პირველ რიგში, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებამ განაპირობა. იგივე მიზეზით, 44.4 პროცენტით, 3.2 ტრილიონ ვონამდე (2.8 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა საოპერაციო მოგება, 77.8 პროცენტით, 5.3 ტრილიონ ვონამდე (4.8 მილიარდი დოლარი) კი - ქსელური მოგება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ”ჰიუნდაის” გაყიდვების ზრდა მეტწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ იაპონური იენის გამყარების კვალობაზე, ამომავალი მზის ქვეყნის კომპანიებს კონკურენტუნარიანობა დააკლდათ. განსაკუთრებით კი ეს მსოფლიო ლიდერ ”ტოიოტას” ეხება. მაგრამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბაზარზე ისეთი ახალი ავტომობილების გამოშვება გახდა, როგორებიც ”სონატა”, ”ელანტრა” და ”ტუსანია”. ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კორეული ვონის გამყარება საქმეს ”ჰიუნდაისაც” გაურთულებს, თუმცა კორეული კომპანიის ზრდას ეს მაინც ვერ შეაფერხებს.

”ჰიუნდაი” წელს დაახლოებით 3.9 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რითაც მსოფლიო ბაზარზე მისი წილი (შარშან ეს მაჩვენებელი 5.2 პროცენტი იყო) კიდევ უფრო გაიზრდება.

Wednesday, January 26, 2011

”ტოიოტა” ისევ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია

Toyota remains world's largest automaker despite recalls

25 იანვარი

იაპონური კომპანია შარშანდელი მონაცემებითაც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია. უკვე სამი წელია, რაც ”ტოიოტამ” მსოფლიო ლიდერობა ”ჯენერალ მოტორსს” ჩამოართვა და მიუხდავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, დეფექტების გამო, მილიონობით ავტომობილის გახმობა მოუხდა, მაინც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას.

ლუქს ბრენდ ”ლექსუსის”, მინიავტომობილების მწარმოებელ ”დაიჰაცუს” და სატვირთოების მწარმოებელ ”ჰინოსთან” ერთად, ”ტოიოტამ” შარშან 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, 30 000-ით მეტი, ვიდრე ”ჯენერალ მოტორსმა”. წინა წელთან შედარებით, იაპონური კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 8 პროცენტითაა გაზრდილი. შედარებისთვის, 12-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა ”ჯენერალ მოტორსს”.

პედლების კვანძში აღმოჩენილი დეფექტების გამო, რომლებიც ავტომობილების მოულოდნელ აჩქარებას იწვევს, ”ტოიოტას” გაყიდვები ამერიკაში 0.4 პროცენტით, 1.76 მილიონამდე შემცირდა. სამაგიეროდ, ჩინეთის ბაზარზე, მისი გაყიდვები 29 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, იქვე ”ჯენერალ მოტორსს” გაცილებით მნიშვნელოვანი, 29-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა და ამერიკული კომპანიისთვის, ჩინეთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა.

იაპონურ კომპანია TIW-ის ანალიტიკოსი სატორუ ტაკადა ამბობს, რომ ამერიკის ბაზარზე გაყიდვების კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მილიონობით ავტომობილის გახმობის გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მისი ტოპ მოდელები, განსაკუთრებით კი სედანი ”ქამრი”, განახლებას საჭიროებენ და ახლანდელი ციკლის ბოლო სტადიაში არიან.

”ჯენერალ მოტორსმა” შარშან ყველაზე მეტი, 2.35 მილიონი ავტომობილი ჩინეთში გაჰყიდა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი ”მხოლოდ” 1.826 მილიონი იყო. გენერლებისთვის მეორე უდიდესი ბაზარი აშშ-ია, სადაც მათ 2.215 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლეს. ეს კი წინა წლის გაყიდვებთან შედარებით, 6.3 პროცენტით მეტია. ამერიკული კომპანიისთვის ყველაზე დიდი ბაზრები ბრაზილია და დიდი ბრიტანეთია. პირველში 657 ათასი ავტომობილი გაიყიდა (ზრდა 10.4%), მეორეში კი - 290 ათასი.

”ჯენერალ მოტორსის” ყველაზე გაყიდვადი ბრენდი ”შევროლეა”, რომლის ემბლემითაც შარშან 4.2700 მილიონი ავტომობილი (ზრდა 21.4%) გაიყიდა. ამერიკული კომპანიის ევროპული შტო ”ოპელ/ვოქსჰოლი” მეორეზეა 1.206 მილიონი (ზრდა 2.4%). გენერლების ჯგუფში შემავალ მარკებს შორის, მესამეზე ჩინური ”ვულინია”, რომელმაც 1.149 მილიონი ავტომობილის (ზრდა 14.8%) გაყიდვა შესძლო.

მესამე ადგილზეა ”ფოლკსვაგენი”, რომლის ანგარიშზეც, შარშან გაყიდული 7.14 მილიონი ავტომობილია (ზრდა 14%). ამგვარად, ვოლფსბურგელებმა იოლად შეინარჩუნეს ევროპის ლიდერობა. აქედან გერმანულმა კომპანიამ 1.54 მილიონი ავტომობილი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გაჰყიდა, ეს კი 5.4%-ით ნაკლებია წინა წელს გაყიდული ავტომობილების (მხოლოდ ფოლკსვაგენის ბრენდით) რაოდენობაზე.

ცნობისათვის, ევროპაში მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზება მხოლოდ ოთხმა კომპანიამ შეძლო. ”ფოლკსვაგენის” გარდა, ესენი არიან ”რენო” (1.138 მილიონი, ზრდა 4.5%), ”ფორდი” (1.118 მილიონი, კლება 13.3%) და ”პეჟო” (1.002 მილიონი, ზრდა 1.3%). სხვათა შორის, მოწინავე ათეულში, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის კიდევ ერთი კომპანია - ”აუდი” შედის, რომელმაც ძველ კონტინენტზე 600 ათასზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა (ზრდა 1.8%, მე-8 ადგილი).

