Wednesday, February 10, 2010

”ვოლვო” ჟენევაში განახლებულ სედან S60-ს გვიჩვენებს

Volvo S60

10 თებერვალი

შვედურმა კომპანია ”ვოლვომ” თავისი განახლებული სედანის, S60-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ამ ავტომობილის ჟენევურ მსოფლიო პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ეს ავტომობილი თავის კლასში საუკეთესო უნდა გახდეს.

ძნელი სათქმელია, აჯობებს თუ არა განახლებული S60 თავის გერმანელ მეტოქეებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ”ვოლვომ” მისი წინამორბედი სულ მილიონი ცალი გაყიდა, რაც დიდი მიღწევა იყო. ჰოდა, შვედურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ განახლებული სედანიც იმავე ტირჟით გაიყიდება. თუმცა, გაყიდვების დაწყებიდან პირველ წელს, სულ რაღაც 90 000 ცალი S60-ის გაყიდვა იგეგმება.

”ვოლვოს” მთავარ დიზაინერ პიტერ ჰორბერის განცხადებით, წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი S60 უფრო სადა სტილშია შესრულებული და რაც მთავარია, მის გარეგნობაში ”ვოლვოს” სტილი ადვილად გამოიცნობა. შვედურ კომპანიაში აცხადებენ, რომ შასისა და საკიდარის დახვეწის ხარჯზე, მათ კომპანიის ისტორიაში ყველაზე დინამიური ავტომობილი შექმნეს.

მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი კომპლექტაცია - ”კომფორტი” და ”დინამიკი”. ამათგან პირველს შედარებით რბილი საკიდარი ექნება, მეორეს კი - ხისტი. ახალი ავტომობილისთვის განკუთვნილია ბენზინის ორი (2.0 და 3.0-ლიტრიანი, შესაბამისად 203 და 304 ცხ.ძალით) და ამდენივე დიზელის (163 და 205 ცხ.ძალით) ძრავი. ცოტა ხანში მათ სიას კიდევ ოთხი ძრავი დაემატება.

ახალი S60 უსაფრთხოების უამრავი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთაგან ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეთა დაცვის სისტემა გამოირჩევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სრულ გაჩერებას ავტომატურად უზრუნველყოფს. ოღონდ, საწყისი სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ჯერჯერობით უცნობია ახალი S60-ის ფასი. ის ალბათ ავტომობილის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება, მისი გაყიდვები კი ზაფხულში დაიწყება.

შვეიცარული სპორტული ელექტრომობილი - LAMPO2

Protoscar LAMPO2 Details

10 თებერვალი

შვეიცარულ კომპანია ”პროტოსქარს” ჟენევის საავტომობილო შოუზე გამოსაფენად მომზადებული აქვს სპორტული ელექტრომობილი LAMPO2, რომელიც შარშან, ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელ LAMPO-ს ლოგიკური გაგრძელებაა.

LAMPO2-ის ასაგებად, შვეიცარულმა კომპანიამ ”ჯენერალ მოტორსისეული” პლატფორმა ”კაპა” გამოიყენა, რომელსაც გენერლები სპორტული მოდელების - ”ოპელ GT-ს”, ”პონტიაკ სოლსტაისის” და ”სატურნ სკაის” წარმოებისთვის იყენებდნენ. ”პროტოსქარის” გადაწყვეტილებით, ელექტრომობილი კაბრიოლეტის ტიპის ძარით მზადდება და მას საკმაოდ უცნაური დიზაინი გამოარჩევს.

თუმცა მთავარი მისი ტექნიკური აღჭურვილობაა. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 350 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრს აღწევს. თითო ძრავი თითო ღერძს ემსახურება და გამოდის, რომ LAMPO2-ს ყველა ბორბალი წამყვანი აქვს. ძრავებს ლითიუმ იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომელთა ჯამური ტევადობა საათში 30 კილოვატია.

”პროტოსქარის” ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევს, სვლის სშორე კი 200 კილომეტრია. ამასთან, ელექტრომობილს აქვს აკუმულატორების სწრაფად დამუხტვის სისტემა, რომლითაც 10 წუთში მიღებული ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შესძლოს.

