Tuesday, June 16, 2009

”გენერლებმა” ”სააბიც” გაჰყიდეს

Saab

16 ივნისი

სუპერ ავტომიბილების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია ”კიონიგსეგმა” ”ჯენერალ მოტორსთან” შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, მისგან ასევე შვედურ საავტომობილო კომპანიას - ”სააბს” შეიძენს, რომელიც გაკოტრებული ამერიკული გიგანტის ჯგუში 20 წელი შედიოდა.

”კიონიგსეგი” პატარა კომპანიაა და წლიურად მხოლოდ ორ ათეულ ავტომობილს აწარმოებს (შედარებისთვის, შარშან ”კიონიგსგმა” 18, ”სააბმა” კი 93 000 ავტომობილი გამოუშვა). ის 1994 წელს შვედმა კრისტიან ფონ კიონიგსეგმა დააარსა, თუმცა კომპანიამ ავტომობილების წარმოების დაწყება მხოლოდ 2002 წელს შეძლო. მის პატარა საწარმოში მხოლოდ 45 ადამიანი მუშაობს. ეს მაშინ, როცა ”სააბში” დასაქმებულთა რაოდენობა 3 400-ს აღწევს.

ახლანდელი ”სააბი” კი დიდი შვედური სამრეწველო კონგლომერატის ”სვენსკა აეროპლან AB-ს” (AB - აკტიებოლაგეტ, ანუ სააქციო საზოგადოება) განაყოფია. თავიდან კომპანია მხოლოდ თვითმფრინავებს აწარმოებდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ავტომობილების წარმოებასაც მიჰყო ხელი. 1990 წელს ”სააბის” საავტომობილო შტოს აქციების 51 პროცენტი ”ჯენერალ მოტორსმა” შეიძინა, რომელმაც ათი წლის შემდეგ, თავისი წილი 100 პროცენტამდე შეავსო.

”ჯენერალ მოტორსსა” და ”კიონიგსეგს” შორის მიღწეულ შეთანხმებას რამდენიმე გარანტორი ჰყავს. პირველ რიგში, ეს შვედეთის მთარობა და ევროპის საინვესტიციო ბანკია, რომელიც ”სააბის” ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ, შვედურ კომპანიას კრედიტის სახით 600 მილიონ დოლარს გამოუყოფს. კრედიტის გარანტორად კი შვედეთის მთარობა გამოვა.

”ჯენერალ მოტორსისგან” ”კიონიგსეგისთვის” ”სააბის” გადაცემის პროცესი ოქტომბერში დასრულდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაჯდება ეს გარიგება. სამაგიეროდ, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ”კიონიგსეგი” ”სააბის” ყველა ტექნოლოგიას მიიღებს. ამდენად, ”სააბი” თავის სამ ახალ ავტომობილს ახალი მფლობელის ხელში გამოუშვებს.

”კოკა-კოლა” ფორმულა 1-ში

Formula 1

16 ივნისი

თურქეთის დიდი პრიზის შემდეგ, კულუარებში ფორმულა ერთით ”კოკა-კოლას” დაინტერესების შესახებ ალაპარაკდნენ. ეს კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თურქული ეტაპის დროს, საპატიო სტუმრების ლოჟაში, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერის ახალი მთავარი აღმასრულებელი მუჰტარ კენტი იმყოფებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქული წარმოშობის კენტი ფორმულა 1-ის მოყვარულია. ის ამერიკაში დაიბადა და განათლებაც იქ მიიღო, თუმცა კოლეჯის დასრულების შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა და თავისი მშობლების ქვეყნის ჯარში იმსახურა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდა და მუშაობა ”კოკა-კოლას” დისტრიბუტორად დაიწყო. კომპანიაში მან თითქმის ყველა საფეხური განვლო, 1985 წელს კი თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში ”კოკა-კოლას” გენერალური მენეჯერი გახდა. სამი წლის შემდეგ, მას ”კოკა-კოლა ინტერნეიშნლის” პოსტი ჩააბარეს, რომელიც 17 წელი ეკავა.

1999 წელს კენტმა კოკა-კოლა” ცოტა ხნით დატოვა და თურქულ კონგლომერატ ”ეფეს ბევერაჟის” მთავარი აღმასრულებელი გახდა. 2005 წელს კი კვლავ ამერიკულ კომპანიას დაუბრუნდა, რომელშიც შარშან მთავარი აღმასრულებლის პოსტი ჩააბარეს.

”კოკა-კოლა” ავტოსპორტში საკმაოდ აქტიურად სპონსორობს, მაგრამ ფორმულა 1-ში არასდროს გამოჩენილა. ოთხი წლის წინ, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, ”კოკა-კოლა” მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობით დაინტერესდა, მაგრამ ეს ხმები ხმებადვე დარჩა.

მართალია, ”კოკა-კოლას” მარკეტინგის შეფი ფილიპ ბოძენტა ამ ხმებს უარყოფს, მაგრამ თავადვე დასძინა - იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მომავალშიც არ გვექნებაო.

ცნობისათვის, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთაგან, დღეს ფორმულა 1-ში ინტერესი მხოლოდ ავსტრიულ ”რედ ბულს” აქვს, რომელსაც დიდი პრიზების ცირკში ორი გუნდი - ”რედ ბული” და ”სკუდერია ტორო როსო” ეკუთვნის.

