Saturday, December 18, 2010

”ლოტუსი” ქალაქის მინი ავტომობილს გამოუშვებს

Lotus Concept City Car will Enter Production

18 დეკემბერი

როგორც ჩანს, მალე ”ასტონ მარტინი” სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია არ იქნება, რომელიც მინიატურულ საქალაქო ავტომობილს გამოუშვებს. ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-თან” საუბრისას, ”ლოტუსის” მთავარმა აღმასრულებელმა დანი ბაჰარმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ, პარიზის ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური ”სიტი ქარ-ის” სერიული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განაცხადბით, პატარა ავტომობილს წარმოებისთვის, ”ლოტუსის” გარდა, მალაიზიური კომპანია ”პროტონი” (ლოტუსი სწორედ პროტონის ჯგუფში შედის) და კიდევ ერთი კომპანია მიიღებს, რომლის სახელწოდებაც არ დაუკონკრეტებია. ახალ ავტომობილს სამივე კომპანია თავისი მარკით გამოუშვებს და ისინი მთელს მსოფლიოში გაიყიდება.

”ჩვენ კონცეპტულური ”სიტი ქარ-ის” წარმოება გადავწყვიტეთ და მის გაყიდვებს 2013 წლის ოქტომბერში დავიწყებთ. ჩვენ მას ”პროტონთან” და კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად მოვამზადბთ და მის სამ ვერსიას გამოვუშვებთ. მათგან ერთი აზიური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე - ევროპისთვის, მესამე კი სპორტული ავტომობილი იქნება”, - ამბობს ბაჰარი.

უნდა ითქვას, რომ სამივე ავტომობილის დიზაინი იტალიურმა ატელი ”ჯუჯარომ” შეიმუშავა. მათგან ”პროტონის” ვერსიას ”ემასი” ჰქვია და მას ალბათ აზიური ბაზრისთვის გამოუშვებენ. ”სიტი ქარს” ”ლოტუსი” აწარმოებს და რა თქმა უნდა, ეს სპორტული მანქანა იქნება. რაც შეეხება მესამე კომპანიას, ის დიდი ალბათობით, ”ნისანი” უნდა იყოს. სხვათა შორის, ”ნისანის” ფრანგი პარტნიორი ”რენო” ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” პარტნიორი გახდა და არაა გამორიცხული, მათი შეთანხმება მარტო დიდი პრიზერბის ცირკს არ ეხებოდა. თანც, ”ნისანის” V პლატფორმა ”ლოტუსისა” და ”პროტონის” მინი ავტომობილისთვის მისწრება იქნება.

აქვე უნდა ითქვას, რომ პატარა ავტომობილის მოსამზადებლად ახლა არც ”პროტონს” სცალია და არც ”ლოტუსს” - პირველი უგზოობის მოდლეის და ახალი სედანის მომზადებითაა დაკავებული, მეორე კი ბაზარზე იმ ხუთი კონცეპტუალური ავტომობილის წამოწევას ცდილობს, რომლებიც ახლახანს პარიზში გვიჩვენა. მათ საქმეს ”ნისანის” მზამზარეული პლატფორმა ძლიერ გაუადვილებს.

საინტერესოა სახელ ”ემას-ის” წარმოშობა. ერთი მხრივ, ის არის აბრევიატურა სიტყვებისა - ეკო მობილიტი ედვანს სოლუშნ. მეორე მხრივ, ეს სიტყვა მალაიზიურად თურმე ოქროს ნიშნავს.

”სიტი ქარ-ი” და ”ემას-ი” ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. მასში მთავარ როლს ელექტროძრავი ასრულებს, რომელიც უკანაა განლაგებული და უკანა ბორბლებს ამოძრავებს. 1.2-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს კი დამხმარე როლი აკისრია და ის გენერატორს ამუშავებს, რომლის მიერ გამომუშავებულ ელექტროენრგიასაც ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკი ღებულობს.

ელექტროძრავის პიკური სიმძლავრე 101 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი ძრავის როტორის პირველივე ბრუნიდან 240 ნიუტონმეტრია. ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი, რომელიც 1 400 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 50 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.5 წამს ანდომებს, 0-100 კმ/სთ-ს ასაკრეფად კი 9 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის ხარჯზე, 50 კილომეტრი, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის დახმარებით კი - 500 კილომეტრი. დაბოლოს, როცა შიდაწვის ძრავი მუშაობს, ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროს მხოლოდ 60 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

”ლამბორგინი ავენტადორზე” რეალურმა ინფორმაციამ გაჟონა

Lamborghini Aventador Specs Leaked

18 დეკემბერი

ნახევარი წელია, რაც მსოფლიოს საავტომობილო პრესა იმაზე მარჩიელობს, თუ როდის, რა სახელით და რა აგრეგატებით გამოვა ბაზარზე ”ლამბორგინი მურსიელაგოს” შემცვლელი. სახელთან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვა - ”ჯოტა” (თუ ხოტა, რახან იტალიური კომპანია თავის ავტომობილს კორიდის ხარების და აქსესუარების სახელებს არქმევს, ესპანურად კი ხოტა იქნება) ”ავენტადორით” შეიცვალა.

პრემიერის ადგილი ჯერ უცნობია - ან დეტროიტი, ან ჟენევა. სამაგიეროდ, ახლახანს საინტერნეტო გამოცემა ”ავტობლოგის” იტალიურმა ვერსიამ, ახალი სუპერ ავტომობილის დაზუსტებული ტექნიკური მონაცემები გაავრცელა, რომლებიც მას ხელში ”სანდო წყაროსგან” ჩაუვარდა.

გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ავტომობილის ბაზაში 6.5-ლიტრიანი V12 მხეცი განლაგდება, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი კი (ჯერაც დაუზუსტებელი) ოთხივე ბორბალს 7-საფეხურიანი კოლოფის გავლით გადაეცემა. კოლოფიც ახალია. მასში ყველა საფეხურის გადართვა ინდივიდუალური ღერაკებით ხდება, გადაცემის საფეხურის გამოცვლა კი 50 მილიწამში ესწრება.

ავტომობილი 1575 კილოგრამს იწონის. გამოდის რომ, მისი ყოველი ცხენის ძალა 2.25 კილოგრამს ემსახურება. შესანიშნავი მაჩვენებელია და მისი წყალობით, ”ავენტადორს” ბრწყინვალე დინამიკური მახასიათებლები აქვს - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

”ავენტადორის” გაბარიტებია: სიგრძე 4.78 მეტრი, სიგანე 2.03 მეტრი, სიმაღლე 1.14 მეტრი. ავტომობილის წონა მის ღერძებს შორის 43:57 პროპორციით ნაწილდება. წინა ბორბლები 19-დუიმიანია, უკანები კი - 20-დუიმიანი. წინა ბორბლებზე 255/35, უკანებზე კი 335/30 ზომის საბურავებია ჩაცმული. ავტომობილის საწვავის ავზის მოცულობა 90 ლიტრია. ესოდენ ტემპერამენტიანი ავტომობილის გაჩერებას, კარბონ-კერამიკული მასალისგან დამზადბული სამუხრუჭე დისკოები უზრუნველყოფს, რომლებსაც 6-ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება.