Wednesday, November 3, 2010

კონკურს 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტები

2011 Car of the Year: 7 Finalists Announced

3 ნოემბერი

დასკვით ეტაპზე გადავიდა ტრადიციული კონკურსი ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი, რომელმაც ძველი კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის ვინაობა უნდა გაარკვიოს. ახლახანს ჟიურიმ 41 ახალი ავტომობილიდან ის 7 აირჩია, რომლებიც საუკეთესოს სახელისთვის იბრძოლებენ.

როგორც ყოველთვის, ფინალისტებს შორის ისეთი ავტომობილებიც მოხვდა, რომლებსაც დასკვნით ეტაპზე ბევრი არავინ ელოდა. თუმცა, ასეთ კონკურსებში რომ შემთხვევითი გამარჯვებულები არ არსებობენ, ეს გასულმა ხუთმა ათწლეულმაც უჩვენა.

სამაგიეროდ, ფინალში ვე მოხვდა ისეთი შესანიშნავი ავტომობილები, როგორებიცაა ”აუდის” ლუქს სედანი A8 და ოთხკარიანი კუპე A7 სპორტბეკი, ”ბეემვეს” მე-5 სერიის სედანი და უგზოობის X3, ”იაგუარის XJ და ”მერსედს ბენცის” ოთხკარიანი კუპე CLS. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ დიდი ზომის მანქანები ამ ტიპის კონკურსებს ევროპაში იშვიათად იგებენ.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სახელს ევროპის საავტომობილო საზოგადოება 29 ნოემბერს გაიგებს, მანამდე კი შესანიშნავ შვიდეულს თვალი გადავავლოთ და იქნებ, წინასწარ ისიც გამოვიცნოთ, თუ ვის აღიარებენ საუკეთესოდ ჟიურიში შემავალი ჟურნალისტები. მაშ ასე, კონკურს 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის (COTY) წოდებაზე წარდგენილნი არიან (ალფაბეტის მიხედვით)...

ალფა რომეო ჯულიეტა

მილანური კომპანია კრიზისშია, მაგრამ მისი ავტომობილები COTY-ს ფინალში მაინც ხვდებიან. ამჯერად, ეს პატივი ადრე პოპულარული და კარგა ხანს მივიწყებული, ახლა კი გაცოცხლებული სახელის მტარებელ ავტომობილს ერგო. ”ჯულიეტა” ნომინანტობას მარტო მისი შესანიშნავი გარეგნობის გამო იმსახურებდა. ეგეც რომ არა, მან ახლახანს ევროპული სტანდარტით (EURONCAP) ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ამ ჰეჩბეკისთვის ბევრი ძრავია გათვალისწინებული, მათ შორის კი ”ჯულიეტას” ის ვერსია გამოირჩევა, რომელიც 1.8-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა (სიმძლავრე 235 ცხენის ძალა) აღჭურვილი.

სიტროენ C3/DS3

ამ ავტომობილის ძიერი მხარეც მისი დახვეწილი გარეგნობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ”ალფა რომეოს” ამ მხრივ ვერ შეეჯიბრება. სამაგიეროდ, ფრანგული ჰეჩბეკი უკეთესი ინტერიერით და მრავალფეროვანი ეკიპირებით გამოირჩევა. ძრავების მხრივაც, ორმაგ შევრონს ბევრი ვერ შეედრება. სპეციალურ აღნიშვნას იმსახურებს კომპანია ”ცენიტის” წარმოების საქარე შუშა. როგორც ჟიური შეფასებაშია ხაზგასმული, ეს შუშა მძღოლის მხედველობის არეს აუმჯობესებს.

დაჩია დასტერი

ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დროს კომუნისტური რუმინეთის სიმბოლოდ ქცეულ ავტომწარმოებელ ”დაჩიას” ოდესმე ევროპული ავტოინდუსტრიის ელიტაში ვიხილავდით... თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს მარკა ხომ ახლა ”რენოს” ეკუთვნის, რომელმაც ის თავისი იაფფასიანი ავტომობილების მწარმოებლად აქცია და ერთობ მოგებულიც დარჩა. ჯერ იყო ჰეჩბეკი/სედანი ”ლოგანი”, ახლა კი უგზოობის ”დასტერის” ჯერია.

