Tuesday, January 18, 2011

”პორშე” პატარა ქროსოვერს ალბათ ჩინეთში გამოუშვებს

Porsche Considering Car Production in China

18 იანვარი

ცოტა ხნის წინ, ”პორშემ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ”კაიენზე” მომცრო ზომის უგზოობის მოდელს, სახელად ”კაიუნს” გამოუშვებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომელ ქარხანაში დაამზადებენ ამ ავტომობილს, რომელმაც ცუფენჰაუზენელებს ”კაიენზე” კიდევ უფრო მეტი მოგება უნდა მოუტანოს.

ჟურნალ ”ფოკუსთან” საუბრისას, ”პორშეს” მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ”კაიუნი” ჩრდილოეთ ამერიკაში, ან ჩინეთში გამოუშვან: ”წელს გადავწყვეტთ, სად გამოვუშვებთ ”კაიუნს”, ჩინეთში თუ ჩრდილოეთ ამერიკაში. მთავარია, რომ მას გერმანიაში შევიმუშავებთ და სად ავაწყობთ, დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს”.

დღეისათვის ”პორშეს” გერმანიის გარეთ ქარხანა არ აქვს. თავის ავტომობილებს კი შტუტგარტში და ლაიპციგში (აღმოსავლეთ გერმანია) აწარმოებს. ”კაიუნი” გერმანული კომპანიის ისტორიაში ალბათ პირველი მოდელი გახდება, რომელსაც შტუტგარტელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოუშვებენ.

სხვათა შორის, ”აუდის” და ჩინური FAW-ის ერთობლივი საწარმო უკვე უშვებს ”აუდი Q5-ს”, რომლის პლატფორმასაც ”კაიუნი” დაეყრდნობა. ეს საწარმო ქალაქ ჩანჩუნში (ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთი) მდებარეობს. ამდენად, ლოგიკურია, რომ ერთ პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილებიც ერთსადაიმავე ქარხანამ გამოუშვას. ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში, ”პორშე” აშშ-ის და კანადის ვარიანტებს განიხილავს, თუმცა ფაქტია, რომ ამ ქვეყნებიდან ”აუდი Q5” არცერთში არ მზადდება.

ახალი ავტომობილის შესახებ, ჯერ არაფერია ცნობილი. თუმცა მიულერის თქმით, ის მსუბუქი და მანევრული იქნება და თავის მფლობელებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე ამ ავტომობილის გამოჩენის შემდეგ, ”პორშე” გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მიულერის თქმით, ახლო მომავალში, მისი კომპანია წლიურ გაყიდვებს 200 ათასამდე გაზრდის.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე ”პორშე” ახალ ოპოზიტურ ოთხცილინდრიან ძრავს გამოუშვებს, რომლითაც გერმანული კომპანიის მომცრო მოდელები - კუპე ”კაიმანი” და როდსტერი ”ბოქსსტერი” აღიჭურვება. ამის შესახებ, ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”პორშეს” კვლევებისა და ახალი კონსტრუქციების განყოფილების შეფმა ვოლფგანგ დურხჰაიმერმა განაცხადა.

პირველ რიგში კი ამ ძრავით სრულიად ახალი ავტომობილი - კომპაქტური როდსტერი აღიჭურვება, რომელსაც ”პორშეს”, ”ფოლკსვაგენის” და ”აუდის” ინჟინრები ერთობლივად შეიმუშავებენ. ამ ავტომობილს სამივე ბრენდით გამოუშვებენ, მათი ტოპ ვერსიები კი ახალ ოპოზიტურ აგრეგატს მიიღებენ. ამასთან, ”პორშეს” მოდელი ამ ძრავის ტურბოკომპრესორიანი, ყველაზე მძლავრი ვერსიით აღიჭურვება. სავარაუდოდ, ძრავის მუშა მოცულობა 2.5 ლიტრი იქნება, მაქსიმალური სიმძლავრე კი 360 ცხენის ძალას მიაღწევს.