დაბოლოს, ”ტოიოტას” მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ მათი კომპანია წელს დაახლოებით 8.6 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის. ”ფოლკსვაგენის” გეგმაში 7.5 მილიონი ავტომობილის რეალიზება შედის, ”ჯენერალ მოტორსს” კი ტავისი პროგნოზი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

”ჰიუნდაი გრანდერი” - კორეული ლუქსი

Hyundai Grandeur Officially Launched in Korea

26 იანვარი

იმ დროს, როდესაც დეტროიტის ”კობო სენტერში” საავტომობილო შოუ გაიხსნა, კორეულმა საავტომობილო გიგანტმა ”ჰიუნდაიმ” საკუთარი ქვეყნის ბაზარზე, თავისი სამოდელო გამის ფლაგმანის, ახალ (მეხუთე თაობის) სედან ”გრანდერის” პრეზენტაცია ჩაატარა. პრეზენტაციას ”ჰიუნდაი მოტორის” პრეზიდენტი სტივ ეს. იანგი, 300 საპატიო სტუმარი და ჟურნალისტთა კოჰორტა დაესწრო.

კომპანიის განცხადებით, ახალი ლუქსის კლასის ავტომობილის შესამუშავებლად, სამწელიწადნახევრის განმავლობაში, 450 მილიარდი კორეული ვონი (დაახლოებით 400 მილიონი დოლარი) დაიხარჯა. ამ ინვესტიციის პროდუქტი კორეულ ბაზარზე მალე გამოჩნდება, შემდეგ კი ის ამერიკაში (იქ მისი სახელი აზერა იქნება), ევროპასა და ჩინეთშიც გაიყიდება.

”ჩვენი მსოფლიო-კლასის ტექნოლოგიებით და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მონდომებით, შესაძლებელი გახდა ახალი ”გრანდერის” შექმნა, ავტომობილისა, რომელიც პრემიუმ კასის სედანებს შორის მალე ლიდერის წოდებას მოიპოვებს. ახალი ”გრანდერი” ჩვენი პროდუქციის მომხმარებლის ყველანაირ ფუნქციურ და ემოციურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს”, - პრეზენტაციაზე განაცხადა იანგმა.

ახალი ”გრანდერი” ”ჰიუნდაის” სამოდელო გამაში, ”ჯენეზისსა” და ”სონატას” შორის არსებულ ნიშას დაიკავებს. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 910, სიგანე 1 860, სიმაღლე 1 470 და ბორბლებს შორის ბაზა 2 845 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინა თაობის ”გრანდერზე” 65 მილიმეტრით გრძელია.

კორეული ბაზრისთვის განკუთვნილ ”გრანდერს”, მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ესენია ”ლამბდა II” სერიის V6 კონფიგურაციის 3.0-ლიტრიანი GDI, რომელიც 266 ცხენის ძალას და 310 ნიუტონმეტრს იძლევა და ”თეტა II” სერიის 2.4-ლიტრიანი GDI, რომლის სიმძლავრე 198 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია. პირველით აღჭურვილი ”გრანდერი” ერთი ლიტრი საწვავით 11.6 კილომეტრს გადის, მეორეთი კი - 12.8 კილომეტრს. ორივე ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს აწვდის.

ახალი ”გრანდერი” უსაფრთხოების რამდენიმე მაღალტექნოლოგიური სისტემითაა აღჭურვილი. ესენია VDC (ვიიკლ დაინემიკ კონტროლ - მანქანის დინამიურობის კონტროლი), VSM (ვიიკლ სტაბილიტი მენეჯმენტ - მანქანის სტაბილურობის მართვა), TPMS (ტაია პრეშა მონიტორინგ სისტემ - საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემა) და ESS (ემერჯენსი სტოპ სიგნალ - საგანგებო გაჩერების სიგნალი). გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში 9 აირბალიში (მათ შორის მძღოლის მუხლების დამცველი) შედის. სპეციალურად შემუშავებული სავარძლების წყალობით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული კისრის ტრავმის ალბათობა.

ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევიდა პარკირების ნახევრად ავტომოტური დამხმარე სისტემა, საზრიანი კრუიზ-კონტროლი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ინარჩუნებს წინ მიმავალ მანქანასთან დაშორებას და საჭიროების შემთხვევაში, სედანის სვლის შენელება, ან სრული გაჩერებაც კი შეუძლია. დაკიდევ, ”გრანდერი” აღჭურვილია დისტანციური კომუნიკაციის სისტემით, რომელიც პატრონს მობილურით თავისი ავტომობილის შორიდან კონტროლის საშუალებას აძლევს.

”ჰიუნდაი” წელს დაახლოებით 100 000 ცალი ”გრანდერის” გაყიდვას გეგმავს. აქედან 80 000 კორეაში უნდა გაიყიდოს, დანარჩენი კი - უცხოეთში. სამხრეთ კორეაში ახალი ”გრანდერის” საწყისი ფასი 311.2 მილიონი ვონია, რაც ახლანდელი კურსით, 27.9 ათას დოლარს უდრის.

Monday, January 24, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

ვოლვო

შვედურ კომპანიას გამოფენაზე ერთობ უცნაური ექსპონატი ჰქონდა - მის სტენდზე დამტვრეული ელექტრომობილი C30 იდგა. და მას სარეკლამო დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, როგორც ”ვოლვოს” შეფი სტეფან ჯეკობი ამბობს, ამ უცნაური ჩვენების დანიშნულება ის იყო, რომ ყველა დაერწმუნებინა ელექტრომობილების უსაფთხოებაში. უფრო კონკრეტულად კი იმაში, რომ ელექტრომობილიც ისეთივე უსაფრთხო შეიძლება იყოს, როგორიც შიდაწვისძრავიანი ავტომობილია (რაშიც ვოლვო ტრადიციულად ძლიერია).