ესეც იაფთა სეგმენტის წარმომადგენელი და ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი უგზოობის ავტომობილია. რაც მთავარია, ტყუილად სულაც არ მიეკუთვნება უგზოობის კლასს - შესანიშნავი გამავლობა აქვს და ინტერიერიც იმაზე უკეთესი კომფორტულობით გამოირჩევა, ვიდრე მისგან მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით კარგია ”დასტერის” ის ვერსია, რომელიც 1.5-ლიტრიანი 85-ცხენისძალიანი დიზელითაა აღჭურვილი.

რა თქმა უნდა, ”დაჩიას” ფინალში არავინ ელოდა, მაგრამ დრო შეიცვალა...

ფორდ C-მაქს/გრანდ C-მაქსი

საბაზისო C-მაქსს იმის გამო აკრიტიკებდნნ, რომ მას შვიდ სავარძელი არ ჰქონდა. ჰოდა, ცისფერ ოვალში ეს პრობლემა მარტივად მოაგვარეს - პლატფორმა დააგრძელეს და სალონში სავარძლების მესამე რიგისთვის ადგილიც გამოჩნდა. შესაბამიად, ამ მოდიფიკაციას სახელში გრანდ დაემატა. უფრო მთავარი კი ისაა, რომ ამ ავტომობილ(ებ)ს ახალი, სერია ეკობუსტის ძრავები აქვს, რომლებიც საკმარისი სიმძლავრით და მომენტით და, რაც მთავარია, ეკონომიურობით გამოირჩევა. ძრავებიდან ყველაზე მძლავრი 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ნისან ლიფი

ამ ავტომობილით, ავტოინდუსტრიაში რევოლუცია იწყება და ამ საქმეში ერთ-ერთი პიონერი ”ნისანია” თავის ელექტრულ ჰეჩბეკ ”ლიფით”. რა თქმა უნდა, ამ და მის მსგავს ავტომობილებს უახლოეს წლებში, პოლიტიკური მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ, რადგან განვითარებული ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, რომ მათმა მოსახლეობამ, რაც შეიძლება, მეტი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი შეიძინოს.

რამდენადაც ”ლიფის” სვლის სიშორე 160 კილომეტრზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ევროპის და არამხოლოდ ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურად, ზედმეტი დამუხტვის გარეშე გარეშე გამოიყენებს. ავტომობილი 110-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რაც ამ ტიპის მანქანისთვის სრულიად საკმარისია.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ”ნისან ლიფი” საუკეთესოდ აღიარების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

ოპელ/ვოქსოლ მერივა

წინა მერივა ძალიან წარმატებული ავტომობილი იყო და ბუნებრივია, ”ჯენერალ მოტორსის” გერმანულ-ბრიტანულმა შტომ, ამ წარმატების გამეორება სცადა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. წინამორბედთან შედარებით, ახალი ”მერივა” უფო დიდია - ის უფრო ზორბა პლატფორმაზე ააგეს. შესაბამისად, გაიზარდა ინტერიერის მოცულობა და კომფორტულობა.

ახალ მერივას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს - მისი წინა და უკანა კარებები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. ამის საშუალებას კი ის ფაქტი იძლევა, რომ უკანა კარებები უკანა საყრდენზეა ჩამოკიდული. ამგვარად, მნიშვნელოვნადაა გაადვილებული მანქანაში ჩაჯდომა და იქიდან გადმოსვლა.

რა თქმა უნდა, მყიდველს არჩევანის გაკეთება ძრავების ფართო გამაში შეუძია. აგრეგატებს შორის კი განსაკუთრებით მძლავრი და ეკონომიური დიზელის აგრეგატები გამოირჩევა.

