Sunday, October 24, 2010

”ოპელი” შეტევას აგრძელებს - ”ინსიგნია” დიზელით და ოთხი წამყვანი ბორბლით

Opel Insignia Sports Tourer

24 ოქტომბერი

”ოპელ ინსიგნია” წარმატებული ავტომობილია - გამოჩენისთანავე, ევროპის 2009 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა, რასაც კიდევ 39 ჯილდო მოჰყვა. ბაზრის გამოკვლევამ და მყიდველთა აზრის შესწავლამ, ამ წარმატების მიზეზი დაადგინა: დახვეწილი, ელეგანტური დიზაინი და განსაკუთრებული ტექნოლოგიები, რომლებსაც მომხმარებელი აფასებს და, რა თქმა უნდა, მისაღები ფასი...

”ოპელს” ამ ავტომობილის სხვადასხვა ვერსიაზე (სედანი, ჰეჩბეკი და სპორტული უნივერსალი) უკვე 230 000 შეკვეთა აქვს მიღებული. ”ინსიგნია” კი საშუალო კლასის სეგმენტში, ევროპის 11 ქვეყნის ბაზრის ბესტსელერი, ან მეორე საუკეთესოდ გაყიდვადი ავტომობილია.

მაგრამ კონკურენტებს არ ძინავთ და ყურადღების ოდნავ მოდუნებაც საკმარისია, რომ სასტარტო წარმატებისგან არაფერი დარჩეს. კონკურენტებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი სამოდელო გამის გამრავალფეროვნებაა. და ”ოპელიც” სწორედ ამ გზას ადგას - გერმანულმა კომპანიამ, თავის ისტორიაში პირველად, გამოუშვა ავტომობილი, რომელსაც ერთდროულად დიზელის ძრავიც ამოძრავებს და ყველა ბორბალიც წამყვანი აქვს. თანაც, სრულამძრავიანი სისტემა ადაპტირებადია. ანუ, საწვავის ეკონომიის მიზნით, როდესაც მანქანა სწორ გზაზე მოძრაობს, წამყვანის ფუნქცია მხოლოდ წინა ბორბლებს რჩება. ასე ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის დიდი ნაწილი ბორბლების გზაზე ხახუნს არ მიაქვს და საწვავიც უფრო ეკონომიურად იხარჯება.

სხვათა შორის, ”ადაპტივ 4X4” სისტემა ყველაზე დაფასებულია ”ინსიგნიას: მყიდველთა შორის. კომპანიის მარკეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ევროპაში ამ ავტომობილის იმ მყიდველთა 45 პროცენტი, რომლებმაც არჩევანი ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილ მოდელზე შეაჩერეს, დამატებით ”ადაპტივ 4X4” სისტემაც შეუკვეთეს. სოლიდური მოთხოვნის გამო, ”ოპელმა” გადაწყვიტა, რომ ეს სისტემა იმ ვერსიებზეც სტანდარტულ ეკიპირებაში შეიტანოს, რომლებიც 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელითაა (160 ცხ.ძ) აღჭურვილი. ამგვარად, ორივე ვერსია ამიერიდან უფრო ტემპერამენტიანი გახდა და იმავდროულად, არც საწვავის ეკონომიურობა გაუარესებულა. გარდა ამისა, ”ადაპტივ 4X4” სისტემა, ბენზინის 2.8-ლიტრიანი V6 ტურბოძრავით (260 ცხენის ძალა) აღჭურვილი და OPC მოდლებისთვისაც სტანდარტულია.

”ადაპტივ 4X4” სისტემისა და ”ფლექსრეიდ” შასის წყალობით, უნივერსალი ”ინსიგნიაც” ისეთივე დინამიური და კომფორტულია, როგორც მისი სედანისძარიანი ვერსია. ამაში კი ქართველი ჟურნალისტებიც მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ოქტომბრის შუა რიცხვებში, ”ოპელმა” ამ სისტემებით აღჭურვილი უნივერსალების ტესტირების საშუალება მოგვცა.