ოქროს ”ფიატ ჩინკვეჩენტო” ჩინელმა შეიძინა

Chinese Man Commissions US$666,000 Gold Trimmed Fiat 500

18 იანვარი

იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”ფენიჩე მილანომ” დაამზადა ”ფიატ ჩინკვეჩენტოს” ექსკლუზიური ვერსია, რომელშიც ჩინელმა ბიზნესმენმა 550 ათასი ევრო გადაიხადა. საქმე ისაა, რომლის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელსაც სახელად ”ლა დოლჩე ვიტა გოლდ ენდ დაიმონდსი” უწოდეს, ძარის ოქროთი მოპირკეთებული დეტალები აქვს.
ავტომობილის ძარა თეთრადაა შეღებილი, საღებავში კი 999 სინჯის ოქროს მტვერი შეურიეს. გარდა ამისა, ოქროთია მოვარაყებული ბორბლები, კარის სახელურები, ზღურბლები და სხვა ელემენტები. სალონი სპილოს ძვლის ფერის ტყავით, ალკანტრით და ღია ფერის ხითაა გაწყობილი.
მოოქროვილი ავტომობილი ”ფიატ 500 კონვერტაიბლ აბარტზეა” ბაზირებული. არავის დაუზუსტებია, რატომ, მაგრამ ყველა მოოქროვილი დეტალი, 24 კარატი ოქროთია დაფარული. ძარის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც არც ოქროშერეული საღებავი შეეხო და არც მოქროვილია, არის შავი რბილი სახურავი.

რადიკალურადაა შეცვლილი ინტერიერი. იატაკის ხალიჩა ხის საფენითაა შეცვლილი. ხისაა საჭის რგოლიც, რომელსაც ზოგიერთი დეტალი მოოქროვილი ლითონისა აქვს.ხისგან დამზადდა ხელსაწყო-მაჩვენებლების პანელიც. სამართავ მოწყობილობას მოოქროვილი არშია აქვსპანელის ცენტრში კი ”ეპლის” მოზრდილი ”აიპადია” მოთავსებული, რომელიც ადვილად იხსნება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისიც ოქროთი მოარშიებულ ჩარჩოშია ჩასმული, მაგრამ როცა ფოსოდან ამოიღებთ, კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩებით - კომპიუტერს ზურგის მხარეს, ზედა ნაწილში, ბრილიანტის თვლებისგან შემდგარი ზოლი აქვს, ”ეპლის” ემბლემა - მოკბეჩილი ვაშლიც, ბრილიანტებითაა გაწყობილი. ბრილიანტებთან დაკავშირებული სამუშაოები, ინგლისელმა დიზაინერმა სტიუარტ ჰიუზმა შეასრულა.

გაუმჯობესდა ავტომობილის აღჭურვილობაც. ძრავზე ახალი ტურბინა დააყენეს, შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა და ძრავის სამართავი კომპიუტერული პროგრამა. ყოველივეს შედეგად, 1.4-ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 140-დან 200 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოქროში ჩასმული ”ჩინკვეჩენტო” ”ბრემბოს” მუხრუჭებით და სპორტული საკიდარით აღჭურვეს.

დეტროიტის ავტო შოუ

18 იანვარი

BYD

ჩინური კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი რაოდენობით ავტომობილების გაყიდვა ვერ შეძლო, მან უკვე დაიწყო ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ფეხის მოკიდება და ამერიკასაც მიაშურა. დეტროიტში BYD-ის მთავარი ექსპონატი მოდელ S6-ის ბაზაზე დამზადებული ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომობილი იყო.

ეს კომპანია, სანამ საავტომობილო ბიზნესს მოკიდებდა ხელს, მობილური ტელეფონების და ლეპტოპების ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული და ბუნებრივია, ამ გამოცდილების ავტობიზნესში გამოყენებასაც ცდილობს. და უნდა ითქვას, რომ თუ გამოფენაზე გავრცელებულ რელიზებს დავუჯერებთ, ადვილად გაუწევს კონკურენციას ელექტრომობილების მასობრივი ბაზრის ისეთ პიონერებს, როგორებიც ”შევროლე ვოლტი” და ”ნისან ლიფია”, რომლებმაც შესაბამისად, ამერიკის და ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილების წოდებები მოიპოვეს.