გამოფენაზე წარმოდგენილ დამტვრეულ ავტომობილს ქრეშ-ტესტი ”ვოლვოს” ტექნიკურ ცენტრში ჩაუტარდა. შეჯახების დროს, ელექტრომობილის აკუმულატორები სრულად დამუხტული იყო. ფრონტალური შეჯახება 64 კმ/სთ სიჩქარით მოხდა, მაგრამ არც აკუმულატორები, არც მაღალი ძაბვის კაბელები და არც ელექტრული ძალური დანადგარი არ დაზიანებულა. არადა, ადრე არსებობდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს, რომლებსაც ელექტრომობილებისთვის იყენებენ, გადახურების და გარე დაზიანების შემთხვევაში, აფეთქებისადმი მიდრეკილება აქვს.

რაც შეეხება ელექტრულ C30-ს, ის 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 150 კილომეტრი გაიაროს. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 10.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს. შვედური კომპანია ამ ავტომობილის 50 ეგზემპლარის საგზაო ტესტირებას მერმისს დაიწყებს.

ფოლკსვაგენი

დაგრძელებული ”ჯეტა” - ასე შეარქვეს ახალ ”პასატს”, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის შექმნა. იყო ვარაუდი იმისა, რომ გერმანული კომპანია ახალი ამერიკული მოდელისთვის სახელ ”პასატს” აღარ გამოიყენებდა, თუმცა ასე არ მოხდა, რასაც წმინდა პრაგმატული მოტივი აქვს - ახალი სახელის რეკლამირებაზე დიდი თანხა უნდა დახარჯულიყო, რაზეც ვოლფსბურგელები არ წავიდნენ.

უნდა ითქვას, რომ ესაა ყველაზე გრძელი ”პასატი”, რაც კი ”ფოლკსვაგენს” ოდესმე შეუქმნია. ავტომობილის სიგრძე 4 868 მილიმეტრამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ავტომობილი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა მისი გარეგნობა არც არანაირ ემოციას არ იწვევს.

სამაგიეროდ, ის წინა თაობის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი, 20 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ახალ ”პასატს”, ახალ ”ჯეტასთან” ერთად, დიდი როლი ენიჭება გერმანული კომპანიის გეგმის შესრულებაში, რომელიც ამერიკაში გაყიდვების 800 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

კრაისლერი

”ტოიოტას” მსგავსად, ”კრაისლერის სტენდსაც ორი სიახლე ამშვენებდა, რომლებმაც მალე ამერიკული კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გამოაცოცხლონ. ორივე სედანია - ”კრაისლერ 200” და ”კრაისლერ 300”. ამ ავტომობილებს ბაზარი კარგა ხანს ელოდა და როგორც იქნა, მოლოდინი დასრულდა.

”კრაისლერ 200” ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელსაც ამერიკული კომპანია თავის ახალ პარტნიორს, უფრო კი მფლობელ ”ფიატს” გაუზიარებს - იტალიური კომპანია მის ბაზაზე ”ლანჩა ფლავიას” გამოუშვებს. ”კრაისლერის” საწარმოო პროგრამაში კი ის უკვე კარგა ხნის მოძველებულ ”სებრინგს” შეცვლის.

მართალია, ავტომობილი სრულიად ახალია და მასზე ”კრაისლერი” დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ მისი მინუსია ის ფაქტი, რომ საბაზო ვერსიაში, მის 2.4-ლიტრიან ძრავთან შესაწყვილებლად, 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია გათვალისწინებული. სულ კი, ”კრაისლერ 200-ს” მყიდველს ოხთი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებენ. ესენია LX, ტურინგი, ლიმიტედ და S. მათგან ყველაზე იაფფასიანი LX ვერსიაა, რომლის საწყისი ღირებულებაც 19 995 დოლარი იქნება.

თუ 200-ის ფოტოები დეტროიტის გამოფენის დაწყებამდე გავრცელდა, ახალი 300 საზოგადოების წინაშე პირველად სწორედ ”კობო სენტერში” გამოჩნდა. და შეიძლება ითქვას, რომ ”კრაისლერმა” სიტყვა შეასრულა - მისი ახალი ფლაგმანი საკმაოდ ელეგანტური გარეგნობით გამოირჩევა.

განახლებული 300-ის საბაზო ვერსიის კაპოტქვეშ, სერია ”პენტასტარის” 2.6-ლიტრიანი V6 ძრავი განთავსდა, რომელიც 292 ცხენის ძალას იძლევა (ეს ძრავი 200-ის გამაშიც შედის). რაც შეეხება ფასს, საბაზო ვერსიის ღირებულება 27 995 დოლარია.

ჰო, მართლა, დტროიტში ”ფიატმა” გამოაცხადა, რომ ”კრაისლერში” თავის წილს 20-დან 25 პროცენტამდე ზრდის...

Sunday, January 23, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

ტოიოტა პრიუსი

იაპონური კომპანია მსოფლიო ლიდერია არამხოლოდ წლიურად წარმოებული რაოდენობით, არამედ ბაზრის ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტზეც, სადაც მისი ”პრიუსი” უპირობოდ ბატონობს. რა თქმა უნდა, ”ტოიოტა” მიღწეულით დაკმაყოფილებას არ სჯერდება და წარმოებისთვის ელექტრომობილების მომზადების პარალელურად, ”პრიუსის” ბაზაზე ახალი ავტომობილების დაფუძნებასაც ეშურება.

ტოიოტა პრიუს C

..............................

ამის დასტურად, დეტროიტში ”პრიუსის” ორი ახალი ვერსია - V და C წარადგინა. პირველი კომპაქტური ვენია, მეორე კი - ჰეჩბეკი. V-ს წარმოება ამ წლის მიწურულს, მეორისა კი - მერმისს, წლის დასაწყისში დაიწყება. ”ტოიოტას” მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ჰიბრიდული ჰეჩბეკი ”პრიუს C” ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, დინამიური საქალაქო ავტომობილია, რომელსაც ფართო სალონიც აქვს. რაც მთავარია, ის არის ეკონომიური და ხელმისაწვდომი.

ამ ავტომობილის შესახებ, ”ტოიოტას” დეტროიტში დაწვრილებითი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ითქვა, რომ ის ყველა იმ ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომლებიც ახლანდელ ”პრიუსზე” გამოიყენება. იგივე შეიძლება ითქვას ”პრიუს V-ზეც”, რომელსაც ჩვეულებრივი ”პრიუსისგან” 50 პროცენტით დიდი საბარგულით გამოირჩევა.

