Saturday, October 9, 2010

”ფორდმა” შეიძლება სუპერ ავტომობილ GT-ს წარმოება განაახლოს

New GT for Ford?

9 ოქტომბერი

ამერიკულ ჟურნალ ”მოტორ ტრენდის” ინფორმაციით, რომელიც მას ”ფორდის” ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, ამერიკული კომპანია თავისი ლეგენდარული სპორტული სუპერ ავტომობილის, GT-ს წარმოების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.

”ცისფერმა ოვალმა” ეს ავტომობილი პირველად 2003 წელს აღადგინა და ის თავისი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, მისი წარმოება შეწყვიტა. დღეს კი, თუ მისი წარმოების განახლება გადაწყდა, ”ფორდი” აქცენტს ავტომობილის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაზე გააკეთებს. უფრო მეტიც, წყარო, რომელმაც ”მოტორ ტრენდს” ეს ინფორმაცია მიაწოდა, არც იმას გამორიცხავს, რომ ახალი GT შეიძლება ელექტრომობილის სახითაც აღდგეს.

ეს სვლა მით უფრო მოსალოდნელია, რომ ევროპული კომპანიები, როგორებიცაა ”მერსედეს ბენცი” და ”პორშე”, მალე დაიწყებენ თავიანთი მოდელების ეკოლოგიური ვერსიების წარმოებას. ასეთები მათ შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოფინეს და იქ მათზე საუკეთესო გამოხმაურება მიიღეს. ”პორშემ” ფრანკფურტში წარდგენილი კონცეპტუალური ”918 სპაიდერის” წარმოება გადაწყვიტა, ”მერსედესს” კი იგივე გეგმა SLS AMG-სთან დაკავშირებით აქვს. ორივე მოდელი ელექტროძრავების მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა და მათ სუპერ ავტომობილებისთვის დამახასიათებელი დინამიკური მაჩვენებლები აქვთ. ამგვარად, ელექტრული ”ფორდ GT” მათ ღირსეულ კონკურენტად შეიძლება მოევლინოს.

სხვათა შორის, თავიდან ”ფორდი” მხოლოდ 1000 ცალი წინა თაობის GT-ს გამოშვებას გეგმავდა, მაგრამ ამ ავტომობილზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ორ წელიწადში 1302 ავტომობილი დამზადდა, კიდევ ორი წლის შემდეგ კი ახალი GT-ს რაოდენობამ 3.5 ათასს მიაღწია. მაგრამ შემდეგ ”ცისფერ ოვალში” გლობალური რესტრუქტურიზაცია დაიწყეს და რატომღაც, ამ პროცესში GT-ს წარმოებაც შეწყვიტეს - უბრალოდ, კომპანიის უფროსობამ ჩათვალა, რომ ქარხანა, რომელიც ამ შესანიშნავ ავტომობილს უშვებდა, უნდა დახურულიყო.

წინა თაობის ”ფორდ GT” აღჭურვილი იყო V8 კონფიგურაციის 5.-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს იძლეოდა. ძრავთან შეწყვილებული იყო 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ამ ტანდემის წყალობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ იყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონიკით იყო შეზღუდული.

თუ ახალი GT-ს წარმოება გადაწყდა, მისი ტირაჟი ისევ შეზღუდული იქნება.