BYD E6-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ მას აკუმულატორების (რომელთა ტევადობაა 60 კიოვატსაათი) ერთჯერადი დამუხტვით 321 კილომეტრის გავლა შეუძლია.ეს თითქმის ორჯერ მეტია ”ნისან ლიფის” სვლის სიშორეზე და მართალია, ”შევროლე ვოლტისას” ვერ უახლოვდება, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკული პლაგ-ინ ჰიბრიდს სვლის სიშორის გაზრდაში შიდაწვის ძრავი ეხმარება.

დაკიდევ, თუ ბაზარზე დროულად გამოვა (მერმისს), ჩინური ელექტრომობილის საბაზო ღირებულება 35 000 ევრო იქნება. მოკლედ, ელექტრომობილების სეგმენტში, ამერიკელებს და იაპონელებს ცისქვეშეთიდან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

დეტროიტის ავტო შოუ

18 იანვარი

ჰიუნდაი

კორეულ კომპანიას ორი სიახლე აქვს, ერთი სერიული და მეორე - კონცეპტუალური. სერიული ავტომობილი არის ასიმეტრიული კუპე ”ველოსტერი”, რომლის ასიმეტრიულობაც იმაში მდგომარეობს, რომ მძღოლის მხარეს მხოლოდ ერთი კარი აქვს, მეორე მხარეს კი - ორი.

ამ ავტომობილის წარმოება ზაფხულში უნდა დაიწყოს და მისი დინამიკური მახასიათებლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა, ახლავე ცნობილია, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 7 ლიტრი საწვავი ეყოფა.

რაც შეეხება კონცეპტუალურ მოდელს, ესაა კომპაქტური ქროსოვერი ”ქარბი”, რომელიც სახელის მიუხედავად (ქარბი ინგლისურად შეკავებას, დამშვიდებას ნიშნავს), საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება და აშკარაა, რომ ის ახალგაზრდა მყიდველისთვისაა გათვალისწინებული.

”ქარბი” გაბარიტებით ”ჰიუნდაი i35-ზე” პატარაა. ის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 175 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილი ქუროს საშუალებით, რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. გარდა ამისა, ავტომობილი სისტემა სტოპ/სტარტითაც აღიჭურვა. კომპანიის განცხადებით, ქალაქში ”ქარბის” ხარჯი 9 ლიტრს არ აღემატება, ქალაქგარეთ კი მას 7 ლიტრიც ჰყოფნის.

დაკიდევ - ამის თქმა აუცილებელია - ”ქარბის” გარეგნობაზე საუბრისას, ”ჰიუნდაის” დიზაინერმა არაშ ბადინლუმ შემდეგი განაცხადა: ”მსოფლიოს აქამდე მსგავსი ფორმების მქონე ავტომობილი არასდროს უნახავს. მისი ნახვისას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ის არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას შთაგონებითაა შექმნილი”. ვინც არ იცის: კალატრავა თანამედროვე არქიტექტურის გრანდია...

კია

ბარემ, კიდევ ერთი კორეული კომპანიის სიახლეზეც მოგიყვებით, მითუმეტეს, ”კია” უკვე რამდენიმე წელია, ”ჰიუნდაის” საავტომობილო ჯგუფში შედის. დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტუალური KV7 მინივენისა და ქროსოვერის ერთგვარი ნაჯვარია. თუმცა, ის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თავისებურებებით გამოირჩევა. ჯერ ერთი, არ გააჩნია შუა საყრდენი, რაც ამ ტიპის ავტომობილებისთვის მეტად უცნაურია. ამას კი თავისი მიზეზი აქვს: წინა ორივე კარი ჩვეულებრივ იღება, მაგრამ უკანა კარებს ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის კონსტრუქცია აქვთ, როგორებსაც ადრე მხოლოდ სპორტულ ავტომობილებზე თუ შეხვდებოდით და ისიც, ძალიან იშვიათად.

ნეტა, ვის დაებადა ასეთი უცნაური კონსტრუქციის შემუშავების იდეა? ვის და, ”კიას” კალიფორნიული სტუდიის დიზაინერებს, რომელთა განმარტებითაც, მათი მიზანი იყო ”ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელსაც ადამიანების დიდი ჯგუფის და მათი ბარგის გადატანის უნარი ექნება. ამასთან, ყოველ მგზავრს, მულტიმედიური სისტემის ინდივიდუალურად გამოყენების საშუალება ექნება”.

რაც შეეხება აგრეგატს, ამ შემთხვევაში, მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. და მაინც, გეტყვით, რომ კონცეპტუალური მოდელი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი (ლიტრაჟის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა) ტურბოძრავით, რომელიც 285 ცხენის ძალას იძლევა. მასთან კი 6-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული.

ელექტრომობილი მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება

18 იანვარი

შევროლე ვოლტი

..............................

მსოფლიო საავტომობილო ბაზარს ელექტრომობილების ბუმი უახლოვდება. თუმცა არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშე, მოლოდინი მოლოდინადვე დარჩება.

ჯერ ერთი, თანამედროვე ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა, რასაც ლითიუმ-იონური აკუმულატორების მაღალი ფასი განაპირობებს. თავის მხრივ, ასეთ აკუმულატორებს დღეს კონკურენტი არ მოეპოვება. მეორეც, პრობლემაა სვლის სიშორე - მართალია, ავტომფლობელთა ყოველდღიურ მოთხოვნებს თანამედროვე ელექრტომობილები თავისუფლად აკმაყოფილებს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა.

შევროლე ვოლტის პლატფორმა
..............................
და მესამე: ჯერჯერობით, ელექტრომობილების ნორმალური ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ინფრასტრუქტურიდან ყველაზე მთავარი დასამუხტი წერტილებია, მის განვითარებას კი დრო და უზარმაზარი ინვესტიციები დასჭირდება.

შევროლე ვოლტი დამუხტვისას

..............................

1. ფასის ფაქტორი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ლითიუმ-იონური აკუმულატორების „წყალობით“, თანამედროვე ელექრტომობილების ფასი, შესაბამისი კლასის შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე 2-2.5-ჯერ ძვირია. თავად განსაჯეთ, კომპაქტური შევროლე ვოლტის საბაზო ღირებულება 42 ათასი დოლარია, იმავე კლასის ნისან ლიფი კი 35 ათასი ღირს. მათი ღირებულების ნახევარზე მეტს, სწორედ აკუმულატორები განაპირობებს.

სიძვირესთან ერთად, ასეთ აკუმულატორებს შეზღუდული სამუშაო რესურსიც აქვს. კერძოდ, მაქსიმუმ 1 000 დამუხტვა-განმუხტვას უძლებს (ჩინური BYD უფრო მეტს გვპირდება), რის შემდეგაც ისინი შესაცვლელია. ესე იგი, დამატებით ხარჯს მოითხოვს. სამაგიეროდ, ჯენერალ მოტორსმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ თუ შევროლე ვოლტით დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადიხართ, წლიურად დაახლოებით 1 700 ლიტრ ბენზინს დაზოგავთ. და თუ დღიური გარბენი 100 კილომეტრია, მაშინ საწვავის დანაზოგი 2 200 ლიტრს მიაღწევს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს, ოპელის მარკეტოლოგებმა გამოითვალეს, რომ ელექტრომობილით კილომეტრის გავლა დაახლოებით 0.02 ევროცენტი ჯდება, როცა შიდაწვისძრავიანი ავტომობილის შესაბამისი მაჩვენებელი ევრო 0.09 ცენტია (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტრი ბენზინი 1.16 ევრო ღირს).

ნისან ლიფი დამუხტვისას

..............................

მოკლედ, საექსპლუატაციო ხარჯის სიმცირე ნაწილობრივ აბალანსებს აკუმულატორების მაღალ ფასს. ამასთან, ელექტრომობილების მასობრივად წარმოება, აკუმულატორების ფასის შემცირებას განაპირობებს. ესეც რომ არა, ამჟამად ავტომწარმობლები და ელექტრონიკის სფეროში მომუშავე კომპანიები, საავტომობილო აკუმულატორების ფასის შემცირების და მახასიათებლების გაუმჯობესების გზებს ინტენსიურად ეძებენ და ამ პროცესის შედეგიც, აკუმულატორების ფასის შემცირება იქნება.