ტოიოტა პრიუს V

..............................

კომპაქტვენის სიგრძე 4615, სიგანე 1775, სიმაღლე 1574 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2778 მილიმეტრია. ყველა ამ პარამეტრით, ის ჩვეულებრივ ”პრიუსზე” დიდია. საბარგულის მოცულობა 971 ლიტრია. ამასთან, უკანა სავარძლების დაკეცვა საბარგულსაც შესამჩნევად ზრდის და მასში გრძელი ტვირთის მოტავსებაც შეიძლება. და თუ საკმარისი ესეც არაა, მაშინ წინა მგზავრის სავარძელიც იკეცება და ტვირთი სალონის მთელ სიგრძეზე თავსდება.

აღჭურვილობის მხრივ, ჰიბრიდული კომპაქტვენიც ჩვეულებრივი ”პრიუსისგან” არაფრით განსხვავდება. მის ჰიბრიდულ სისტემაში შედის: 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 98 ცხენის ძალაა. მასთან 80-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელიც ენერგიას ნიკელ-მეტალჰიდრიდული აკუმულატორებისგან ღებულობს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ქალაქში მოძრაობისას, ამ აგრგატით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრს 5.6 ლიტრი ბენზინით გადის.

”შევროლე” ”ვოლტის” წარმოების გაორმაგებას აპირებს

Chevy aims to double Volt output to 120,000 next year, report says

23 იანვარი

დენ აკერსონი ”შევროლე ვოლტის” პრეზენტაციაზე
..............................

”ჯენერალ ”მოტორსს” ”შევროლე ვოლტის” წარმოების გაორმაგება აქვს დაგეგმილი და თუ ეს გეგმა განხორციელდა, ამერიკული გიგანტი 2012 წელს 120 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. წელს გენერლები სულ 10 000 ცალი ”ვოლტის” წარმოებას გეგმავენ, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ეს რიცხვი 25 000-მდე გაიზარდოს.

უფრო მეტიც, მთავარ აღმასრულებელ დენ აკერსონის განცხადებით, ”ჯენერალ მოტორსი” ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს მიმწოდებლებთან, რათა მათ უზრუნველყონ საკმარისი რაოდენობით მაკომპლექტებლების წარმოება, რაც მას მერმისს დაგეგმილი 60 000-ის ნაცვლად, 120 000 ”ვოლტის” წარმოების საშუალებას მისცემს.

აკერსონი ”ჯენერალ მოტორსის” მთავარი აღმასრულებელი სექტემბერში გახდა. მას სურს, რომ უფრო ფართოდ გამოიყენოს ჰიბრიდული სისტემა ”ვოლტეკი”, რმელშიც ელექტროძრავი და შიდაწვის ძრავია გაერთიანებული. ამასთან, წამყვანი ელექტროძრავია, შიდაწვისა კი დამხმარე, ელექტროენერგიის გამომმუშავებელ მოვალეობას ასრულებს.

მიზნის მისაღწევად, აკერსონი მიზნად ”ვოლტეკის” ბაზაზე სხვა მოდელების გამოშვებასაც აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პროგნოზებით, მალე ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარამდე გაიზრდება, ამერიკელ ავტომფლობელებს კი გალონში (დაახლოებით 3.785 ლიტრი) 4 და მეტი დოლარის გადახდა მოუწევთ.

”ჩვენ მთელი ყურადღება ახალ ტექნოლოგიებზე გადაგვაქვს, რადგან არ გვინდა, რომ ისეთ დღეში აღმოვჩნდეთ, როგორშიც 2008 წელს ვიყავით”, - დეტროიტში, ”დოიჩე ბანკის” მიერ მოწყობილ ავტო ინდუსტრიის კონფერენციაზე განაცხადა აკერსონმა. ის გულისხმობს იმ დროს, როდესაც ნავთობის ფასმა 140 დოლარს მიაღწია. ამის გამო, ამერიკაში პიკაპების და უგზოობის მოდელების გაყიდვები ძლიერ შემცირდა, რამაც გენერლები 30 მილიარდზე მეტით აზარალა.

აკერსონმა დეკემბერში კომპანიის აღმასრულებლებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისწრება იქნება, თუ ”ვოლტეკის” ბაზაზე, რამდენიმე ახალი მოდელის წარმოება დაიწყება. უფრო კონკრეტულად კი, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ავტომობილების წარმოება, დეკადის შუისთვის უნდა გასამმაგდეს.

”ვოლტეკის” ბაზაზე სხვა მოდელების წარმოების დაწყებას იმიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ წარმოების მოცულობის ზრდა, ელექტრული ძალური დანადგარის, კერძოდ კი, აკუმულატორების ფასის მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს. ცნობისათვის, დღეს ”შევროლე ვოლტის” გასაყიდი ფასი 41 000 დოლარზე მეტია. ეს კი მისი კლასის ღირებულებას თითქმის ორჯერ სჭარბობს. სანამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე, მთავრობისგან 7 500-დოლარიანი შეღავათი მოქმედებს, ”ვოლტის” გაყიდვები არ გაჭირდება, მაგრამ მალე მთავრობა ამ შეღავათს მოხსნის და ”ჯენერალ მოტორსიც” ეშურება, რომ იმ დროისთვის, ფასი მნიშვნელოვნად შემცირებული იყოს. ცნობისათვის, ეს შეღავათი მას შემდეგ ამოიწურება, რაც გენერლები 200 000 ”ვოლტის” გაყიდვას შესძლებენ.

აკუმულატორების სრული დამუხტვით, ”შევროლე ვოლტს” თითქმის 60 კილომეტრის გავლა შეუძლია, შემდეგ კი საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომელიც ელექტროძრავს ენერგიით ამარაგებს. ამის შედეგად, სვლის სიშორე 560 კილომეტრამდე იზრდება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს გათვლით, ერთი გალონი ბენზინით, ”ვოლტს” 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა აკუმულატორები დაცლილია და ავტომობილი შიდაწვის ძრავისა და გენერატორის მიერ გამომუშავებული ენერგიით გადაადგილდება, მაშინ ერთი გალონი მხოლოდ 60 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.