ვოლვო S60/V60

ჩინელთა ხელში, ”ვოლვო” დიდ განახლებას იწყებს და ამის სიმბოლოდ შეიძლება ეს მშვენიერი ავტომობილი ჩაითვალოს, რომელსაც ეგრეთ წოდებული IKEA-ს დიზაინი გამოარჩევს. მისი წინამორბედსგან განსხვავებით, ახალ S60-ს თავისუფლად შეუძლია მე-3 სერიის ”ბეემვესთან” და C-კლასის ”მერსედესთან” კონკურენცია, რაშიც თუნდაც სოლიდური გაბარიტები (სიგრძე 4.63 მეტრი) დაეხმარება.

ახალგაზრდა მყიდველს უთუოდ უფრო დააინტერესებს ამ სედანის ის ვერსია, რომელიც 3.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. უფროსი თაობის მყიდველს კი შვედური კომპანია 4 და 5-ცილინდრიანი დიზელისძრავიანი ვერსიებით მოხიბლავს. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდს, რომ შვედური კომპანიის ავტომობილები უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევს.

***

რა თქმა უნდა, ამ შვიდეულში ყველა ავტომობილს აქვს ის თვისება, რომლის გამოც ის შეიძლება საუკეთესოდ დასახელებას იმსახურებს, თუმცა ყველაზე გამორჩეულებიც არიან. მაგალითად, ”ალფა რომეო ჯულიეტა”. და მაინც, ალბათ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ”ნისანის” ელექტრომობილს ექნება, რადგან ამ აღიარებით, ელექტრომობილების აღიარებაც მოხდება, ეს კი ევროპის სახელმწიფოების უმეტესობას ყველაზე მეტად აწყობს.

თუმცა, გამარჯვებულს მაინც ჟიურის დამოუკიდებელი წევრები ასახელებენ, რომლებიც პოლიტიკური ინტერესით კი არა, საკუთარი ემოციებითა და გემოვნებით იხელმძღვანელებენ. ამ მხრივ კი ”ჯულიას” ბადალი არ უნდა ჰყავდეს...

გერმანელებმა რეკორდული ტევადობის აკუმულატორი შექმნეს

3 ნოემბერი

მირკო ჰანემანი (სურათზე, მანქანიდან გადმოდის) 27 წლის ფიზიკოსია, დამთავრებული აქვს ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი

..............................

მსოფლიო ავტოინდუსტრია მალე ელექტრომობილების წარმოებას მასობრივად დაიწყებს. თუმცა ელექტრონული რევოლუცია საკმაოდ სერიოზულ პრობლემას აწყდება და ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არ შემუშავებულა საკმაოდ ტევადი აკუმულატორები. ამასთან, ენერგიის შენახვის ეს საშუალება მეტისმეტად ძვირიც ჯდება.

თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ორმა გერმანულმა, ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ, ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა - მათ მიერ ელექტრომობილად გადაკეთებულმა ”აუდ A2-მა” მიუნხენიდან ბერლინამდე აკუმულატორების ერთი დამუხტვით მიაღწია.

ბერლინის მერიამ, კომპანია ”DBM ენერჯის” 380 ათასი ევრო გამოუყო

..............................

რეკორდსმენ ავტომობილს ”ლეკერ მობილი” ჰქვია და ის კომპანია ”ლეკერ ენერჯიმ” და ”DBM ენერჯიმ” შექმნეს. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ შექმნეს აკუმულატორი, რომელიც ჩვეულებრივ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე ტევადიცაა, კომპაქტურიც, მძლავრიც, იაფიც და გაცილებით მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტითაც გამოირჩევა. შესაძლოა, ზემოთ ნახსენებ გარბენამდე, ეს ყველაფერი ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ამ აკუმულატორებით აღჭურვილმა ავტომობილმა შეუჩერებლად 605 კილომეტრი განვლო.