”შევროლე კამარო” ევროპაშიც გაიყიდება

Chevrolet Camaro Comes to Europe

10 თებერვალი

”ჯენერალ მოტორსის” ყველაზე მასობრივი მარკა, ამერიკული ”შევროლე” ევროპაში ექსპანსიას იწყებს - ჟენევაში რამდენიმე ისეთ ავტომობილს გამოფენს, რომლებიც აქამდე ძველ კონტინენტზე არ იყიდებოდა. მათ შორისაა ამერიკაში საკულტო მოდელი ”შევროლე კამარო”, რომელიც ევროპელი პოტენციური მყიდველის წინაშე კუპესა და კაბრიოლეტის ძარაში გამოწყობილი წარსდგება.

”შევროლეს” ევროპული შტოს დირექტორ უეინ ბრენონის თქმით, ჟენევაში, ”კამაროს” გარდა, ამერიკული კომპანია მინივენ ”შევროლე ორლანდოს” (რომლის კონცეპტუალური ვერსია პირველად ორი წლის წინ, დეტროიტის ავტო შოუზე იყო წარმოდგენილი) და გასპორტულებულ ”ავეო RS-ს” წარადგენს. ეს უკანასკნელი, 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავ ”ეკოტექით” აღიჭურვება, რომელიც 138 ცხენის ძალას ავითარებს და რომელთანაც 6-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. ”ავეო RS-ს” მყიდველს ჰეჩბეკისა და სედანის ძარით შესთავაზებენ.

ჯერჯერობით უცნობია ”შევროლე კამაროს” ევროპული ვერსიის სპეციფიკაციები. სავარაუდოდ, ის იმავე აგრეგატებით იქნება აღჭურვილი, როგორებითაც ამერიკაში იყიდება. ესაა 3.6-ლიტრიანი V6 და 6.2-ლიტრიანი V8, რომლებიც შესაბამისად, 304 და 426 ცხენის ძალას ავითარებენ.

”იაგუარი” შესაძლოა ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს

All-Electric Jaguar XJ Developed?

10 თებერვალი

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესია, თუ ჯერ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას დაიწყებენ და მერე გადაერთვებიან ელექტრომობილებზე, რადგან ახალი ტექნოლოგიების ათვისება საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება.

მაგრამ ყველა ასე არ იქცევა და შესაძლოა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ”იაგუარი” გახდეს - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ ინგლისური კომპანია შესაძლოა, ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობდეს და ამისათვის ბაზისად სედან XJ-ს გამოიყენებს.

”ავტოქარის” ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ელექტრომობილის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია და რომ მას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. იმავე წყაროს ინფორმაციით, ეს ავტომობილი მხოლოდ იმ ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს მაღალი გადასახადებით ბეგრავენ და შორს არც ის დროა, როდესაც იქ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს მალე ელექტრომობილები ჩაანაცვლებს. ასეთი ბაზარი კი დღეისათვის აშშ-ის, ეკოლოგიაზე ყველაზე მეტად მზრუნველი შტატი კალიფორნიაა.

”ავტოქარისვე” ინფორმაციით, ”იაგუარის” ელექტრომობილი ერთი, 145-კილოვატიანი (195-ცხენისძალიანი) ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი გამოკვებავს. იმისათვის, რომ ელექტრომობილის სვლის სიშორე გაიზარდოს, ის ასევე აღიჭურვება ინგლისური ”ლოტუსის” მიერ შემუშავებული, სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით, რომელიც მასთან დაკავშირებულ გენერატორს აამუშავებს, ეს კი გამომუშავებული ენერგიით აკუმულატორებს, ავტომობილის მოძრაობისას დამუხტავს. ამის წყალობით ელექტრომობილის სვლის სიშორე, აკუმულატორების ერთჯერადი დამუხტვით, 960 კილომეტრს მიაღწევს. ცნობისათვის, სვლის ასეთი სიშორით, ამჟამად გაყიდვაში არსებული ვერცერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი ვერ დაიკვეხნის.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში შიდაწვის ძრავი იქნება ჩართული, ”იაგუარის” ელექტრომობილს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 4.1 ლიტრი საწვავი დასჭირდება, რაც ლუქსის კლასის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა (120 გრ/კმ-ზე დაბლა).ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ს მიაღწევს.

”იაგუარ ლენდ როვერს” ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არც დაუსასტურებია და არც უარუყვია. თუმცა მოსალოდნელია, რომ ჟენევის ავტო შოუზე, ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ გაირკვევა.