Friday, January 21, 2011

”მაკლარენმა” თავისი სუპერ ავტომობილის ფასი გამოაცხადა

McLaren MP4-12C Supercar to Cost $229,000

21 იანვარი

როგორც იქნა, ”მაკლარენმა” თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, ”მაკლარენ MP4-12C-ს” ფასი გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ საზოგადოებას შარშან წარუდგინა, 229 000 დოლარი ეღირება.

ფასიდანაც ანს, რომ ამ ავტომობილით ”მაკლარენი” კონკურენციას ”ფერარის” და ”ლამბორგინის” შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს - ამათგან ”458 იტალია” 225 000 დოლარი, ”გალიარდო LP-570-4” კი 237 000 დოლარი ღირს (სამივე ფასი აშშ-ის ბაზრისაა).

რა თქმა უნდა, ”მაკლარენის” მიერ გამოცხადებული ფასი გაიზრდება, თუ მყიდველი საბაზო ავტომობილს არ დასჯერდება და მის საკუთარი გემოვნების შესაბამისად გაწყობას ისურვებს. კერძოდ, ინგლისური კომპანია თავის კლიენტებს განსხვავებულ ბორბლებს, სხვა ფერში შეღებვას და პროფესიონალური კამერების დაყენებას სთავაზობს, რომლებითაც სატრეკო დღეების დროს, საკუთარი რბოლის ვიდეოგადაღება იქნება შესაძლებელი.

სხვათა შორის, ”მაკლარენ MP4-12C-ს” ფასის გაგება და შესაბამისი თანხის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომოილის შეძენას შეძლებთ, რადგან მასზე უკვე რიგები დგას. არადა, ”მაკლარენს” მისი წარმოება ჯერ არ დაუწყია. დაკიდევ, ”მაკლარენ MP4-12C” ბოლო ათ წელიწადში პირველი საგზაო ავტომობილია, რომელსაც ”მაკლარენი” გამოუშვებს.

MP4-12C ”მაკლარენის” წარმოების 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მასთან კი ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი კოლოფი (SSG) უწყვილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან სტანდარტული აჩქარება (100 კმ/სთ-მდე) დაახლოებით 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ს აღწევს.

მყიდველს შეუძლია, არჩევანი სალონის 14 გაფორმებას შორის გააკეთოს. გარდა ამისა, შესაძლებელია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის და კარბონ კერამიკული მუხრუჭების დაყენება. მყიდველს ასევე ძრავის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებით გაფორმებას შესთავაზებენ.

”ფერარი FF” - პირველი სრულამძრავიანი მარანელოელი

Ferrari's Revolutionary Breadvan: The Four-Seater, All-Wheel Drive FF

21 იანვარი

”ფერარი” თავისი ოთხადგილიანი კუპე ”სკალიეტის” მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს, მანამდე კი ინტერნეტით ახალი ავტომობილის რამდენიმე ფოტო და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი ინტერნეტით გაავრცელა.

”სკალიეტის” შემცვლელს ”ფერარი FF” უწოდეს, რაშიც აბრევიატურა ”ფერარი ფორს” აღნიშნავს, ანუ სრულამძრავიან ფერარის. ეს მარანელოელთა ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. ამასთან, ავტომობილი იტალიური მარკისთვის უცნაური გარეგნობითაც გამოირჩევა, რომელიც მისთვის ატელიე ”პინინფარინამ” შეიმუშავა. ესაა ეგრეთ წოდებული ”შუტინგ ბრეიკ” ძარა, ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამკარიანი კუპე მოჭრილი კუდით.

”ფერარი FF-ის” გაბარიტებია: სიგრძე 4 907 მილიმეტრი, სიგანე 1 953 მილიმეტრი და სიმაღლე 1 379 მილიმეტრი. მას გრძელი კაპოტი და დაგრძელებული სახურავი გამოარჩევს, რითაც შეიძლება ”ბეემვეს” კუპე Z3 მოგაგონოთ. ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი, ავტომობილის საბარგულის მოცულობას ზრდის, რაც ამ ტიპის სუპერ ავტომობილებისათვის საკმაოდ უცნაური რამაა. ”ფერარის” ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გვპირდება, რომ სალონში კომფორტულად თავსდება ოთხი ზრდასრული ადამიანი და მათი ბარგი. საბარგულის მოცულობა 450 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ 800 ლიტრამდე გაიზრდება.


”ფერარიმ” პირველად შეიმუშავა სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომლისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები შეიმუშავა. ამგვარად, სისტემა, რომელსაც 4RM უწოდეს, სხვა კომპანიების მსგავს სისტემებთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებს იწონის. იმავდროულად, ინჟინრებმა ავტომობილის წონის (1790 კგ) ღერძებს შორის თითქმის იდეალურად განაწილება შეძლეს (47:53). მარანელოელთა განცხადებით, 4RM ტრანსმისია ნებისმიერ ამინდში და საგზაო პირობებში, ავტომობილის იდეალურ მანევრულობას უზრუნველყოფს, რაც ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპერატიულად, საჭიროების მიხედვით განაწილების მეშვეობით ხდება.

რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.3-ლიტრიანი V12, რომელსაც საწვავის პირდაპირ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავი წინაა განლაგებული. მის მიერ გამომუშავებული 660 ცხენის ძალა (8 000 ბრ/წთ-ზე) 683 ნიუტონმეტრი (6 000 ბრ/წთ-ზე) ორდისკოიანი ქუროს გავლით, ფ1-ის ტიპის გადაცემათა კოლოფს მიეწოდება. ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, 2.7 კილოგრამზე ერთი ცხენის ძალაა.

