Monday, March 7, 2011

„გუმპერტის“ 700-ცხენისძალიანი მაჩო

Geneva 2011: Gumpert Tornante by Touring

7 მარტი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე ბევრი სუპერ ავტომობილის ხილვა შეიძლება, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი პატარა გერმანულ კომპანია „გუმპერტის“ ახალი შედევრია, სახელად „ტორნანტე“, რაც იტალიურად მკვეთრ მოსახვევს ნიშნავს. ეს მეორე ავტომობილია, რომელიც „გუმპერტმა“ შეიმუშავა და ამ საქმეში მას იტალიური ატელიე „კაროცერია ტურინგ სუპერლეგერა“ დაეხმარა.

მოდელ „ტორნანტეს“ საფუძველს ფოლადის მილებისგან შეკრული შასი წარმოადგენს, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარის პანელებია დამაგრებული. სწორედ ძარა დაამზადა იტალიურმა ატელიემ, რომლის შესახებაც ადრე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

„ტორნანტეს“ გაბარიტებია: 4.475 მეტრი, სიგანე 1.971 მეტრი, სიმაღლე 1.215 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა - 2.700 მეტრი. ავტომობილის საბაზო ვერსიის წონა 1300 კილოგრამია, დამატებითი აღჭურვილობის დამატების შემთხვევაში კი ის დაახლოებით 100 კილოგრამით მძიმდება.

„გუმპერტის“ ახალი სუპერ ავტომობილი 4.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 700 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 900 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით, საფეხურებს 40 მილიწამში ცვლის. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.

მართალია, „გუმპერტმა“ თავისი ახალი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები გამოაქვეყნა, მაგრამ ისიც განაცხადა, რო ისინი შეიძლება შეიცვალოს, რადგან „ტორნანტეს“ სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამასთან, კომპანია გვპირდება, რომ ჟენევის შემდეგი გამოფენისთვის, „ტორნანტეს“ ეკოლოგიურად სუფთა ვერსიას მოამზადებს. ოღონდ, ეს ჰიბრიდი იქნება, თუ ელექტრომობილი, ამას ჯერაც არ აკონკრეტებს.

„ტორნანტე“ რეგულირებადი ამორტიზატორებით აღიჭურვება, მის შენელებას კი ექბსცილინდრიანი სამუხრუჭე მექანიზმები უზრუნველყოფს, რომლებიც 378-მილიმტრიან დისკოებზე ზის. ავტომობილის წინა ნაწილი 19-დუიმიან, უკანა კი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც „მიშლენის“ სერია „პაილოტ სუპერ სპორტის“ 265/35 და 345/30 საბურავებია ჩაცმული.

სავარაუდოდ, „გუმპერტი“ ამ ავტომობილის გაყიდვას მერმისს შეუდგება და მას დაახლოებით 800 000 დოლარად შეაფასებს.