გარბენი ბრანდენბურგის ჭიშკართან დასრულდა, სადაც მის მონაწილეებს უამრავი ჟურნალისტი ელოდა. მანქანა გაჩერდა, იქიდან ”DBM ენერჯის” აღმასრულებელი დირექტორი მირკო ჰანემანი გადმოვიდა და გაიხუმრა: ”თუ ვინმეს თავისი აიფონის დამუხტვა სურს, შეგიძლიათ, ჩვენი მანქანის აკუმულატორით ისარგებლოთ”. ამის თქმის საფუძველი კი მას მართლაც ჰქონდა - როგორც გარბენის მომსახურე ინჟინრებმა განაცხადეს, ”ლეკერ მობილის” აკუმულატორებში ენერგიის 18 პროცენტი კიდევ დარჩენილი იყო.

”ლეკერ მობილზე” დაყენებული აკუმულატორების ტევადობა 115 კილოვატსაათია. ექსპერიმენტული გარბენის დროს, ელექტრომობილმა 605 კილომეტრზე 94.3 კილოვატი ენერგია დახარჯა. საშუალო ხარჯი კი კილომეტრზე 156 ვატისაათშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გარბენის დროს, ჰანემანს სალონში გამათბობელი ჰქონდა ჩართული...

..............................

ახვათა შორის, იაპონიის ელექტრომობილების კლუბის სპეციალისტების მიერ, ელექტრომობილად გადაკეთებულმა ”დაიჰაცუმ”, ცოტა ხნის წინ, აკუმულატორების ერთი დამუხტვით, 1003 კილომეტრის გავლა შეძლო. მაგრამ ის გარბენი ჩაკეტილ წრეზე ჩატარდა, რომელზეც ელექტრომობილის საშუალო სიჩქარე 40 კმ/სთ იყო. ”ლეკერ მობილმა” კი 605 კილომეტრი 88 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა.

საერთო სარგებლობის გზებზე, ”დაიჰაცუს” ყველაზე შორეული გარბენი 555 კილომეტრია. ასე რომ, გერმანული ელექტრომობილი უფრო შორსმავალი გამოდის. ესეც რომ არა, პატარა იაპონურ მანქანაში, აკუმულატორებმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა. ”ლეკერ მობილში” კი ხელუხლებლად დარჩა არამხოლოდ სალონი, საბარგულიც კი.

”DBM ენერჯის” ელემენტები ლითიუმ-მეტალ-პოლიმერული აკუმულატორების ტიპს მიეკუთვნება. ასეთი ელემენტები პირველად 1990-იან წლებში შექმნეს და მათს სრულყოფაზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობდა. მათგან ზოგიერთმა კვლევები შეწყვიტა, ზოგი კი ამ ტიპის აკუმულატორებს მცირე რაოდენობით აწარმოებს კიდეც.

მონათესავე ლითიუმ-იონური (LI) აკუმულატორებისგან ლითიუმ-მეტალ-პოლიმერული (LMP) იმით განსხვავდება, ლითიუმს მეტალის სახით იყენებს. LI-აკუმულატორებში კი ლითიუმი ან ოქსიდის, ან ფოსფატის, ან კიდევ ნახშირბადოვანი მასალის შიგნით, იონების სახით გამოიყენება. გარდა ამისა, LMP-ელემენტებს მყარი ელექტროლიტი აქვს.

ექსპერიმენტისთვის ”აუდი A2-ის” შერჩევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, ეს ავტომობილი ტონაზე ნაკლებს იწონის. მეორეც, შესანიშნავი აეროდინამიკა აქვს. ყოველივე კი ენერგიის ნაკლებ ხარჯს განაპირობებს

..............................

სხვათა შორის, იყო პერიოდი, როდესაც მეცნიერები LMP ტიპის ელემენტებზე მუშაობის შეწყვეტას აპირებდნენ. ამის მიზეზი კი ის გარემოება იყო, რომ ექსპერიმენტების დროს, ელემენტების ნორმალური მუშაობა მხოლოდ 60 გრადუს ტემპერატურაზე ხერხდებოდა. ამ ტემპერატურული რეჟიმის მუდმივად შენარჩუნება კი კონტროლის და გადამწოდების რთული სისტემის გამართულ მუშაობას საჭიროებდა. მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების საკითხიც.

