Wednesday, August 19, 2009

”დივონ GTX” რეკორდით იწყებს

Devon GTX

19 აგვისტო


სკოტ დივონი წლების განმავლობაში გაყინული ხილის ბიზნესს მისდევდა და საკმაოდ სარფიანად ვაჭრობდა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში იმაზე ოცნებობდა, რომ რომელიმე ამერიკულ კომპანიას ისეთი ავტომობილები გამოეშვა, რომლებიც იტალიურ სუპერებს გაუწევდა კონკურენციას.

მოგვიანებით, მან საკუთარი ავტოკომპანია - ”დივონ მოტორუორკსი” დააარსა და თავისი ოცნების ასრულება თავად გადაწყვიტა. შარშან კი მოულოდნელად, აწყობილი საქმის შეძენის შანსი გაუჩნდა, როდესაც ”კრაისლერმა” გამოაცხადა, რომ ”დოჯ ვაიპერის” ცალკე ბრენდად გაყიდვას აპირებდა.

გაკოტრების პირას მდგარ ამერიკულ კომპანიას დივონმა ”ვაიპერის” ბიზნესში 5.5 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. შემდეგ ”კრაისლერი” ჯერ გაკოტრდა, შემდეგ იტალიურმა ”ფიატმა” შეისყიდა, რომელმაც ”ვაიპერის” დატოვება გადაწყვიტა. დივონი კი თავისი ოცნების ასრულებას ისევ საკუთარი ძალებით შეუდგა.

და აი, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოებამ პირველმა იხილა სპორტული ავტომობილების ენთუზიასტის პირველი შედევრი - ”დივონ GTX”, რომელიც იმავე ”დოჯ ვაიპერის” პროპორციებს იმეორებს და ამავე სუპერავტომობილის პლატფორმაზეა აგებული.

”ვაიპერის” პლატფორმის გამოყენებას ერთი ძირითად მიზეზი ჰქონდა - ამგვარად, ”დივონ მოტორუორკსმა” თავიდან აიცილა საკუთარი პლატფორმის შექმნასთან და მის ქრეშ ტესტებთან დაკავშირებული სოლიდური ხარჯები. უფრო მეტიც, მან ძირითადი აგრეგატებიც ”ვაიპერისგან” ისესხა და ფაქტობრივად, მყიდველს სწორედ ”დოჯის” სუპერავტომობილის ახლებური ვერსია შესთავაზა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ვერსია საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა.

”დივონ GTX” აღჭურვილია 8.4-ლიტრიანი V10 ძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 650 ცხენის ძალას აღწევს (6 100 ბრ/წთ-ზე). ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ჯერჯერობით უცნობია სპორტული ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები (სრულფასოვანი ტესტები ჯერ არ ჩატარებულა). სამაგიეროდ, ამ ავტომობილით უკვე დამყარდა ავტოდრომ ”ლაგუნა სეკას” რეკორდი (სერიული ავტომობილებისთვის) - ბრიტანელმა ჯასტინ ბელმა, ვისაც ”ვაიპერით” FIA-ს GT-ს ჩემპიონატი აქვს მოგებული, ერთი წრე წუთსა და 35.075 წამში გაიარა. შედარებისთვის, მონათესავე ”ვაიპერს” ლაგუნს ერთი წრე წუთსა და 35.117 წამში აქვს გავლილი, ”ნისან GT-R-ს” საუკეთესო წრე წუთი და 39.62 წამია, ”პორშე 911 ტურბოსი” კი - წუთი და 39.89 წამი.

”დივონ მოტორუორკსი” წლიურად მხოლოდ 36 ცალი GTX-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულს კი 500 000 მილიონ დოლარად გაჰყიდის. და თუ მყიდველი დამატებითი ოპციის სახით სარბოლ ეკიპირებასაც შეუკვეთავს, ეს მას 25 000 დოლარი დაუჯდება.

სპაიკერ C8 ელერონ სპაიდერი

Spyker C8 Aileron Spyder

19 აგვისტო



კალიფორნიის მონტერეიში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, ჰოლანდიურმა კომპანია ”სპაიკერმა” საზოგადოებას თავისი ახალი ორადგილიანი სუპერავტომობილი - თავღია ”C8 ელერონ სპაიდერი” წარუდგინა.

ამ ავტომობილს რბილი თავსახური აქვს, რომელიც ნახევრად ავტომატურ რეჟიმში იკეცება და როცა სრულადაა დაკეცილი, ძარის ქვეშ იმალება ისე, თითქოს არც ყოფილა. მექანიზმის ნახავრად ავტომტურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ცენტრალური საკეტი აქვს და მის გარეშე არც იკეცება და არც იშლება. როცა მძღოლი საკეტს გახსნის, ელექტრო/ჰიდრავლიკური სისტემა დანარჩენ საქმეს დამოუკიდებლად აკეთებს.

