Thursday, February 25, 2010

”ლოტუსმა” კუპე ”ევორას” ჰიბრიდული ვერსია შექმნა

Lotus Evora 414E Hybrid

25 თებერვალი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე არაერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილის ნახვა შეიძლება და ერთ-ერთი მათგანი, ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” მიერ კუპე ”ევორას” ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდი, ”ევორა 414E ჰიბრიდ” იქნება. დასახელებაში რიცხვი 414 ავტომობილის ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრის (ცხენის ძალებში) აღმნიშვნელია.

ჰიბრიდულ ”ევორას” ამძრავ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც უკანაა მოთავსებული და თითოეული თითო უკანა ბორბალს ემსახურება. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 207 ცხენის ძალაა. ძრავების მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს ერთსაფეხურიანი ტრანსმისია გადაამუშავებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ძალას წამყვან ბორბლებს შორის ანაწილებს. გარდა ამისა, ტრანსმისიას აქვს სპეციალური სპორტული რეჟიმი, რომლის მეშვეობითაც, ის 7-საფეხურიანი კოლოფის მუშაობის იმიტირებას ახდენს.

ელექტროძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ, რომელსაც, თავის მხრივ, განმუხტვის შემთხვევაში, 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი კვებავენ. გარდა ამისა, აკუმულატორები ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც ივსებენ.

ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, ”ევორა 414E ჰიბრიდს” 4 წამი ჰყოფნის, შიდაწვის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის ჩაურთავად კი მისი სვლის სიშორე 56 კილომეტრს აღწევს.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - ელექტრომობილები უხმაურობით გამოირჩევიან, მაგრამ სპორტული ავტომობილის მოყვარულებს, მძლავრი ძრავების ხმაც იზიდავს... ამიტომ, ”ლოტუსის” ინჟინრებმა” შეიმუშავეს აკუსტიკური სისტემა, რომელსაც მრავალცილინდრიანი ძრავის ხმის გამოცემა შეუძლია, ეს ხმა კი როგორც სალონში, ასევე გარეთაც ისმის. ინგლისურ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ასეთ სისტემას თავიანთ ყველა ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილზე გამოიყენებენ.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ როდის გამოჩნდება ჰიბრიდული ”ევორა” ბაზარზე.

”ჰიუნდაიმ” ჟენევისთვის ჰიბრიდული კონცეპცია მოამზადა

Hyundai i-Flow Diesel-Hybrid Concept at Geneva

25 თებერვალი

კომპანია ”ჰიუნდაიმ” კონცეპტუალურ მოდელ i-Flow-ს ფოტოები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა. კორეული კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილში შესრულებული ამ საშუალო ზომის ბიზნეს კლასის სედანის მსოფლიო პრემიერა, ჟენევის ავტო შოუზე იგეგმება

i-Flow მეტად დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევა. აეროდინამიკურ მილში გატარებული მრავალი საათის წყალობით, ამ ავტომობილზე, შემხვედრი ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.25-ია. ეს გარემოება კონცეპტუალური მოდელის ეკონომიურობასაც აუმჯობესებს.

კონცეპტუალური ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია 1.7-ლიტრიანი დიზელის ძრავი, რომელსაც ორსაფეხურიანი ტურბოკომპრესორი ემსახურება და ელექტროძრავი, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან იკვებება.

”ჰიუნდაი” არც შიდაწვის და არც ელექტროძრავის ტექნიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ, მის მიერ გამოცემულ რელიზში წერია, რომ კონცეპტუალურ ავტომობილს, 100 კილომეტრის გასავლელად 3.0 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, ის ატმოსფეროში მხოლოდ 85 გრამ ნახშირირჟანგს გამოჰყოფს.

ჟენევაში ”ჰიუნდაის” კიდევ ერთი ექსპონატი იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც ამ ეტაპზე, i30U-ს სახელითაა ცნობილი. ამ ავტომობილის შესახებ, კორეული კომპანია ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კონცეპტუალური i-Flow-ს ბაზაზე შექმნილი სერიული ავტომობილის გაყიდვას, ”ჰიუნდაი” ევროპაში 2012 წელს დაიწყებს.

