Sunday, March 7, 2010

”მერსედეს ბენცის” ”SLS AMG გალვინგი” ფორმულა 1-ის პეისკარი გახდა

Mercedes-Benz SLS AMG Gullwing Official F1 Safety Car for 2010 Season

7 მარტი

სხვა ავტომობილებთან ერთად, ჟენევაში ”მერსედეს ბენცმა” ფორმულა 1-ის ატრიბუტიკით გაწყობილი სუპერ ავტომობილი ”SLS AMG გალვინგი” წარმოადგინა, რომელიც ამ სეზონში, ფორმულა 1-ის ოფიციალური პეისკარის მოვალეობებს შეასრულებს. ეს ავტომობილი შტუტგარტული კომპანიისვე როდსტერ SL 63 AMG-ს ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი პრიზების ცირკს წინა ორ სეზონში ემსახურებოდა.

ახალი პეისკარი თავის მოვალეობებს რამდენიმე დღეში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე შეუდგება, მსოფლიო საზოგადოებისთვის მის წარდგენაში კი მონაწილეობა ”სამქიმიანების” ფორმულა 1-ის გუნდის გერმანელმა პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა მიიღეს.

ახალი პეისკარი იმავე 571-ცხენისძალიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სტანდარტული ”SLS AMG გალვინგი”. ამასთან, ძრავთან 7-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ძრავისგან მაბრუნ მომენტს ორმაგი ქუროს გავლით ღებულობს. გაფორმების გარდა, სტანდარტული ავტომობილისგან პეისკარს ახალი გამოსაბოლქვი სისტემაც განასხვავებს, რომელიც ძრავის გრუხუნა ხმას არბილებს. და, რა თქმა უნდა, სახურავის უკანა ნაწილში, სპეციალური მანათობლებია დამონტაჟებული. გარედან, ავტომობილი ფ1-ის ლოგოებითაა აჭრელებული.

სალონში, ცენტრალურ პანელზე დამატებულია ორი მონიტორი, საიდანაც, პეისკარზე მომუშავე მარშლები რბოლას ადევნებენ თვალყურს. მათსავე განკარგულებაშია რადიოსისტემა, რომლის მეშვეობითაც, პეისკარის პერსონალს კავშირი მთავარ მსაჯთან აქვს. ცენტრალურ პანელზევეა დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული მარშალის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, მანქანის პილოტი იმავე ნიშნებს ღებულობს, რომლებიც სპეციალური საშუალებებით, რბოლის მონაწილეებსაც გადაეცემათ.

”SLS AMG გალვინგის” გარდა, ფორმულა 1-სთვის სამსახურს გააგრძელებს უნივერსალი ”მერსედეს SL 63 AMG ესტეიტი”, რომელიც ფ1-ის ოფიციალური სამედიცინო ავტომობილის მოვალეობებს შეასრულებს.