Thursday, September 16, 2010

”მერსედესმა” A-კლასის ელექტრომობილ E-სელის წარმოება დაიწყო

Mercedes-Benz A-Klasse E-Cell Details and Photos

15 სექტემბერი

”მერსედეს ბენცი” თავისი ძირითადი მოდელების ბაზაზე, ელექტრომობილების გამოშვებას აგრძელებს. ”სმარტის”, B-კლასის და ”ვიტოს” შემდეგ, ამჯერად A-კლასის ჰეჩბეკის ჯერიც დადგა. ”A-კლას E-სელის” მსოფლიო პრემიერა პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება, მისი წარმოება კი გერმანულმა კომპანიამ ქალაქ რაშტატის ქარხანაში უკვე დაიწყო. პარიზულ პრემიერამდე ორი კვირით ადრე კი, ”მერსედესმა” თავისი ახალი ელექტრომობილის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა.

ავტომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური ენერგოტევადობა 36 კილოვატია საათში. ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 200 კილომეტრზე მეტი გაიაროს. E-სელს მამოძრავებელ ძალას მუდმივ დენზე მომუშავე სინქრონული ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის პიკური სიმძლავრე 95 ცხენის ძალას (70 კილოვატს) აღწევს, ნომინალური სიმძლავრე კი მხოლოდ 68 ცხენის ძალაა (50 კვტ). მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 290 ნიუტონმეტრია.

ამ აგრეგატის დახმარებით, ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.5 წამში ასწრებს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი ელექტრონული სისტემა, 150 კმ/სთ ნიშნულით ზღუდავს.

სალონის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მრავალფუნქციური მონიტორი, რომელზეც ავტომობილის სხვადასხვა ოპერატიული მონაცემის ნახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ესაა აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის მარაგის დონე, მგზავრობის პარამეტრები - კერძოდ, მოძრაობის დრო და გავლილი მანძილი, საშუალო სიჩქარე და ენერგიის საშუალო მოხმარება, ასევე აკუმულატორებში დარჩენილი ენერგიის რაოდენობა.

ისევე, როგორც ”მერსედესის” სხვა ავტომობილებს, ამ ელექტრომობილსაც კომპლექტაციის რამდენიმე დონე აქვს. მათგან ყველაზე უკეთ დაკომპლექტებულია ”ავანგარდი”, რომლის პაკეტშიც შედის ბი-ქსენონის მთავარი ფარები, ავტომატურიპარკირების სისტემა ”ექტივ პარკ ესისტი” და ავტომატური კლიმატ კონტროლის სისტემა ”თერმოტრონიკი”.

რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაცაა გვერდითა და უკანა შუშების უსაფრთხოების ბალიშები და ერგონომიული სავარძლები.

შტუტგარტელები მხოლოდ 500 ცალი E-სელის წარმოებას აპირებს. მათი გაყიდვისთვის კი ლიზინგის პრინციპს გამოიყენებენ. ამასთან, ელექტრომობილს წინასწარ შერჩეული მყიდველი მიიღებს. ავტომობილი მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე გაიყიდება.