”ფერარი FF” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. იმის მიუხედავად, რომ ”სკალიეტისთან” შედარებით, ძრავის ლიტრაჟი და სიმძლავრე გაიზარდა, ამით ეკონომიურობა არ გაუარესებულა - ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 15.4 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 360 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა სტოპ/სტარტით, ეგრეთ წოდებული მაგნეტორეოლოგიკური ამორტიზატორებით, ”ბრემბოს” კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

”ფერარი FF-ს” შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჟენევის ავტო შოუზე გამოქვეყნდება.

Thursday, January 20, 2011

”აუდის” სათამაშო ელექტრომობილის პროტოტიპი

20 იანვარი

სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც თებერვლის დასაწყისში გერმანიის ქალაქი ნიურნბერგი უმასპინძლებს, ”აუდი” ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთადგილიან მინი ელექტრომობილს წარადგენს, რომელსაც სახელად ”აუტო უნიონ ტაიპ C e-ტრონი” ეწოდება.

რა თქმა უნდა, ეს ”სათამაშო” ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მასში 1.80 მეტრი სიმაღლის ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. მიკრო ელექტრომობილი სათამაშოსთვის მეტად სოლიდური გაბარიტებითაც გამოირჩევა - მისი სიგრძე 2.32 მეტრი, სიგანე კი 0.97 მეტრია. ავტომობილის კორპუსი ალუმინისგან და კარბონის კომპოზიტის მსგავსი მასალისგანაა დამზადებული.

სათამაშო ავტომობილი მოძრაობაში ელექტრულ ძრავს მოჰყავს, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 1.5 ცხენის ძალაა. მას ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების მომცრო ბლოკი ამარაგებს, რომლის დამუხტვასაც დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. აკუმულატორში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 25 კილომეტრი გაიაროს. სუსტი ძრავი კი ავტომობილს მაქსიმუმ 30 კმ/სთ სიჩქარეს ანიჭებს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ”აუდი” ამ სათამაშო ელექტრომობილის სერიულ წარმოებას და თუ აპირებს, რა ფასად აპირებს მის გაყიდვას.

”როლს როისი” თავისი ემბლემის ასი წლის იუბილეს აღნიშნავს

One Hundred Years of Spirit of Ecstasy

20 იანვარი

ინგლისური კომპანია ”როლს როისი” წელს თავისი ლეგენდარული ემბლემის, ”აღტყინების სულის” (გინდა აღტაცების სულის) შექმნიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ამასთან დაკავშირებით, ”როლს როისი” თავის ფლაგმან ”ფანტომის” ას ცალ საიუბილეო ვერსიას, სახელად ”დი სპირიტ ოფ ექსტაზი ცენტენარი კოლექშნ”, გამოუშვებს.

საიუბილეო ავტომობილისთვის, სპეციალური ფერებია შემუშავებული. კერძოდ, შავი მეტალიკი ოქროსფერი ელემენტებით და მუქი ლურჯი ვერცხლისფერი ელემენტებით. შესაბამისად, ოქროთი და ვერცხლით მოავარაყებენ სალონის ზოგიერთ ელემენტს. მაჩვენებლების დაფაზე მოთავსდება ოქროს, ან ვერცხლის არშიაშემოვლებული მექანიკური საათი, ცენტრალური კონსოლის ხედა ნაწილში კი მოთავსდება დაფა (ოქროსი, ან ვერცხლის), რომელზეც წარწერილი იქნება: ”სპირიტ ოფ ექსტაზი - ვან ოფ ვან ჰანდრიდ” (აღტყინების სული - ერთი ასიდან).

სტატუეტი სახელად ”აღტყინების სული”, 1911 წლის თებერვალში ბრიტანელმა მოქანდაკე ჩარლზ სკაისმა შექმნა, 1920 წლიდან კი ის ”როლს როისის” ოფიციალური ემბლემა გახდა. ქანდაკებას, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 8 სანტიმეტრია, ”მფრინავ ლედისაც” უწოდებენ. მასზე ხელგაშლილი ქალია გამოსახული, რომელიც თითქოს, შემხვედრ ჰაერს ხვდება.

”როლს როისის” თანამედროვე ავტომობილებზე, ფრონტალური შეჯახებისას, ემბლემა კაპოტის ქვეშ იმალება. მისი დამალვა ასევე სალონიდან, შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში შეიძლება. ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მისი მოპარვის საშიშროება არსებობს. ქანდაკებას ხშირად ოქროსგან და ვერცხლისგან ასხამენ (შემკვეთის სურვილის შესაბამისად), რაც ქურდებს იზიდავს.

Wednesday, January 19, 2011

”ფოლკსვაგენი” ულტრაეკონომიურ ავტომობილს გამოუშვებს

Volkswagen to Show Production-Ready 1 l/100km Car

19 იანვარი

”ერთლიტრიანი ავტომობილი”, ანუ ”L1 ქარ” - ამ სახელითაა ცნობილი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე ორი წლის წინ წარადგინა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ავტომობილს ოდესმე კონვეიერზე დადგომა ეღირსებოდა. მაგრამ არ გასულა ორი წელი და ვოლფსბურგელებმა მისი წინასერიული ვერსია მოამზადეს, რომელსაც პირველები ყატარის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლები მალე იხილავენ.

ჯერჯერობით, ყატარისთვის მომზადებული ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ის ფრანკფურტში ნაჩვენები L1-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. იმ ავტომობილს კი მართლაც განსაცვიფრებელი მახასიათებლები ჰქონდა. მისი მთავარი თვისება კი სახელწოდებაშია ასახული - L1 ერთ ლიტრს აღნიშნავს.

ჯერ ერთი, ის თითქმის ლიტრიანი (0.8 ლიტრი) TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 100 კილომეტრზე თითქმის 1 ლიტრ (უფრო ზუსტად კი 1.38 ლიტრ) საწვავს მოიხმარს. ძრავი სულ რაღაც 27 ცხენის ძალას (4 000 ბრ/წთ-ზე) და 100 ნიუტონმეტრს (1 900 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, ამ აგრეგატის სპორტული მოდიფიკაციის სიმძლავრე 39 ცხენის ძალას აღწევს.

ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 14.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია. ერთი კილომეტრის გავლისას კი ”ლიტრიანი” ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ცნობილია, რომ ”ლიტრიანის” ყატარული ვერსია ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი - დიზელის ძრავის გარდა, მას ელექტროძრავიც ემსახურება. ბუნებრივია, ეს გარემოება ავტომობილის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელს შეცვლის. გარდა ამისა, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძარის დასამზადებლად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს იყენებს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდა.

”ფოლკსვაგენი” ახალ დაბალფასიან ბრენდს შექმნის

Volkswagen to Give Birth to New Low Cost Brand

19 იანვარი

გერმანული კომპანია ”ფოლკსვაგენი” ახალი ბრენდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, ბრენდისა, რომელიც ჩინეთში იმუშავებს და თავად შეიმუშავებს, აწარმოებს და გაჰყიდის დაბალფასიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ბრენდი ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა მომავალში არც სხვა ქვეყნების ბაზრებზე მისი გასვლაა გამორიცხული.

სააგენტო ”ბლომბერგი” იტყობინება, რომ ვოლფსბურგელებს უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკება ჩინურ კომპანიებთან (ჩინეთში უცხოური კომპანია ვერ იმუშავებს, თუ მას ადგილობრივი პარტნიორი არ ჰყავს), თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა.

”ფოლკსვაგენის” ჩინური შტოს მთავარი აღმასრულებელი კარლ-თომას ნოიმანი ბლუმბერგთან საუბრისას ადასტურებს, რომ მის კომპანიას ჩინური ბაზრის უკეთ ასათვისებლად, ადგილობრივი პარტნიორის ძებნა დაწყებული აქვს. არაა გამორიცხული, რომ ახალი ბრენდი სორედ ჩინელი პარტნიორის ბაზაზე შეიქმნას. ისიც შესაძლებელია, რომ სრულიად ახალი კომპანია ჩამოყალიბდეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” და ”ნისანმა” გააკეთეს.

ამერიკული კომპანიის ჩინურ ბრენდს ”ბაოძუნი” ეწოდა და ის მალე ბაზარზე 7 000 დოლარად ღირებულ მოდელ ”ბაოძუნ 630-ს” გამოუშვებს. ავტომობილი ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 105 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს იძლევა. რაც შეეხება გარეგნობას, ამ მხრივ, ”ბაოძუნ 630” ”ბიუიკ ექსელს” დაემსგავსება, თუმცა აღჭურვილობის მხრივ, მასთან ახლოსაც ვერ მივა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილი დაბალ საფასო სეგმენტში უნდა ჩაეტიოს.

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და ბუნებრივია, მსოფლიო ლიდერობის მოსურნე ვოლფსბურგელები იქ სოლიდური წილის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომაა, რომ ცისქვეშეთის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ახალ პროექტებს ამუშავებენ. მაგალითად, ახლახანს ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შესული ”პორშე” თავის უახლეს უგზოობის ავტომობილს, რომელსაც ალბათ ”კაიუნს” დაარქმევენ, ჩინეთში გამოუშვებს.

საინტერესო ფაქტი - შარშან ”ფოლკსვაგენისთვის” ყველაზე დიდი ბაზარი აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი იყო, სადაც გერმანულმა კომპანიამ 2.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. აქედან 1.92 მილიონი კი ჩინეთზე მოდის. შედარებისთვის, გერმანიაში 1.04 მილიონი ”ფოლკსვაგენი” გაიყიდა, სამხრეთ ამერიკაში კი - 888 000.

”მიცუბიში” ჟენევისთვის გლობალური პატარა ავტომობილის პრემიერას ამზადებს

Mitsubishi CGS Rendering Released

19 იანვარი

ჟენევის საავტომობილო გამოფენამდე ჯერ ორი თვეა, მაგრამ მისი მონაწილეები უკვე აქტიურობენ და ინტერნეტით თავიანთი სიახლეების შესახებ, ინფორმაციას ნაბიჯ-ნაბიჯ ავრცელებენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წინასაგამოფენო აჟიოტაი წამოიწყო, ”მიცუბიშია”, რომელმაც ინტერნეტით თავისი ახალი გლობალური კომპაქტური ავტომობილის ესკიზი გაავრცელა.

არსებობს ვარაუდი, რომელსაც იაპონური კომპანია ჯერ არ ადასტურებს, რომ ესაა პოპულარულ ჰეჩბეკ ”ცოლტის” შემდეგი თაობის ავტომობილი. ”მიცუბიშის” განცხადებით, ამ ავტომობილის წარმოება მერმისს, ტაილანდის ქარხანაში დაიწყება, რომლის წლიური წარმადობაც 150 000 ავტომობილია.

პატარა ავტომობილი ასევე მცირელიტრაჟიან, 1.0 და 1.2-ლიტრიანი ძრავებს მიიღებს, რომლებსაც მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი შეუწყვილდება. გარდა ამისა, აღჭურვილობაში შევა სისტემა სტოპ-სტარტი, მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემა და დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავები. ამ აღჭურვილობის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ავტომობილმა მცირე რაოდენობით საწვავი მოიხმაროს და მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კილომეტრზე 90 გრამზე მეტი არ იყოს.

სხვათა შორის, ინტერნეტით გავრცელებულმა ესკიზმა ბევრისგან კრიტიკა უკვე დაიმსახურა. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ავტომობილი უშნოა, მაგრამ აშკარაა, რომ ის ”მიცუბიშის” კორპორატიულ სტილს არ შეეესაბამება. უფრო მეტიც, ესკიზზე გამოსახული ავტომობილი ძლიერ ჰგავს ”ფორდის” ორ პოპულარულ ავტომობილს - ”ფიესტას” და ”ფიგოს”.

ასეა თუ ისე, თავისი გაბარიტებით, ახალი ავტომობილი ახლოსაა ”მიცუბიში კოლტთან”, რომლის ახლანდელ ვერსიასაც იაპონური კომპანია 2002 წლიდან აწარმოებს. ორი წლის წინ, მას რესტაილინგი ჩაუტარდა.