”ეს ავტომობილი ჩვენი მოდელების გამის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ კუპესა და კაბრიოლეტს, რომლებიც მოკლე პლატფორმაზეა ბაზირებული. ”ელერონ სპაიდერს” ჩვენი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ყველა ღირსება შენარჩუნბული აქვს. ის ავიაციის სტილში, მხოლოდ ხელითაა შესრულებული”, - ავტომობილის წარდგენისას განაცხადა კომპანიის დამაარსებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა ვიქტორ მიულერმა.

ავტომობილის ბაზაში, სავარძლების უკან, ”აუდის” წარმოების 4.2-ლიტრიანი V8 ძრავია განლაგებული, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს აღწევს.

”სპაიკერ C8 ელერონ სპაიდერის” წარმოება სავარაუდოდ მერმის, წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

”ფიატ სენტიერო” - რუმინელი სტუდენტის დამოუკიდებელი კონცეპცია

Fiat Sentiero

19 აგვისტო



არ გეგონოთ, რომ ეს ”ფიატის” და ”კრაისლერის” გაერთიანების პირველი შედეგია. რასაც სურათზე ხედავთ, რუმინელი სტუდენტის, ქალაქ იასის გეორგე ენესკუს სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ დრაგოშ პროდანის გამოსაშვები პროექტია.

დიზაინერის განმარტებით, ”ფიატ სენტიერო” არის კომპაქტური პიკაპი, რომელიც ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. შეიძლება, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგან ევროპაში პიკაპებს მაინცდამაინც არ სწყალობენ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ გამოსაშვები პროექტია...

სამაგიეროდ, ენესკუ გვარწმუნებს, რომ მისი კონცეპცია ”ფიატის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ”ფიატ სენტიეროს” გარეგნობაში აშკარად იგრძნობა ”კრაისლერის” კონცეპტუალურ პიკაპ ”დოჯ რემპეჯთან” მსგავსება.

რუმინელი დიზაინერის თქმით, ”ფიატ სენტიეროსთვის” ზედგამოჭრილია 3.0-ლიტრიანი V6 დიზელი, რომელიც დაახლოებით 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რომლის მაბრუნი მომენტიც ოთხივე წამყვან ბორბალს მიეწოდება.

”ბუგატის” სამი კონცეპცია

Bugatti

19 აგვისტო


”ბუგატიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკფურტში თავისი უახლესი ავტომობილის - ოთხკარიანი კუპეს ჩვენებას აპირებს. ამასთან, კომპანიის შეფმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას განაცხადა, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე მისი კომპანია ოთხკარიანი მოდელის სამ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს.

კომპანიის მიზანია, ამ სამ კონცეპციაზე შოუს დამთვალიერებელთა გამოხმაურებების შეგროვება და მათი შეჯამების შემდეგ, არჩევანის გაკეთება. პაეფგენმა არ დაადასტურა (და არც უარყო) გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ”ბორდოს” დაარქმევენ. უბრალოდ, განაცხადა, რომ ამ ავტომობილისთვის ჯერ სახელი შერჩეული არაა.

მანვე განაცხადა, რომ ახალი, ოთხკარიანი ”ბუგატი” არ იქნება ბაზირებული ”ბენტლის” უახლეს სუპერავტომობილ ”მულსანის” პლატფორმაზე (ორივე კომპანია ფოლკსვაგენის ჯგუფში შედის), რომლის დებიუტიც ახლახანს, მონტერეიში (კალიფორნია), პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე შედგა.

”ახალ ”ბუგატის” სულ სხვა კონცეპციით ვქმნით და მას სრულიად განსხვავებული გაბარიტები უნდა ჰქონდეს. და საერთოდ, ძალიან ძნელია ”მულსანსა” და ჩვენს ახალ ავტომობილს შორის საერთოს მონახვა. ამასთან, ოთხკარიანი ”ბუგატი” იქმნებოდა, როგორც ექსკლუზიური ავტომობილი. მას სულ 150 ცალს დავამზადებთ. ამდენად, ადვილი მისახვედრია, რომ მისი წარმოებისას სრულიად განსხვავებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ”, - ამბობს პაეფგენი.

კომპანიის შეფს არაფერი უთქვამს ოთხკარიანი ”ბუგატის” აღჭურვილობის შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული ხმების მიხედვით, ის ძრავს ”ვეირონისგან” ისესხებს. ესაა 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ეს ძრავი 1001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მეშვეობით, ”ვეირონის” მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ზე მეტია.