Wednesday, July 8, 2009

”აუდი” ოთხკარიან კუპე A7-ს მერმის გამოუშვებს

Audi A7

9 ივლისი

გერმანულ კომპანია ”აუდის” უახლოეს მომავალში საკუთარი სამოდელო გამის 40 ავტომობილამდე გაზრდის გეგმა აქვს შემუშავებული და ამ გეგმას გულმოდგინედ ასრულებს. მის შესასრულებლად კი 17 ახალი ავტომობილის გამოშვება მოუწევს.

წელს ”აუდიმ” თავისი საწარმოო პროგრამა კიდევ ერთი ახალი ავტომობილით, უგზოობის Q5-ით გაამდიდრა, მალე, ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე, საზოგადოება ინგოლშტადტელთა კიდევ ერთ სიახლეს, ”A5 სპორტბეკს” იხილავს, ასევე მზადების პროცესშია კომპაქტური ჰეჩბეკი A1 და სრულგაბარიტიანი ოთხკარიანი კუპე A7, რომელთა დებიუტი მერმისაა მოსალოდნელი.

A7-ის ბაზაზე, კიდევ ორი სპორტული ვერსიის - S7-ის და RS7-ის წარმოება იგეგმება, სამივე მოდიფიკაციისთვის კი ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული, მათ შორის, დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემებიც. ძრავებიდან ყველაზე მძლავრის განკარგულებაში დაახლოებით 600 ცხენის ძალა იქნება. ჰიბრიდულ აგრეგატს კომპანია პირველად Q5-ზე გამოიყენებს, რის შემდეგაც ეს სისტემა სხვა მოდელებზეც, მათ შორის, A7-ზეც გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე, ჰიბრიდული სისტემისთვის დიზელის ძრავია შერჩეული, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ის ბენზინზე მომუშავე აგრეგატით შეიცვალოს.

A7-ის საბაზო ვერსიებისთვის V6 ძრავის ორი მოდიფიკაციაა გათვალისწინებული. პირველის მუშა მოცულობა 2.8 ლიტრია და ის 204 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი 3.0-ლიტრიანია და დამჭირხნის მეშვეობით, მისი სიმძლავრე 300 ცხენის ძალას აღწევს. შემდეგია 4.0-ლიტრიანი V8, რომელსაც S7 ვერსიაზე დააყენებენ და რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 400 ცხენის ძალამდეა. ტოპ ვერსია RS7-თვის კი განკუთვნილია 5.0-ლიტრიანი, ორი ტურბოდამჭირხნით აღჭურვილი V10, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ S7 და RS7 ვერსიების გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. მათგან პირველი ბაზარზე S7, 2011 წელს გამოჩნდება, ორი წლის შემდეგ კი მას RS7-ც მოჰყვება.

დაბალი რანგის მოდელებზე, ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება, ტოპ ვერსიებზე კი საბაზო 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იქნება, რომელსაც მაბრუნი მომენტი ორდისკოიანი გადაბმულობის ქუროს გავლით მიეწოდება. ევროპაში სტანდარტული A7 და მისი დერივატივები სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. ჯერ გადაწყვეტილი არაა, შესაძლებელი იქნება თუ არა უკანა წამყვანბორბლიანი ვერსიების შეკვეთა.

A7-ის საწარმოებლად, ”აუდი” თავის ნეკარსულმის ქარხანას ამზადებს, რომელიც ამ ავტომობილის გამოშვებას მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს. ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ცნობით, ინგოლშტადტელები წლიურად მხოლოდ 40 000 ცალი A7-ის წარმოებას გეგმავენ. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი დონის ავტომობილის წარმოება ”აუდის” პრესტიჟს კიდევ უფრო მაღლა ასწევს.

ყველაზე ეკონომიური ”მინი”

Mini One D

9 ივლისი

”ბეემვეს” ჯგუფში შემავალ ინგლისურ მარკა ”მინის” ავტომობილები ყოველთვის ეკონომიურობით გამოირჩევა, მაგრამ მალე დაიწყება ახალი, დიზელისძრავიანი მოდელის წარმოება, რომელიც საწვავის ეკონომიურობით, ”ჰონდას” უახლეს ჰიბრიდულ ”ინსაითსაც” კი მისცემს ფორას.