ახალი სუბკომპაქტური კონცეპტუალური მოდელის გარდა, ჟენევის შოუზე ”მიცუბიში” კიდევ რამდენიმე მოდელს გამოფენს. მათ შორის: ელექტრომობილ i-MiEV-ს ევროპული ვერსიას, ქროსოვერ ASX-ს და კიდევ რამდენიმე სერიულ ავტომობილს.

”შკოდა” მინი ავტომობილის წარმოებას წელსვე დაიწყბს

19 იანვარი

როგორც ჩანს, პირველი კომპანია, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცეპტიალურ მინი მოდელ Up-ის ბაზაზე სერიულ ავტომობილს გამოუშვებს, გერმანულ ჯგუფში შემავალი ჩეხური კომპანია ”შკოდაა”. მისმა ხელმძღვანელობამ ახლახანს დაადასტურა ჩეხურ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

დღეისათვის, ახალი ავტომობილის სამუშაო კოდური სახელწოდებაა ”ნიუ სმოლ ფემილი” (NSF), ანუ ახალი პატარა ოჯახი. მის შესახებ ”შკოდა” დაწვრილებით ინფორმაციას ფრანკფურტამდე ცოტა ხნით გაავრცელებს. დღეს კი ჩეხურმა კომპანიამ უარყო ადრე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს, პატარა ავტომობილს, რომელსაც ალბათ ”ჯოისტერს” დაარქმევენ, კალუგაში გამოუშვებს.

”შკოდას” განცხადებით, ”ჯოისტერი” იქნება საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც საშუალო მყიდველუნარიან კლიენტურაზეა გათვლილი. პატარა ავტომობილი მცირელიტრაჟიანი ძრავების გამას და თანამედროვე ტრანსმისიეას მიიღებს და უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემებით აღიჭურვება. მისი სახით, სუბკომპაქტური კლასის ევროპელ ლიდერებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

მართალია, ზომებით და აღჭურვილობით, ახალი ავტომობილი ახლოს იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფაბიასთან”, მას კონკურენციას არ გაუწევს. პირველ რიგში, მათს მეტოქეობას, გაბარიტებსა და ფასთა შორის სხვაობა გამორიცხავს. ”შკოდაში” დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტომობილი კომპანიის სამოდელო გამას ორგანულად შეერწყმება და რაც მთავარია, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

ახალ ავტომობილს ”შკოდას” ბრატისლავას (სლოვაკეთი) ქარხანა გამოუშვებს და იქ წარმოებული ავტომობილები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. მოგვიანებით, იმავე ავტომობილის წარმოებას, საკუთარი ლოგოთი და შეცვლილი გარეგნობით, ”ფოლკსვაგენი” და ”სეატიც” დაიწყებენ. ბოლოს კი, ამ ავტომობილის ლუქს ვერსიას, სახელით A2, ”აუდიც” გამოუშვებს.

”მაიბახს” ”ასტონ მარტინი” თუ გადაარჩენს

Collaboration Between Mercedes and Aston Martin Could Revive Maybach

19 იანვარი

”მზეთუნახავს” ჯერ ისევ სძინავს

..............................

2002 წელს, ”დაიმლერმა” მივიწყებული ბრენდი - ”მაიბახი” აღადგინა იმ იმედით, რომ სუპერ ლუქსის კლასის სეგმენტში სოლიდური წილის მოსაპოვებლად ებრძოლა. მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ”მაიბახის” ავტომობილებზე ფასები მეტისმეტად მაღალი იყო. ამასთან, მანქანები არც თავიანთი გარეგნობით იზიდავდა მყიდველს და ესეც რომ არა, მათ ბაზისად წინა თაობის S-კლასის სედანის პლატფორმას იყენებდნენ.

ახლახანს გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ეულად ”მაიბახის” გადარჩენა მის ძალებს აღემატება და ამ საქმეში ინგლისურ ”ასტონ მარტინს” მოუხმო. ჯერ ორ კომანიას შორის საბოლოო შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა ”ფაინენშლ ტაიმსი” წერს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”ასტონ მარტინი” თავის თავზე, ახალი ”მაიბახის” ძარას შემუშავებას და წარმოებას აიღებს.

ამ პარტნიორობით, განსაკუთრებით მოგებული ინგლისური მარკა დარჩება, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ”მერსედესის” ძრავები, რომლებსაც ”ასტონი” თავისი მოდელებისთვის გამოიყენებს. განსაკუთრებით კი მათთვის საინტერესო შედარებით მცირელიტრაჟიანი აგრეგატები უნდა იყოს, რომელთა წყალობითაც, ”ასტო მარტინის” ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა შემცირდება.

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოგებას ”მერსედესიც” ნახავს, რომელსაც აღარ მოუწევს ახალი ”მაიბახისთვის” ძარის შემუშავებაზე ინვესტიციების გაღება. მოკლედ, ძარასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს ინგლისური კომპანია ითავებს და ამგვარად, ”მაიბახის” ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

თავის დროზე, ”მაიბახის” აღდგენის მოთავე ”მერსედეს-ბენცის” ყოფილი შეფი იურგენ ჰუბერტი იყო, რომელმაც ძველ მარკას ”მიძინებული მზეთუნახავი” უწოდა. ”დროა, ნაზი კოცნით, მძინარე მზეთუნახავი გავაღვიძოთ”, - უთქვამს ჰუბერტს. მაგრამ როგორც ჩანს, ”მზეთუნახავი” კარგად ვერ გამოაფხიზლეს, რადგან მისი მარკით ავტომობილები ძალიან ცუდად იყიდება. მაგალითად, 2009 წელს მხოლოდ 200 ცალი ”მაიბახი” გაიყიდა, თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე წინა წელს.

იმავე ”ფაინენშლ ტაიმსის” ინფორმაციით, ძრავების გარდა, ”ასტონ მარტინისთვის” ხელმისაწვდომი ”მერსედესის” სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი პლატფორმებიც გახდება. ამას კი ინგლისელები მომავალში ალბათ საკუთარი უგზოობის მოდელის წარმოებისთვის გამოიყენებენ.