ამასთან, LMP ელემენტები ხანგრძლივი მუშაობითაც არ გამოირჩეოდა - თავიდან მისი სამუშაო რესურსი დამუხტვა-განმუხტვის მხოლოდ 100-200 ციკლს უძლებდა. ელექტრომობილებში კი ისეთი აკუმულატორების გამოყენებას აქვს აზრი, რომლებიც მინიმუმ 1000 ციკლს მაინც გაუძლებენ.

”DBM ენერჯი” 2009 წელს ჩამოყალიბდა და თავიდანვე მიზნდ LMP ელემენტების სრულყოფა დაისახა. და, როგორც ჰანემანი ირწმუნება, ყველა სირთულე გადალახა, რის შემდეგაც აკუმულატორები სატრანსპორტი საშუალებებზე გამოყენებისთვის ვარგისი გახდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ნათქვამის სისწორეს წარმატებული გარბენი ადასტურებს.

გერმანულმა კომპანიამ მის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას ”კოლიბრი ალფაპოლიმერი” შეარქვა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მასზე დაწვრილებით არაფერს ყვება. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ მის მიერ შემუშავებული ელემენტების თვითაალება გამორიცხულია. ის სახიფათო არც პირდაპირი დაჯახების დროსაა. და, რაც მთავარია, ის ერთობ დიდ ტემპერატურულ დიაპაზონში (ცელსიუსით -40-დან +100 გრადუსამდე) მუშაობს.

ესეც არაა ყველაფერი - ჰანემანი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ შემუშავებული ელემენტები, ლითიუმ-იონურთან შედარებით, გაცილებით მცირე რაოდენობით ლითიუმ შეიცავს. LMP-ს შემდგენლობაში არც ძვირადღირებული კობალტის მინარევები შედის, ისინი უფრო მსუბუქებიცაა და იაფიც. დაბოლოს, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 97 პროცენტია!

და, კიდევ ერთი სასიამოვნო და მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც LMP ელემენტებს ავტომობილებისათვის სასურველს ხდის: მათი სრული დამუხტვა სულ რაღაც, 6 წუთშია შესაძლებელი. სხვათა შორის, დასამუხტად ამაზე მცირე დრო მხოლოდ იაპონურ კომპანია ”ტოშიბას” მიერ შემუშავებულ ელემენტ SciB-ს სჭირდება, რომლის წარმოება და ელექტრომობილებზე გამოყენებაც მალე დაიწყება.

ჯერჯერობით, ჰანემანი არაფერს ამბობს მისი კომპანიის მიერ შემუშავებული აკუმულატორების ფასზე. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, დაიწყება თუ არა მისი მასობრივად წარმოება. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ფასი დაბალი იქნბეა და კონკურენციას იაპონურ აკუმულატორებს გაუწევს. თეორიულად, LMP აკუმულატორების ფასი, თანამედროვე ლითიუმ-იონურისაზე თითქმის ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.

გერმანელი ბიზნსმენი იმედოვნებს, რომ თავისი პროდუქტით, დიდ ავტომწარმოებლების ყურადღებას მიიქცევს. სხვათა შორის, მას შესთავაზეს, რომ თავისი აკუმულატორი საცდელად ინვალიდის სავარძელზე დაეყენებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ასეთი ექსპერიმენტი მეტისმეტად მოკრძალებული იქნებოდა და საზგადოების ყურადღებას ვერ მიიქცევდა.

კითხვაზე, როდის შეუძლია LMP აკუმულატორების მასობრივი წარმოების დაწყება, ჰანემანის პასუხი ოპტიმისტური და ლაკონურია - ”თუნდაც დღეს”...