სურათზე: მუჰტარ კენტი (სახით ჩვენსკენ) ფ1-ის იმპრესარიო ბერნი ეკლსტოუნს ემასლააფება.

”პორშემ” თავისი ისტორია DVD-ზე გადაიტანა

Porsche

16 ივნისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”პორშემ” თავისი ისტორიის ამსახველი კადრები დოკუმენტურ ფილმად დაამონტაჟა, რომლის ხანგრძლივობაც ორსაათნახევარია. ფილმს ”პორშეს გზა” ეწოდება და გერმანულის გარდა, ის ინგლისურადაცაა გახმოვანებული. ფილმისთვის სპეციალურად დაიწერა მუსიკა.

”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტომწარმოებელმა თავისი ისტორია DVD დისკზე ჩაწერა და მას თავის ენთუზიასტებს შესთავაზებს”, - ამბობს ”პორშეს” არქივის დირექტორი დიტერ ლანდენბერგერი.

პრეს რელიზი გვამცნობს, რომ ფილმი ფერდინანდ და ფერი პორშეს და მათი კომპანიის მიღწევების ჩამოთვლით იწყება. ის რვა თავისგან შედგება, თითოეულში კი თითო ათწლედზეა მოყოლილი.

ფილმის დასამონტაჟებლად, მისმა ავტორებმა არქივში დაცული მასალა გამოიყენეს, რომლის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 5 000 საათია. მასში გამოყენებულია ისეთი კადრებიც, რომლებიც არასდროს და არავისთვის უჩვენებიათ. ფილმში მოთხრობილია იმ პიროვნებებზეც, რომლებმაც თავიანთი კარიერა მთლიანად ”პორშეს” დაუკავშირეს. ესენი არიან: ავტომრბოლები ჰანს ჰერმანი, ებერჰარდ მალე და პაულ ერნსტ შტრალე, ასევე ”ძრავების მეფის” მეტსახელით ცნობილი ჰანს მეცგერი.

DVD დისკებზე ჩაწერილი ”პორშეს” ისტორია კომპანიის მუზეუმში 24.90 ევროდ გაიყიდება.


”კია სოული” ხუთი ვარსკვლავით შეფასდა

Kia Soul

16 ივნისი

”კიას” უახლესმა საქალაქო ქროსოვერმა, ევროპის უსაფრთხოების უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. ”ევრო NCAP-ის” სპეციალისტთა შეფასებით, ზრდასრული მგზავრების უსაფრთხოების მხრივ, ”სოული” 87 პროცენტით შეესაბამება ევროსტანდარტს, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემების და ბავშვთა უსაფრთხოების მხრივ, შესაბამისობა 86 პროცენტია, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მხრივ კი - 39 პროცენტი.

”ჩვენთვის ეს დიდი მიღწევაა. მსგავსი შეფასება ორი წლის წინ ჩვენბა მოდელმა ”ს’იიდ-მა” დაიმსახურა. ”სოული” კი ისე დავაპროექტეთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყო. ის შეეფერება როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი და სხვა ბაზრების მყიდველთა გემოვნებას და მოთხოვნებს, რაც მთავარია, ”ევრო NCAP-ის” ტესტირებამ დაამტკიცა, რომ ის მაქსიმალურად უსაფრთხოა”, - განაცხადა ”კია მოტორს იუროპის” მარკეტინგის მენეჯერმა პანუ ვაინამომ.

”ევრო NCAP-ის” მიერ ჩატარებულმა ქრეშ-ტესტებმა გამოავლინა, რომ პირისპირ შეჯახებისას, ”სოულის” უსაფრთხოების სტრუქტურა სტაბილურობას ინარჩუნებს. თუმცა, ძლიერი შეჯახების დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა მძღოლს და წინა მგზავრს მუხლების და წვივების ტრავმას მიაყენებს. ფეხოსნებისთვის, წინიდან შეჯახების შემთხვევაში, ყველაზე ტრავმასაშიში კაპოტის წინა ნაწილია.

ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ”სოულის” სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის წინა ორმაგი აირბალიში, გვერდითა აირბალიშებით, რომლებიც სალონს მთელს სიგრძეზე გაჰყვება, სიმაღლის შესაბამისად რეგულირებადი უსაფრთხოების ღვედებით, რომლებიც წინასწარი დამჭიმითაა აღჭურვილი და უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი სამწერტილოვანი ჭვედებით.

სტანდარტულ აღჭურვაში (ოღონდ, მხოლოდ დასავლეთ ევროპაში გასაყიდი ავტომობილებისთვის) ასევე შედის სისტემა ESP. რა თქმა უნდა, ამ სისტემის დამონტაჟების მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპელ მყიდველებსაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, ოდნავ მაღალი ფასის სანაცვლოდ, ისინი ქარხანაშივე დამონტაჟებულ სისტემას მიიღებენ.

”კიას” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მათი პატარა ქროსოვერი უმაღლეს შეფასებას აშშ-ის (NHTSA-ს) სტანდარტებითაც დაიმსახურებს.