უგზოობის X1-ის წარმოდგენის შემდეგ, ბავარიელებმა ახალი, ყველაზე იაფფასიანი ”მინის”, მოდელ ”მინი ვან D-სთვისაც” მოიცალეს და მისი ზოგიერთი მონაცემი გამოაქვეყნეს.

ავტომობილი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი დიზელის აგრეგატით, რომელსაც ტურბოკომპრესორი ემსახურება და საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. ძრავი 4 000 ბრ/წთ-ზე 90 ცხენის ძალას ავითარებს, მისი მაბრუნი მომენტი კი 215 ნიუტონმეტრია (1 750 ბრ/წთ-ზე). ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.

ავტომობილი საკმაოდ მოკრძალებული დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 182 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 11.5 წამი სჭირდება. სამაგიეროდ, მისი ეკონომიურობა 3.9 ლ/100 კმ-ია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 104 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

”მინი ვან D”, ისევე როგორც ”მინი ვან”, კომპანიის სხვა ავტომობილებისგან ვიზუალურად იმით გამოირჩევა, რომ სახურავი ძარის ფერში აქვს შეღებილი. უსაფრთხოების სისტემებიდან, ”მინი ვან D-ზე” გამოყენებულია წინა ორი აირბალიში, წინა სავარძლების გვერდითა, თავების დამცავი აირბალიშები, ასევე სამწერტილოვანი ინერციული ღვედები, რომლებიც ოთხივე სავარძლის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის.

”მინი ვან D-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია მისი ფასი, თუმცა სავარაუდოდ, ის ”მინი ვან-ის” დონეზე, 12 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება.

RUF-ი ელექტრომობილების წარმოებას იწყება

RUF Greenster convertible

9 ივლისი


იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში ელექტრომობილებს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები აწარმოებენ, ეტალონად კალიფორნიულ კომპანია ”ტესლას” ელექტრული ”როუდსტერია” მიჩნეული, რომელიც ”ლოტუს ელიზის” პლატფორმაზეა ბაზირებული. რაც დრო გადის, ეს სპორტული ელექტრომობილი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და თანაც, გაბედულად არღვევს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, ელექტრომობილები ტემპერამენტით ვერ გამოირჩევიან.

სტერეოტიპების რღვევის შედეგი კი ისაა, რომ სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ, ელექტრომობილების წარმოებაზე არც კი ფიქრობდნენ, მაგრამ დღეს თავიანთი შეხედულება რადიკალურად აქვთ შეცვლილი და ელექტრომობილების წარმოებას პერსპექტიულ საქმედ თვლიან. ასეთ კომპანიათა რიცხვს კი ამიერიდან გერმანული RUF-იც განეკუთვნება, რომელმაც სახელი ”პორშეს” ავტომობილების ტუნინგით გაითქვა.

ჟენევის ავტო შოუზე, კომპანიამ გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის ელექტრომობილს ამზადებს, რომელიც ”პორშე 911 კაბრიოზე” იქნება ბაზირებული და რომელიც სწორედ ”ტესლა როუდსტერს” გაუწევს კონკურენციას. ავტომობილი, სახელად ”გრინსტერ”, ბაზარზე მერმის, წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს.

”გრინსტერისთვის” ელექტრულ ძალურ დანადგარს, თავისი მართვის სისტემით, გერმანული კომპანია ”სიმენსი” ამზადებს. დანადგარში ელექტროძრავი და გენერატორი, ელექტრონული კონტროლის მოდული და ლითიუმ-იონური აკუმულატორებია გაერთიანებული. ძრავის სიმძლავრე 362 ცხენის ძალას აღწევს და ის 950 ნიუტონმეტრს (!) გამოიმუშავებს. ძრავთან ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელსაც ერთადერთი საფეხური და ერთიც უკუსვლის გადაცემა აქვს. ავტომობილის წონა 1 695 კილოგრამი იქნება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს.

