Tuesday, September 15, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

”ფოლკსვაგენ E-უპ!” - 21-ე საუკუნის ხოჭოს ელექტრონული ვერსია

VW E-Up! Concept

15 სექტემბერი

კონცეპტუალური ელექტრომობილი ჟურნალისტებს ”ფოლკსვაგენის” მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა წარუდგინა
...................................................................................................

ფრანკფურტში ”ფოლკსვაგენმა” გარემოსადმი მზრუნველობა სხვა კუთხითაც გამოავლინა - გამოფენაზე კონცეპტუალური ”უპ!-ის” (მომავალი ლუპო) ბაზაზე შექმნილი კონცეპტუალურივე ელექტრომობილი წარადგინა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ” E-უპ!-ის” გარეგნობა წინა მოდელთან შედარებით ძალიან დაიხვეწა და საწარმოო სტანდარტს მიუახლოვდა, მისი ეს ვერსია ვოლფსბურგელებმა არა უბრალოდ გარეგნობის საჩვენებლად გამოფინეს, არამედ უფრო იმისათვის, რომ ყველასათვის დაენახვებინათ - ელექტრომობილების წარმოებისთვის ისინიც მზად არიან და ამ საქმეს მაშინვე მოჰკიდებენ ხელს, როგორც კი მაღალეფექტური აკუმულატორები გაიაფდება.

რა თქმა უნდა, ”E-უპ!-ი” ძალიან მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი ზომებია: სიგრძე 3.19 მ, სიგანე 1.64 მ, სიმაღლე 1.47 მ და ბაზა 2.19 მეტრი. ავტომობილს სალონში ჩასაჯდომი საკმაოდ უცნაური ფორმულა 3+1 აქვს, სადაც რიცხვი 1 იმას ნიშნავს, რომ მძღოლის სავარძელი ხუთიოდ სანტიმეტრით წინაა წაწეული. საერთო ჯამში ავტომობილი ”ფიატის” პოპულარულ რეტროჰეჩბეკ ”ჩინკვეჩენტოზე” პატარაა. ”E-უპ!-ის” საბარგულის მოცულობა სულ რაღაც 85 ლიტრია, მაგრამ თუ მძღოლის უკან სავარძელს დავკეცავთ, საბარგულის მოცულობა 180 ლიტრამდე იზრდება და თუ ორივეს დავკეცავთ, 320 ლიტრსაც კი აღწევს.

”უპ!-ის” ელექტრული ვერსიის სალონი სისადავით და მინიმალიზმით გამოირჩევა - ელექტროენერგია მინიმალურად უნდა დაიხარჯოს

............................................................................................

ავტომობილი აღჭურვილია საკმაოდ მძლავრი ელექტროძრავით, რომელიც ნომინალურ 53 ცხენის ძალას, მაქსიმუმ 80 ცხენის ძალას და 210 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, კონცეპტუალურ ელექტრომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარება 11.3 წამში შეუძლია, ადგილიდან 50 კმ/სთ-ის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ია.

ავტომობილის წონა 1 085 კილოგრამია. აქედან 240 კილოგრამი აკუმულატორების ბლოკზე მოდის, რომელთა ჯამური ტევადობა 18 კილოვატსაათია. მწარმოებელი გვამცნობს, რომ აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან (პლაგ ინ სისტემით) დასამუხტად ხუთი საათია საჭირო, სპეციალურ სადგურში კი, აკუმულატორების 80 პროცენტით შევსებას დაახლოებით ერთ საათი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის სახურავზე მზის ელემენტებია ჩამონტაჟებული, რომელთა ფართობი 1.4 კვადრატულ მეტრს აღწევს. თუ მძღოლი მზისგან დამცავ წინაფრას გახსნის, რომლის მეორე მხარეზეც ასევე მზის ელემენტებია მოთავსებული, ამ ელემენტების ჯამური ფართობი 1.7 კვ. მეტრამდე იზრდება. მზის ელემენტებისგან ავტომობილის ელექტრონული სისტემები იკვებება და თუ მანქანა გაჩერებულია, მზისგან მიღებული ენერგია სალონის ვენტილაციასა და გაგრილებას ხმარდება.

