Sunday, September 6, 2009

”დონფენი” თურქეთში ქარხანას ააშენებს

Dongfeng’s Plant in Turkey

6 სექტემბერი

დონფენ ფენშენ S30

................................................................

სიდიდით მესამე ჩინური ავტომწარმოებელი ”დონფენ მოტორი” თურქეთში ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც წლიურად 52 000 ავტომობილს გამოუშვებს. ქარხნის მშენებლობას 250 მილიონი დოლარი მოხმარდება და მასში დაახლოებით 1 000 ადამიანი დასაქმდება.

თურქეთის მხარემ ეს ინფორმაცია დაადასტურა და ასევე აღნიშნა, რომ ქარხნისთვის ადგილი ჯერ შერჩეული არაა და ამ ეტაპზე, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. სავარაუდოდ, ახალი ქარხნის მშენებლობა მერმის, წლის პირველ მეოთხედში დაიწყება.

ამ ქარხნის მეშვეობით, ”დონფენი” ევროპაში ექსპანსიას აპირებს. რა თქმა უნდა, იქ წარმოებული ავტომობილების უმეტესობა თურქეთშივე გაიყიდება. დიდ ნაწილს კი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდლოეთ აფრიკაშიც გაიტანენ. დროთა განმავლობაში კი, ”დონფენის” ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ქარხნის წარმადობა გაიზრდბა და მისი ნაწარმის დიდი ნაწილი ევროპაში გაიყიდება.

პარალელურად, უცხოურ ბაზრებზე საქმიანობის გასააქტიურებლად, ”დონფენი” სხვა არაჩინური კომპანიების შეძენასა და მათთან ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასაც ეშურება. მაგალითად, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ”დონფენი” ”ჯენერალ მოტორსისგან” მისი ავსტრალიური ბრენდის - ”ჰოლდენის” გამოსყიდვას ცდილობს. თუმცა, ავსტრალიური კომპანია ჩინურ ავტომწარმოებელთან ყოველგვარი მოლაპარაკების მიმდინარეობას უარყოფს.

”დონფენ მოტორის” ვიცე პრეზიდენტი ლი შაოჯუ ამბობს, რომ მისი კომპანია ეკონომიკური კრიზისით დასუსტებული უცხოური კომპანიების შეძენითაა დაინტერესებული, რადგან ამ ეტაპზე, ეს საკმაოდ იაფი დაუჯდება. სამაგიეროდ, შეძენილი ავტომწარმოებლის ხელთ არსებული ტექნოლოგიები ჩინურ კომპანიას საერთაშორისო ავტორიტეტის მოსაპოვებლად გამოადგება.

”კიას” საფრანკფურტო ექსპონატები

Kia at Frankfurt

6 სექტემბერი


ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტო მწარმოებლები თავიანთი საგამოფენო ექსპონატების ანონსირებას ეშურებიან. მათ არც ”კია” ჩამორჩა, რომელმაც გამოაცხადა, რომ შოუს დამთვალიერებლებს თავისი ორი პოპულარული მოდელის - ჰეჩბეკ ”ს’იიდს” და უგზოობის ”სორენტოს” (სურათებზე) ჰიბრიდულ ვერსიებს წარუდგენს.

რა თქმა უნდა, ორივე ავტომობილი იმისთვისაა შექმნილი, რომ მათ ნაკლები საწვავი მოიხმარონ და შესაბამისად, გარემოც ნაკლებად დააზიანონ. ამისათვის კი მათს შიდაწვის ძრავებს დამხმარედ ელექტროძრავები შეუწყვილეს.

ჰიბრიდული ”ს’იიდი” იმავე აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც ”კიამ” პირველად ”ფორტეზე” გამოიყენა. ”სორენტოს” ჰიბრიდული დანადგარის ძირითად აგრეგატი კი წყვილი ტურბოკომპრესორით აღჭურვილი, 1.6-ლიტრიანი ძრავია, რომელიც 161 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ”სორენტო” ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 119 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ჰიბრიდულ ”სორენტოს” წარმოებას კორეული კომპანიის უესტპოინტური (შტატი ჯორჯია) ულტრათანამედროვე ქარხანა ამ წლის ბოლოდან დაიწყებს.

”სიტროენის” საიდუმლო სიახლე

Citroen's concept

6 სექტემბერი

ფრანგულმა კომპანია ”სიტროენმა” საკუთარი ფეისბუკის გვერდზე თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელის ფოტო თავსატეხი დადო, რომელსაც სახელად არაფრის მთქმელი ”ნუვო C3” (ახალი C3) უწოდა და რომლის პირველ ჩვენებასაც ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე მოაწყობს.

ფოტოზე, განათებული სფეროს ფონზე მდგარი ავტომობილის ლანდი ჩანს, რომლის მიხედვითაც გარკვევით რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ავტომობილს ”ახალი C3” კი უწოდეს, მაგრამ მას არც C3-თან და არც DS3-თან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს. კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ეს ფრანკფურტში საჩვენებელი კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტისერია, მაგრამ სხვა ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახა. მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ ავტომობილისადმი საზოგადოების ინტერესი, რაც შეიძლება, მეტად გაღვივდეს.

თუმცა, ინტერნეტით უკვე გავრცელდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ”ნუვო C3” შესაძლოა, ”სიტროენის” ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილის წინამორბედი იყოს, რომელიც ლეგენდარული 2CV-ს ტრადიციებს გააგრძელებს (ფოლკსვაგენის და მინის ძველი ლეგენდები ხომ განახლების შემდეგაც ძალიან პოპულარულები არიან?). ამასთან, იმავე ვარაუდის მიხედვით, ახალი კონცეპცია ორი წლის წინ წარმოდგენილი, ასევე კონცეპტუალური ”C-კაქტუსის” უფრო დახვეწილი (საწარმოო ვერსიასთან მიახლოებული) ვარიანტი იყოს.

დაკიდევ, თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარით იქნება აღჭურვილი. ეს იგივე ჰიბრიდული სისტემაა, რომლით აღჭურვილ რამდენიმე მოდელსაც ფრანკფურტშივე ”სიტროენის” ნათესავი - ”პეჟო” წარადგენს.

”ნუვო C3-ის” გარდა, ფრანკფურტის ავტო შოუს დროს, ”სიტროენის” პავილიონში ასევე შესაძლებელი იქნება ჰეჩბეკ C3-ის და სამკარიანი DS3-ის ნახვა.