RUF-ის გარდა, პროექტში კალიფორნიული ”Calმოტორსიც” მონაწილეობს, რომელიც იმავე ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის საკუთარი მარკით დამზადებას გეგმავს, ამ ავტომობილს კი ავტოგამოფენებზე გაიტანს. თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა მის წარმოებას.

რაც შეეხება RUF-ს, ის თავისი ”გრინსტერის” წარმოებას წელსვე დაიწყებს, მის გაყიდვებს კი მერმისიდან შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ”პორშეზე” ბაზირებული ელექტრომობილი და რა რაოდენობით დაამზადებს მას გერმანული კომპანია.

”ვოლვომ” ჰიბრიდული ორგემბანიანი ავტობუსი გამოუშვა

Volvo Hybrid Double Deck Bus

8 ივლისი

გუშინ, ლონდონის ალექსანდრა პელესში, ”ვოლვოს” ახალი, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი ორგემბანიანი ავტობუსის პრემიერა შედგა, რომელიც, შვედური კომპანიის განცხადებით, უაღრესად ეკონომიური და გარემოსადმი მეგობრული სატრანსპორტო საშუალებაა.

შვედურმა კომპანიამ, თავისი ახალი ჰიბრიდული ავტობუსის პირველი ექვსი ეგზემპლარი ლონდონურ კომპანია ”არივა ლონდონს” გადასცა, რომელიც ქალაქში მგზავრთა გადაყვანებზეა სპეციალიზებული.

ავტობუსების პრეზენტაციაზე, ”ვოლვო ბასეს იუროპის” ვიცე პრეზიდენტმა სტეფან ნორდსტრიომმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი ავტობუსები, სატრანსპორტო კომპანიას დიდ თანხებს დააზოგვინებს, ქალაქის ჰაერს კი გაცილებით ნაკლები ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

ავტობუსები, სახელწოდებით ”ვოლვო B5L ჰიბრიდ”, პრეზენტაციის დღესვე, 141-ე მარშრუტზე შეუდგნენ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ, შვედეთის ქალაქებში ”ვოლვოს” კიდევ ერთი ეკოლოგიური ავტობუსი - ერთგემბანიანი ”ვოლვო 7700 ჰიბრიდი” გამოჩნდა.

ორივე ავტობუსზე ეგრეთ წოდებული პარალელური ჰიბრიდული ტქნოლოგია (I-SAM) გამოიყენება, რომელიც ”ვოლვოს” სპეციალისტების მიერაა დამუშავებული. ასეთ ჰიბრიდულ სისტემაში, წამყვალი ელექტროძრავიცაა და შიდაწვის (დიზელის) ძრავიც. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ორივეს ერთად გამოყენებაც შესაძლებელია.

”ოპელ ასტრა სპორტის” ესკიზები

Opel Astra Sport

8 ივლისი

გერმანული კომპანია ”ოპელი” ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ასტრას” მეექვსე თაობის მოდელს ამზადებს, პარალელურად კი დაწყებულია მუშაობა მისი სპორტული ვერსიის შექმნაზე, რაც ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, პროექტის მთავარმა დიზაინერმა მალკოლმ უორდმა დაადასტურა.

უორდმა ჟურნალს განუცხადა, რომ სპორტული ჰეჩბეკი ”ასტრა”, ამ ავტომობილის გამოქვეყნებული ესკიზების მსგავსი (როგორც წესი, ესკიზიდან რეალობამდე, ავტომობილების დიზაინი რადიკალურად იცვლება ხოლმე) იქნება. ”ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ესკიზზე გამოსახულ ავტომობილთან ძალიან მიახლოებული გარეგნობის საბოლოო პროდუქტი მივიღოთ”, - ირწმუნება უორდი.

დიზაინერი დასძენს, რომ ერთი შეხედვით, ავტომობილს ”თავაშვებული” სიზაინი ექნება, თუმცა რეალურად, მის გარეგნობაში მთავარი აეროდინამიკურობაა. საერთოდ, ”ოპელს” ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კომპანია ნაკლებ ყურადღებას აქცევს ხოლმე თავისი ავტომობილების აეროდინამიკურობას. მაგრამ უორდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ”ასტრას” ბაზაზე შექმნილი სპორტული ჰეჩბეკი აეროდინამიკურ მილში დიდ დროს გაატარებს და შესაბამისად, ამ მხრივ უფრო სრულყოფილი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები.

