Wednesday, December 23, 2009

”კადილაკი” დეტროიტში ახალ კონცეპტუალურ მოდელს გამოფენს

Cadillac CTS-V Coupe Concept Confirmed for Detroit

23 დეკემბერი

”ჯენერალ მოტორსის” ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა ”კადილაკმა” დეტროიტის ავტო შოუსთვის, რომელიც სტარტს 12 იანვარს აიღებს, ახალი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა, რომლის ფოტო ტისერი და პრეს რელიზი წინასწარ გამოაქვეყნა.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ”გენერლები” დეტროიტში პრეზენტაციისთვის ინახავენ. თუმცა, ინტერნეტით ზოგიერთმა საავტომობილო გამოცემამ უკვე გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ის ”კადილაკის” ფლაგმანის, სედან DTS-ის შემცვლელის პროტოტიპია. ამასთან, ახალ ავტომობილს სახელად XTS-ს დაარქმევენ, მისი წარმოება კი 2011 წელს დაიწყება.

ახალი კონცეპტუალური მოდელის გარდა, ”კადილაკი” დეტროიტის შოუს დამთვალიერებლებს ასევე წარუდგენს სედან CTS-ის ბაზაზე დამზადებულ კუპეს, რომლის პრეზენტაციაც კომპანიამ ერთი თვის წინ ჩაატარა. ეს ავტომობილი ”კადილაკის” ამერიკელი დილერების შოურუმებში გაზაფხულზე გამოჩნდება.

კუპე 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 304 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ ტანდემით, ქალაქგარეთ მოძრაობისას, ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 8.7ლიტრ საწვავს მოიხმარს.

კუპე თავის ნათესავ სედანზე 51 მილიმეტრით მოკლე და ამდენივეთი დაბალია. მისი სტანდარტული ვერსია უკანა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიით აღიჭურვება, მყიდველს კი სურვილის შემთხვევაში, სრულამძრავიანი ტრანსმისიის მოთხოვნის საშუალებაც ექნბა. კუპეს საკიდარი ორ - ჩვეულებრივსა და ზაფხულის რეჟიმში მუშაობა შეუძლია.

კუპე CTS-ის ფასი, სავარაუდოდ, დეტროიტში გამოცხადდება.