”ფოლკსვაგენი” კონცეპცია ”უპ!-ს” ხშირად 21-ე საუკუნის ”ბიტლს” უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პატარა პატარა ავტოს ”სახალხო ავტომობილობის” მისია აკისრია. ესე იგი, ის საკმაოდ იაფი უნდა იყოს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ლითიუმ-იონური აკუმულატორებით და მზის ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილი იაფი ღირდეს. და მაინც, ვოლფსბურგელები ირწმუნებიან, რომ ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპციის ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის წარმოებას 2013 წელს დაიწყებენ. მანამდე ორი წლით ადრე კი ბაზარს ლუპო (იგივე უპ!-ის სერიული ვერსია) ეწვევა.

ფრანკფურტის ავტო შოუ

”ფოლკსვაგენი” 1.5-ლიტრიანი ხარჯით

Volkswagen L1 Concept

15 სექტემბერი

”ფოლკსვაგენისგან” ამ ავტომობილს დიდხანს ელოდნენ და აი, ფრანკფურტში გახსნილ საავტომობილო შოუზე, გერმანულმა კომპანიამ მოლოდინი გაამართლა - გამოფენის დამთვალიერებლებს კონცეპტუალური L1 გააცნო რომელიც 100 კილომეტრზე საშუალოდ 1.38-1.49 ლიტრ (მუშაობის რეჟიმის შესაბამისად) დიზელის საწვავს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ CO2-ს გამოყოფს.

ასეთი სუპერეკონომიურობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ესენია: სრულყოფილი აეროდინამიკა, მცირელიტრაჟიანი და ძალიან ეკონომიური ძრავი, ავტომობილის სიმსუბუქე და რხევაზე ნაკლები წინააღმდეგობის მქონე საბურავები.

ავტომობილი სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, აქედან ძარაზე 124 კილოგრამი მოდის. L1 ორცილინდრიანი, 0.8-ლიტრიანი TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სამუშაო რეჟიმის მიხედვით, 27 ან 39 ცხენის ძალას (ორივე შემთხვევაში 4 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 100 ნიუტონმეტრია (1 900 ბრ/წთ-ზე). როგორც ”ფოლკსვაგენი” გვამცნობს, ეს ძრავი 1.6-ლიტრიანი TDI-ს ბაზაზეა შექმნილი და ფაქტობრივად, მის ნახევარს წარმოადგენს.

ძრავთან ორმაგი გადაბმის ქუროთი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომტური კოლოფია (DSG) დაკავშირებული. ძრავსა და ტრანსმისიას შორის ასევე მცირე სიმძლავრის ელექტროძრავი მდებარეობს, რომელიც აჩქარების დროს, სიმძლავრეს ზრდის. დამუხრუჭების დროს კი ენერგიას აგროვებს და ლითიუმ-იონურ აკუმულატორს მუხტავს. საჭიროების შემთხვევაში კი, ამ ელექტროძრავით მცირე მანძილის გავლაც შეიძლება.

ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ი აკრეფა 14,3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს. ათლიტრიანი ავზი საკმარისია იმისათვის, რომ ”ფოლკსვაგენ L1-ით” 670 კილომეტრი გაიაროთ.

L1 ასევე აღჭურვილია ”პარტკ ესისტ” და სტარტ/სტოპ სისტემებით. ამათგან მეორე ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებას ემსახურება - შუქნიშანზე დგომისას ძრავს თიშავს, აქსელერატორზე დაჭერისას კი ძრავს ავტომატურად რთავს. ავტომობილი ”მიშლენის” წარმოების შემცირებული წინააღმდეგობის საბურავებზე დგას, რომელთა ზომებია: 95/60 R16 წინ და 115/70 R16 უკან.

გავრცელებული ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” L1-ის ბაზაზე, მსგავსი მონაცემების მქონე ავტომობილის წარმოებას 2013 წელს დაიწყებს.