დანსაკუთრებულ აღნიშვნას სრულამძრავიანი ადაპტირებადი სისტემა იმსახურებს, რომელიც მოძრაობის პირობების შესაბამისად ანაწილებს მაბრუნ მომენტს ბორბლებს შორის და ავტომატურად ირჩევს იმ რეჟიმს, რომელიც ამათუიმ პირობებში ყველაზე ოპტიმალურია. ბორბლების გზასთან ჩაჭიდების ავტომატურად რეგულირების წყალობით, ”ინსიგნია” კიდევ უფრო დინამიკური გახდა და უკეთ იყენებს თავისი ძრავების შესაძლებლობებს.

”ინსიგნიას” ახალ სრულამძრავიან სისტემას აკონტროლებს ელექტრონიკა, რომელიც შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 80 მილიწამში ასწრებს ტრანსმისიის იმგვარად მომართვას, რომ ბორბლები მაბრუნი მომენტის იმ დოზით დატვირთოს, რაც კონკრეტულ მომენტში ყველაზე ოპტიმალური იქნება. ღერძებმა მომენტის ნულიდან 100 პროცენტამდე შეიძლება მიიღონ. ამასთან, უკანა ღერძზე, მომენტი ბორბლებს შორის საჭიროების შემთხვევაში ნაწილდება. ელექტრონული სისტემა, მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, მუდმივად ღებულობს სამი მოდულისგან. ესენია მანქანის ტანის კონტროლის მოდული (BCM - ბოდი კონტროლ მოდულ), ძრავის კონტროლის კვანძისგან (ECU – ენჯაინ კონტროლ იუნიტ) და სისტემა ESP-გან. სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ხდება მომენტის გადანაწილება.

გარდა ამისა, ”ადაპტივ 4X4” სისტემის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ელექტრონულად კონტროლირებადი შეზღუდული მოცურების დიფერენციალი (eLSD - ელექტრონიკალი კონტროლდ ლიმიტედ სლიპ დიფერენშლ). ეს სისტემა უკანა ბორბლებს შორის მომენტის ოპტიმალურად განაწილებას უზრუნველყოფს. მისი წყალობით, მეტ მომენტს ის ბორბალი ღებულობს, რომელსაც გზასთან უკეთესი ჩაჭიდება აქვს. მისი წყალობით, მანქანა შეიძლება ერთადერთი უკანა ბორბლით იმ შემთხვევაშიც გადაადგილდეს, თუ დანარჩენი სამის ფზასთან ჩაჭიდება ნულოვანია!

ღერძებს შორის მომენტის გადანაწილება წინა დიფერენციალში მოთავსებულ ჰიდრავლიკურ გადაბმის მრავალდისკოიან ქურო ”ჰალდექსის” მეშვეობით ხორციელდება. ამ სისტემას უკანა, ან წინა ღერძის სრულად დატვირთვა, ან განტვირთვა შეუძლია. უკანა დიფერენციალში, მრავალდისკოიანი ქურო, უკანა ბორბლებს შორის მომენტს საჭიროების შესაბამისად ანაწილებს.

ზემოთ დასახელებული მოდულები ინფორმაციით იმ სენსორებისგან მარაგდება, რომლებიც აჩქარებას, მოხვევის კუთხეს, ბორბლების ბრუნვის სიხშირეს, გაზის პედალის პოზიციას, ძრავის მიერ გამომუშავებულ მომენტს და ბრუნთა რიცხვს აკონტროლებენ. მიღებული ინფორმაცია გადამუშავდება და შესაბამის სისტემებს გადაეცემა.

