Thursday, May 5, 2011

„იაგუარ ლენდ როვერი“ 40 ახალ ავტომობილს გეგმავს

Jaguar Land Rover planning 40 new debuts

5 მაისი

როგორც ჩანს, „იაგუარ ლენდ როვერს“ გამყინვარების და სტაგნაციის პერიოდი დაუმთავრდა და ინგლისური კომპანია, რომელიც არცთუ დიდი ხანია, რაც ინდური „ტატას“ ხელში გადავიდა, განვითარებაზე ზრუნვას შეუდგა. მაგრამ ახლანდელი სამოდელო გამით, განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ბრიტანული კომპანიები“ სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებას ეცდებიან - ბაზარზე 40 ახალ პროდუქტს გამოიტანენ. მათ შორის, სრულიად ახალ მოდელებს და არსებულების მოდიფიკაციებს.

ინტერნეტ გამოცემა „დეტროიტ ბიუროს“ ინფორმაციით, „იაგუარის“ უპირველესი გეგმა ისაა, რომ მე-3 სერიის „ბეემვეს“ კონკურენტის წარმოება განაახლოს. ამ სეგმენტში „დიდი კატა“ კარგა ხანს X-ტაიპს უშვებდა, მაგრამ ამ ავტომობილმა მოლოდინი ვერ გაამართლა და შესაბამისად, „იაგუარმაც“ მისი შეცვლა აღარ ისურვა - საერთოდ მოხსნა წარმოებიდან.

სავარაუდოა, რომ ახალი X-ტაიპი მარტო სედანის ძარით არ გამოვა. მის ბაზაზე უნივერსალს, ორ და ოთხკარიან კუპეს, კაბრიოლეტს და ალბათ ჰეჩბეკსაც გამოუშვებენ. პრემიუმ სეგმენტის გერმანელმა კომპანიებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთი მოდელის ბაზაზე რამდენიმე დერივატივის წარმოება შეიძლება და ახლა მათს მაგალითს ალბათ მალე „იაგუარიც“ მიბაძავს.

კიდევ ერთი ახალი მოდელი იქნება დიდი ზომის ქროსოვერი, რომლის მსგავსიც, ამ ინგლისურ კომპანიას ჯერ არასდროს უწარმოებია. თანაც, ეს ნათესავი „ლენდ როვერის“ ტერიტორიაა და კარგი არ იქნება, მას რომ ბიზნესში ხელი შეეშალოს. თუმცა, „კატები“ ალბათ ეგრეთ წოდებული საპარკეტო ქროსოვერის წარმოებას დაიწყებენ, თავის ნათესავს კი დიდი გამავლობის უგზოობის მოდელების სეგმენტს დაუტოვებენ. მოკლედ, „იაგუარის“ ქროსოვერი „აუდის“ Q7-ის და „ბეემვეს“ X5-ს გაუწევს კონკურენციას. იმავდროულად, ინგლისური კომპანია უფრო პატარა ქროსოვერის წარმოებაზეც იზრუნებს.

გარდა ამისა, „იაგუარი“ და მასთან ერთად „ლენდ როვერიც“, საკუთარი ძრავების გამასაც გააფართოებენ. ამ გამაში მალე დიზელის ახალი აგრეგატები, ჰიბრიდული სისტემები და ელექტროძრავები გამოჩნდება. სამწუხაროდ, „იაგუარი“ არ აპირებს ამ გამაში ტურბინული ჰიბრიდის შეტანას. არადა, ეს აგრეგატი მან კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „იაგუარ C-X75-ისთვის“ (ფოტოზე) გამოიყენა, რომლითაც პარიზის შარშანდელი ავტო შოუს დამთვალიერებელი და დამსწრე სპეციალისტები აღაფრთოვანა.

სამაგიეროდ, ინგლისურმა კომპანიამ ახლახანს გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ის გუნდ „უილიამსთან“ ერთად, C-X75-ის ბაზაზე, ჰიბრიდულ სუპერქარს გამოუშვებს. ოღონდ, მის სისტემაში შიდაწვის 1.6-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი შევა. სხვათა შორის, ეს ძრავი ფ1-ის ახალი სპეციფიკაციების შესაბამისად დამზადდება და მისი სიმძლავრე 500 ცხენის ძალას მიაღწევს. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე ორი ელექტროძრავი (თითო ღერძზე თითო) და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი შევა. „იაგუარი“ და „უილიამსი“ მხოლოდ 250 ცალ ასეთ სუპერ ავტომობილს გამოუშვებენ.

„ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა

Volkswagen Polo WRC

5 მაისი

იტალიის კუნძულ სარდინიაზე, სადაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ტარდება, „ფოლკსვაგენმა“ სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან, ჩემპიონატში მონაწილეობას მისი საქარხნო გუნდი მიიღებს. ოღონდ, ეს იქნება ცალკეულ ეტაპებზე გამოსვლები, 2013 წელს კი გერმანული კომპანიის გუნდი, სეზონის ყველა ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

ვოლფსბურგელები რბოლებისთვის შემდეგი თაობის „პოლოს“ მოამზადებენ. ამ ჰეჩბეკის სარბოლი ვერსიის შემუშავებას ფრანგი ფრანსუა-ქსავიე დემასონი ხელმძღვანელობს, ვინც თავის დროზე, „პეჟოსა“ და „სუბარუს“ საქარხნო გუნდებში მუშაობდა. სულ ახლახანს კი ის „ფოლკსვაგენის“ გუნდს დაკარის რალიზე კონსულტაციებს უწევდა.

ჯერჯერობით გარკვეული არაა, თუ ვინ მიუჯდება სარბოლი „ფოლკსვაგენ პოლოს“ საჭეს. ამ ეტაპზე, გერმანული კომპანიის სპორტული შტო, მოლაპარაკებას ყატარელ ნასერ ალ ატიასთან და ნორვეგიელ პეტერ სოლბერგთან აწარმოებს. პირველი წლევანდლი დაკარის ჩემპიონია (რალი-მარათონი ფოლკსვაგენის მანქანით - ტუარეგით მოიგო), მეორე კი - მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონი. მიმდინარე სეზონში, ალ ატია რალი მარათონში მონაწილეობს, სოლბერგი კი რალის მსოფლიო ჩემპიონატში (სიტროენის მანქანით).

იმავდროულად, „ფოლკსვაგენმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, რალი მარათონებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. დაკარისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს კი მთლიანად რალის მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადაამისამართებს. ეს კი იმას ნიშნვს, რომ მის გუნდს ასმილიონევროიანი ბიუჯეტი ექნება.

სარბოლი მანქანა ჯერაც შემუშავების სტადიაშია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის 1.6-ლიტრიანი TSI ტურბოძრავით აღიჭურვება, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა მოემსახურება. ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა (მეტი რეგლამენტით დაუშვებელია), მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრი იქნება. ძრავს სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება, რომლის გავლითაც, ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ოთხივე წამყვან ბორბალს გადაუნაწილდება. ავტომობილის მინიმალური წონა (უფრო ნაკლები რეგლამენტით დაუშვებელია) კი 1 200 კილოგრამი იქნება.