რადიკალური დიზაინის მიზანი ისიცაა, რომ გაიზარდოს სხვაობა სპორტულ ჰეჩბეკსა და ხუთკარიან (სამოქალაქო) ჰეჩბეკს შორის. მიუხედავად იმისა, რომ უორდი ბევრს ლაპარაკობს ახალი სპორტული ”ასტრას” დიზაინსა და აეროდინამიკაზე, ის ჯერჯერობით არ ამხელს ამ ავტომობილის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია უფრო აქტუალური ხუთკარიანი ჰეჩბეკის მსოფლიო პემიერის შემდეგ გახდება.

”ველოსტერი” – ”ჰიუნდაის უცნაური კუპე

Hyundai Veloster

8 ივლისი


მას შემდეგ, რაც ბაზარზე კუპე ”ჯენეზისი” გამოუშვა, კორეულ კომპანია ”ჰიუნდაის” საინჟინრო ჯგუფი კიდევ ერთი სპორტული ავტომობილის მზადებას შეუდგა. გამოცემა ”ინსაიდ ლაინთან” საუბრისას, ”ჰიუნდაი მოტორ ამერიკას” მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ ახალი კუპე ამ კლასის ”ტიბურონს” შეცვლის, რომელიც ევროპაში ”კუპეს” სახელითაა ცნობილი.

კრაფჩიკის თქმით, ახალი პატარა კუპე გარეგნულად 70-80 პროცენტით კონცეპტუალურ ”ველოსტერს” დაემსგავსება, რომელიც კორეულმა კომპანიამ საზოგადოებას ორი წლის წინ, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გააცნო. ახალ ავტომობილს სახელიც ახალი ექნება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ის კონვეიერზრ ”ველოსტერის” სახელითაც დადგეს.

მთავარი კი ისაა, რომ კრაფჩიკი ამ ავტომობილის სტილის მოულოდნელ გადაწყვეტებს გვპირდება, როგორიც აქამდე, ამ კლასის ავტომობილებში არავის გამოუყენებია. მისი თქმით, ავტომობილს უცნაური გარეგნობა ექნება. ერთი შეხედვით, ჰეჩბეკს მოგაგონებთ, მაგრამ კარები და სახურავიც სხვანაირი ექნება. რაც შეეხება ავტომობილის გაბარიტებს, ამ პარამეტრებით, კრაფჩიკი მას ”ჰიუნდაი აქცენტს” და ოთხადგილიან ”ჰონდა CRX-ს” ადარებს.

ადრე კრაფჩიკს ნათქვამი ჰქონდა, რომ ”ველოსტერისთვის” 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავია გათვალისწინებული. ამჯერად კი ის აგრეგატებზე უფრო დაწვრილებით საუბრობს. კერძოდ, გვამცნობს, რომ ამ ძრავს საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება, მისი სიმძლავრე 140 ცხენის ძალას მიაღწევს. 100 კილომეტრზე კი მისი ხარჯი 5.8 ლიტრი ბენზინი იქნება.

ევროპული და სამხრეთკორეული ბაზრებისთვის, ”ველოსტერის” დიზელისძრავიანი ვარიანტებიც დამზადდება. კომპანიას შესაფერისი აგრეგატიც მზად აქვს. ესაა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 184 ცხენის ძალაა. ცნობისათვის, პირველად ამ აგრეგატს უგზოობის ახალ ”სანტა ფეზე” გამოიყენებენ.

დაბოლოს, კრაფჩიკი აცხადებს, რომ კომპანიის დილერები ”ველოსტერს” 2011 წლამდე მიიღებენ.

რეალისტი რაიკონენი

Formula 1

8 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზის წინ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი რეალისტურ განწყობას ინარჩუნებს და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ”ფერარის” პილოტებს კვარცხლბეკზე ასვლის არანაირი შანსი არ აქვთ.

