Thursday, February 18, 2010

”ბერტონე პანდიონი” - კონცეპტი ”ალფა რომეოსთვის”

Bertone Alfa Romeo Pandion Concept

18 თებერვალი

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე ”ბერტონემ” თავისი ახალი კონცეპტუალური კუპეს ფოტოები გაავრცელა. ეს ავტომობილი ”ალფა რომეოს” შეკვეთითაა დამზადებული და მას სახელად ”პანდიონი” შეარქვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ავტომობილის გარეგნობაში შეიძლება ”ალფა რომეოს” სედან 159-ის ორკარიანი ვერსიის მომავალი სახე.
იტალიურ საიტ ”უნიკა-სტრადას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”პანდიონის” სიგრძე 4.82 მეტრია. ის მილანელთა სპორტულ მოდელ ”ალფა 8C კომპეტიციონეს” პლატფორმაზეა შექმნილი და აღჭურვილია მისივე 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 450 ცხენის ძალას იძლევა.
”პანდიონში” ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა სავარძლები ზრდასრულებისთვის მეტად მოუხერხებელი უნდა იყოს. ავტომობილი ზუსტად 1000 კილოგრამს იწონის. ჯერჯერობით სულ ეს ინფორმაციაა, რაც ”ბერტონემ” ამ კონცეპტუალური მოდელის მსოფლიო პრემიერამდე გაიმეტა. პრემიერა კი მარტის დასაწყისში, ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

სხვათა შორის, იმავე 159-ის თემაზე, ”ალფა რომეოს” დავალებით, კონცეპტუალური მოდელები კიდევ ორმა იტალიურმა ატელიემ - ”იტალდიზაინ ჯუჯარომ” და ”პინინფარინამ” მოამზადა და ისინიც თავიანთ ნამუშევრებს ჟენევაში გვაჩვენებენ. ოღონდ, ”ჯუჯაროს” ავტომობილს სედანის ძარა ექნება, ”პინინფარინასას” კი - როდსტერისა. თანაც, ეს უკანასკნელიც ”ალფა 8C კომპეტიციონეს” პლატფორმაზეა დამზადებული.

რაც შეეხება ”ალფა რომეო 159-ის” შემცვლელს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ”კრაისლერის” რომელიმე მოდელის პლატფორმაზე დამზადდება და ის ევროპულ ბაზარზე წელსვე გამოჩნდება.

”ოპეკმა” ახალი ჰიბრიდული კონცეპტუალური ავტომობილი გაგვაცნო

Opel Flextreme GT/E Concept to Debut in Geneva

18 თებერვალი

”ოპელმა” გამოაქვეყნა თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, ჰიბრიდული ”ფლექსტრიმ GT/E-ს” შესახებ პირველი ოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი გვიჩვენებს, თუ რა მიმართულება აქვს ”ოპელს” არჩეული ეკოლოგიისადმი მეგობრული ავტომობილების წარმოების საქმეში.
”ფლექსტრიმ GT/E-ს” სირგძე სედან ”ოპელ ინსინიასაზე” 7 სანტიმეტრით მოკლე (4.7 მეტრი), ბაზა კი 16.5 სანტიმეტრით (2.9) გრძელია. კონცეპტუალური ავტომობილის ძარა კარბონის, შუშის და პოლიკარბონატის კომპოზიტებისგან, მზიდი ელემენტის ზოგიერთი ნაწილი კი - ალუმინის მსუბუქი შენადნობებისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ის შესაბამისი კლასის სხვა ავტომობილებზე დაახლოებით 40 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა.

”ოპელის” მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში აღნიშნულია, რომ კონცეპტუალური ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0,22-ია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია, რასაც ძარის სპეციალური, აქტიური ნაწილები განაპირობებს. მათი მეშვეობით, ჰაერის შემხვედრი ნაკადის წინააღმდეგობაც მცირდება და ის ძარას უფრო ეფექტურადაც უვლის გარს.

მაგალითად, როდესაც ავტომობილის სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მაღლა ადის, უკანა ბორბლის უკანა ნაწილში არსებული ღრიჭოდან, გარეთ გამოდის ვერტიკალური ფირფიტა-სპოილერები, რომელთა სიგრძე სულ რაღაც 35 სანტიმეტრი კია, მაგრამ ისინი ჰაერის ნაკადს სწორ მიმართულებას აძლევენ.

”ფლექსტრიმ GT/E-ს” მთავარი მამოძრავებელი აგრეგატი 150-ცხენისძალიანი ელექტროძრავია, რომელსაც ენერგიით, ავტომობილის ძირსა და უკანა სავარძლების ძირზე მოთავსებული ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 60 კილომეტრის გავლა შესძლოს.

თუმცა, ამ ავტომობილისთვის, ეს სვლის სიშორე მაქსიმალური არაა. აკუმულატორების სრულად განმუხტვის შემდეგ, საქმეში ბენზინზე მომუშავე 1.4-ლიტრიანი ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ერთვება, რომელიც გამომუშავებულ ენერგიას აკუმულატორებს მოძრაობის დროს აწვდის. ამ ტანდემის მეშვეობით, სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.

”ოპელის” მონაცემებით, მის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ.სთ-ს აღწევს.

”ფლექსტრიმ GT/E-ს” მსოფლიო პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

”ბენტლიმ” მსოფლიოში უსწრაფესი კაბრიოლეტი შექმნა

Bentley Continental Supersports Convertible Previewed

18 თებერვალი

ინგლისურმა კომპანია ”ბენტლიმ”, რომელიც გერმანული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, წარმოებისთვის თავისი კუპეს, ”კონტინენტალ სუპერსპორტის” ღია ვარიანტი - ”კონტინენტალ სუპერსპორტს კონვერტაილი” მოამზადა, რომელიც, ”ბენტლის” ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიოს უსწრაფესი კაბრიოლეტია.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია წყილტურბოკომპრესორიანი W12 ძრავით, რომელიც 6000 ბრ/წთ-ზე 630 ცხენის ძალას, 2000-4500 ბრ/წთ-ს დიაპაზონში კი 800 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებს. საინტერესოა, რომ ეს ძრავი მუშაობს როგორც სუფთა ბენზინზე, ასევე ბიოსაწვავ E85-ზეც, რომელშიც 85 პროცენტი ეთანოლია.

ძრავთან შეწყვილებულია რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი ZF 6HP26, რომელიც გადაცემის საფეხურებს, ჩვეულებრივ კოლოფებზე ორჯერ სწრაფად ცვლის. ავტომობილი სრულამძრავიანია.

მწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”კონტინენტალ სუპერსპორტს კონვერტაილს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, 160 კმ/სთ სიჩქარეს 9.5 წამში კრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.

ახალი ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოეზე გაიმართება, მის გაყიდვას კი ”ბენტლი” შემოდგომიდან დაიწყებს.