”ჰამერის” გაყიდვა ჩაიშალა

”ჯენერალ მოტორსი” მის გაუქმებას აპირებს

Hummer sale collapses; GM will wind down the brand

25 თებერვალი

ჩინურმა კომპანია ”სიჩუან ტენჯონმა” ვერ შეძლო ”ჰამერის” ყიდვა, რის შემდეგაც, ”ჯენერალ მოტორსს” ისღა დარჩენია, კიდევ ერთი თავისი ბრენდი საიქიოს გაისტუმროს. თუმცა, ”ჰამერის” დახურვის შემდეგაც, ამერიკული კომპანია გააგრძელებს ამ ავტომობილის მფლობელთათვის სერვისის შეთავაზებას და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.

”ჰამერი” მეოთხე ბრენდია, რომელსაც ჯერაც კრიზისში მყოფი ”გენერლები” თავიდან იშორებენ. მათ შარშან ”სატურნს” და ”პონტიაკს” გამოუტანეს დახურვის განაჩენი, წელს კი, შვედური ”სააბი”, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ პატარა ჰოლანდიურ კომპანია ”სპაიკერს” მიჰყიდეს. და ახლა ”ჰამერის” ჯერიც დადგა.

თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ ამერიკულმა კომპანიამ ”ჰამერის” ყიდვის მსურველთაგან განაცხადების მიღება გააგრძელოს, როგორც ეს ”სააბთან” მიმართებაში გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” შვედურ კომპანია ”კიონიგსეგს” ”სააბის” მიყიდვაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელის დახურვაზე ფიქრი დაიწყო, მაგრამ შემდეგ ”სპაიკერის” განაცხადი მიიღო და ჰოლანდიურ კომპანიას ”სააბი” გადაუფორმა.

ცნობისათვის, ”ჯენერალ მოტორსმა” ჯერ კიდევ დიდი კრიზისის დაწყებამდე, 2008 წელს გამოაცხადა, რომ ”ჰამერს” ჰყიდდა. შარშან ამერიკულმა გიგანტმა ”სიჩუან ტენჯონის” განაცხადი მიიღო და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ გარიგება შესდგებოდა. სხვათა შორის ”სიჩუან ტენჯონი” მძიმე ინდუსტრიული გიგანტია, მაგრამ ავტომობილების წარმოების გამოცდილება არ გააჩნია. ესეც რომ არა, ჩინეთის მთავრობამ, მას ”ჰამერის” შეძენის უფლება არ მისცა.

რაც შეეხება ”ჰამერს”, ამ კომპანიის გაყიდვები შარშან 67 პროცენტით შემცირდა, ასეთი კლება კი ამერიკის ბაზარზე არცერთ სხვა კომპანიას არ ჰქონია. ამის მიზეზი, საწვავზე ფასების მატების გარდა, ის გარემოებაცაა, რომ მყიდველი იმ მარკის ავტომობილების ყიდვას ერიდებოდა, რომლის მომავალიც გაურკვეველი იყო.

ერთ დროს პოპულარული უგზოობის ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი ”ჯენერალ მოტორსმა” 1999 წელს, ამერიკული ”AM ჯენერალისგან” შეიძინა, რომელმაც ამის შემდეგაც, პენტაგონისთვის სამხედრო მანქანების (ჰამვი) წარმოება გააგრძელა.

”ჰამერმა” სამოქალაქო ავტომობილების წარმოება უფრო ადრე, 1992 წელს დაიწყო. სანამ ”გენერლები” ამ ბრენდს დაეუფლებოდნენ, ”AM ჯენერალი” წლიურად მხოლოდ 800-1 000 ”ჰამერის” გაყიდვას ახერხებდა. 2006 წელს კი, მარტო ამერიკის ბაზარზე, 71 524 ცალი ”ჰამერი” გაიყიდა, რაც გაყიდვების პიკი იყო. მაგრამ შარშან, ამ კომპანიამ, რომელსაც ამერიკაში 153 დილერი ჰყავს, მხოლოდ 9 046 ავტომობილის გაყიდვა შესძლო.