იტალიურმა საჯინიბომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ნახევარი მისთვის შეუფერებლად დაბალ დონეზე ჩაატარა - მის ორ პილოტზე სამეულის მხოლოდ ერთი ფინიში მოდის. და მიუხედავად იმისა, რომ წინა რბოლაზე ბრაზილიელი ფელიპე მასა საკმაოდ სწრაფი იყო და მეოთხეზე გავიდა, რაიკონენი მაინც დარწმუნებულია, წინა ადგილებისთვის ბრძოლა გერმანიაში შეუძლებელი იქნება.

”რეალურად, ამ სეზონში ჩვენ გამარჯვების იმედი არ უნდა გვქონდეს. ლიდერებამდე ჯერაც ბევრი რამ გვაშორებს, ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად კი უზარმაზარი შრომაა საჭირო. გუნდი თავს არ ზოგავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გერმანიაში კონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობის საშუალება მოგვეცეს. ნურბურგრინგი ჩვენს მანქანას უკეთ შეეფერება, ვიდრე სილვერსტოუნი, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. უფრო ნათელ სურათს კი, ჩვენს შესაძლებლობათა შესახებ, თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ მივიღებთ”.

”იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყო, მანქანას გზის საფართან კარგი ჩაჭიდება უნდა ჰქონდეს და დამურუჭებისას სტაბილური იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ F60 ამ პირობებს აკმაყოფილებდეს. რა თქმა უნდა, პროგნოზირება და ფანებისთვის რაიმეს დაპირება ძალიან ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, გერმანიაში კვარცხლბეკზე ასვლაც კი ჩვენთვის მიღწევა იქნება”, - ამბობს რაიკონენი, ვინც იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსთვის, მისი გუნდი ახლანდელ ლიდერებს წამოეწევა და მერე ვნახოთ...

ფორმულა 1-ში ახალი სკანდალი მწიფდება

Formula 1

8 ივლისი

ფორმულა 1-ში ახალი სკანდალია მოსალოდნელი და ის მომავალი სეზონისთვის სამი ახალი გუნდის შერჩევას უკავშირდება. გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალი გუნდების შერჩევისას, გადამწყვეტი ფაქტორი ძრავების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”კოსუორტთან” სამწლიანი კონტრაქტი იყო.

ამ ინფორმაციას ზოგიერთი იმ გუნდთაგანი ავრცელებს, რომელთა განაცხადებიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სპეციალური კომისიის მიერ უარყოფილ იქნა. ეს გუნდები თავიანთ ვინაობას არ ამხელენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ტენდერის ჩატარებამდე, კომისიის ზოგიერთი წევრი მათ ურჩევდათ, რომ ძრავების მიმწოდებლად ”კოსუორტი” დაესახელებინათ, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

”ფედერაციასთან შეხვედრის (რომელიც 11 ივნისს შედგა) წინ, მე მირჩიეს, რომ ჩემი განაცხადის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუ მივუთითებდი, რომ ჩემს გუნდს ძრავებით ”კოსუორტი” სამი წლის განმავლობაში მოამარაგებდა. მე ვუპასუხე, რომ ”რენოს”, ”მერსედესის”, ან ”ფერარის” ძრავის მოპოვების რეალური შანსი მქონდა, მაგრამ ამაზე მომიგეს, რომ ძრავების მიმწოდებლად ”კოსუორტის” მითითებას ფედერაციის ხელმძღვანელები თითქმის სავალდებულო პირობად განიხილავენ. სანამ ფედერაცია არჩევანს გააკეთებდა, დამირეკეს და დამისახელეს სამი გუნდი, რომლებსაც აირჩევდნენ. მე არ დავიჯერე, მაგრამ პირი ღიად დამრჩა, როდესაც გავიგე, რომ ფედერაციამ მართლაც ეს სამი გუნდი აირჩია”, - როიტერთან საუბრისას განაცხადა ერთ-ერთი არარჩეული გუნდის წარმომადგენელმა, რომელმაც ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ცნობისათვის, სამივე არჩეულ გუნდს - ესპანურ ”კამპოს მეტას”, ამერიკულ U.S. F1-ს და ბრიტანულ ”მეინორ გრან პრის” ”კოსუორტთან” სამწლიანი კონტრაქტები აქვს. სამაგიეროდ, ისეთ გუნდებს, როგორებიც ”პროდრაივი” და ”ლოლაა”, რომლებსაც ტენდერამდე თითქმის გარანტირებულად უწინასწარმეტყველებდნენ არჩევას, ”კოსუორტის” გაგონებაც არ სურდათ.

