Saturday, May 21, 2011

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთისთვის ახალ სახალხო ავტომობილს შეიმუშავებს

Volswagen Sets Out to Create Chinese People’s Car

21 მაისი

იყო დრო, როცა „ფოლკსვაგენი“ თავის სახელს ამართლებდა - სახალხო ავტომობილების მწარმოებელი იყო. მაგრამ მისმა წარმატებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელ კონგლომერატად გადაიქცა და თანდათან, პრემიუმ სეგმენტისკენაც იხრება. ბუნებრივია, გზად სახალხო, იაფფასიანი ავტომობილების წარმოებაც დაივიწყა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მალე თავის ძველ დანიშნულებას კვლავ გაიხსენებს. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის ბაზრისთვის და ამისათვის, ახალი მანქანის შემუშავების სრულიად ახალ მეთოდსაც გამოიყენებს. გერმანულმა კომპანიამ, სპეციალურად ჩინელი ავტომოყვარულებისთვის, ახალი ვებ გვერდი შექმნა, რომელიც „სახალხო ავტომობილის პროექტის“ (PCP პიპლს ქარ პროჯიქტ) პლატფორმის როლს შეასრულებს. კამპანია ერთ წელს გასტანს და შესაძლოა, მასში სხვა ქვეყნების მოსახლეობაც ჩაერთოს.

„სახალხო ავტომობილის პროექტის“ მიზანს, პოტენციური მყიდველის აზრის შესწავლა წარმოადგენს. ამისათვის, ვებ-გვერდის ვიზიტორები, თავიანთ აზრს, იდეას გვერდზე დააფიქსირებენ და ასე კომპანიის ინჟინრებს, ავტომობილის შემუშავებაში დაეხმარებიან. სხვათა შორის, ამ იდეების განხილვაც საჯაროდ, ვებ-გვერდზევე მოხდება. გვერდზე ასევე შესაძლებელი იქნება ესკოზების, ფოტოების და ფილმების ატვირთვაც კი.

„ამ პროექტით, „ფოლკსვაგენს“ თავის მომავალ მყიდველთან უნიკალური დიალოგი ექნება. პლატფორმა თავიდან მხოლოდ ჩინელი მომხმარებლისთვის იმუშავებს, რადგან ეს ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. თუმცა, ჩვენ ამ პროექტში, სხვა ქვეყნებსაც აუცილებლად ჩავრთავთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის და საკუთრივ ვოლფსბურგული კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლუკა დე მეო.

მართალია, პროექტი ჯერ მხოლოდ ჩინელებისთვის იმუშავებს, მაგრამ სავარაუდოდ, ახალი იაფფასიანი ავტომობილი ბაზარზე როგორც „ფოლკსვაგენის“, ასევე გერმანული კომპანიისა და მისი ჩინელი პარტნიორის, FAW-ის ერთობლივი კომპანიის - „კაილის“ ბრენდითაც“ გაიყიდება. მასვე მომავალში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ.