Tuesday, September 22, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

”ოპელი” ფრანკფურტში

Opel Astra, Ampera

22 სექტემბერი

ოპელ ამპერა
ოპელ ასტრა

”ოპელის” გაყოფის საგა პრაქტიკულად დასრულებულია. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ის მალე კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლისა” და რუსული ”სბერბანკის” საკუთრებაში გადავა. მიუხედავად იმისა, რომ ”ჯენერალ მოტორსს” გერმანულ კომპანიაში ამ ორივეზე (ცალ-ცალკე აღებულზე) მეტი წილი რჩება (35 პროცენტი 25-25-ის წინააღმდეგ), მაინც შეიძლება ითქვას, რომ ”ოპელს” ამიერიდან რუსულ-კანადური ალიანსი გააკონტროლებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მარტო რუსულად, რადგან რუსებს ”მაგნაშიც” სოლიდური წილი ეკუთვნით.

მოკლედ, ამ გაუგებარი კუთვნილების (რამდენადაც მისი ქარხნების უმეტესობა გერმანიაში მდებარეობს, ისევ გერმანული ვუწოდოთ) კომპანიამ ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე ორი ავტომობილი წარადგინა - ბესტსელერ ჰეჩბეკ ”ასტრას” ახალი მოდელი და ჯერაც კონცეპტუალური ჰიბრიდული ”ამპერა”, რომელიც ფაქტობრივად, ”შევროლე ვოლტის” გერმანული გადამღერებაა.

მწარმოებლის განცხადებით, ახალი ”ასტრა” ყველაზე აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, როგორიც კი ოდესმე ყოფილა, მისი დიზაინი უფრო დიდი ზომის ”ინსინიასგან” მიღებული შთაგონებითაა შემუშავებული. ”ინსინიას” მსგავსად, ახალი ”ასტრას” გარეგნოობაშიც ბევრგან შეხვდებით ბუმერანგის მოყვანილობის ელემენტებს. ეს კი თანდათან ”ოპელის” მეორე საფირმო ნიშანი, კორპორატიული სტილი ხდება.

ახალ ასტრაზე ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული. ბევრი მათგანი ”ოპელმა” ჯერ კიდევ ”ინსინიასთვის” შეიმუშავა, ახლა კი მათ ”ასტრაზეც” გადმოინაცვლეს. და მაინც, გერმანული კომპანია გვპირდება, რომ ”ასტრა” თავის მთავარ მეტოქეზე - ”ფოლკსვაგენ გოლფზე” იაფი ეღირება. ვნახოთ, ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც მისი გაყიდვები თბილისშიც (სავარაუდოდ, ეს იანვრის მე-2-3 კვირაში მოხდება) დაიწყება.

ახალი ”ასტრასთვის” ძრავების ფართო არჩევანია გათვალისწინებული. ამ მხრივ, სიახლეა 1.4 და 1.6-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავები. ჰეჩბეკის საბაზო ვერსია კი ბენზინის 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მსგავსი ლიტრაჟის ახლანდელ ძრავზე დაახლოებით 8 პროცენტით უფრო ეკონომიურია. ძრავების გამაში ასევე დიზელის რამდენიმე (1.3, 1.7 და 2.0-ლიტრიანი), ასევე ”ეკოფლექს” კონფიგურაციის ძრავი შედის.

რაც შეეხება ამპერას, ის ამჟამად ინტენსიური ტესტირების ფაზაში იმყოფება და ფრანკფურტში ”გზად შეიარა”. ვისაც ამ ავტომობილის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია ჯერ არ წაუკითხავს, ვეტყვით, რომ მართალია, ეს ავტომობილი ჰიბრიდების კლასს განეკუთვნება, მაგრამ მისი ძირითად მამოძრავებელი მაინც ელექტროძრავია, რომელსაც ლითიუმ-იონური აკუმულატორებში დაგროვებული ელექტროენერგიით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში შიდაწვისძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვება, სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.

”ამპერას” ელექტროძრავი 150 ცხენის ძალასა და 370 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 161 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 9 წამში შეუძლია.

ოპელი ამ ავტომობილის წარმოების დაწყებას 2011 წელს გეგმავს.