წარმოიქმნა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ფედერაციასა და ”კოსუორტს” შორის საიდუმლო გარიგება არსებობდა. მართალია, ინგლისურ კომპანიას ფ1-ის ძრავების წარმოების უზარმაზარი გამოცდილება აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე წელის, ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე არცერთ გუნდთან არ თანამშრომლობს.

ასევე ცნობილია, რომ შარშან ფედერაციასა და ”კოსუორტს” შორის დახურული მოლაპარაკება გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფ1-ში დაბრუნებისთვის, ინგლისურ კომპანიას მინიმუმ ოთხ გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი სჭირდებოდა. სამაგიეროდ, ის გარანტიას იძლეოდა, რომ მისი ძრავები ძალიან დაბალ ფასში იქნებოდა ხელმისაწვდომი (ოთხ გუნდთან კონტრაქტს სწორედ ძრავის დაბალი ფასისთვის მოითხოვდა).

პარალელურად, ფედერაციას ძრავების დამოუკიდებელი მიმწოდებლის მოზიდვაც სურს, ისეთის, რომელსაც რომელიმე გუნდთან პრიორიტეტული კონტრაქტი არ ექნება. ეს კი იმისათვისაა საჭირო, რომ გუნდების დიდ ავტომწარმოებლებზე დამოკიდებულება შემცირდეს. ფედერაციის განსაზღვრებით, ”ფორმულა ერთის კეთილდღეობისთვის, ძრავების დამოუკიდებელი მიმწოდებლის არსებობა აუცილებელი პირობაა”.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტ მაქს მოსლის და ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციას (FOTA), რომლშიც წამყვან ძალას სწორედ დიდი ავტოკონცერნები წარმოადგენენ, დიდი დაპირისპირება აქვთ. ამ ეტაპზე, მათი კამათი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ოფიციალურად, მოსლიმ დათმობა გადაწყვიტა. მაგრამ FIA-ს პეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების შეცვლა სჩვევია და ამიტომ, სიტუაციის გამწვავება ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი მოტივითაა მოსალოდნელი...

ლოტუსი” ყოველწლიურად მხოლოდ 2 000 ”ევორას” დაამზადებს

Lotus Evora

8 ივლისი

ინგლისური კომპანია ”ლოტუსი” მალე დაიწყებს თავისი სრულიად ახალი კუპეს, ევორას წარმოებას და რაც უფრო ახლოვდება გაყიდვების დაწყების დრო, სულ უფრო მეტ მყიდველს შეაქვს ამ ავტომობილის შეძენის განაცხადი. კომპანიის განცხადებით, უკვე რამდენიმე ასეული შეკვეთაა მიღებული, თუმცა ამის მიუხედავად, წლიურად მაინც მხოლოდ 2 000 ცალი ”ევორას” წარმოება იგეგმება.

ამასთან, ცნობილია ისიც, რომ პირველი 450 ცალი ავტომობილი, ეგრეთ წოდებული საწყისი გამოცემის ეგიდით დამზადდება. ასეთი ავტომობილების აღჭურვილობაში ისეთი დეტალებიც შევა, რომლებსაც სტანდარტულ ევორაზე მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში დააყენებენ. ასეთებია ქსენონის სათავო ფარები, უკანა ხედვის კამერა, რომელიც უკუსვლისთვის გამოიყენება და უმაღლესი კლასის საუნდ სისტემა.