კანკუნში (მექსიკა), გაერთიანებული ერების კლიმატთან დაკავშირებულ სამიტზე, რომელიც დეკემბერში ჩატარდა და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ ჩუმ განაცხადა, რომ ფასის მხრივ, ელექტრომობილი შიდაწვისძრავიან ავტომობილს, რეალურ კონკურენციას ხუთ წელიწადში გაუწევს.

ნისან ლიფი

..............................

2. სვლის სიშორის მაჩვენებლით, სუფთა ელექტრომობილი დღეს შიდაწვისძრავიან ავტომობილს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკაშიც კი, სადაც საშუალოსტატისტიკური ავტომფლობელი დღეში 60-100 კილომეტრს გადის, ელექტრომობილი მათს მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.

სვლის სიშორის გასაზრდელად, აკუმულატორების ტევადობის გაზრდაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ბლოკში ელემენტების დამატებით შეიძლება. ეს კი ავტომობილს გააძვირებს. არსებობს მეორე გზაც, რომელიც ჯენერალ მოტორსმა შევროლე ვოლტისთვის გამოიყენა - ძალურ დანადგარს მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავი დაამატა, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ გენერატორის ამუშავებაა. მათი ტანდემი დენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიმუშავებს, როდესაც ელექტრონიკა დაადგენს, რომ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია გამოლევაზეა.

რა თქმა უნდა, დამატებითი აგრეგატები ავტომობილს აძვირებს, მაგრამ ფასის მატება უფრო მცირეა, ვიდრე აკუმულატორების დამატების შემთხვევაში იქნებოდა. სამაგიეროდ, (შევროლე ვოლტის) სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე გაიზარდა. მართალია, ამის გამო, ვოლტი ლიფზე 7 000 დოლარით ძვირია, მაგრამ ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ იქაური მყიდველი უპირატესობას უფრო ძვირ ვოლტს ანიჭებს. და აქ ამერიკელების პატრიოტიზმის ფაქტორი არაფერ შუაშია...

3. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქ ერთი საინტერესო ფაქტის მოყვანა შეიძლება - ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია, რომ აკუმულატორები შინ, იმ დროს დამუხტოს, სანამ მანქანა ფარეხში დგას. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო შტეპსელით დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში, აკუმულატორები სულად შეივსება. თუ სწრაფი დამუხტვაა საჭირო, არც ესაა პრობლემა - სპეციალური მწყობილობით, აკუმულატორები ნახევარ საათში, დაახლოებით 80 პროცენტით ივსება.

დაბოლოს, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას თავისი ავტოპარკის ელეტრომობილებით შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4 000 ცალი შევროლე ვოლტი (სწორედ ამდენი ელექტრომობილის შეძენას ვაპირებთ) 164 მილიონი დოლარი დაჯდება, ამდენივე ნისან ლიფი კი - 128 მილიონი. თუ ჩვენი მთავრობა ცოტას მოიცდის და ამ განზრახვას სისრულეში ორი წლის შემდეგ მოიყვანს, ფასები აუცილებლად, მნიშვნელოვნად დაიწევს.

აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯენერალ მოტორსის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, რომელზეც ზემოთ ითქვა, 4 000 შევროლე ვოლტი ჩვენს მთავრობას წლიურად 6.8-8.8 მილიონ ლიტრ ბენზინს დააზოგვინებს.

სხვათა შორის, მალე ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილი გამოჩნდება, რომლებსაც ვოლტსა და ლიფზე უკეთესი საფასო მაჩვენებლები ექნებათ. იმ დროისთვის კი, როცა ახლა შეძენილი ელექტრომობილების აკუმულატორები შესაცვლელი გახდება, ლითიუმ-იონური ელემენტების ფასიც საგრძნობლად (2-3-ჯერ) შემცირებული იქნება და ელექტრომობილების ექსპლუატაციაც, მთავრობის პარკში არსებულ შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე გაცილებით იაფი დაჯდება.

ჰო, მართლა, ნისან ლიფი ახლახანს ევროპის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს, შევროლე ვოლტმა კი საუკეთესოს წოდება ჩრდილოეთ ამერიკაში დაიმსახურა...