”ადაპტივ 4X4” სისტემა მძღოლს რთულ პირობებში მართვის დროს დიდ დახმარებას უწევს. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაღმართში მოძრაობისას, მძღოლი გაზიდან ფეხს მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც გრძნობს, რომ მანქანა საჭეს ძნელად ემორჩილება. ”ინსიგნიას” ადაპტირებადი სისტემა კი, სენსორების დახმარებით, დროულად დააფიქსირებს შექმნილ სიტუაციას და მაბრუნ მომენტს ბორბლებს შორის, საჭიროების მიხედვით გადაანაწილებს. ამგვარად, მძღოლს აღარ უჭირს მანქანის კონტროლი. საერთო ჯამში, როგორც ”ოპელი” ამბობს, სრულამძრავიანი ადაპტირებადი სისტემის წყალობით, სისტემა ESP (ელექტრიკ სტაბილიტი კონტროლ) მეტწილად გამოუყენებელი რჩება და ის საქმეში მხოლოდ უკიდურესად რთულ სიტუაციებში ერთვება. გერმანული კომპანიის განსაზღვრებით, ESP-ს მხოლოდ მფარველი ანგელოზის როლიღა ეკისრება.

”ბენტლი” ოთხკარიან კუპეს გამოუშვებს

Bentley Four-Door Coupe in the Works

24 ოქტომბერი

ოთხკარიანი კუპეების სეგმენტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ”მერსედეს ბენცმა” გახსნა, სულ უფრო პოპულარული ხდება. მორიგი კომპანია, რომელიც ამ სეგმენტში შეღწევას აპირებს, ”ბენტლია”. ინგლისურ გამოცემა ”ავტო ექსპრესთან” საუბრისას, ”ბენტლის” შეფმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა განაცხადა, რომ მის კომპანიას ოთხკარიან კუპეზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ეს ავტომობილი ინგლისური კომპანიის გამაში, ”კონტინენტალსა” და ”მულსანს” შორის ნიშას შეავსებს.

”ავტო ექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ”ბენტლი”, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს და რომელიც შემუშავების საწყის ეტაპზეა, ბაზარზე კონკურენციას ”პორშე პანამერას”, შემდეგი თაობის ”მაზერატი კვატროპორტესა” და ”ასტონ მარტინ რეპიდს” გაუწევს. მომავალში, თუ ”ლამბორგინი” ოთხკარიან კუპეს გამოუშვებს, ისიც ”ბენტლის” შესაბამისი ავტომობილის კონკურენტი გახდება. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ”ბენტლიც” და ”ლამბორგინიც” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის.

ბრიტანული გამოცემის ვარაუდით, ”ბენტლის” ოთხკარიანი კუპე ”აუდი” შესაბამისი კლასის ”A7 სპორტბეკის”, ან ახალი A6-იუს პლატფორმაზე აიგება. მის კონსტრუქციაში უხვად გამოიყენებენ ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონას 1700 კილოგრამის ფარგლებში ”დაიჭერენ”. შედარებისთვის, ”ბენტლი ფლაინგ სპერი” 2475 კილოგრამს, ”ბენტლი მულსანი” კი 2585 კილოგრამს იწონის.

კაპოტის ქვეშ მოთავსდება ”აუდივე” 4.0-ლიტრიანი ტურბო V8, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ”აუდის” სპეციალისტებიც ღებულობენ. იგივე ძრავი მოგვიანებით ”ბენტლი კონტინენტალზეც” გამოჩნდება. ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, რომელიც სრულამძრავიანი სისტემის გავლით, მაბრუნ მომენტს ოთხივე წამყვან ბორბალს მიაწვდის.

”ბენტლი” ჯერ არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყებს ოთხკარიანი კუპეს წარმოებას. ინგლისური კომპანია იმედოვნებს, რომ მისი წყალობით, შესამჩნევად გაზრდის გაყიდვებს. მთუმეტეს, რომ ავტომობილი თავის ძირითად კონკურენტ ”ასტონ მარტინ რეპიდზე” თითქმის ორჯერ იაფი - 135 000 დოლარი ეღირება.