”ლოტუსის” პრესმდივნის განცხადებით, კომპანია 2 000 ხალი ”ევორას დამზადებას რამდენიმე თვეში შეძლებს, თუმცა წარმოების გაზრდა ჯერჯერობით მაინც არ იგეგმება. სავარაუდოა, რომ მოთხოვნის საგრძნობი ზრდის შემთხვევაში დამატებითი პარტიის დამზადებაც გადაწყდეს.

მართალია, ”ევორა” სუპერავტომობილების კლასს არ განეკუთვნება, მაგრამ ”ლოტუსი” მისი წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას მაინც მოერიდება, რადგან მალე ლეგენდარულ სუპერავტომობილ ”ესპრიტის” აღდგენას აპირებს და სანამ ეს მოხდებოდეს, თავისი ავტომობილებისათვის ძნელად საშოვნელი მანქანის სტატუსის მოპოვებას ცდილობს. ამ სტატუსმა კი ”ესპრიტზე” აჟიოტაჟური მოთხოვნა უნდა გამოიწვიოს.

”ევორა” კი ”ტოიოტას” წარმოების 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაში, განივადაა ჩადგმული. ამ აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 6 400 ბრ/წთ-ზე 276 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი 342 ნიუტონმეტრია (4700 ბრ/წთ-ზე). ამ აგრეგატისა და მასთან დაკავშირებული 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის დახმარებით, 1350-კილოგრამიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 261 კმ/სთ-ს აღწევს. ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას 4.9 წამი სჭირდება, ადგილიდან 160 კმ/სთ-ს კი 12.3 წამში ახერხებს. ამავე სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე კი სულ რაღაც 2.4 წამი ჰყოფნის და მისი სამუხრუჭე მანძილი კი 33.6 მეტრია.

”ტოიოტა” პლაგ-ინ ჰიბრიდების მასობრივ წარმოებას გეგმავს

Toyota plug-in hybrids

8 ივლისი

მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი ”ტოიოტა” მომავალი წლიდან ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელ იაპონურ გიგანტ ”პანასონიკის” მიერ შემუშავებული, შემდეგი თაობის ლითიუმ-იონური აკუმულატორებით აღიჭურვება, თუმცა ასეთი ავტომობილები პირველ ხანებში შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და ”ტოიოტა” მათ სამთავრობო სტრუქტურებსა და კორპორატიულ კლიენტებს მიჰყიდის.

2012 წლიდან კი პლაგ-ინ (ასეთ ავტომობილებს ენერგიის საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან შევსება შეუძლია) ჰიბრიდების მასობრივი წარმოება დაიწყება. პირველ წელს 20 000-30 000 ასეთი ავტომობილის წარმოებაა დაგეგმილი, რომელთა უმეტესობაც იაპონიისა და აშშ-ის, ასევე ევროპის ბაზრებზეც გაიყიდება. ცნობისათვის, ანალოგიური კლასის მოდელ ”შევროლე ვოლტის” მასობრივ წარმოებას ”ჯენერალ მოტორსი” მერმისვე შეუდგება.

”ტოიოტა” თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდის ბაზისად პოპულარულ ჰიბრიდულ ავტომობილ ”პრიუსს” გამოიყენებს. პირველი საცდელი ეგზემპლარების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება და მათ ავტოგამქირავებელ კომპანიებს მიჰყიდიან. სააგენტო ნიკეის ინფორმაციით, თითოეული ასეთი ”პრიუსი” სრულად დამუხტული აკუმულატორებით, მარტო ელექტროძრავით დაახლოებით 30 კილომეტრის გავლას შესძლებს. თითოეულის ფასი კი 47 800 დოლარის ექვივალენტი იენი იქნება.

ჯერჯერობით, იაპონური კომპანია თავისი პლაგ-ინ ”პრიუსის” შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. თუმცა მისივე ცნობით, პირველი 500 ცალი ასეთი ავტომობილის მასობრივი (საზოგადოების მონაწილეობით) ტესტირება ამ წლის ბოლოს დაიწყება. აქედან 200 ავტომობილი იაპონიაში დარჩება, 150-150 ცალს კი აშშ-ის და ევროპის გზას გაუყენებენ. სატესტო ავტომობილებს ლიზინგით სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომერციულ ფირმებს გადასცემენ.